RSS

დაგიკიდეს მათ?! დაიკიდეთ თქვენც!!!

11 ივნ

ახლა სრულიად შემთხვევით მოვკარი თვალი სერიალს, სახელწოდებით ,,მეზობლები” და ასეთი მარაზმი ისევ და ისევ ქართულ ტელეარხებიდან მაქვს ნანახი (იქაც თვალი მოკრული)… მოქმედება ხდება ერთ ადგილას, ,,ღადაობა” მიმდინარეობს აწ უკვე მრავალჯერ ნახმარ და გამცვდარ თემებზე, მსახიობები უფრო ნერვებზე თამაშობენ ვიდრე როლზე…. ასე, რომ გაფრთხილებთ ეს ყველაფერი კლავს თქვენს ტვინის უჯრედებს!!!
მაგრამ ვიცი ეს გაფრთხილება სამწუხაროდ არ კმარა. . .არ კმარა კი არა და საერთოდაც არაფერს ნიშნავს.
უკვე დიდი ხანია ამ ყუთს ვეღარ ვეკარები, არადა ერთ დროს როგორ ვმეგობრობდით. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი მეგობრობა დამთავრდა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ამით ყველაფერი დასრულებულიყო, პირიქით ყველაფერი სწორედ აქ დაიწყო და აი აგერ უკვე ორი წელია რაც ეს ბრძოლა დაუსრულებლივ მიმდინარეობს. ვებრძვი შეიძლება თამამი ნათქვამია, მაგრამ არ ვიცი ჩემს საქციელს სხვა რა უნდა ვუწოდო. სადაც არ უნდა ვიყო, იქნება ეს სახლში, მეგობრებთან, თუ უბრალო ნაცნობებთან, ჩამოვარდება თუ არა ტელევიზიაზე საუბარი უმალვე დაუნდობლად თავს ვაცხრები ამ უკანასკნელს და საშინელ კრიტიკის ქარცეცხლშიც ვატარებ და ალბათ ბევრს ამით უკვე თავიც მოვაბეზრე.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ნელ–ნელა დროთა განმავლობაში შევნიშნე ყუთი სულ უფრო და უფრო მაბოლებდა, დღითი დღე ბებერ მეზღაპრეს ემსგავსებოდა და ასე ყოველ საღამოს ზღაპრებს მიყვებოდა. მივხვდი, რომ ადამიანები, ვინც ამ ყუთში იყვნენ გამომწყვდეულები და ვითომ ჩემთვის ინფორმაცია უნდა მოეწოდებინათ, ან გინდაც უნდა გავერთე, ყველაფერს უკუღმად აკეთებდნენ და მაგრად ვეკიდე. . . თუმცა ვკიდებოდი მაინც ვინ ჩივის! ესენი იყვნენ აგენტები, რომლებიც თითქოსდა ვიღაცამ განგებ შემომიგზავნა რათა ჩემი აზროვნება და ყოველი ნაბიჯი საგულდაგულოდ შეემოწმებინათ. . . შეემოწმებინათ და განესაზღვრათ. აი ასე ბეჯითად და საგულდაგულოდ ყოველ საღამოს ამოწმებდნენ რამე ახალი ხომ არ შემეპარა, რამე ახალი იდეით ხომ არ დავვირუსდი და თუ რაიმე მსგავს შენიშნავდნენ იმ წამსვე თავისი ზღაპრებით უპირისპირდებოდნენ. დიახაც ამოწმებდნენ. . . ამოწმებდნენ ისე, როგორც ამას ახლა საქართველოს მოსახლეობის სრულ უმრავლესობას უკეთებენ.
ხალხი ჩივის ტელეფონზე გვისმენენ რა გვეშველებაო. . .და ის კი არ იციან, რომ მთავარი უბედურება ის კი არ არის, რომ მათ უსმენენ(გვისმინონ და იყვნენ) არამედ ის, რომ თავად ხალხი უსმენს მათ! როგორ?! როგორ და კარგად! აი მაგალითად მოვლენ სახლში, დამღლელი სამუშაოსგან გათანგულები, სავარძელში ჩაეფლობიან, ხელში პულტს მოიმარჯვებენ, კიდევ ერთი მოძრაობა და იწყება.
–––მოგესალმებით. . . –ამა თუ იმ საინფორმაციო გადაცემიდან აღშფოთებული ჟურნალისტი მოგმართავს და დაპათოსებულ თვალებს სიმკაცრე ეთამაშება. . . დღეს მოხდა ეს. . .ეს. . . ეს. . . და ეს. შემდეგ იწყება აწ უკვე მრავალჯერ ჩახვეულის კიდევ ერთხელ დატრიალება. . .(ამ დროს მგონია, რომ ჩანაწერს უშვებენ) –––ჩვენი წარმომადგენლები ევროსაბჭოს სხდომას დაესწრნენ, ჩვენი წარმომადგენლები ნატოს გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ, ჩვენ სულ მალე ნატოში შევალთ, ნატომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო სულ მალე მათი სრულყოფილი წევრი გახდება, ამერიკამ კიდევ ერთხელ მოიწონა ჩვენს ქვეყანაში გატარებული რეფორმები, მაგრამ ისიც დასძინეს რომ უფრო მეტია საჭირო, საფრანგეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ევროპამ ესა და ეს დახმარება გამოჰყო ჩვენი ერის დასახმარებლად, რუსეთში თავისუფალ აზრს ებრძვიან, პუტინი მედვედევის კოალიცია სასტიკად გაუსწორდა მოსკოვის ქუჩებში გამოსულ მშვიდობიან აქციონერებს, რუსეთში სასტიკად იდევნებიან ჟურნალისტები, მათ არ აქვთ საშუალება თავისუფალი აზრი გამოთქვან ან გინდაც დააფიქსირონ (საბრალონი, აგერ მიბაძონ ქართველ ჟურნალისტებს, რომელებიც საკუთარი თავისუფლებით და მიუკერძეობლობით იმდენად აღფრთოვანებულნი და აჟიტირებულნი არიან რომ აი უკვე საზღვრებს გარეთ გადიან და იქ ცდილობენ რუს ერს და ჟურნალისტებს დაეხმარონ დესპოტური რეჟიმის შეცვლაში) შემდეგ უფრო შიდა პრობლემებზე გადავდივართ. . .–––სოფელ უბედურებაში გივიმ მოკლა ნუგზარი, თავში ,,ტაპორი’’ ჩასცხო ათჯერ! სოფელ “რა გვეშველება”–ში ოცი წლის ბიჭმა ოთხმოცი წლის ქალი გააუპატიურა და შემდეგ მანაც ,,ტაპორი’’ უთავაზა გაუპატიურებულ პენსიონერს! ადგილობრივმა მკვიდრმა, მანანამ მაღაზიაში შაქრის მოპარვა სცადა, საბედნიეროდ ადგილზევე დააკავეს. ბოლოს ამინდის პროგნოზი და აბა ჰე და აბა ჰო, თქვენ უკვე მზად ხართ, თქვენ ხომ სულ რაღაც ერთ საათში მოგეწოდათ ინფორმაცია, რომელიც დორის უქონლობის და მძიმე სამუშაო გრაფიკის გამო აქამდე არ გაგაჩნდათ, თქვენ ახლა მზად ხართ ახალი გადაცემისთვის!
არც მაყურებელი, არც ჟურნალისტი, არც პროდუსერი და არც არავინ ერთი წამით არ შეჩერდება და არ გაიფიქრებს ნუთუ მხოლოდ ეს არის?! ნუთუ ეს არის ახალი ამბები?! ნუ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ იქნებ და პრობლემის ძიება არა უაზრო და გაბუქებული აბსტრაქტულ ზმანება გარეულ ფაქტების გადმოცემაში გვმართებს არამედ ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე ხაზ გასმით?! აქ არ შემიძლია მაგალითი არ მოვიყვანო. სულ ცოტა ხნის წინ იმედზე გავიდა გადაცემა, რომელიც ვითომ და ატარებდა გამოკითხვას რათა გაერკვიათ თუ რა დონეზეა დღეს ახალგაზრდების წიგნიერება და განათლება. საგულდაგულოდ შერჩეული რესპოდენტები მართლაც რომ იდიოტურ კითხვებზე უფრო დიდ იდიოტობებს პასუხობდნენ. გადაცემა სრულდება ასე: ჟურნალისტი დანაღვლიანებული და აღელვებული ხმით ცდილობს სკანდალი ააგოროს: –ვწუხვართ თუ ამ ვიდეოთი ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენეთ მაგრამ ეს არის რეალობა!
დიახაც მართლაც რომ ეს არის რეალობა, ძალიან მწარე რეალობა და სწორედ ეს მეტყველებს ჩვენი ჟურნალისტების კვალიფიკაციაზე. ამ ადამიანებმა უსირცხვილოდ მოიპარეს CNN ზე გასული გადაცემა, გადათარგმნეს იქ დასმული კითხვები ქართულად და მათი ფანტაზია იმდენსაც ვერ გასწვდა, რომ ეს უკანასკნელნი ოდნავ მაინც შეეცვალათ. . . დიდებული კრეატივია, ვერაფერს იტყვი. . .თუმცა რამდენიმე კითხვას მაინც ეტყობოდა ქართველთა მსუყე ხელი, მაგალითად კითხვაზე თუ ვინ არის ტონი ბლერი, ჩვენ შევცვალეთ კითხვით, ვინ არის შოთა რუსთაველი და კიდევ რამდენიმე ასეთი. რეალურად კითხვების უმრავლესობა არის უნამუსო პლაგიატორობა! არ შემიძლია არ შევჩერდე კიდევ ერთ დიდებულ კითხვაზე. გამვლელებს ეკითხებოდნენ თუ ვინ იყო პეტრე მელიქიშვილი და პასუხით კმაყოფილნი, რომ ამ უკანასკნელთ მელიქიშვილზე არაფერი გაეგებოდათ, სვამდნენ კითხვას თუ ვინ არის ბიჭოლა, აი ამ კითხვას კი ყველა თავით კმაყოფილი სახით პასუხობდა. ბოლოს კი ყველაფერს საზოგადოების განათლების და განვითარების სადარაჯოზე მდგომი ჟურნალისტები ხაზს უსმევდნენ და სწუხდნენ, რომ მელიქიშვილზე კარგად საზოგადოებისთვის ბიჭოლაა ცნობილი.
იდეის პლაგიატორებმა თავისას მიაღწიეს და მეორე დღეს მთელს ქალაქში ზემოთ ხსენებულ გამოკითხვაზე საუბრობდნენ, მათ შორის რამდენიმე ჩემი მეგობარიც. სამწუხაროდ არავის გასჩენია კითხვა, აქვს კი იმედს უფლება საზოგადოება გააკრიტიკოს იმაში რაშიც თავადაა დამნაშავე. დიახ, დღეს საზოგადოებისთვის ბიჭოლა უფროა ცნობილია ვიდრე ფალიაშვილი. ბოლოს და ბოლოს ბიჭოლა სწორედაც ამ არხის ეკრანებზეა ყოველ დღე წამოჭიმული, ხოლო რაც შეეხება ფალიაშვილს, ამ ადამიანზე სიტყვას არც არვინ ძრავს და არც დაძრავენ. ამას ხომ დიდი აზროვნება და მეტაფიზიკა არ სჭირდება, იმედი თავისივე მინუსს ახლა საზოგადოებას ახვევს და ყველაფერში ამ უკანასკნელს ადანაშაულებს. ერთი წუთი წარმოიდგინეთ და დაუშვით, რომ იმედი და მისნაირი ტელემაუწყებლობები არ არსებობს, მერწმუნეთ თქვენ წარმოდგენაც კი არ გექნებოდათ, თუ ვინ არის ბიჭოლა და მსგავსი ელემენტები.
თუმცა აქ შეიძლება ბევრი შემეკამათოს, –საინფორმაციოს პრობლემაზე ჩაღრმავება არ მოეთხოვება მან მხოლოდ ზედაპირულად უნდა გადმოსცეს ,,ფაქტებიო“.
აჰა, გასაგებია რაში სჭირდება საინფორმაციოს ჩაღრმავება და გამომწვევ მიზეზებზე ყურადღების გამახვილება ამ მოვალეობას ხომ ჩვენ ტელევიზიაში სხვა გადაცემები ასრულებენ. ჯერ მარტო რად ღირს პროფილი, ნანუკას შოუ, ყოფილი ცოლების კლუბი, იმის შოუ და კიდე ამის შოუ. . . ერთი სიტყვით ასეთი უამრავი გვაქვს. ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი საზოგადობაში არსებულ პრობლემებს განიხილავს. . . რეალურად კი ეს მასობრივი სატირა, რომლით დასატკბობადაც ყოველ საღამოს ქართველი ერი ტელეეკრანებთან იკრიბება ემსახურება აბსტრაქტული პრობლემების თავზე მოხვევას და დაბრმავებული ერის კიდევ უფრო დაბრმავებას. მე ჩემი თვალით მინახავს ის მასობრივი გოდება, რომელიც ამ შოუებს აქოთებული მათხოვარივით გამუდმებით თან სდევს.
აქ ბევრი ალბათ კვლავ შემაწყვეტინებს და იტყვის, რომ დიახაც ტირიან მერე და რა, ისინი ხომ გულით წუხან უბედური რესპოდენტების მუხთალი ბედის და გამო. აჰა გასაგებია. . . ასე რომ იყოს კიდევ რა უშავს, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ეს ხალხი იკრიბება იმისთვის, რომ სხვისი უბედურება ნახონ და მერე ამით ქვეცნობიერი დააკმაყოფილონ, შემდეგ კი ჩასძახონ, დამშვიდდი რა გაწუწუნებდა ხომ ხედავ თურმე შენზე უფრო გაჭირვებული და უბედური რამდენი ყოფილაო. ეს უბედური რესპოდენტები კი ვერ ხვდებიან, რომ სინამდვილეში მათი უბედურებით საზოგადოება ასე ხარბად იკვებება. ერთი უბედური, მეორის უფრო დიდი უბედურებით იმშვიდებს თავს და გულის სიღრმეში საკუთარ თავს კეთილობასაც აბრალებს.
ზემოთ ხსენებულ შოუებს მეტს აღარ ჩავუღრმავდები, ვისაც რა უნდა ის უქნია და თუ ასე უნდათ დაე იკვებონ სხვისი უბედურებით. ამ ყველაფერში ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემას ვხედავ. ტელევიზია იქცა განუვითარებელი აზროვნების ნამდვილ საბადოდ. მთელი დღის განმავლობაში ერთი სერიალი ენაცვლება მეორეს და ასე მანამ, სანამ ჩემს მიერ ზემოთ ნახსენები ყველასთვის სანატრელი შოუები არ დაიწყება.
დავუბრუნდეთ სერიალების ფაქტორს, როგორც ჩანს ქართველები მხოლოდ მექსიკური თუ ვენესიური სერიალებით ვერ დავკმაყოფილდით და ახლა ჩვენი საკუთარი საპნის ოპერის გადაღებაც დავიწყეთ. ამის ბრწყინვალე მაგალითია უამრავი ქართული სერიალი. ამ უკანასკნელთ სულ ახლა ხანს კიდევ ერთი შეემატა ,,მეზობლები’’, რომელზეც დასაწყისში უკვე მოგახსენეთ. გადასარევი მაგალითი თუ როგორი არ უნდა გადაიღო ფილმი.
აქ ვიღაცა მეტყვის კი მაგრამ არ გსიამოვნებს?! მაშინ ადექი და გადართე! კარგი გადავრთავ, მაგრამ სად? მეორე ბანაკში სადაც ოპოზიციაა გამაგრებული? საიდანაც ყოველ დღე ხელისუფლებაზე დაბოღმილ ადამიანებს მოუწოდებენ რევოლუციისკენ, არსებული ხელისუფლების გადაგდებისკენ და სანაცვლოდ ერთსაც ვერ ამბობენ თუ რითი შეიძლება არსებული პრობლემების მოგვარება? ერთი სიტყვით მე არც იქით ვარ და არც აქეთ, ამიტომ მიწევს ორივეზე უარის თქმა, რასაც ვერ ვიტყვი ხალხზე რომელებიც ერთ ბანაკს გაურბიან და თავს მეორეს აფარებენ.
აქედან გამომდინარე მე მაქვს კითხვა, რა ქნას იმან ვინც არც ერთ ბანაკს არ ეკუთვნის და ორივე ცალ ფეხზე კიდია? პასუხი ცალსახაა, გამორთოს ტელევიზორი და დაიკიდოს! დაიკიდოს იმიტომ, რომ ტელევიზიამ და იქ მსხდომმა ადამიანებმა დიდი ხნის წინ დაგვიკიდეს და ჩვენი დაბოლების მეტზე აღარაფერზე ფიქრობენ.
ერთადერთი გადაცემა რასაც ვუყურებ ეს არის ,,წითელი ზონა’’. გადაცემის წამყვანის მიმართ ჩემს აშკარა სიმპატიას არც დავმალავ. ამ ადამიანმა შეძლო თავისი გაიტანა და გინდაც კვირაში ერთხელ, გინდაც შუა ღამისას, მონოპოლისტებს რამდენიმე საათი ხელიდან გამოსტაცა. როდესაც ამ გადაცემას ვუყურებ თავი შეთქმულად მეჩვნება ხოლმე, ვზივარ ღამის ორ საათზე, ჩაბნელებულ ოთახში და ეკრანს ხმის ამოუღებლად მივჩერებივარ. თუმცა ჩვენი შეთქმულება სულ მალე გამოაშკარავებულ იქნა საზოგადოების მიერ, კერძოდ ერთ–ერთი სულიერი ლიდერის სიტყვებით. მან დაგმო გადაცემა და წამყვანს პედოფილი უწოდა.
–„ეს ადამიანი საზოგადოებისთვის სახიფათოა, უნდა მოხდეს მისი საზოგადოებისგან ჩამოშორება!“
მოგვიწოდა მამა დავითმა. და მართლაც მიდით გადამალეთ, გააქრეთ, ჯვარზე გააკარით ამ ,,პედოფილმა’’ ხომ გაბედა და ჯადოსნური ყუთიდან წარმოსთქვა ტაბუირებული სიტყვები ,,მე ვემხრობი ქართულ სკოლებში სექსუალური განათლების შემოღებას’’. გვახარიას სიტყვები სიტყვებადვე დარჩა და რამდენიმე ადამიანმა თუ გაიაზრა რაზე ლაპარაკობდა მაშინ ამ სიტყვების პატრონი. აი მამა დავითის სიტყვები კი დღეს ბევრმა აიტაცა და გოგი გვახარია ნახევარი საქართველოსთვის იქცა პედოფილად.
რაღა დავამატო?! ერთი ის, რომ ომი წაგებულია, ტელევიზია წართმეულია. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ბრძოლის ველი დავტოვოთ და თავი ინტერნეტს შევაფაროთ. (მოგვაგნებენ თუ არა იქ? უკვე მოგვაგნეს, ყოველ დღე ჩემი თვალით ვხედავ თუ როგორ აყენებენ შეურაცყოფას ადამიანებს, რომელებიც საკუთარი აზრის დაფიქსირებას ამა თუ იმ ფორუმზე თუ გვერდზე ცდილობენ და ამის გამო დაპათოსებული პატრიოტიზმის ნიღაბს ამოფარებული ადამიანებისგან ისმენენ ათასგვარ მუქარას და უწმაწურ სიტყვებს) ინტერნეტში ბევრ პუბლიცისტიკას წავწყდომივარ, სადაც ტელევიზიას სასტიკად აკრიტიკებენ, მაგრამ შედეგი სახეზეა, შედეგი სრული კაპიტულაციაა. ერთადერთი რაც დაგვრჩენია ეს არის ტელევიზიის იგნორი და ამ ყუთის სანაგვეში გადაძახება. უნდა დავიკიდოთ ის, რამაც აწ უკვე დიდი ხნის წინ თავად დაგვიკიდა! იმისთვის, რომ ტელევიზია დავიბრუნოთ საჭიროა საზოგადოების განვითარება, მაგრამ ამას ტელევიზიიდან აშკარად ვეღარ მოვახერხებთ!
ერთს დავძენ -This shits got to go! და როდის წავლენ ეს უკანასკნელნი მხოლოდ საზოგადოების განვითარებაზე და მენტალობაზეა დამოკიდებული. . .

Advertisements
 
3 Comments

Posted by on ივნისი 11, 2011 in წერილი

 

3 responses to “დაგიკიდეს მათ?! დაიკიდეთ თქვენც!!!

  1. Salome tabatadze

    აგვისტო 28, 2011 at 9:11 PM

    Kargia ro vigaca vnaxe vinc metanxmeba da visac gvaxaria uyvars da etanxmeba kargi pirovneba xar siamovnebit gagesaubrebodi eset temebze :))

     
  2. spamwriters

    აგვისტო 28, 2011 at 11:00 PM

    :)) უყურე შენ :დ

     
  3. nancygaladriel

    ნოემბერი 4, 2011 at 11:36 AM

    აუ მართლა ძალიან კარგი პოსტია.
    კარგია ამ პრობლემას რომ შეეხე.
    არვიცი რა ვთქვა,ძალიან მომეწონა.

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: