მილიონობით საუკუნის წინ, კიდევ უფრო მრავალი გალაქტიკით შორს, ან შეიძლება უახლოეს გალაქტიკაში და სულაც გუშინ, ერთ-ერთ პლანეტაზე, ბატონობდნენ ღორები, ღორები რომლთა ცხოვრებაზეც, მე ოდესღაც ყურში მიამბეს და რომლების არსებობაზეც, ახლა აღარავინ არაფერი იცის.

წამოიზარდა რა მამალი ღორი და მიხვდა, თავის პატარა ტალახში ვეღარ იცხოვრებდა, მიატოვა და ახალ საცხოვრებელ ადგილს უწყო ძებნა. ძიებაში გზად შემოხვდა ჩასუქებული დედალი ღორი. მამრმა გადაწყვიტა, რომ მარტო ცხოვრება მოსაწყენი იყო და დედალს დაადგა თვალი. თავის მხრივ, არც ამ უკანასკნელის თვალს გამოჰპარვია ჩასუქებული და მოზრდილი ტანის მამრი. მარტოობამ, ღორებში გამრავლების ინსტინქტი გაამძაფრა, დააჩქარა და ორი, მამალი და დედალი, ერთმანეთთან დააკავშირა.
არც დედალი ღორის ტალახი იყო საკმარისი ერთად ცხოვრებისთვის. ამჯერად ორივემ ერთად განაგრძო, ახალი, ბევრად უფრო მოზრდილი ტალახის ძიება. რვა დღიანი უშედეგო ხეტიალის შემდეგ, წააწყდნენ ვებერთელა ტალახს. მამალი და დედალი ღორების ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, ეს ტალახი თავისი მოცულობით, არა მარტო მათ, არამედ ათობით ღორსაც დაიტევდა. გაბედნიერებულმა წყვილმა ახლად შეძენილი საცხოვრებელი ეკალ–ბარდებით შემოღობა, შეტოპა ტალახში და იწყო შიგ ცხოვრება. ახლა უკვე გამრავლებაც შეიძლებოდა, მალე გოჭებიც ეყოლათ, მამალი და დედალი ღორები, მამა და დედა ღორებად იქცნენ, ასე იცხოვრეს წლები ბედნიერად და ღორულად.
წლებმა რვა გოჭი მოიტანა: ადალა, დადალა, ამალა, მიდალა, იალა, ანალა, ნიდალა და იამა. გოჭები ტალახში დაიბადნენ და ტალახშივე იზრდებოდნენ, მშობლები ტალახის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა გოჭებს დიდად არც უჩნდებოდათ ამ უკანასკნელის მიტოვების სურვილი. სიბეჯითით უფროსი გოჭი გამოირჩევოდა, ის ყოველთვის მზად იყო დედ–მამის სიტყვის შესასრულებლად და ამ ყველაფერს ყველაზე კარგადაც ახერხებდა. უმცროსი, ყველაზე უიღბლო და უდღეური გამოდგა. მას არაფერი გამოსდიოდა იქიდან, რაც მის ძმებს და მშობლებს შეეძლოთ. ძმები გაუთავებლად დასცინოდნენ, განსაკუთრებით უფროსი ძმა. მას ზედმეტი სახელიც შეარქვეს ,,იუარა’’. იუარას დიდად არც დედ-მამა სწყალობდა. თავიდან, მამა ღორი ცდილობდა, უმცროსი გოჭისთვის რამე ესწავლებინა, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო, ბოლოს მანაც ჩლიქი ჩაიქნია.
,,როგორ შეიძლება არ გიყვარდეს და არ აღმერთებდე იმ ტალახს, რაშიც დაიბადე და გაიზარდე?”~ ეჩხუბებოდა მამა იუარას. იუარა ცდილობდა ესიამოვნებინა მშობლებისათვის, მაგრამ ვერაფერი გამოსდიოდა. მისი უფროსი ძმა კი, ტალახში თავს ისე გრძნოდა, როგორც მამა ღორი ქონში. მას შეეძლო თავი ტალახში ჩაეყო და ასე გაჩერებულიყო უსასრულოდ. ხშირად მიდიოდა იმ ადგილას, სადაც ტალახი ყველაზე ღრმა იყო და შიგ ყვინთავდა, და ასე ყვინთვა ყვინთვაში, თვალთახედვიდან ტალახის სიღრმეებში უჩინარდებოდა. ერთ დღესაც დედ-მამის და ძმების დაცინვით წაქეზებულმა იუარამ გადაწყვიტა უფროს ძმას შეჯიბრებოდა და ყველაზე დიდ სიღრმეში ჩაეყვინთა. მიუახლოვდნენ რა სიღრმეს, ადალამ ისკუპა და ტალახში გაუჩინარდა. იუარამაც მიბაძა. ყვინთავდა და ყვინთავდა იუარა, ხვდებოდა თუ როგორ ეკვროდა სუნთქვა და როგორ ეყლაპებოდა ტალახი. რაც უფრო ღრმად ჩადიოდა, მით უფრო უჭირდა სუნთქვა, ბუნებრივია რამდენიმე წამში, ტალახიდან ამოყვინთა, ადალა კი კვლავ არ ჩანდა. იუარას საქციელმა გოჭებს სიცილი მოჰგვარა, დედა ღორი კი აცრემლებული ადევნებდა თვალს თავისი გოჭის კრახს, ხოლო მამა ღორმა, საბოლოოდ ჩაიქნია უმცროს გოჭზე ჩლიქი და განრისხებულმა ზურგი შეაქცია. ცოტა ხანში ადალამაც ამოყო თავი ტალახიდან და უმცროს ძმას საშინელი დაცინვა უწყო. იუარას ასეთი სასტიკი დამცირება ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა მამა ღორის უეცარი შეძახილი. . .
—მოდის, მოდის!
—მოდის, მოდის! – მისცა ბანი დედა ღორმაც. — ჩქარა წავიდეთ, დღეს როგორც ჩანს ცოტა ადრე მოვიდა.
მამა ღორი გაუძღვა წინ ოჯახს და ყველა ერთად ტალახის მეორე ბოლოსკენ გაეშურა, მალევე თავ-თავისი ადგილები დაიკავეს და მოემზადნენ დიდი სანახაობისთვის.
ყოველი თვის ბოლოს, იმ მხრიდან, საიდანაც მრგვალი ბურთი აშუქებდა, მოდიოდა კოჭლი ქათამი. ღორებს მიაჩნდათ, რომ მრგვალი ბურთი, მათი მფარველი იყო და ყოველი თვის ბოლოს მათ გასართობად კოჭლ ქათამს უშვებდა. ეს იყო ოჯახის წმინდათა წმინდა დღესასწაული და დიდი ბურთის უდიდესი მადლი. კოჭლი ქათამი კოჭლობით ჩაუვლიდა ხოლმე ტალახს და თან გზადაგზა ყველაფერს კორტნიდა. მისი უცნაური სიარულის მანერა კი ღორებს სიცილს ჰგვირდა, ასე იცინოდნენ და ერთობოდნენ. განსაკუთრებულ სიამოვნებას დღესასწაული მამა ღორსა და ადალას ჰგვრიდა. იუარასაც მოსწონდა, ეს იყო დღე, როდესაც მთელ ოჯახს შეეძლო თავი ერთად მოეყარა და კარგადაც ემხიარულა.
— ნახე, ნახე. . .
— კოჭლობს, კოჭლობს, ნახე როგორ კორტნის, მგონი ახლა წაიქცევა, არა. არა კიდევ ფეხზე დგას. . .
ისმოდა შეძახილები. ბოლოს როგორც იქნა ქათამი გასცდა ტალახს და თვალს მიეფარა.
— ოჰ, მადლობა დიდ ბურთს, დღეს მართლაც დიდებული იყო კოჭლი ქათამი.
დაიღრუტუნა მამა ღორმა, იჯერა რა გული სანახაობით.
— მადლობა დიდ ბურთს, მადლობა!
დაიღრუტუნეს გოჭებმაც ერთხმად. დღესასწაული დასრულებული იყო, შემდეგ ჭიაყლები და მატლები მიირთვეს და დასაძინებლად გაემართნენ.
მეორე დილით, იუარამ ადრე გაიღვიძა, გადაწყვეტილი ჰქონდა ტალახში ყვინთვაში ევარჯიშა, რათა ძმების და მშობლების გული მოეგო. ჩაყო რა თავი ტალახში, სუნთქვა შეეკრა და მალევე უკან ამოყვინთა.
,,ალბათ მათში არის რაღაცა, რაღაც ისეთი, რაც ჩემში არაა“. ამ ფიქრებში იყო, როდესაც თავს უფროსი ძმა წაადგა.
— რას შვრები იუარა, ცდილობ ტალახში ძრომიალი ისწავლო? ხომ იცი, მაგას შენ ვერასდროს ისწავლი. ტალახი შენთვის არაა, შენ ბუნების შეცდომა ხარ!
დაამთავრა რა ძმის დაცინვა ადალამ, ერთი ამაყად დაიღრუტუნა და ტალახში ისკუპა, თავისი უპირატესობის გამოსამზიურებრად.
იმედ გაცრუებული იუარა მამასთან გაეშურა :
— მამა, რა მოხდება, ერთხელაც დიდ ბურთს რომ დაეზაროს და ჩვენთვის ზემოთ აღარ ავიდეს?
შეკითხვამ, მამა ღორის აღშფოთება გამოიწვია. მას მიაჩნდა, რომ დიდი ბურთი ოჯახის მფარველი იყო. ის ყოველ დღე მაღლა ადიოდა, რათა ღორებისთვის შუქი მიეცა, დაკვირვებოდა და ყოველი გასაჭირისგან დაეფარა. ხოლო საღამოს, როდესაც კვლავ ქვემოთ ეშვბოდა დასასვენებლად, თავის თანაშემწე დიდ ნამგალს ტოვებდა. ასე მორიგეობდნენ, დიდი ბურთი და დიდი ნამგალი ღორებისთვის. ეს ყველაფერი მამა ღორს დოგმად მიაჩნდა და კითხვა, რომელიც ახლა იუარამ დაუსვა, დიდი ბურთის შეურაცხყოფად მიიღო.
— რას ბოდავ, შე სულელო. – შეუტია მან. — რადგან ადის, ესეიგი ადის!
— უბრალოდ დამაინტერესდა. – წაისლუკუნა გოჭმა.
— გაჩუმდი მე–თქი. – დაიღრიალა მამამ. — დიდ ბურთს ვუყვარვართ, ის გვაძლევს ყველაფერს, რაც ჩვენ ხელთ გვაბადია. ნუთუ საკმარისი არაა, რასაც გვაძლევს? ეს კოჭლი ქათამი, ტალახი… ტალახი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და მატლები, რითაც ვიკვებებით. ჩვენ მისი მადლიერები უნდა ვიყოთ და პატივი მივაგოთ მის ყოველ ნაბოძებს.
— გასაგებია. – წაილუღლუღა იუარამ. — მაგრამ რა აუცილებელია მიყვარდეს ტალახი, რაშიც ვცხოვრობ, ან ის მატლები, რისი ჭამაც მიწევს არსებობისთვის, ნუთუ საკმარისი არაა მიყვარდეს დიდი ბურთი და პატივს ვცემდე მას?
ეს უკვე მეტისმეტი იყო, მამა ღორს მეტის ატანა აღარ შეეძლო. სუნთქვას მოუხშირა და ავის მომასწავლებელი ღრუტუნი აღმოხდა.
— რას ბოდავ შე სულელო, – დაუღრიალა გოჭს. — ვინ ხარ შენ რომ დიდ ბურთზე ილაპარაკო და გამოიტანო საკუთარი დასკვნა. ან გააკეთე ის, რასაც ყოველი შენი ოჯახის წევრი აკეთებს, ან მომშორდი და თვალით აღარ დამენახო!
მამა ღორს სრულებით დაჰკარგვოდა თავისი ღორული სიდინჯე და ტახივით ღრუტუნებდა, დედა ღორმა დიდის გაჭირვებით შეძლო მისი დამშვიდება. იუარამ თავი დახარა და იმ ტალახს დააჩერდა, რაშიც იდგა.
ასე განვლო ერთმა თვემ, ძმები იუარას კვლავ დასცინოდნენ, მშობლები კი დიდ იმედგაცრუებას განიცდიდნენ, თავიანთი უმცროსი გოჭის უმეცრობის გამო. და აი ასე, სულ მალე, კვლავ მოვიდა დღე, დღე, როდესაც ოჯახი თავის დიდებულ დღესასწაულს აღნიშნავდა. დიდებულ ბურთს, ღორებისთვის კოჭლი ქათამი უნდა გამოეგზავნა. მთელმა ოჯახმა თავი მოიყარა იმ ადგილას, საიდანაც ყველაზე კარგად ჩანდა კოჭლობით მომავალი ქათამი. მამა ღორი, როგორც ყოველთვის, ახლაც საპატიო ადგილას მოკალათებულიყო, პირველად სწორედ ის შესძახებდა ხოლმე:
,, მადლობა დიდ ბურთს, მადლობა, აგერ კოჭლი ქათამიც მოდის!” მაგრამ ამჯერად დუმდა და საცოდავად მოკუნტული მისჩერებოდა ტალახის ბოლოს. ღორობიდან ტახობამდე მისი მეტამორფოზა, ახლა გოჭისას უფრო წააგავდა. კოჭლი ქათამი არადაარ ჩანდა. მთელი დღე ასე ქათმის ლოდინში გაატარეს, მაგრამ კოჭლი ქათამი კვლავაც არ გამოჩნდა. ბოლოს მრგვალი ბურთი დასასვენებლად ძირს დაეშვა. დიდებული ბურთის მაგივრად კი, მისი თანაშემწე, დიდი ნამგალი მოვიდა.
ოჯახი შიშმა აიტანა.
— დიდი ბურთი გაგვინრისხდა!
დაიღრიალა აკანკალებული ხმით მამა ღორმა. . .
— კი მაგრამ რითი დავიმსახურეთ, მისი ასეთი განრისხება?
შეაწყვეტინა დაფეთებულმა დედა ღორმა.
— არ ვიცი, არ ვიცი, თითქოსდა არაფერი ჩაგვიდენია მის ასე გასანრისხებლად. ყოველდღე მადლობას ვწირავდით დიდ ბურთს, იმ ტალახისთვის, რომელსაც გვაძლევს.
— მე ვიცი, მე ვიცი რატომაც გაგვინრისხდა დიდი ბურთი!
ჩაერია მშობლების მსჯელობაში უფროსი გოჭი.
— რატომ?
გაისმა მამა ღორის ხმა და ამ უკანასკნელს განწირული ღრუტუნიც ამოაყოლა
— რის გამო და იუარას გამო! – დაიღრიალა ადალამ და ჩლიქი იუარასკენ გაიშვირა. — ის ყველაფერს უარყოფს, ის არ სცემს პატივს დიდ ბურთს. ის უარყოფს იმ ტალახს, რომელშიც გაიზარდა. – აქ დრუნჩი იუარასკენ აბრუნა – შენ უარყოფ იმ მატლებს, რომლებითაც იკვებები. ამ ყველფრით კი უარყოფ დიდ ბურთს და აი დიდი ბურთიც გაგვინრისხდა. გიმეორებ, შენ ბუნების შეცდომა ხარ იუარა და ახლა ამის გამო მთელი ოჯახი ვისჯებით.
იუარა თავჩაქინდრული უსმენდა ძმას. მას ვერ გაეგო, თუ რატომ უნდა ყოფილიყო დიდი ბურთი ასეთი სასტიკი. ღორებს კი, კვლავ ადალას სიტყვები უტრიალებდათ თავებში. ,,შენ უარყოფ იმ ტალახს, რომელშიც გაიზარდე, შენ უარყოფ იმ მატლებს, რომლებითაც იკვებები. ამ ყველფრით კი უარყოფ დიდ ბურთს და აი დიდი ბურთიც გაგვინრისხდა.
— იუარა ბუნების შეცდომაა!
შესძახეს გოჭებმა აქეთ-იქიდან. მამა ღორი კი ერთი ხანობა ჩუმად იყო და რაღაცაზე ფიქრობდა, მისი დრუნჩის ნელი და სინქრონული მოძრაობა სიბრძნეს მოასწავებდა.
— მე მამა ვარ შენი, მე გითმენდი, ვითმენდი შენს უმადურობას, ყოველდღე საკუთარი თვალით ვხედავდი შენს უდღეურობას, მაგრამ ეს ბოლო წვეთია, ჩემ მოთმინებასაც აქვს საზღვარი და ამის ნიშანი დღეს დიდმა ბურთმა მომცა. შენ ან ჩვეულებრივი ღორივით მოიქცევი და იცხოვრებ ისე, როგორც შეგეფერება, ან და…
მამა ღორი გაჩუმდა. ვიწრო და ჩაღრმავებული თვალები კიდევ რამდენიმე წამი გამომწვევად მიჩერებოდნენ ერთმანეთს, ბოლოს იუარამ თავი დახარა.
— მე, მე შევიცვლები. – დაისლუკუნა. — მე მიყვარს და პატივს ვცემ დიდ ბურთს, ვაღიარებ, რომ მის სიძლიერეში ერთხელ ეჭვი შემეპარა. მე,…მე…ახლაც არ მესმის, როგორ ადის ყოველ დილით ზეცაში და ყოველ ღამე როგორ ეშვება კვლავ ძირს, მაგრამ დღეიდან გამოვსწორდები…
ეს ბოლო სიტყვები ისე ჩუმად ჩაიბურტყუნა იუარამ რომ ღორებმა ძლივს გაიგონეს.
— შენ ბუნების შეცდომა ხარ იუარა, ბუნების!
მორთო ღრუტუნი კვლავ ადალამ.
— გეყოფა. – გააჩუმა მამამ უფროსი გოჭი. — ის თუ გულით ნანობს, დარწმუნებული ვარ დიდი ბურთი შეუნდობს და კვლავ გამოგვიგზავნის კოჭლ ქათამს. არავის აქვს უფლება დიდი ბურთის გულისხმიერებაში ეჭვის შეტანის.
მამა ღორის ამ სიტყვებმა ყველა დააშოშმინა და დააწყნარა, ასე რომ თავისუფლად შეეძლოთ დასაძინებლად წასულიყვნენ, ხოლო საყარაულოდ, ვაითუ უეცრად ქათამი გამოჩნდესო, ერთ-ერთი გოჭი დატოვეს.
გავიდა ერთი თვე, ქათამი კი კვლავა არ ჩანდა. თავის მხრივ, იუარაც ცდილობდა თავისი დანაშაული გამოესყიდა. ნელ-ნელა შეეჩვია ტალახში ყვინთვას, მაგრამ შიგ სუნთქვა ჯერ კიდევ ეძნელებოდა. აღარც დიდი ბურთის შესახებ გამოუთქვამს საკუთარი აზრი. იუარა იცვლებოდა და დღითიდღე საკუთარ თავში იკეტებოდა.
სულ მალე კვლავ მოვიდა დრო, როდესაც ღორებს კოჭლი ქათამი უნდა ეხილათ. ღორებმა თავ-თავისი ადგილები დაიკავეს და სულგანაბულები მიაჩერდნენ იმ ადგილს, იმ წმინდა ადგილს, სადიანაც, როგორც წესი ამ დროს გამოჩნდებოდა ხოლმე, კოჭლობით მომავალი ქათამი, მაგრამ ის კვლავ არ ჩანდა. რამდენიმე საათი ასე ენა ჩაგდებულები ისხდნენ ტალახში ღორები, ისინი უფრო გაქვავებულ ქანდაკებებს წააგავდნენ, ვიდრე რაიმე ცოცხალი არსების მაგვარს. სულ მალე მოსაღამოვდა და დიდი ბურთი კვლავ დედამიწაზე დაეშვა, დასასვენებლად.
— სად არის?! სად?!
შესძახა საზარელი ხმით დადალამ, რომელიც თავისი სულსწრაფობით და მოუთმენლობით ყველასგან გამოირჩეოდა.
— არ ვიცი, არა
წაილუღლუღა თავისთვის სასოებწართმეულმა მამა ღორმა.
— შენი ბრალია, შენი!
ეცა ადალა უმცროს ძმას. ის ვერ იტანდა იუარას. იუარაში იყო რაღაც ისეთი, რაც ადალაში ზიზღს იწვევდა, მაგრამ რა, ამაზე ფიქრში ეს უკანასკნელი დროს არ კარგავდა.
— მე რაში მადანაშაულებ? მე რა შუაში ვარ? ჩემგან რა გინდა? – ღრიალებდა გაცოფებული გოჭი. — ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ თქვენ და დიდ ბურთს თავი მოგაწონოთ, შენ კი, შენ კი, რითი მიხდი სამაგიეროს, კვლავ მე მადანაშაულებ, თქვენ ყველანი უსუსურები ხართ, წარმოდგენა არ გაქვთ არაფერზე, თვითონაც არ იცით, რატომ აღარ გვიგზავნის დიდი ბურთი კოჭლ ქათამს, დაფეთებულ და აკანკალებულ ჩლიქებს კი ჩემსკენ იშვერთ. ვიმეორებ, თუ დიდი ბურთი ასეთი მოწყალეა, რატომ არ მაპატია?! მე ხომ მთელი გულით მოვინანიე ჩემი შეცდომები. იქნებ და მე სრულებით არაფერ შუაში ვარ, იქნებ ეს თქვენ ხართ? თქვენ, თქვენ ხართ დამნაშავენი. შენ კი, შენ არ გაქვს უფლება რამეში ბრალი დამდო. ვინ ხარ შენ? ვინ მოგცა მაგის უფლება, შენ არ ხარ, სულ რომ გაიძახი,`არვის განსჯის უფლება ჩვენ არ გვაქვს, განსჯის უფლება მხოლოდ დიდ ბურთს აქვსო, ჰოდა თუ ჭეშმარიტად გჯერა, რასაც ამბობ, მაშინ გაჩუმდი და ნურვის ნუ განსჯი, ნუ ჩაერევი დიდი ბურთის სამსჯავროში და ნურასდროს ნუ შეიტან მის სიტყვებში ეჭვს.
აქ იუარა გაჩუმდა, პირიდან დუჟი გადმოსდიოდა, ჰაერს მძიმედ ყლაპავდა და გაცოფებული ადალას მიჩერებოდა, გეგონებოდათ ეს ესაა ეცემა და ცოცხლად გაფატრავსო….
ადალა გასუსული უსმენდა ძმას, ეს პირვლად ხდებოდა, როდესაც იუარას სიტყვებს ასე სულგანაბული უგდებდა ყურს მთელი ოჯახი. ღორები არ ელოდნენ იუარას ასეთ მწვავე რეაქციას. ირგვლივ სიჩუმე გამეფებულიყო, მხოლოდ და მხოლოდ ტალახში მძრომიალე მატლები თუ არღვევდნენ სამარისებულ დუმილს. ამ ღირშესანიშნავ სანახაობას კი ზემოდან დიდი ნამგალი დასცქეროდა.
ბოლოს სიჩუმე ერთ-ერთმა გოჭმა დაარღვია.
— ნახეთ, ნახეთ, იქიდან რაღაც მოჩანს, რაღაცა გვაიხლოვდება.
ყველამ იქით იწყო ცქერა საითაც მიდალა ანიშნებდა. მხრიდან, საიდანაც დიდი ნამგალი ანათებდა, ტალახს ნელ-ნელა უცნაური ქმნილება უახლოვდებოდა. ეს ხტუნვა ხტუნვით მომავალი არსება იყო კალია. მის მიხრა-მოხრაში იყო რაღაც ირაციონალური, რომელსაც მხოლოდ ღორები ამჩნევდნენ. რა მიუახლოვდა და თვალით ადვილი დასანახი გახდა, ოჯახმა ერთხმად შესძახა.
— ნახეთ, ნახეთ რა ლამაზია!
––– გრაციოზულია!
— როგორ გამოსდის ასე ლამაზად და ხტუნვა ხტუნვით სიარული?!
— ნახეთ, ნახეთ ბალახიდან ბალახზე როგორ ხტება.
— სანაძლეოს ჩამოვალ ვერ მიწვდება.
— ვა მიწვდა, მიწვდა. – იჯერეს რა გული ღორებმა შეძახილებით, კალიაც თვალს მიეფარა.
— რა დიდებული იყო, როგორი გრაციული, ასე დიდი ხანია არ მიმხიარულია. – ღრუტუნებდა მამა ღორი და აღფრთოვენებას ვეღარ მალავდა.
— ჰო, ჰო, ასე კოჭლ ქათამსაც არ გავუმხიარულებივართ.
შესძახა ადალამ
— ჰო, ჰო.
დაიღრუტუნეს ერთხმად გოჭებმაც.
—კალია დიდმა ნამგალმა გამოგვიგზავნა. – ჩაილაპარაკა დამაჯერებელი ხმით მამა ღორმა, რამდენიმე წამის სიჩუმის შემდეგ.
— ჰო, ჰო, კალია იმ მხრიდან გამოჩნდა, საიდანაც დიდი ნამგალი ანათებს. – შესძახეს ერთხმად გოჭებმა.
— თურმე ჩვენ ტყუილად არ ვაფასებდით დიდ ნამგალს.
ჩაიბურტყუნა დანაღვლიანებული ხმით დედა ღორმა.
— მაგრამ ახლა ვიცით თუ რა შესძლებია. გაუმარჯოს დიდ ნამგალს! დიდ ნამგალს გაუმარჯოს!
— ჰო, ჰო, მართალი ხარ ასე დიდი ხანია არ გვიმხიარულია. – ჩაიღრუტუნა მრავლისმეტყველი სახით მამა ღორმა. — კოჭლ ქათამს ასე არასდროს მოუტანია ჩვენთვის მხიარულება, როგორც ეს კალიამ შესძლო. თურმე რა დიდებული ყოფილა დიდი ნამგალი..
აქ ხმა ჩაუწყდა, შემდეგ ამოისუნთქა და კვლავ განაგრძო
— ტყუილა კი არ დასდევს თან დიდ ნამგალს ზეცაში ამდენი წერტილი, დიდი ბურთი კი სულ მარტოა. გაუმარჯოს დიდ ნამგალს! დიდი ნამგალი ყოფილა პირველი, დიდი ბურთი კი მეორე!
ეს იყო და ეს, იმ დღიდან ღორებმა დიდ ნამგალს უწყეს ხოტბის შესხმა, იშვიათად თუ მოიხსენიებდნენ ოდესღაც დიდებულ და ყოვლისშემძლე დიდ ბურთს. აღარც იუარა ახსოვდათ და მისი წარსული ცოდვები, დიდი ბურთის მიმართ. ახლა ღორების მთავარი საფიქრალი იყო დიდი ნამგალის სიამოვნება. ამ უკანასკნელისთვის კი არაფერს იშურებდნენ. ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ და პატივს მიაგებებდნენ, სანაცვლოდ ყოველ ტალახთან, მწერთან და მატლთან ერთად იღებდნენ კალიას. არსებას, რომელიც აღტაცებას იწვევდა და რომელიც ყოველი თვის ბოლოს გამოჩენისთანავე, იწყებდა ბალახიდან ბალახზე ხტუნვას, რითაც ექსტაზამდე მიყავდა ტალახში კომფორტულად მოკალათებული ოჯახი.
იუარა ხედავდა, თუ როგორ ირთობდნენ თავს მისი ოჯახის წევრები მხტუნავი კალიით, მას კი კვლავ კოჭლი ქათამი ენატრებოდა. ყოველი თვის ბოლოს კვლავ იმ ადგილას იდგა საიდანაც ოდესღაც კოჭლი ქათამი მოდიოდა, მაგრამ დიდი ბურთის ძღვენი არა და არ ჩანდა. იუარა თავს იდანაშაულებდა მომხდარში, ნელ-ნელა კი ეჭვი გაუჩნდა.
-კი მაგრამ რატომ? რატომ აღარ მოდის კოჭლი ქათამი?! მე ხომ მთელი გულით მოვინანიე. -ერთხელ გაბედა და საკუთარი გულის ნადები ოჯახის წევრებს გაუზიარა.
— გაჩუმდი, ხმა ჩაიკმიდე. – შეაწყვეტინა მამამ. — შენ იმდენს იზამ დიდ ნამგალსაც განარისხებ.
— კი მაგრამ. . .
— არაფერი მაგრამ, ხმა ჩაიწყვიტე მეთქი!
დაუღრიალა მამა ღორმა. იუარა გაჩუმდა, ადალამ კი ძმას კვლავ მწარე დაცინვა უწყო.
— ბუნების შეცდომა, ბუნების!
ხარხარებდა ბედნიერი გოჭი, შეშლილივით.
— შენ თუ ბუნებრივი ხარ, მაშინ მე მართლაც რომ შეცდომა ვყოფილვარ.
შეაწყვეტინა იუარამ გამხიარებულ ძმას.
— მაინც რა დავაშავე ასეთი დიდო ნამგალო?! – აღმოხდა, და აღშფოთებულმა მამა ღორმა ჩლიქები ჰაერში შეათამაშა. ერთი მომენტი გოჭებს მოეჩვენათ თითქოს მამა ღორმა ორ ჩლიქზე გაიარა, ხოლო მეორე ორი ჰაერში გაუშეშდა. — რატომ გამიჩნდა ასეთი სულელი და ურჯულო შვილი, ყოვლის მგმობელი და ყოვლის წამბილწველი. ხმა აღარ ამოიღო შე უგვანო! წაეთრიე აქედან, წაეთრიე, ჩვენ გვერდზე აღარ დაგინახო, შენს გამო დიდი ნამგალიც განგვინრისხდება.
— წავალ, წავალ, მაგრამ თქვენგან განსხვავებით მე დიდი ბურთი მართლა მიყვარს და დიდ პატივსაც ვცემ. ის თქვენ უარყავით, თქვენ განუდექით, იმიტომ, რომ დიდმა ნამგალმა კალია გამოგიგზავნათ. საინტერესოა, დიდმა ნამგალმა ერთ დღესაც კალია, რომ არ გამოგიგზავნოთ, კიდევ ისევ ისე გეყვარებათ? მერე სადღა წახვალთ, აღარც კალია და აღარც ქათამი რომ აღარ იქნება?!
იუარას სიტყვებით აღშფოთებული ადალა ეცა ძმას და შიგ დინგში უთავაზა ჩლიქი. არც იუარამ დაუთმო და ძმები ერთმანეთს ეძგერნენ. ღორებმა კი თავისმხრივ, აჯაგრული ძმები წრეში მოაქციეს და ყურის წამღები ჟყვიტინი მორთეს. ადალა და იუარა კი ერთმანეთს არ ინდობდნენ და შიგ სახეში უშენდნენ ჩლიქებს. ბრძოლა გადამწყვეტ ფაზას უახლოვდებოდა. ყველა გაისუსა, მხოლოდ ადალა და იუარას ყურის წამღები ღრუტუნი არღვევდა ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს. ერთი მომენტი, თავად დიდი ნამგალიც გასუსული დასცქეროდა ღორების ამ ორთაბრძოლას, ყველა ხვდებოდა, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. ბოლოს იუარას ფეხი აუსხლტა და ტალახში მოადინა დღვაფანი. გაცოფებული ადალა ზედ მოაჯდა და ჩლიქები დააყარა. იუარამ ერთი ისღა მოახერხა, გაცოფებულ ძმას ხელიდან გაუსხლტომოდა, შემდეგ კი გაქცევით უშველა თავს. ადალამ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა და დაედევნა, მაგრამ მოიხედა რა უკან, დაინახა აღფრთოვენებული ღორები, დიდი გამარჯვების აღსანიშნავად უკან დაბრუნება არჩია. გამარჯვება, დიდმა ნამგალმა მოიპოვა. ეს დღე იყო და ეს, ტალახი თვალით უხილავმა ზოლმა ორ ნაწილად გააპო. ერთ მხარეს იყვნენ: მამა ღორი, დედა ღორი და მათი გოჭები, თავის მფარველ დიდ ნამგალთან ერთად, ხოლო მეორე მხარეს დარჩა დიდი ბურთის ერთგული იუარა.
გადიოდა დრო, ყოველი თვის ბოლოს კი, იმ მხრიდან საიდანაც დიდი ნამგალი ანათებდა, მოდიოდა კალია და თან მოჰქონდა მხიარულება ღორებისთვის. ხოლო ტალახის მეორე მხარეს, იუარა კვლავ ელოდა კოჭლ ქათამს. ახლა მას ქათამი ორმაგად ესაჭიროებოდა. ესაჭიროებოდა ნიშანი, ნიშანი იმისა, რომ სწორ გზაზე იდგა და ტყუილად არ იუარა დიდი ნამგლის დიდება. იყო მომენტები, როდესაც ეჭვი უჩნდებოდა, ვაი თუ მისი ოჯახი მართალი იყო და დიდი ბურთი, მართლაც და უსუსური იყო დიდ ნამგალთან შედარებით, ხოლო თავად იუარა, ბუნების შეცდომა იყო.
იუარა ყოველი თვის ბოლოს, იმ დღეს, როდესაც წესით და რიგით კოჭლი ქათამი უნდა გამოჩენილიყო, თითო ნაბიჯით უახლოვდებოდა ადგილს, სადაც ტალახი მთავრდებოდა და დიდი ბურთი უფრო კარგად მოჩანდა.
ერთხელაც, როდესაც იუარა, კვლავ კოჭლ ქათამს ელოდა, შენიშნა, რომ ტალახის ნაპირთან იდგა. უფრო ზუსტად, ცალი ჩლიქი ტალახს გასცდენოდა და მყარ მიწზე იდგა.
იუარამ იგრძნო საშინელი ტკივილი, რომელიც საიდანღაც მოდიოდა და ასევე სადღაც უჩინარდებოდა. დიდხანს იფიქრა იუარამ, მაგრამ მიუხედავად საკუთარი ღორული გამჭრიახობისა, ვერაფერს მიხვდა. ბოლოს ყველა ტკივილი გაქრა და გადადგა რა მეორე ჩლიქიც წინ, ფეხქვეშ სიმკვრივე იგრძნო. სიმკვრივე, რომელიც აქამდე ასე უცხო იყო მისთვის. პირველად ხდებოდა იუარას ცხოვრებაში, როდესაც იდგა და ამავდროულად ტალახში არ ეფლოდა. ახლა მის ფეხთ ქვეშ ტალახი გამქრალიყო და ის რაღაც მაგარს შეეცვალა. ახლა, ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი იუარას სიამოვნებას ჰგვრიდა. მას აღარ მოჰქონდა ის ტკივილი, როგორიც ტალახში გადადგმულ ყოველ წინა ნაბიჯს. იუარა გრძნობდა თუ როგორ ცვიოდა ძირს ტალახი, ( რომელიც ჯერ კიდევ ტალახიდან გამოყოლილი შემორჩენოდა ) ყოველი ახალი ნაბიჯის გადადგმისთანავე. სადღაც შორიდან კი ღორების ღრუტუნი ისმოდა, დროთა განმავლობაში ტალახთან ერთად ხმაც გაქრა.
იუარა მყარად დგას, აღარც ტალახი და აღარც ღორების ტვინის წამღები ღრუტუნი. ის უცნურ სუნს გრძნობს, ეს სუნი მიწას აქვს, მიწას რომელიც ტალახით და მატლებით დამბალი არაა. წინ ამოუცნობი და ახალი სმაყაროა, სამყარო რომელიც ბევრად უფრო იდუმალი და მისტიურია.
ერთი კვირის თავზე, როგორც მამა-დედა ღორმა, იუარაც ახალ ტალახს გადაეყარა. ის თითქოს დაფიქრდა, მარამ მალვე ახლად აღმოჩენილ ტალახში შეტოპა. ტალახი უფრო დიდი იყო და ღრმა, ვიდრე მას ოდესმე წარმოედგინა, შასაბამისად ტალახში კიდევ უფრო მეტი ღორი დახვდა, ვიდრე ეს მის ოჯახში იყო. აღმოჩნდა, ახლად გაცნობილი ღორებიც დიდ ბურთს ეთაყვანებოდნენ, მაგრამ მრავალფეროვან და ყოვლისშემძლე დიდ ბურთს ამ ოჯახისთვის საჩუქრის სახით კვირაში ერთხელ კოჭლ ქათამზე უფრო დიდი და კალიაზე კიდევ უფრო მოქნილი არსება გამოეგზავნა, რომლის სახელიც ჯერ იუარამ არ იცოდა. სწორედ აქ დააფასა იუარამ დიდი ბურთის ნამდვილი ძალა და გადაწყვიტა ახლად დამეგობრებულ ღორებთან ერთად თავის ტალახში დაბრუნებულიყო, რათა იქ რადაც არ უნდა დაჯდომოდა დიდი ბურთის ძალაუფლება აღედგინა. ამ ფიქრებში იყო იუარა, როდესაც თავში ახალმა აზრმა, აქმადე არცერთი ღორის გონებამდე მიღწეულმა, გაურბინა.
„სამყაროზე ალბათ რამდენი ტალახია, შიგ კი რამდენი ღორი, და კიდევ უფრო მეტი ტალახის გარეთ, რომელიც არასწორ გზას ადგას, რა კარგი იქნებოდა, თუ ყველა ამ ოჯახს აღმოვაჩენდით, გავაერთიანებდით და ყველა ღორი ერთ დიდ ტალახში, ერთი დიდი ბურთის მფარველობის ქვეშ ვიცხოვრებდით“.