RSS

წერილი შენთვის და თქვენთვის

01 ივლ

საკონკურსო. .იხილეთ ლინკი––http://martini2011.blogspot.com/2011/07/blog-post_8608.html

“ალბათ ახლა ნაპირთან დგახარ, შენს ფეხებთან ველური ტალღები გაშმაგებით ცეკვავენ და დაუმორჩილებლობის ომახიანი ხმით გალობენ. აი ახლა კი წელში იშლები, თავი რომელიღაც ჰოლივუდური ფილმის გმირი გგონია, ერთი სული გაქვს კითხვას როდის ჩაამთავრებ და პოლიციის განყოფილებაში ამოყოფ თავს. იტყვი, ეს მე აღმოვაჩინე, იხსენით ადამიანები, ისინი აუთვისებელ კუნძულზე შიშისგან თრთიან და შიმშილით იხოცებიან.
რამდენჯერმე ტელეეკრანებითაც გაიბრწყინებს შენი თვითკმაყოფილი, ღვაწლმოსილი ფიზიონომია, შემდეგ მე და რამდენიმე ახლად გადარჩენილი გეცემით, ხელში აგიტაცებთ და ღმერთს მადლობას შევწირავთ შენი არსებობისთვის. შეიძლება რომელიმე ჩვენგანი მილიონერი მამიკოს შვილიც აღმოჩნდეს და მერე გაზულუქებული ბურჟუა ქაღალდებითაც (ფულით) დაგაჯილდოებს.
წარმოიდგინე უკვე?! ახლა კი მაპატიე, შენ თუ ასეთ რამეზე ოცნებობ დიდის მწუხარებით უნდა მოგახსენო, რომ სხვაგან მოხვდი, როგორც ძველი, უკვე პენსიაზე გასული გამონათქვამი ამბობს „ცუდ დროს და ცუდ ადგილას“.
დავიწყებ იმით, რომ მშვენივრად ვართ. ეს არის სრული თავისუფლება, არ დაგიმალავ და თავიდან ცოტა გაგვიჭირდა. თუმცა მალევე, საერთო ძალისხმევით შევძელით და წარსულის აჩრდილები, რომელიც იდეალების სახით გვევლინებოდა, ჩვენსავე გონებაში სასტიკად გავთელეთ.
წარმოიდგინე ჩვენ არ გვყავს ლიდერები, პოლიტიკოსები, პოლიციელები, კრიმინალები, მღვდლები, ერთი სიტყვით არანაირი სულიერი და ხორციელი ლიდერები, ჩვენ ვართ ჩვენივე ხორცისა და სულის გამგებლები. აქ ღმერთსაც ერთი სახელი აქვს, ეს არის სამყაროს შემქმნელი. ზოგს სწამს ზოგს არა, არც ამას ვაქცევთ დიდ ყურადღებას. ლოცვით არ ვლოცულობთ, მიგვაჩნია, რომ ამით მას უბრალოდ შევაწუხებთ.
ოჰ, შენ ამას კითხულობ და გიკვირს, გიჩნდება კითხვა, როგორ შევძელით ჩვენ ეს. როგორ და უბრალოდ, ჩვენ ვთქვით უარი იმაზე რაზეც თქვენ ვერასდროს ან არასდროს იტყვით.
ყველაფერი კი დაიწყო ასე, ფეისბუქზე ახალი ავატარი დავიყენე, წარწერით „Without money, we would all be rich”. იმავე საღამოს მომდის მეგობრობის თხოვნა. ჩემს ახალ ვირტუალურ მეგობარს არაჩვეულებრივი გარეგნობა აქვს. უკვე ვეჭვობ, მგონი ჩემი ვირტუალური მეგობარი შემიყვარდა და თუ არ ვცდები მასაც მოვწონვარ, მაგრამ ის ამერიკაშია, მე კიდე თბილისში, ერთ ჩაბნელებულ და ყველასგან მივიწყებულ უბანში. ერთთვიანი გაუთავებელი მიწერ-მოწერის შემდეგ ენი სიყვარულს მიხსნის და მთავაზობს. .მთავაზობს იმას,რაც განვახორციელეთ კიდეც.
აღმოჩნდა, რომ ენის მამა ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია მთელს მსოფლიოში, შესაბამისად ენის აქვს ყველაფერი რაც კი მოეხუშტურება, მაგრამ მას ეს ეზიზღება. ენი მეუბნება, რომ ჰყავს მეგობრები, რომლებთან ერთადაც გეგმავს უკაცრიელ კუნძულზე გადასახლებას. თავიდან არ ვიჯერებ, მაგრამ სულ მალე ვრწმუნდები,რომ ენი არ ხუმრობს. ენისგან ვიღებ ნებართვას, რომ ჩემი რამდენიმე მეგობარიც წავიყვანო,თავიდან ის უარზეა, მაგრამ ვარწმუნებ, რომ ჩემი მეგობრებიც ჩვენსავით ფიქრობენ.
ენიმ საბანკო ანგარიშიდან მთელი თანხა მოხსნა და ჩვენი ოდისეა სწორედ მან დააფინანსა, ხოლო ამოვყავით რა კუნძულზე თავი, დარჩენილი მილიონები წყალს ისე გავატანეთ,როგორც მე ეს ბოთლი.
რაში დამჭირდა ამ ამბის თხრობა?! რათა დამეცინა,თქვენ მთელი დედამიწა გეკუთვნით და ვერ ახერხებთ მოაწყოთ სამოთხე, სამოთხე, რომელზეც გულის სიღრმეში ყოველი თქვენგანი ოცნებობთ. ჩვენ კი ეს შევძელით. ასე, რომ აბა თქვენ იცით და ღმერთი თქვენთან, თქვენ ეგ ნამდვილად გჭირდებათ.
შენ შეგიძლია დაიჯერო, ან ჩათვალო რომ ვიღაც უსაქმური ვარ რომელმაც ყველაფერი საკუთარი ფანტაზიით შეთხზა. ერთი სიტყვით შენი ნებაა, რაც გინდა ის მოიმოქმედე, გინდა დაწვი, გინდა სახლში წაიღე, გინდა პოლიციაში მიიტანე, (ჩვენ მაინც ვერ გვიპოვნით) თუ გინდა ისევ წყალს გაატანე, შენი ნებაა !!!”
––––ბევრი ვიფიქრე, ვერ გადამეწყვიტა რა მომეხერხებინა ამ წერილისთვის, ბოლოს გადავწყვიტე რამეში მაინც გამომეყენებინა და თქვენთან მოვიტანე, დიდი სიამოვნებით შევუერთდებოდი ამ ჭკუიდან გადასულ ხალხს (თუ ისინი მართლა არსებობენ) მაგრამ ეს შეუძლებელია, ამიტომ ისევ თქვენ გეახელით და იმედი მაქვს, ეს წერილი კვარიათში წასვლაში მაინც შემიწყობს ხელს… : დ

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: