RSS

აკრძალული ხილი

29 Jul

პირველი ნაწილი. .
–შენ შიგ ხომ არ გაქვს? ნაბიჭვარო!
და აი აქ ვხვდები, რომ დამენძრა! დამენძრა არა ისე უბრალოდ, არამედ სერიოზულად, მოკლედ მაგარ შარში ვარ. . . .
ისე ყოველთვის მაინტერესებდა აი ამ სიტყვა ,,შიგ ხომ არ გაქვს ში” რას გულისხმობენ, მაგრამ სიტყვა ნაბიჭვარზე ვერ შევედავები, ვარ ნაბიჭვარი და რა ვქნა. მამა თვალით არასდროს მინახავს, დედა სულ ამ კაცზე მიყვებოდა, ხან რას, ხან რას, ერთი სიტყვით ყველაფერ კარგს. ეს პიროვნება, ოდესღაც ცოცხალი, ჯან ღონით სავსე და ახლა უკვე აჩრდილი, აჩრდილი დედაჩემისთვის და ჩემთვის, თავს არ გვანებებს, თუმცა აქ შეიძლება ვინმე შემედავოს და მითხრას, რომ ჩვენ არ ვუშვებთ. რამდენი რამ გამიკეთებია ბავშვობაში იმის იმედით, რომ მამა ამ ყველაფერს ხედავდა, რამდენჯერ საათობით მისაუბრია, ისე, რომ მას ხმაც არ გაუცია, მაგრამ მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ის სულ ჩემთან იყო. ამას ხომ დედა გამუდმებით თავში მიტენიდა. აი მიახლოებით, ისე როგორც ღმერთის არსებობას. შეიძლება ითქვას ჩემში მამაჩემი და ღმერთი ერთდროულად დაიბადნენ და ერთდროულადვე დაიხოცნენ.
მამა აფხაზეთის ომში მოკვდა, უფრო სწორად დაიღუპა, როგორც ამას დედაჩემი ამბობს ხოლმე. დიდი ვაჟკაცი ვინმე ყოფილა, გაუგია ომია, მიწა-წყალს ვკარგავთო და იმ წამსვე გავარდნილა, წავიდა მიწა-წყლის დასაცავად და სახლში ორსული საცოლე დაუცველი დატოვა. თავად დედას ხმა მაღლა ამაზე არასდროს დაუჩივლია, პირიქით ამაყობს, მაგრამ მე ხომ ვიცი, გულის სიღრმეში ყოველ დღე იმ დღეს წყევლის. . . წყევლის აფხაზეთსაც და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ქმარი ხელიდან გამოსტაცა, ყველა იმ ნაბიჭვარს ვინც ეს ომი წამოიწყო. გამოგიტყდებით და მამაჩემის ბრმა პატრიოტიზმით მეც დიდხანს ვამაყობდი, მაგრამ დროთა განმავლობაში შემზიზღდა, ალბათ იმიტომ, რომ დედაჩემსაც და მეც მიწის უსულო ნაგლეჯი გვამჯობინა. ერთხელ დედასაც წამოსცდა ვახო აფხაზეთში უფრო საკუთარი პატივმოყვარეობის გამო წავიდა, ეგ ისეთი კაცი იყო საკუთარ თავს ვერ აპატიებდა მის თანამოძმეებს იქ ებრძოლათ და ის აქ ყოფილიყოო. მე აქედან ერთი დასკვნა გამოვიტანე, მან საკუთარი თავი ამჯობინა ჩემ თავსაც და დედაჩემსაც.
სულ ცოტა ხნის წინ დედამ ისიც თქვა სირთულეებს გაექცაო, მაგრამ მალევე პირზე ხელი აიფარა და ეს რა წამოვროშეო ჩაიბურტყუნა. მე თუ მკითხავთ დედაჩემმა ამ სიტყვებით თქვა ის რაც აქამდე დიდი ხნის წინაც უნდა ამოენთხია, სულ რამდენიმე წამით გაცოცხლდა, მაგრამ მალე ისევ მოკვდა. ჩემი აზრით ამ პატივმოყვარე ადამიანს ოჯახის შექმნა და მერე მისი ზურგით თრევა უფრო გაუძნელდებოდა ვიდრე იქ იმ წყეულ მიწაზე მეგობრებთან ერთად ჩაძაღლება, ჰოდა წავიდა და ჩაძაღლდა. ისე ჩაძაღლდა, რომ დედაჩემი ცოლადაც არ შეირთო, არადა დღე დღეზე ჯვრის წერაც ქონდათ დათქმული, ეს ნაბიჭვარი კიდე გაიპარა!
ასე ვიქეცი საზოგადოებისთვის უკანონო ბავშვად, ესე იგი ნაბიჭვრად! სარკაზმია და ამავე საზოგადოებაში მამაჩემი ახლა გმირია და არავინ ფიქრობს, რომ მე ამ გმირის შვილი ვარ, გინდაც უკანონო. . .
მამაზე იმედგაცრუებულმა ყველასთვის საერთო და სათაყვანებელ მამას მივმართე. მამა ღმერთთანაც ხშირად მისაუბრია, მაგრამ ყოველი ჩვენი აბსტრაქტული შეხვედრა ყოველთვის უშედეგოდ სრულდებოდა. აქაც რაღაც მსგავსი მოხდა, მე გამუდმებით ვესაუბრებოდი, ვუყვებოდი ჩემ თავზე, თავს ვახვევდი ჩემ პრობლემებს, ის კი სდუმდა. .სდუმდა და სდუმდა. მალე მივხვდი, რომ ჩემ თავს უფრო ველაპარაკებოდი ვიდრე ვინმეს, ან რამეს. უშედეგოდ დასრულდა ჩვენი ბოლო საუბარის მცდელობაც, როდესაც სახლიდან გამოპარულმა ეკლესიაში ჩემ მოძღვარს (ღმერთთან შუამავალს) მივაკითხე, ამ უკანასკნელმა გაიგო რა, რომ დედას გამოვპარვოდი და თან საკმაო თანხაც გამომეყოლებინა, ფულის სასწრაფოდ უკან დაბრუნება მომთხოვა. ახლაც მახსოვს, სულ თვალწინ მიდგას. მე და ჩემი მოძღვარი, მამა ბასილი ეკლესიაში ვდგავართ, შეთქმულებივით მივჩერებივართ ერთმანეთს და რაღაცას ვჩიფჩიფებთ. ირგვლივ ხალხი ტრიალებს, თავსაფრიანი დედაკაცები ეჭვის თვალით გვათვალიერებენ, მაგარმ მამა ბასილის ხათრით ჯერ შენიშვნას არ გვაძლევენ. ბოლოს როგორც ჩანს ნერვებმა უმტყუნათ, ვეღარც მოძღვრის ავტორიტეტმა გასჭრა და რამდენიმემ ერთხმად საზარლად გველივით დაისისინა. . . სუუ. . . მოძღვარმა უხერხულად გაუღიმა აღშფოთებულ მრევლს, ხელი მაგრად მომიჭირა და ტაძრის ეზოში გამათრია.
–––ახლავე სახლში წახვალ, დედას ბოდიშს მოუხდი, ყველაფერს უკან დააბრუნებ, მერე აქ მოხვალ და ყველაფერს გულით მოინანიებ!
ეს ყველაფერი ძალიან ბანალურად მეჩვენა. ისე გამოდიოდა თითქოს მე რაიმე კომპიუტერული პროგრამა ვიყავი და აი ახლა ამ წამს მაპროგრამებდნენ. იქ წადი, ის ქენი, მერე მოდი და ასე ქენი! ეს ყველაფერი მოძღვარს გავუმხილე კიდევაც. მან უფრო მკაცრი გამომეტყველება დაიჭირა და რომ არა ორ ნაბიჯზე ეკლესია ალბათ სილასაც გამაწნავდა.
–––როგორც გითხარი ისე მოიქცევი!
–––კი მაგრამ სახლში დაბრუნება აღარ მინდა. . . იქ რომ დავბრუნდე ალბათ თავსაც მოვიკლავ. . .
არ ვიცი ეს ყველაფერი რატომ ვთქვი, არც ის ვიცი რა მაინც და მაინც მოძღვარს მივადექი, ან რას ვთხოვდი, რა მინდოდა, რით უნდა დამხმარებოდა?! მაგრამ ის მახსოვს, რომ მაშინ თვითმკვლელობაზე ნამდვილად ვფიქრობდი. ეს ის დროა როდესაც მამის კულტი ახალი უარყოფილი მაქვს და ვგრძნობ, რომ სულ მალე დედაც შემზიზღდება. ალბათ ყოველდღიურ ცხოვრებას ვეღარ გავუძელი, ვეღარ გავუძელი დედის საზარელ შავ ტანსაცმელს, მის შავ წინსაფარს, გამუდმებით სიკვდილ მისჯილივით ჩამოფხატებულს რომ დაათრევდა. თუმცა რაღა სიკვდილ მისჯილი, ეს ქალი დიდი ხნის მკვდარია და ალბათ სწორედ მეც ეს მიღებდა ბოლოს. ვეღარ გავუძელი ცოცხალ მკვდრის კამპანიას, მე ხომ ასე გამუდმებით ერთ ოთახში მკვდართან ერთად ვიყავი გამოკეტილი. რაც შეეხება ეკლესიას და ჩემ იქ გამოცხადებას, ეს ალბათ უკანასკნელი გაბრძოლება იყო, გაბრძოლება და უკანასკნელ იმედზე გამოკიდება, სანამ მეც დედაჩემივით მოვკვდებოდი. ეს იყო ჩვიდმეტი წლის მოზარდის მცდელობა შეენარჩუნებინა სიცოცხლე.
ხორციელი მამის მიერ მიტოვებული არც სულიერმა მამამ შემიკედლა და დავრჩი ასე გამოკიდებული. მახსოვს მოძღვარი კიდევ რაღაცას ჩიფჩიფებდა და მარჯვენა ხელს მაგრად მიჭერდა, უცებ ხელზე დავაცხრი, ვამპირივით ვუკბინე, კბილები მის ხორცში ჩავასე, პირში წითელი მარილიანი სითხე ვიგრძენი და რა ძალიც და ღონეც მქონდა გავიქეცი.
უკვე ერთი კვირაა ვიმალები, ვიმალები და გავურბივარ აჩრდილებს, რომელთაც ჩემი მოკვლა სწყურიათ, უნდათ თავისნაირ საშინელებას დამამსგავსონ და საბოლოოდ ბოლო მომიღონ.
როგორც მოგეხსენებათ ჩვენი დედაქალაქი არც ისეთი ცივია, მხედველობაში მაქვს ამინდი. ამაზე თავად სახელწოდებაც მოწმობს „თბილისი’’. ამიტომაც მე თავისუფლად შემეძლო ღამე ქუჩაში გამეთენებინა, მაისის ბოლო რიცხვები იყო და ღამით უფრო ცხელოდა ვიდრე გრილოდა. ადგილიც საგულდაგულოდ შევარჩიე, ერთ მიგდებულ, ყველასგან მივიჭყებულ და მოწყენილ სადარბაზოში დავსახლდი. მართალია ფული საკმარისად მქონდა, მაგრამ ბინის ქირაში ვერ გავიმეტე, იმას ვხვდებოდი, რომ ეს ფული მთელი ჩემი ცხოვრება არ მეყოფოდა, არც ასეთი სულელი ვარ, ჰოდა გადავწყვიტე რაც შეიძლება დიდხანს გამექაჩა. თან ახლა ჩემი ერთადერთი სიყვარულის გვერდით ვცხოვრობდი, სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით არის სალის სახლი, ეს გოგო ერთი დანახვით შემიყვარდა, ოღონდ ისე არა როგორც ეს ჰოლივუდურ ფილმებში ხდება, ანდა როგორც ბულვარულ, რომანტიკულ და უაზრო, ყველას გონებისთვის ადვილად მისაწვდომ წიგნებში. ჩემ სიყვარულს უფრო აზაბოჩენური სიყვარული ეწოდება, ვიდრე რაიმე სხვა. მოძღვარს რომ გამოვექეცი პირველივე გაჩერებაზე ყვითელ მონსტრში ავედი, იქ დახუთული ჰაერი და უფრო დახუთული მოქალაქეები დამხვდნენ, ყველა ერთად კი ბოღმის და ოფლის ნაჯვარში ზასაობდა. ამდენი მკვდარი ერთად აქამდე არსად მენახა. არა აქამდეც მიმგზავრია ავტობუსით, როგორც მას ჩემი ძმაკაცი საბა ეძახის, ყვითელი რაშით, მაგრამ სხვა დროს ეს ასე აშკარად არ შემინიშნავს, ალბათ არ ვაკვირდებოდი და იმიტომ. და აი წარმოიდგინეთ ამ ჯოჯოხეთში უცბად ყველაფერი ნათდება, თითქოს ზეცა გაიხსნა და იქიდან საზეიმო ვითარებაში ღმერთი ეშვება, ზეციურ ტახტზე თვითკმაყოფილი სახით ზის, ამ თვითკმაყოფილ გამოხედვაში საფრთხესაც ადვილად ამოიცნობს გამოცდილი ადამიანი, ხელში უცნაური მოოქროვილი კვერთხი უკავია და თავზე უფრო უცნაური თვალის მომჭრელი გვირგვინი ადგას, სწორედ ასეთად წარმომიდგებოდა ხოლმე ბავშვობაში რელიგიური ფანატიკოსების მიერ მუქარით გაჟღენთილი მეორედ მოსვლა, და აი რაღაც მსგავსი ხდება, გვერდით მიდგას სალი, სწორედ აქ ვხვდები, რომ მიყვარს, მიყვარს იმიტომ, რომ სხვა ყველა გარშემო მყოფი მეზიზღება, ამ უკანასკნელის მიმართ კი ზიზღი ვერ ვიგრძენი, ამიტომაც დავასკვენი, მე ის შემიყვარდა! არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის, რა ცხოვრება აქვს, მე ის არ მეზიზღება ესე იგი მიყვარს! ბოლოს და ბოლოს სიყვარული და ზიზღი ხომ ერთმანეთის საპირისპიროა.
რამდენიმე გაჩერებაში სალი ჩადის და მეც მექანიკურად, ზომბივით უკან მივყვები. მივდევ და თავადაც არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ როგორც უკვე აღვნიშნე ეს გოგო იყო იმ დროს ერთადერთი ვინც ჩემში გულის რევის გრძნობას არ აღვივებდა. ასე დავსახლდი სალის მახლობლად. ჰოდა ყოველ დილით შეგნებულად ადრე ვიღვიძებდი, გალურჯდებოდა რა ჩემი ჩაშავებული და მიძინებული სადარბაზო, დააპირებდა რა ზარმაცი მზე თავის ამოყოფას, მე ჯარისკაცივით ფეხზე ვხვდებოდი, ქურდივით ხეს ვეფარებოდი და ვხედავდი თუ როგორ გამოდიოდა სადარბაზოდან. ნარინჯისფერი მაისური ტანზე სექსუალურად შემოტმასნილი, მაისურზე წარწერა ‘Zeppelin“, შავი მუქი ხშირი თმა ფაფარივით გაშლილი და ქარის პოლიფონიურ მოძრაობას აყოლილი, დახეული ჯინსები და წითელი კედები, აი ეს არის ჩემთვის დღეს დღეობით არსებული ქალღმერთი. . .ყოველ შემთხვევაში იმ დროისთვის ნამდვილად!
პირველი ორი დღე მისვლასა და გამოლაპარაკებასაც კი ვერ ვბედავდი, მხოლოდ შორიდან თვალთვალით ვკმაყოფილდებოდი. ბოლოს სიზმრებით და იქ ყოველ ღამე ჟიმაობით გათანგულმა გავბედე და გამოველაპარაკე, პიროვნებას, რომელთანაც უკვე ორი ღამეა სექსუალურ ურთიერთობას ვამყარებდი ისე, რომ მისი სახელიც არ ვიცოდი. . .
To be continued. . . .

 

One response to “აკრძალული ხილი

  1. katerina

    July 29, 2011 at 4:52 pm

    რაღაც საინტერესოდ დაიწყო. დამაინტრიგე🙂 ტყუილად არ გვპირდებოდი, მგონი.ალბათ ვერ გავექცევი სუბიექტურობასაც პირადი განწყობის გამო შენს მიმართ, მაგრამ ჯერ მომწონს.ველი გაგრძელებას🙂 :*

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: