RSS

აკრძალული ხილი

04 Aug

–შენ შიგ ხომ არ გაქვს? ნაბიჭვარო!
და აი აქ ვხვდები, რომ დამენძრა! დამენძრა არა ისე უბრალოდ, არამედ სერიოზულად, მოკლედ მაგარ შარში ვარ. . . .
ისე ყოველთვის მაინტერესებდა აი ამ სიტყვა ,,შიგ ხომ არ გაქვს ში” რას გულისხმობენ, მაგრამ სიტყვა ნაბიჭვარზე ვერ შევედავები, ვარ ნაბიჭვარი და რა ვქნა. მამა თვალით არასდროს მინახავს, დედა სულ ამ კაცზე მიყვებოდა, ხან რას, ხან რას, ერთი სიტყვით ყველაფერ კარგს. ეს პიროვნება, ოდესღაც ცოცხალი, ჯან ღონით სავსე და ახლა უკვე აჩრდილი, აჩრდილი დედაჩემისთვის და ჩემთვის, თავს არ გვანებებს, თუმცა აქ შეიძლება ვინმე შემედავოს და მითხრას, რომ ჩვენ არ ვუშვებთ. რამდენი რამ გამიკეთებია ბავშვობაში იმის იმედით, რომ მამა ამ ყველაფერს ხედავდა, რამდენჯერ საათობით მისაუბრია, ისე, რომ მას ხმაც არ გაუცია, მაგრამ მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ის სულ ჩემთან იყო. ამას ხომ დედა გამუდმებით თავში მიტენიდა. აი მიახლოებით, ისე როგორც ღმერთის არსებობას. შეიძლება ითქვას ჩემში მამაჩემი და ღმერთი ერთდროულად დაიბადნენ და ერთდროულადვე დაიხოცნენ.
მამა აფხაზეთის ომში მოკვდა, უფრო სწორად დაიღუპა, როგორც ამას დედაჩემი ამბობს ხოლმე. დიდი ვაჟკაცი ვინმე ყოფილა, გაუგია ომია, მიწა-წყალს ვკარგავთო და იმ წამსვე გავარდნილა, წავიდა მიწა-წყლის დასაცავად და სახლში ორსული საცოლე დაუცველი დატოვა. თავად დედას ხმამაღლა ამაზე არასდროს დაუჩივლია, პირიქით ამაყობს, მაგრამ მე ხომ ვიცი, გულის სიღრმეში ყოველ დღე იმ დღეს წყევლის. . . წყევლის აფხაზეთსაც და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ქმარი ხელიდან გამოსტაცა, ყველა იმ ნაბიჭვარს ვინც ეს ომი წამოიწყო. გამოგიტყდებით და მამაჩემის ბრმა პატრიოტიზმით მეც დიდხანს ვამაყობდი, მაგრამ დროთა განმავლობაში შემზიზღდა, ალბათ იმიტომ, რომ დედაჩემსაც და მეც მიწის უსულო ნაგლეჯი გვამჯობინა. ერთხელ დედასაც წამოსცდა ვახო აფხაზეთში უფრო საკუთარი პატივმოყვარეობის გამო წავიდა, ეგ ისეთი კაცი იყო საკუთარ თავს ვერ აპატიებდა მის თანამოძმეებს იქ ებრძოლათ და ის აქ ყოფილიყოო. მე აქედან ერთი დასკვნა გამოვიტანე, მან საკუთარი თავი ამჯობინა ჩემ თავსაც და დედაჩემსაც.
სულ ცოტა ხნის წინ დედამ ისიც თქვა სირთულეებს გაექცაო, მაგრამ მალევე პირზე ხელი აიფარა და ეს რა წამოვროშეო ჩაიბურტყუნა. მე თუ მკითხავთ დედაჩემმა ამ სიტყვებით თქვა ის რაც აქამდე დიდი ხნის წინაც უნდა ამოენთხია, სულ რამდენიმე წამით გაცოცხლდა, მაგრამ მალე ისევ მოკვდა. ჩემი აზრით ამ პატივმოყვარე ადამიანს ოჯახის შექმნა და მერე მისი ზურგით თრევა უფრო გაუძნელდებოდა ვიდრე იქ იმ წყეულ მიწაზე მეგობრებთან ერთად ჩაძაღლება, ჰოდა წავიდა და ჩაძაღლდა. ისე ჩაძაღლდა, რომ დედაჩემი ცოლადაც არ შეირთო, არადა დღე დღეზე ჯვრის წერაც ქონდათ დათქმული, ეს ნაბიჭვარი კიდე გაიპარა!
ასე ვიქეცი საზოგადოებისთვის უკანონო ბავშვად, ესე იგი ნაბიჭვრად! სარკაზმია და ამავე საზოგადოებაში მამაჩემი ახლა გმირია და არავინ ფიქრობს, რომ მე ამ გმირის შვილი ვარ, გინდაც უკანონო. . .
მამაზე იმედგაცრუებულმა ყველასთვის საერთო და სათაყვანებელ მამას მივმართე. მამა ღმერთთანაც ხშირად მისაუბრია, მაგრამ ყოველი ჩვენი აბსტრაქტული შეხვედრა ყოველთვის უშედეგოდ სრულდებოდა. აქაც რაღაც მსგავსი მოხდა, მე გამუდმებით ვესაუბრებოდი, ვუყვებოდი ჩემ თავზე, თავს ვახვევდი ჩემ პრობლემებს, ის კი სდუმდა. .სდუმდა და სდუმდა. მალე მივხვდი, რომ ჩემ თავს უფრო ველაპარაკებოდი ვიდრე ვინმეს, ან რამეს. უშედეგოდ დასრულდა ჩვენი ბოლო საუბარის მცდელობაც, როდესაც სახლიდან გამოპარულმა ეკლესიაში ჩემ მოძღვარს (ღმერთთან შუამავალს) მივაკითხე, ამ უკანასკნელმა გაიგო რა, რომ დედას გამოვპარვოდი და თან საკმაო თანხაც გამომეყოლებინა, ფულის სასწრაფოდ უკან დაბრუნება მომთხოვა. ახლაც მახსოვს, სულ თვალწინ მიდგას. მე და ჩემი მოძღვარი, მამა ბასილი ეკლესიაში ვდგავართ, შეთქმულებივით მივჩერებივართ ერთმანეთს და რაღაცას ვჩიფჩიფებთ. ირგვლივ ხალხი ტრიალებს, თავსაფრიანი დედაკაცები ეჭვის თვალით გვათვალიერებენ, მაგარმ მამა ბასილის ხათრით ჯერ შენიშვნას არ გვაძლევენ. ბოლოს როგორც ჩანს ნერვებმა უმტყუნათ, ვეღარც მოძღვრის ავტორიტეტმა გასჭრა და რამდენიმემ ერთხმად საზარლად გველივით დაისისინა. . . სუუ. . . მოძღვარმა უხერხულად გაუღიმა აღშფოთებულ მრევლს, ხელი მაგრად მომიჭირა და ტაძრის ეზოში გამათრია.
–––ახლავე სახლში წახვალ, დედას ბოდიშს მოუხდი, ყველაფერს უკან დააბრუნებ, მერე აქ მოხვალ და ყველაფერს გულით მოინანიებ!
ეს ყველაფერი ძალიან ბანალურად მეჩვენა. ისე გამოდიოდა თითქოს მე რაიმე კომპიუტერული პროგრამა ვიყავი და აი ახლა ამ წამს მაპროგრამებდნენ. იქ წადი, ის ქენი, მერე მოდი და ასე ქენი! ეს ყველაფერი მოძღვარს გავუმხილე კიდევაც. მან უფრო მკაცრი გამომეტყველება დაიჭირა და რომ არა ორ ნაბიჯზე ეკლესია ალბათ სილასაც გამაწნავდა.
–––როგორც გითხარი ისე მოიქცევი!
–––კი მაგრამ სახლში დაბრუნება აღარ მინდა. . . იქ რომ დავბრუნდე ალბათ თავსაც მოვიკლავ. . .
არ ვიცი ეს ყველაფერი რატომ ვთქვი, არც ის ვიცი რა მაინც და მაინც მოძღვარს მივადექი, ან რას ვთხოვდი, რა მინდოდა, რით უნდა დამხმარებოდა?! მაგრამ ის მახსოვს, რომ მაშინ თვითმკვლელობაზე ნამდვილად ვფიქრობდი. ეს ის დროა როდესაც მამის კულტი ახალი უარყოფილი მაქვს და ვგრძნობ, რომ სულ მალე დედაც შემზიზღდება. ალბათ ყოველდღიურ ცხოვრებას ვეღარ გავუძელი, ვეღარ გავუძელი დედის საზარელ შავ ტანსაცმელს, მის შავ წინსაფარს, გამუდმებით სიკვდილ მისჯილივით ჩამოფხატებულს რომ დაათრევდა. თუმცა რაღა სიკვდილ მისჯილი, ეს ქალი დიდი ხნის მკვდარია და ალბათ სწორედ მეც ეს მიღებდა ბოლოს. ვეღარ გავუძელი ცოცხალ მკვდრის კამპანიას, მე ხომ ასე გამუდმებით ერთ ოთახში მკვდართან ერთად ვიყავი გამოკეტილი. რაც შეეხება ეკლესიას და ჩემ იქ გამოცხადებას, ეს ალბათ უკანასკნელი გაბრძოლება იყო, გაბრძოლება და უკანასკნელ იმედზე გამოკიდება, სანამ მეც დედაჩემივით მოვკვდებოდი. ეს იყო ჩვიდმეტი წლის მოზარდის მცდელობა შეენარჩუნებინა სიცოცხლე.
ხორციელი მამის მიერ მიტოვებული არც სულიერმა მამამ შემიკედლა და დავრჩი ასე გამოკიდებული. მახსოვს მოძღვარი კიდევ რაღაცას ჩიფჩიფებდა და მარჯვენა ხელს მაგრად მიჭერდა, უცებ ხელზე დავაცხრი, ვამპირივით ვუკბინე, კბილები მის ხორცში ჩავასე, პირში წითელი მარილიანი სითხე ვიგრძენი და რა ძალიც და ღონეც მქონდა გავიქეცი.
უკვე ერთი კვირაა ვიმალები, ვიმალები და გავურბივარ აჩრდილებს, რომელთაც ჩემი მოკვლა სწყურიათ, უნდათ თავისნაირ საშინელებას დამამსგავსონ და საბოლოოდ ბოლო მომიღონ.
როგორც მოგეხსენებათ ჩვენი დედაქალაქი არც ისეთი ცივია, მხედველობაში მაქვს ამინდი. ამაზე თავად სახელწოდებაც მოწმობს „თბილისი’’. ამიტომაც მე თავისუფლად შემეძლო ღამე ქუჩაში გამეთენებინა, მაისის ბოლო რიცხვები იყო და ღამით უფრო ცხელოდა ვიდრე გრილოდა. ადგილიც საგულდაგულოდ შევარჩიე, ერთ მიგდებულ, ყველასგან მივიწყებულ და მოწყენილ სადარბაზოში დავსახლდი. მართალია ფული საკმარისად მქონდა, მაგრამ ბინის ქირაში ვერ გავიმეტე, იმას ვხვდებოდი, რომ ეს ფული მთელი ჩემი ცხოვრება არ მეყოფოდა, არც ასეთი სულელი ვარ, ჰოდა გადავწყვიტე რაც შეიძლება დიდხანს გამექაჩა. თან ახლა ჩემი ერთადერთი სიყვარულის გვერდით ვცხოვრობდი, სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით არის სალის სახლი, ეს გოგო ერთი დანახვით შემიყვარდა, ოღონდ ისე არა როგორც ეს ჰოლივუდურ ფილმებში ხდება, ანდა როგორც ბულვარულ, რომანტიკულ და უაზრო, ყველას გონებისთვის ადვილად მისაწვდომ წიგნებში. ჩემ სიყვარულს უფრო აზაბოჩენური სიყვარული ეწოდება, ვიდრე რაიმე სხვა. მოძღვარს რომ გამოვექეცი პირველივე გაჩერებაზე ყვითელ მონსტრში ავედი, იქ დახუთული ჰაერი და უფრო დახუთული მოქალაქეები დამხვდნენ, ყველა ერთად კი ბოღმის და ოფლის ნაჯვარში ზასაობდა. ამდენი მკვდარი ერთად აქამდე არსად მენახა. არა აქამდეც მიმგზავრია ავტობუსით, როგორც მას ჩემი ძმაკაცი საბა ეძახის, ყვითელი რაშით, მაგრამ სხვა დროს ეს ასე აშკარად არ შემინიშნავს, ალბათ არ ვაკვირდებოდი და იმიტომ. და აი წარმოიდგინეთ ამ ჯოჯოხეთში უცბად ყველაფერი ნათდება, თითქოს ზეცა გაიხსნა და იქიდან საზეიმო ვითარებაში ღმერთი ეშვება, ზეციურ ტახტზე თვითკმაყოფილი სახით ზის, ამ თვითკმაყოფილ გამოხედვაში საფრთხესაც ადვილად ამოიცნობს გამოცდილი ადამიანი, ხელში უცნაური მოოქროვილი კვერთხი უკავია და თავზე უფრო უცნაური თვალის მომჭრელი გვირგვინი ადგას, სწორედ ასეთად წარმომიდგებოდა ხოლმე ბავშვობაში რელიგიური ფანატიკოსების მიერ მუქარით გაჟღენთილი მეორედ მოსვლა, და აი რაღაც მსგავსი ხდება, გვერდით მიდგას სალი, სწორედ აქ ვხვდები, რომ მიყვარს, მიყვარს იმიტომ, რომ სხვა ყველა გარშემო მყოფი მეზიზღება, ამ უკანასკნელის მიმართ კი ზიზღი ვერ ვიგრძენი, ამიტომაც დავასკვენი, მე ის შემიყვარდა! არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის, რა ცხოვრება აქვს, მე ის არ მეზიზღება ესე იგი მიყვარს! ბოლოს და ბოლოს სიყვარული და ზიზღი ხომ ერთმანეთის საპირისპიროა.
რამდენიმე გაჩერებაში სალი ჩადის და მეც მექანიკურად, ზომბივით უკან მივყვები. მივდევ და თავადაც არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ როგორც უკვე აღვნიშნე ეს გოგო იყო იმ დროს ერთადერთი ვინც ჩემში გულის რევის გრძნობას არ აღვივებდა.
ასე დავსახლდი სალის მახლობლად. ჰოდა ყოველ დილით შეგნებულად ადრე ვიღვიძებდი, გალურჯდებოდა რა ჩემი ჩაშავებული და მიძინებული სადარბაზო, დააპირებდა რა ზარმაცი მზე თავის ამოყოფას, მე ჯარისკაცივით ფეხზე ვხვდებოდი, ქურდივით ხეს ვეფარებოდი და ვხედავდი თუ როგორ გამოდიოდა სადარბაზოდან. ნარინჯისფერი მაისური ტანზე სექსუალურად შემოტმასნილი, მაისურზე წარწერა ‘Zeppelin“, შავი მუქი ხშირი თმა ფაფარივით გაშლილი და ქარის პოლიფონიურ მოძრაობას აყოლილი, დახეული ჯინსები და წითელი კედები, აი ეს არის ჩემთვის დღეს დღეობით არსებული ქალღმერთი. . .ყოველ შემთხვევაში იმ დროისთვის ნამდვილად!
პირველი ორი დღე მისვლასა და გამოლაპარაკებასაც კი ვერ ვბედავდი, მხოლოდ შორიდან თვალთვალით ვკმაყოფილდებოდი. ბოლოს სიზმრებით და იქ ყოველ ღამე ჟიმაობით გათანგულმა გავბედე და გამოველაპარაკე, პიროვნებას, რომელთანაც უკვე ორი ღამეა სექსუალურ ურთიერთობას ვამყარებდი ისე, რომ მისი სახელიც არ ვიცოდი.
–––სალი –მიპასუხა და უხერხულად გამიღიმა.
–––თოკა. .–გავუწოდე ხელი და მალევე ვინანე, რა ხელის გაწოდება რა ფეხის ჩაწოდება, ბებიაჩემი ხომ არ ვიყავი. ეს ქალი ყველას და ყველაფერს ისე მარდად და უცნაურად ართმევს ხელს, რომ ძველ დროში რო ეცხოვრა, უეჭველია სამეფო ტახტზე დაითრევდა რაიმე ფორმალურ, მაგრამ საპატიო ადგილს. .–––აქ ახალი გადმოსული ვარ და ნორმალურად ჯერ არავის ვიცნობ. .–ვუპასუხე და გაწვდილი ხელი მალევე შარვლის ჯიბეში გადავმალე.
–––არაუშავს გაიცნობ. ახლა კი მაპატიე მეჩქარება სკოლაში მაგვიანდება
სალი წავიდა. სახელი გავიგე, შეიძლება ითქვას გავიცანი კიდევაც, მაგრამ ამ ყველაფრით ვერ დავკმაყოფილდებოდი, ბოლო–ბოლო ჩვენ ხომ ყოველ ღამე სექსი გვქონდა, გინდაც სიზმარში, სექსი სექსია.
კვლავ მარტო დავრჩი. რეალურ ცხოვრებაში ბევრად უფრო რთული ყოფილა, არადა რა კარგი იყო სიზმარი. სიზმარში მე და სალის სექსი გვქონდა, ყველანაირი ზედმეტი სიტყვის გარეშე. არც გამარჯობა, არც გაგიმარჯოს, არანაირი მოსაბეზრებელი სიტყვები და აწ უკვე დაზეპირებული წინადადებები. ერთი სიტყვით არანაირი კომპლექსი, ყველაფერი ხდებოდა ისე როგორც ეს უნდა მომხდარიყო, უფრო სწორად ისე, როგორც ეს ჩვენ გვსურდა და რაც მთავარია გარშემო ერთი მორალისტიც არ შეინიშნებოდა. ამ დროს როგორც არასდროს მომინდა სიზმრებს რეალური სამყარო ჩაენაცვლებინათ, თუმცა რომ დაფიქრდე რამ გაყო ეს ორი ერთმანეთისგან. ერთიც მოჩვენებითია და მეორეც. როგორც სიზმარს აქვს დასაწყისი და ბოლო, ისე ცხოვრებასაც, ბოლოს ყველა უნდა ჩავძაღლდეთ და საბოლოოდ არც ერთისგან შეგვრჩება რაიმე და არც მეორისგან. ახლა შეიძლება ფილოსოფიაშიც გადავდივარ, არ ვიცი ეს საქმე საჩემო ნამდვილად არ არის, მაგრამ ერთხელ სადღაც ვიღაც ფილოსოფოსის სიტყვები ამოვიკითხე ,,მონა ყოველ ღამე სიზმარში, რომ ნახულობდეს ვითომდა ბატონია და ბატონს ყოველ ღამე ესიზმრებოდეს, რომ მონაა, ისინი მართლაც, რომ ასეთები იქნებოდნენო’’.
რამდენიმე წუთი ერთ ადგილას ვიდექი და ვფიქრობდი, ერთი მომენტი ისიც გავიფიქრე, იქნებ და ესეც სიზმარია და ახლაც მძინავს მეთქი. მერე უცებ ნიავმა დაუბერა და ქუჩის მთელი სიმყრალე ზედ სახეში შემაყარა. ამ სიმყრალემ საკუთარ სიმყრალეზეც ჩამაფიქრა და მივხვდი, რომ მე არა ნაკლებ ვქოთდი. ამ ორ დღეში ქუჩაში მაწანწალასავით ხეტიალით და ღამე სადარბაზოში ძილით იმდენი შევძელი, რომ საკუთარმა სიმყრალემ მეც შემაწუხა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, მაგრამ რა შეიძლებოდა იმასაც ვერ ვხვდებოდი. ინსტიქტურად ჯიბიდან მობილური ამოვაცურე და ჩართვის ღილაკს დავაჭირე. Samsung e250, დაბერებული და დამჭკნარი, გაბზარული და მოწყენილი. . და ასე ამ გადაგვარებულმა და დროისგან მივიწყებულმა ტექნიკამ ჩემი თავი მომაგონა. სულ მალე ეს საზარელი ეკრანი განათდა და დაღრეჯილი სმაილი, მიახლოებით ისეთი როგორი სახეც მაშინ მე მქონდა, ეკრანიდან პირდაპირ მე მომჩერებოდა.
ჩართვა და აუარებელი გამოტოვებული ზარების ამოყრა ერთი იყო. ამ ორი დღის განმავლობაში თურმე ვის არ უცდია ჩემთან დაკავშირება: დედაჩემი, ბიძაჩემი, მეგობრები, ნათესავები და კიდევ უამრავი ნაცნობი. ზოგ ისეთ გამოტოვებულ ზარს წავაწყდი, რომ მათთან აგერ უკვე წელიწადზე მეტია შეხება აღარ მქონია. როგორც ჩანს უკვე ყველამ იცის ჩემი გაქცევის ამბავი და აი ახლა გამოყვეს თავი. . . ალბათ სურთ დამიკავშირდნენ, ჭკუაზე მომიყვანონ, დამარიგონ, უნდათ თავისი სიკეთე კიდევ ერთხელ თავს მომახვიონ და ამ სიკეთით მერე თავადვე დატკბნენ. რა იციან რაზე გავიქეცი, რა იციან, რომ მე სიცოცხლე მინდა და მათთან ერთად ყოველ დღე ვეწამებოდი, რა იციან რომ ისინი არიან თავად ის საფრთხე, რისგანაც ასე გულმოდგინედ ცდილობენ ჩემ დაცვას.
გამოტოვებულ ზარებში მხოლოდ ბექას ნომერი ვერ ვნახე და მეც სწორედ მასთან მომინდა დარეკვა. ეს ადამიანი ჩემთვის უფრო უცხო იყო ვიდრე ახლობელი და სწორედაც ამიტომ გადავწყვიტე სწორედ მასთან დამერეკა. ბექა ჩემზე ორი წლით უფროსია, სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი და უცნაური ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. რამდენჯერაც ვნახე სულ მოსაწევზე და რელიგიაზე ბაზრობდა, ამ ორს ერთმანეთთან აკავშირებდა და რაღაც სისულელეებს ბოდავდა.
ბოლოს ჩვენი საერთო ძმაკაცის დაბადების დღეზე ვნახე, დაახლოებით ერთი თვის წინ. სუფრაზე ხმის ამოუღებლად იჯდა, მერე რაღაც მომენტში გაჭედა და ახლა ენას აღარ აჩერებდა. ბოლოს ჩემთან მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა
–––მოწევ?
–––რას? –ვკითხე გულუბრყვილოდ და ჩემ სიტყვებზე თავადვე გამეცინა.
–––თესლი მოსაწევია! –ჩამჩურჩულა თვითკმაყოფილი სახით.
იქაურობა ისე მეზიზღებოდა წასვლის მიზეზს ვეძებდი და აი ახლა მიზეზმა თავად მომაგნო. ხმის ამოუღებლად ავდექი, იუბილარს ბოდიში მოვუხადე მაგვიანდება მეთქი და წამოვედი. ბექამაც რაღაც მსგავსი უთხრა და უკან ცელქი ბავშვივით ამეკიდა.
–––შეგატყვე მაგარი არ გისწორდებოდა. მაგარი სირობაა არც მე გამისწორდა.
მე თავი დავუქნიე.
–––წამოდი, აგერ მანქანა იქ მიყენია ჩავსხდეთ და მოვწიოთ.
აქაც თავი დავუქნიე, ისე რომ არც ამჯერად ამოვიღე ხმა. მერე შავ BMW ში ჩავსხედით. ბექამ თეთრ ქაღალდში საგულდაგულოდ შეხვეული მწვანე ბალახი, ამოაძვრინა და შეკეთებას შეუდგა.
–––ბოთლით მოვწიოთ ჰო?
მე ამჯერადაც თავი დავუქნიე.
–––მუნჯი ხარ ტო? –გადაიხარხარა და ვეებერთელა თეთრი ეშვები ვამპირივით გადმოყარა. –––დაიცა. . . დაიცა, მუნჯობა შენ ახლა ნახე!
მალე საიდანღაც ბოთლიც გამოაძვრინა, ზედ ფოლგა წამოაცვა, ნემსით რამდენჯერმე ბეჯითი ექიმივით უჩხვლიტა და ახლა მოსაწევის ჩაყრას შეუდგა. მწვანე ბალახს ისე საგულდაგულოდ, მონდომებით და სათუთად ყრიდა ფოლგაში, რომელიც პეპსის ნახევარ ლიტრიან ბოთლს თავზე პრეზერვატივივით ქონდა წამოცმული, რომ ადამიანს მის შემყურე შეიძლება ერექციაც განგეცადა.
–––ნახე ტო რამდენია, ეს დაგვხოცავს მე და შენ!
–––დაგვხოცოს! –ახლაც არ ვიცი რატომ ვთქვი ეს.
–––ოჰო მომწონს, მომწონს. ესე იგი სიკვდილი გდომებია, აჰა და ააფეთქე.
აფეთქება და ჩემი ფილტვების აფეთქება ერთი იყო. კვამლი ფილტვებში ველური მხეცივით შემივარდა და საზარელი ხველა დამაწყებინა. რამდენიმე წამი სულს ვეღარ ვითქვამდი. ბექამ ბოთლი გამომართვა, ჩაიცინა და ამ უკანასკნელს დამშეულივით ეცა. იმხელა ნაფაზი ამოარტყა, მე ალბათ მთელი დღე რომ მეწვალა ამდენს მაინც ვერ მოვწევდი. სულ მალე კვამლის არ ვიცი, მაგრამ რაღაცამ, თვალით უხილავმა და სიტყვებით გადმოცემელმა, ჩემს თავამდეც ააღწია და ტვინში თავხედი რიჟიკასავით დამიწყო ღიტინი.
–––მიდი გამომართვი. . . მიდი. . . ერთი ნაფაზი რას გეყოფა. –გაგუდული ხმით მითხრა ბექამ და თან პირიდან ბოლი მეცხრამეტე საუკუნის დროინდელი ორთქმავალივით ამოუშვა.
ბოთლი გამოვართვი და ღმერთს შევთხოვე ახლა მაინც არ გადამცდეს მეთქი. ამჯერად აღარ გადამცდა და კაი დიდი ნაფაზიც გამომივიდა. ამის შემდეგ ჩემი თხოვნა თითქოს ღმერთმა მართლაც, რომ შეისმინა და აღარც დამიხველებია. ვისხედით მანქანის უკანა სავარძელში და აღფრთოვანებული და თვითკმაყოფილი სახით წარამარა ერთმანეთს, ბოლით გატენილ და ამ უკანასკნელისგან რძის ბოთლს მიმსგავსებულ, გათეთრებულ ბოთლს ვაწვდიდით. ბოლოს მივხვდი, რომ მეტი აღარ შემეძლო და ბექას გადავულოცე, ამის შემდეგ რამდენიმე ნაფაზი ბექამ კიდევ ამოარტყა.
–––ჰა აბა როგორ ხარ?! –ჩაიცინა ბექამ.
უეცრად გიჟივით ამივარდა სიცილი, ბექაც ამყვა და ასე გაუჩერებლივ, თუ არ ვცდები ერთი ათი წუთი ვიცინოდით. რაზე ახლაც არ ვიცი, უბრალოდ გვეცინებოდა და ვიცინოდით. ამბობენ, როდესაც ადამიანი იცინის ბედნიერიაო და გამოდის მე მაშინ ბედნიერი ვყოფილვარ. არც რაიმე მაწუხებდა და საერთოდაც ყველაფერი ცალ ფეხზე მეკიდა.
–––ბედნიერი ხარ? –გადაიხარხარა ბექამ
მე გავიღიმე. .უეცრად ბექამ კითხვა გამიმეორა, ამჯერად სერიოზული სახით და უცნაური სახით მომაჩერდა. .
–––უბედნიერესი! –შევძახე მთელი ხმით
–––ბედნიერები ვართ. . .ბედნიერები! –დაიღრიალა რამდენჯერმე ბექამაც, მერე სიგარეტს გაუკიდა, წინა სავარძელში გადაფორთხდა, მუსიკა ჩართო და ცოტახნით გაისუსა.
–––ახლა ეს გაგვისწორდება. . . –ჩაიბურტყუნა თავისთვის.
მუსიკა მართლაც გამისწორდა.
–––ამ გრუპას „shpongle” ქვია. . . ძალიან თესლები არიან. საქართველოში ვაფშე არაა გაბაზრებული. . . და არც გავაბაზრებ. . . სხვებისთვის მენანება. –ჩაილაპარაკა თავისთვის თვითკმაყოფილი სახით. –––ბედნიერი ვარ. . .ბედნიერი. . .–ჩაიბურტყნა კიდევ რამდენჯერმე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ბექა ამით საკუთარ თავს აძალებდა, აძალებდა ყოფილიყო ბედნიერი. .
არა მაგ დროს მეც ბედნიერი ვიყავი. მეც სიგარეტს გავუკიდე და ფიქრებმა გამიტაცა. ბედნიერი კი ვიყავი, მაგრამ რატომ? თუმცა მაშინ ეგ კითხვა საერთოდ არ მაწუხებდა, ეგ კი არადა საერთოდ არაფერი მაწუხებდა. მუსიკამ სადღაც შორეულ აღმოსავლეთში გადამაგდო, იქ უცბად მდინარე გამეჩითა, მერე უცებ ტივიც აღმომაჩნდა. ტივი მდინარეში შევაცურე და ზედ დავწექი. წყალმა მე და ჩემი ტივი სიღრმეში შეგვიტყუა. . . შემიტყუა რა, ეს მე თავად მსურდა. მდინარე დუმდა. . . ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, ხოლო თევზები თითქოს ჩემზე ზრუნავდნენ და ტივს უკან უხმოდ მოყვებოდნენ. ამ დროს ბექამ მუსიკას აუწია, მაგრამ ამას ჩემი აბსტრაქტული ზმანებისთვის ხელი არ შეუშლია, პირიქით შეერწყა კიდევაც. ახლა ბუნება მუსიკის ხმით ალაპარაკდა, შეიძლება ითქვას ბუნება მუსიკით სუნთქავდა. და აი სწორედ ამ დროს გავიფიქრე. . . თურმე ადამიანები რა საზარლები ვყოფილვართ, როგორ ყველაფერში ვაჯვამთ. . .უეცრად თვალწინ დამიდგა ტანკერი, რომელიც ამ სამოთხის და მუსიკის სუნთქვას თავისი ყურის წამღები ხმით დააცხრება თავს. . . თევზებს მიმოაბნევს, წყალს დააბინძურებს და სულ რამდენიმე წამში ყველაფერმა მყრალი რეალობის სახე მიიღო.
არსებულმა რეალობამ ჩემს ოცნებებშიც მომაგნო, შიგ შემოძვრა და ამით ნერვებმოშლილმა მთელი ხმით შევიგინე.
–––რა გჭირს ტო გაუბერე? –გაიცინა ბექამ
მე უხერხულად ჩავიცინე. ბექამ კიდევ ერთხელ გადაიხარხარა და გავიფიქრე ამით შემოვფარგლულიყავი, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ვკითხე.
–––რას ფიქრობ ამ სამყაროზე ადამიანები, რომ არ ყოფილიყვნენ როგორ წავიდოდა საქმე?
ბექამ აქაც შეშლილივით გადაიხარხარა. მერე უცებ შეწყვიტა ჩაფიქრებული სახით მომაჩერდა, წარბები მრავლის მეტყველად აზიდა და კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა:
–––მოიცა ეხა. როგორ გიპასუხო, როგორც უმარველესობას ვპასუხებო თუ. . .
–––როგორც თუს
–––მაშინ გეტყვი, რომ ყველაფერი შესანიშნავად იქნებოდა. ადამიანი, რომ არ არსებობდეს ყველაფერი სრულყოფილი იქნებოდა. არ ვიცი რამ შექმნა ეს ყველაფერი. . .ღმერთმა თუ სინამდვილეში ჭეშმარიტად ბუნების შვილები ვართ, მაგრამ ერთი ფაქტია ორივემ იქ მიქარა როდესაც ადამიანი შექმნა. წარმოიდგინე სამყარო სადაც ადამიანი არ არსებობს. არ დაფოფხავს, ყველგან ცხვირს არ ყოფს, ყველაფერში არ აჯვამს. . .
–––მაგრამ. . .
–––რა მაგრამ?! ადამიანი არის არსება, რომელიც არსებულით არ კმაყოფილდება, არ კმაყოფილდება და არც არასდროს დაკმაყოფილდება. შეხედე სხვა არსებებს, ამათ სულ ცალ ფეხზე კიდიათ, ირგვლივ ყველაფერი ბედნიერია, ყველაფერი სრულყოფილია, იქნება ეს ცოცხალი არსება თუ ბუნება. რო დაფიქრდე ყოველი ცხოველი ჩვენზე ბედნიერია, მათ არც სადარდებელი არ გააჩნიათ და არც არაფერი. იკაიფე ძროხას რა დარდი აქვს?! წავა ბალახს მოძოვს და ხუი სნიმ, დალშე სულ კიდია.
–––მერე მაგაში ბედნიერის რა არის? ბალახის ჭამა ბედნიერებაა?
–––ბედნიერებაა, აბა რა ჩემი ფეხებია! დაიცა აი ეხა აგიხსნი, მოსაწევი ხომ გევასება? ეხა არ მითხრა არაო!
–––ჰო იასნა მევასება.
–––ჩემ მეგობარს კიდე მაგრად არ უსწორებს. რადმდენჯერაც მოწია არცერთხელ არ გაუსწორდა. აი ეხა შენ ბედნიერი ხარ მოსაწევი, რომ გაქვს, იმას კი შენ ადგილას ვაფშე არ გაუსწორდებოდა. . .
–––არ არსებობს. .მოსაწევი არ უსწორდება?!
–––არსებობს. .ჰო. –ჩაიცინა ბექამ და ისეთი სახე მიიღო თითქოს ახალა მართლა ვინმე ზებუნებრივ ადამიანზე ვლაპარაკობდით.
–––კი მაგრამ. . .
–––მაგრამ. . მაგრამ, რა მაგრამ ტო?! მე იმას გეუბნები, რომ ყოველი არსების ბედნიერება მოთხოვნილებაზეა. რაც მეტი მოთხოვნილება გაქვს მით უფრო უბედური ხარ და რაც ნაკლები მით უფრო კარგ პონტში ხარ. ადამიანი კიდე არის არსება, რომელიც საკუთარ მოთხოვნილებებს ბოლომდე ვერასდროს ვერ დაიკმაყოფილებს. ძროხას როგორც გითხარი სულ კიდია. წავა ბალახს მოძოვს და ვსო. ხედავ რა ბედნიერი ყოფილა, მაგას სხვა პრობლემა არ აწუხებს შენ კიდე ასეთი უამრავი გაქვს. ძროხა არც ახლობლის სიკვდილს განიცდის, და ვაფშე ყველაზე თესლი ის არის, რომ ამ ძროხას სადარდებელი არ გააჩნია. . . ანუ აი მაგალითად მიყავთ დასაკლავად და ამას სულ ჯიქანზე კიდია რას უზამენ, ბოლოს ერთს დაიბღავლებს და მორჩა, იმიტომ, რომ არ იცის სიკვდილი რა არის! ჩვენ კიდე, ანუ ადამიანებს მთელი ცხოვრება გვიწევს იმ აზრით არსებობა რომ ოდესღაც უნდ მოვკვდეთ. . .ოდესღაც უნდა გავიხრწნათ და მატლებმა ჩვენი ხორცით მუცელი გამოივსონ, ოდესღაც საყვარელი ადამიანები უნდა დაგვეხოცოს. . .ოდესღაც. . . მოკლედ კიდევ ბევრი ოდესღაც.
–––კი მაგრამ არც ისეა ყველაფერი შენ როგორც ამბობ, ადამიანად დაბადება არც ეგრე ტეხავს. . .–აქ უცებ კვლავ მომიარეს და რამდენიმე წამი გიჟივით მთელი ხმით გადავიხარხარე. ბექაც ამყვა.
–––ჰო. . .ჰო. . .ეგრეა, არც ისე ტეხავს, მაგრამ შენ ბედნიერებაზე იკითხე და მეც გიპასუხე. და ვაფშეტა პლანი იმიტომ მევასება, ცხოველს ვემსგავსები ხოლმე, ოღონდ ფანტაზიის მქონე ცხოველს. . . მაგარ კაიფში, რომ ვარ მეც ცხოველივით ყველაფერი მკიდია
–––კი ეგრეა.
–––იძახე ეგრეაო და კი მალაპარაკებ ახლა ამ ათას სისულელეზე. მოწიე და შეირგე თორე მე თუ ახლა დავიწყე მერე ვეღარ გამაჩერებ.
–––ბაზარი არაა. –გავიცინე მე.
–––მოდი დავამატოთ, კაი?
–––კიდე ტო? ჯერ არა, ეხა მეტის თავი არ მაქვს.
–––ბაზარი არაა, პროსტა გასასვლელი ვარ ეხა და იმიტომ გითხარი და ვაფშეტა აი ცოტას გადმოგიყრი და მერე როცა გაგისწორდეს დაამატე.
–––კაი და ეხა ასე დაბოლილს მანქანის ტარების თავი გაქვს?
აქ ბექამ თვითკმაყოფილი სახით შემომხედა, ხელი შავ გრძელ თმაზე გადაისვა, და ისეთი სახე მიიღო თითქოს სიტყვით გამოსასვლელად ემზადებაო. მერე უცებ სახეში მომაჩერდა, ჩაწითლებული მწვანე თვალები ჩემ (ალბათ უარესად ჩაწითლებულ) თვალებს გაუსწორა. ბოლოს თვალი ჩამიკრა და მითხრა, ამას ხომ ხედავ, თითი საკუთარი თვალისკენ წაიღო, ამათ არ სძინავთ, ყველაფერს ხედავენ და ბოლო–ბოლო ამ ცხოვრებისგან დაბოლილ მძღოლებს მაინც ვჯობნივარ.
თანხმობის ნიშნად გავუღიმე, სინამდვილეში კი გავიფიქრე უეჭველი სადღაც გადაიჩეხება და მე თან გამიყოლებს მეთქი.
მოკლედ ასე იყო თუ ისე ბექამ სახლამდე მიმიყვანა, ისე, რომ გზაში რამდენჯერმე ავარიასაც გადავურჩით. ბოლოს დავემშვიდობე და ამის შემდეგ აღარ მინახავს, და აი ახლა სწორედ მაშინ გამახსენდა როდესაც შემეძლო ნებისმიერ ჩემ მეგობართან დამერეკა. რეალურად ბექას თითქმის არ ვიცნობდი, მაგრამ საქმე სწორედ ამაში იყო. . . არ ვიცნობდი და შესაბამისად არ ვიცოდი შეიძლებოდა მისი ნდობოდა თუ არა. . ბოლო–ბოლო ჩემ მეგობრებს, რომ ვიცნობდი სწორედ აქედან გამომდინარე ვერცერთს ვერ ვენდობოდი. დარწმუნებული ვარ მეგობრებთან რომ დამერეკა მათ უკან დედაჩემიც მოჰყვებოდა, მის უკან კიდე ალბათ ჩემი მოძღვარი იქნებოდა და კიდე უკან სხვა უამრავი, ის უამრავი ვისაც გამოვექეცი.
–––ალო –მომესმა ბექას ჩახრინწული ხმა.
–––ბექა როგორ ხარ?
–––კარგად, შენ როგორ ხარ? თუმცა მოიცა რომელი ხარ?
–––საბა ვარ. .გახსოვარ?
–––საბა. . .საბა. . .ქეში?! –აქ დამცინავად ჩაიცინა.
–––ჰო ქეში, პირველ ნაფაზზე, რომ იხრჩობა.
–––ვაუ ცოცხალი ხარ შენ ტო?
–––კი რატომაც არ უნდა ვიყო?
–––რავი პროსტა. .ბიჭო ვახომ მითხრა სახლიდან გაიქცა დანძრეული აქვსო. .ჰოდა რატომღაც მეგონა, ახლა სადმე ხევში ეგდო შენი სხეული და ასე ნელ–ნელა იხრწნებოდა. .
აქ უცებ სიცილი ამიტყდა და რამდენიმე წამი გაუჩერებლივ ვხარხარებდი.
–––ჰო არ გაგიტყდა? –შემაწყვეტინა სიცილი ბექამ.
–––არა. . არა. .პირიქით გამამხიარულე.
–––ჰო რავი მე მართლა ტრუპი მეგონე, გაქცევაზე მეც ხშირად მიფიქრია და აი ზუსტად ვიცი, რომ გავქცეულიყავი უეჭველი თავს სადღაც გადავჩეხავდი, ყოველ შემთხვევაში მაშინ სულ ეგეთ სირობებზე ვფიქრობდი.
აქ პასუხი არ გავეცი, რამდენიმე წამი ჩავფიქრდი კიდევაც იქნებ და მართლა თავი უნდა მომეკლა მეთქი. ბექა მიხვდა და სიტუაციის განმუხტვას შეეცადა.
–––ისე ჰო კარგად ხარ? რას ჩალიჩობ ვაფშე?
–––არა კარგად ალბათ არ ვარ, მაგრამ იმაზე უკეთესად მაინც ვარ სანამ სახლიდან წამოვიდოდი. იქ თავს ისე ვგრძნობდი, რომ იმაზე უარესი ალბათ ისევ და ისევ ჯოჯოხეთი თუ იქნება. . .
აქ ბექამ საზარელი ხმით გადაიხარხარა
–––არა რა ერთერთი მთავარი მიზეზი რის გამოც არ მწამს ჯოჯოხეთის არსებობის არის ის, რომ ეს სამყარო თავადაა ჯოჯოხეთი, ამაზე უარესი უბრალოდ არ იარსებებს! ჰო გითხარი მეც მიცდია გაქცევა მეთქი. .
აქ ჩემა ტელეფონმა საკრალური ტრადიცია არ დაარღვია და გაუბერა, ბექას ხმა ნელ–ნელა ტრანსფორმირება, თავიდან ენა ჩლიფინას დაემსგავსა, ბოლოს კი საერთოდ მუნჯს და კავშირი გაწყდა. .4444
–––რას მეუბნებოდი? მობილურმა გამიჭედა
–––არაფერს დაიკიდე, მოკლედ სად ხარ მითხარი და გამოვალ, საქმე მაინც არ მაქვს. მანამ შენ დამირეკავდი სწორედ მაგ დროს ვფიქრობდი თუ რას ვტაკებოდი.
ნახევარი საათი მოვუნდი იმის ახსნას თუ სად ვიყავი. სასაცილოა და მაშინ მართლა ისეთ ტრაკში ვიმალებოდი ახლაც რომ ვიღაცამ შუბლზე რევოლვერი დამადოს და მითხრას აბა წამიყვანე და მანახე სად ეგდეო, ალბათ ვერც მე მივაგნებ. დარწმუნებული ვარ ბექასაც გაუჭირდა მოგნება, მაგრამ ნათქვამია ადამიანი თუ რამეს გულით მოინდომებს აუცილებლად მიაღწევსო და ალბათ ბექამაც გულით მოინდომა. ასეა თუ ისე ერთ საათში ჩემთან დაერჭო.
უკვე შუა ღამე იყო ბექამ რო დამირეკა აბა გამოიხედე მემგონი მოგაგენიო.
–––როგორ შეცვლილხარ. .როგორ დაბრძენებულხარ! –გადაიხარხარა ბექამ, გადმოყო რა თავი მანქანიდან.
მანქანა მოწყენილი ბებერივით კბილებ ჩამსხვრეული პირდაპირ მე მომჩერებოდა. ოდესღაც შავი BMW–ს, ახლა უცნაური ფერი მიეღო და ეს უკანასკნელი უფრო ნაცრისფერს წააგავდა.
გადაკოცნა, ხელის ჩამორთმევა და სხვა ასეთ უაზრო ფორმალობაზე არც მიფიქრია, ქუჩის ბოზივით თავი მანქანაში შევყავი და ბექას ხუმრობას ჩემი ხუმრობა შევაგებე, თუმცა რაღა ხუმრობა იქაურობა პლანის სუნში ტივტივებდა. . . მოსაწევის და ძვირად ღირებული ადეკალონის.
–––მოსაწევი?
–––გეკადრება?
–––რა თქმა უნდა უქონლობა არ გეკადრება.
–––მივმხვდარვარ, დაბრძენებულხარ!
–––რო მოვწევ უფრო დავბრძენდები.
–––ჩაჯექი მერე.
აი უკვე მანქანაში ვზივარ და გაფაციცებით მივჩერებივარ ბექას თითებს. თითები გამალებით მუშაობენ, ისე როგორც ჩაის მკრეფავი ქართველი ემიგრანტები, ან გინდაც ისე როგორც ნიგერები აფრიკაში, ბრილიანტებს, რომ ეძებენ და მეორე დღეს შიმშილით იხოცებიან.
და აი ათ წუთში პროდუქტი მზად არის, უკვე დეგუსტატორს ელის. დეგუსტატორი ორი ვართ. ბექა ამ შემთხვევაში კულინარიც არის და დეგუსტატორიც. ხველა ამჯერადაც ამივარდა, ახლა უფრო მაშტაბური და საზარელი. ეს მოსაწევი ასე აკრძალული, რომ არ იყოს ალბათ ასე არც მეყვარებოდა. ოჰ ეს აკრძალული ხილი, დედა მოტყნული აკრძალული ხილი! რომ არა ეს აკრძალვა ალბათ ახლა ყველა ღმერთები ვიქნებოდით. წარმოიდგინეთ ყველაფერი ხელმისაწვდომი და ნებადართული, რომ იყოს, რით იქნებოდა მაშინ ღმერთი ჩვენზე მეტი?! იმით, რომ უკვდავია?! მერე და რა?! თუ არ არსებობს სიკვდილის შიში მაშინ თავისთავად სიცოცხლეც კარგავს მუღამს! ერთი სიტყვით ამ აკრძალვებს საკუთარ თავს თავად ვუწესებთ და ბოლოს შედეგს თავადვე ვიმკით. მეორე მხრივ, აკრძალული ხილი რომ არ არსებობდეს ალბათ ყველაფერი დაკარგავდა აზრს. ბოლოს და ბოლოს ჩემი საყვარელი აფორიზმიც აკრძალულ ხილს უკავშირდება. მთავარი პერსონაჟი აქ ოთხი გვხვდება: ადამი, ევა, გველი და ღმერთი. აქედან უკანასკნელმა შექმნა სამივე, შემდეგ ერთი ქვესკნელში გამოკეტა, ხოლო ის ორი თავის ბაღში გამოამწყვდია. ორი პარალელი აშკარაა. ქვესკნელში გამომწყვდეულს ღმერთმა უთხრა ბაღში დამწყვდეული ცხოველები არ შემიცდინოო, ხოლო ამ ორს ვაშლი არ ჭამოთო. ყველაფერი კი ისე მოხდა, რომ აკრძალულმა ხილმა გველიც, ადამიც და ევაც ერთად შეჰყარა. ბოლოს შეჭამეს ეს ვაშლი და აქ დაენძრათ. ერთი სამუდამოდ იქნა გამოკეტილი ქვესკნელში, ხოლო ეს ორი სამოთხიდან გამოდევნეს. ეს ოფიციალურად, ახლა რაც შეეხება ჩემ აზრს ამ უკანასკნელთან დაკავშირებით. აქ კვლავაც და კვლავაც აკრძალული ხილის მომენტია: ერთმა ვერ გაუძლო ცდუნებას და მიუხედავად იმისა, რომ აკრძალული ქონდა მაინც შეაცდინა ცხოველები, ამ ცხოველებმა ვერ გაუძლეს ცდუნებას და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჰქონდათ ვაშლი შეჭამეს, ხოლო თავის მხრივ ღმერთმაც ვერ გაუძლო აკრძალული ხილის ფენომენის არ არსებობას და შექმნა ის.
აქედან გამომდინარე როდესაც ადამმა აკრძალული ხილი დააგემოვნა, სწორედ ამ დროს ვაშლმა გადაწონა მთელი სამყარო. ერთ მხარეს იყო ღმერთი, ეშმაკი, ადამი, ევა და მთელი სამყარო, მეორე მხარეს კი ვაშლი და აკრძალული ხილი. ერთი სიტყვით აკრძალული ხილი ყველაზე მაგარი ტიპია.
–––რაზე ფიქრობ? –მეკითხება ბექა და თან მანქანის დაბურული მინიდან ქურდივით იჭყიტება. –––ეს დედა მოტყნულები რაღაც საეჭვოდ დაძრწიან.
–––დაიკიდე. –ვპასუხობ და თვალებს ვხუჭავ. მინდა კვლავ აკრძალულ ხილზე ვიფიქრო. ჩემი ბოდვა ახლა ყველაზე თესლ ფილოსოფიად მეჩვენება. სულ ასე მემართება მოსაწევი ყოველთვის გონებას მიხსნის და თავი ყველაზე მაგარი ტიპი მგონია ხოლმე.
–––გეუბნები მგონი ძაღლები არიან. . .
სიტყვა „ძაღლები“ და ფილოსოფიის დაკიდება ერთია. თვალებს ვახელ, თავს ვწევ, მეც დაბურულ მინებს ვეკრობი და ქუჩაში საეჭვოდ მოხეტიალე რამდენიმე ტიპს ვაკვირდები. სიბნელეში სამ სილუეტს ვხედავ. არ ინძრევიან, არ საუბრობენ, ერთი შეხედვით არც ჩვენკენ არ უნდა იყურებოდნენ, მაგრამ შუა ღამისას ამ ტრაკში რა უნდათ. ორი ვარიანტია, ან ბომჟები არიან, ან კიდე. .
უცებ ერთ–ერთი თავს მანქანისკენ აბრუნებს და რამდენიმე ნაბიჯით ჩვენკენ მოიწევს.
–––გარედან არაფერი ჩანს, ვერ დაგვინახავს. –ჩურჩულებს ბექა. –ძაღლები არიან ამათი დედა შევეცი! თუ რამე მოვხევ.
მე ხმას არ ვიღებ, თვალწინ დედა მიდგება, როგორ მაკითხავს საკანში და ჯარიმას როგორ იხდის. მერე სახლში ხელჩაკიდებული მივყავარ. სულ ცოტა ხანში ჩემი ოთახი ადამიანებით ივსება, ყველა ამბის გასაგებადაა მოსული. ალბათ აინტერესებთ საბოლოოდ გამოვყლევდი თუ არა. ათასნაირი კითხვები: სად იმალებოდი? რატომ გაიქეცი? ნარკოტიკებს მოიხმარ? ღმერთის არ გეშინია? დედას რატომ ანერვიულებ? იცი შენ გამო დედაშენი ნერვიულობით ლამის მოკვდა?!
ბოლოს ყველაფერი მთავრდება იმით, რომ ოთახში ჩემი მოძღვარი შემოდის, ყველა მოწიწებით ფეხზე დგება, ზოგი პირჯვარსაც იწერს. მოძღვარს შავ ანაფორაზე თეთრი წვერი საზარელ შესახედავს ხდის, თუმცა თვალები, ეს ინკვიზიტორი შავი თვალები, ზემოდან ერთმანეთზე შეყვარებული წყვილივით გადაბმული ორი წარბი რომ დაჰყურებს, უფრო საზარელ შესახედს ხდის. აი აქ იწყება ლექცია, სახელწოდებით „გადავარჩინოთ სული მისი“. შენ ასეთო, შენ ისეთო, როგორ ქენი ეს, როგორ ქენი ის, რაზე ქენი ეგ, ღმერთს შენდობა სთხოვე, მოინანიე, იცოდე სასტიკად დაისჯები. (აქ ავიწყდება ხოლმე, რომ მე უკვე ისედაც სასტიკად ვისჯები)
ფიქრებში გართულს მავიწყდება სად ვარ. კაცი მანაქანას სულ უფრო და უფრო უახლოვდება. უკვე ხუთიოდე მეტრი თუღა აშორებს. ბექას ხელი გასაღებისკენ მიაქვს. ვხვდები, რომ გაქცევას აზრი არ აქვს, მაგრამ უცებ ისევ ის კოშმარი მახსენდება რაზეც რამდენიმე წამის წინ ვფიქრობდი და ბექას ვანიშნებ თუ რამეა მოხიოს. ისიც თავს მიქნევს. გასაღებს უკეთებს, სულ ცოტაც და გადაატრიალებს. 5555
უეცრად მამაკაცი შეშდება და რამდენიმე წამი ასე გახევებული იყურება, თითქოს მანქანას ზედაც არ უყურებს. მისი ტანი კი სულ სხვას მეტყველებს. განიერი მხრები, მსხვილი ხშირი ბალნით დაფარული მკლავები, უშნოდ ცხენის კისერივით წამოზნექილი კისერი და არაფრის მთქმელი გამობერილი ვებერთელა შუბლი მეტყველებს იმაზე, რომ მაგარი დანძრეული მაქვს და როგორც მინიმუმ სულ მალე თავს კაპეზეში ამოვყოფ, მაგრამ აი საოცრება, ეს ვებერთელა მოძრავი სისტემა უეცრად ბრუნდება, თავის მეგობრებს უერთდება, სულ მალე მანქანა აკითხავთ, რამდენიმე წუთიც და კვლავ მშვიდად სიდენიაზე ვარ გართხმული და უდარდელი სახით სიგარეტს ხარბად ვეწევი.

–––რაზე ფიქრობ? –აქ ბექამ როგორც ჩანს ძველი კითხვა გაიხსენა.
–––აკრძალულ ხილზე.
–––ვაშა!
–––ანუ?
–––მეც მაგაზე ვფიქრობდი. იკაიფე ხომ მაგარი გავწურე მაგრამ ახლა ორმაგად გასწორებულში ვარ, იმიტომ, რომ აკრძალული ხილი შევირგე.
–––ჰო მე სხვა პონტში. .
–––რა პონტში?
–––აი ზოგადად აკრძალულ. .
–––ჰო აკრძალული ყველაფერი მაგარია
–––ღმერთის გწამს?
–––მე რელიგიებისაც მწამს
–––ეგ როგორ?
–––ანუ მწამს რომ რელიგიები არსებობს, მაგრამ რასაც ეგენი ბაზრობენ არ მწამს. –აქ ისეთი გადაიხარხარა შემეშინდა კიდევაც. –––იტოგში რელიგიებს ვუყურებ ისე როგორც მაგალითად მოსაწევს. მაგით უნდა იკაიფო, დაბოლდე, მაგრამ მერე გიტრუხდება და აღარ გისწორებს. ეგ უკვე ორგანიზმზეა, უფრო სწორედ გონებაზე, ზოგს ისე უჯდება, რომ კი არ უტრუხდება და პირიქით დოზებს იზრდის და ასე კაიფობს, ბოლოს კი ნამდვილი ნარკომანი ხდება და რელიგიას საბოლოოდ ეჯაჭვება.
–––მაგაზე არ დავფიქრებულვარ შეიძლება სწორიც ხარ.
–––სწორი ვარ აბა რა ვარ. ვაფშე ყველაფერი ნარკოტიკია. ზოგს ის უსწორდება ზოგს ეს. აი ათეისტებიც მაგარი ნარკუშები არიან. ღმერთი არ არსებობსო რო ბღავიან, არ არსებობს და ნუ არსებობს დაიკიდე რა და მორჩა. ათეისტები იცი როგორი ტიპები არიან, მთელი ცხოვრება რელიგიით კაიფობდნენ, მერე უცებ გაუტრუხდათ და ახლა ტვინს ტყნავენ.
–––ეგრე თუ შევხედავთ, შენივე ლოგიკით შენსასვე ეწინააღმდეგები. იქნებ და ათეისტები ტვინს არ ტყნავენ და რელიგიის კრიტიკით კაიფობენ?!
–––ჰო კაიფობენ, მაგრამ მე თუ მკითხავ სადღაც გულის სიღრმეში მაინც შურთ
–––მორწმუნეების?
–––ჰო ფანატიკოსების. ფანატიკოსები იცი როგორი ნარკამანები არიან, აი ტიპს ვაფშე ყველაფერი რო კიდია და სადარდებელი საერთოდ რომ აღარ აქვს ეგეთი.
–––აქედან გამომდინარე თავი უნდა დავიბოლოთ?
–––ჰო იასნა! აბა შენი აზრით ეს ათასგვარი რელიგია ვინ შექმნა, ისევ ადამიანმა და მისმა გონებამ, იმიტომ, რომ შემდეგ მშვიდად და კომფორტულად ეცხოვრა. ყოველ ცივილიზაციას თუ ველურ ტომს თავისი ღვთაება ჰყავდა.
–––ვაჰ თუ ეგრეა მაშინ შენც იწამე რამე და იკაიფე. . .
–––რო შემეძლოს გეფიცები დროს უკან დავაბრუნებდი და ფანატიზმში გადავვარდებოდი. ეხა უკვე გვიანია. რაც რელიგიას დავადე მას შემდეგ შემიყვარდა მოსაწევი და მსგავსი ხუინა. თორე ისე გავარტყი მოსაწევსაც და ნებისმიერ ნარკოტიკს, სად რელიგიით კაიფი და სად ამ სირობით! აი შენი თავიდან გამომდინარე ავიღოთ, რატომ დაადე ყველაფერს და რატომ გამოიქეცი. .
–––ყელში მქონდა. .
–––ყელში, ყლეში, ეგ დაიკიდე. მე გეტყვი რატომაც გამოიქეცი, იმიტომ გამოიქეცი, რომ არსებული რეალობით ვეღარ კაიფობდი, აკრძალული ხილი მოგინდა, ახლით მოგინდა კაიფი, ძველი ჩემი არ იყოს შენც გაგიტრუხდა. სკოლაში რო დავდიოდი ერთი სული მქონდა სტუდენტი როდის გავხდებოდი, სწავლაში ყველას სახეს ვახევდი და მეგონა რომ უნივერსიტეტში რაღაც ახალი დამხვდებოდა, მაგრამ რათ გინდა იქაც მსგავსი ნაგავი დამხვდა ერთ პოზაში ნაკეთები ხალხი, ტვინიც ყველას ერთი ზომა ქონდა და მიმართულებაც. . ერთი სიტყვით გავარტყი ყველას, ყელში არიან. აქ იმიტომ მოვედი, რომ მივხვდი შენც ჩემსავით ხარ, ჩვენ რაიმე ახალი გვინდა, ახალი აკრძალული ხილი რითაც ახლებურად ვიკაიფებთ და ლომკას მოვიხსნით. . .
უეცრად მიძინებულმა ქუჩამ თითქოს გამოიღვიძაო და როგორც ცუდ ხასიათზე, ახალ გაღვიძებული ღიპიანი ბიძა, ისე შესძახა. .
–––გადმოეთრიეთ მანქანიდან !!! გადმოეთრიეთ მეთქი !!!
და ვხედავ თუ როგორ ადგას მანქანას თავზე რამდენიმე კენტავრის თავიანი ახმახი
–––იარაღი უჭირავთ. . –ჩავჩურჩულე ბექას.
–––ესენი არიან, ესენი დაძრწოდნენ ცოტა ხნის წინ, კი არ წავიდნენ პირიქით. . ესე იგი ამდენ ხანს ელოდნენ როდის გადმოვიდოდით. .!
გარედან კვლავ შეძახილი მოისმა, ამჯერად უფრო მკაცრი.
–––ერთი ამათი ძაღლი დედაც მოვტყან. .
ბექამ მანქანა დაძრა და წინ მდგომ პოლიციელს დაეჯახა. კაცმა გაწევა მოასწრო მაგრამ მანქანამ მაინც გაკრა და იქვე ბალახებში მოისროლა.
–––შენ შიგ ხომ არ გაქვს?! ნაბიჭვარო!
და აი ეს სიტყვები, საიდანაც ყველაფერი დაიწყო და ახლაც გრძელდება. ბექას სახეზე ვუყურებ, თვალებგადმოკარკლული, შეშლილივით მხოლოდ წინ იყურება და ტერმინატორივით მხოლოდ ერთ ადგილს მისჩერებია. უეცრად უცნაური ხმა მესმის, უფრო სწორად ისმის, ხმა როგორც უკნიდან ნასროლი ქვა ისე ეკიდება ჩემს ყურთასმენას. .თავს ინსტიქტურად დაბლა ვწევ. უცნაური ხმა კიდევ ერთხელ მეორდება. არ გადის რამდენიმე წამი და ახლა უფრო დიდი ხმაური მესმის, მაგრამ ამჯერად არა გარედან არამედ შიგნიდან, თითქოს რაღაცა შიგ ჩემს ყურებში ჩაიმსხვრა. გონს, რომ მოვდივარ ბექას თავი რულისთვის აქვს მიწებებული და ერთი შეხედვით წებოს მოვალეობას წითელი სითხე ასრულებს. უკნიდან გინების და ფეხის ხმა ერთმანეთში ირევა და ნელ–ნელა მიახლოვდება. გონს კი მოვედი, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვიაზრებ თუ რა ხდება, ამისთვის კიდევ დრო მჭირდება. ბექას სისხლიან თავს ხელს ვადებ და მის მოსულიერებას უშედეგოდ ვცდილობ. სისხლი ხელზე მეკრობა, ხოლო თავი ხელიდან მისხლტება და მოწყვეტით გვერდითა მინას ეხეთქება. ახლა კი ვხვდები, რომ დამთავრდა, დამთავრდა ერთი და იწყება მეორე, რაღაცა ახალი, მაგრამ რა არის ეს ჯერ თავადაც ვერ ვხვდები. .
ხმაური სულ უფრო და უფრო მიახლოვდება, კარებს ვაღებ და რა ძალი და ღონეც მაქვს გავრბივარ. სად? სად და იქ სადაც ისინი ვერ მომაგნებენ! სად არის ეგ? არ ვიცი, ჯერ გავრბივარ, რაც შეეხება ადგილს სადაც ადამიანები არ არიან წარმოდგენა არ მაქვს სად უნდა იყოს.
–––გაჩერდი მეთქი! –ყვირის ვიღაცა და უკნიდან ჰაერში გასროლილის ხმა მეწევა.
–––გაჩერდი შე ნაბიჭვარო! –ყვირის პოლიციელი, თან მომდევს, თითქოს ცდილობს საკუთარ ხმას წამოეწიოს.
ეჰ ისევ ნაბიჭვარო. . ერთი სიტყვით გავრბივარ და სად თავადაც არ ვიცი. მინდა წავიდე იქ სადაც ადამიანები არ იქნებიან, მაგრამ თქმა ადვილია და შესრულება ძნელი. ჯოჯოხეთშიც და სამოთხეშიც კი ეს არსებები ბინადრობენ. . .
არა ასე დიდხანს ვეღარ გავძლებ, ეს სისტემის ნაშიერი ჯალათები, მსხვილ კუნთიანი ნაბიჭვრები სულ მალე დამეწევიან და მერე მართლა საბოლოოდ დამენძრევა. ბექა სწორად მოიქცა ამათთან ცოცხლად ჩაბარებას სიკვდილი ჯობია. . თუ ახლა დამიჭირეს მეც თავისნაირ სირობად მაქცევენ, ოღონდ გარიყულ სირობად.
ბოლო–ბოლო ვინ ვარ მე?! ვინ ხარ შენ?! ვინ არიან ის სირები ახლა უკან რომ მომდევენ?! სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან ერთი და იმავე. სადღაც გიღიმიან, სადღაც ბოღმით მოთხვრილ თვალს არ გაშორებენ. ზოგი იცინის, ზოგიც ტირის. ან რა აცინებთ? ან რა ატირებთ? ნეტავ რა აზრი აქვს. დღეს ის ტირის, ხვალე ის იცინებს. დგანან და სულელი კლოუნებივით სახე დაღრეჯილები ცვლიან მხიარულებას მწუხარებაში. სხვა არც ადარდებთ. ცხოვრების მიზნად ის გახუნებული და ათას ხელში გამოვლილი ქაღალდის ნაგლეჯის მოპოვება დაისახეს. ეს ქაღალდია ახლა სიცოცხლე, სიკვდილი, სიცილი, ტირილი, ბედნიერება, უბედურება, სიძულვილი, სიყვარული, ხელოვნება, ფუფუნება, ეშმაკი, ჯოჯოხეთი, ღმერთი, სამოთხე, რელიგია და ათასი ასეთი. ყველა მონებად ვიქეცით, საზარელ ოფლით აყროლებულ ენა გადმოგდებულ მონებად. აქედან ზოგი პრესტიჯულია, ზოგიც უპრესტიჟო. ზოგს ჩინი აქვს, ამ უკანასკნელებს ეამაყებათ. სხვები ამ ჩინს ღვარძლიან მზერას ზედ ახმობენ და შურით დაზაგრულ თვალის კაკლებს სარეცხივით ფენენ. მერე ეს უჩინო მონები მიზნად ისახავენ რომ ჩინიან მონებად იქცნენ.
რითი დავიწყო…. ან რა აზრი აქვს… ყველაფერი ერთი ნაგავია. მოდი ისევ სიწმინდეებით დავიწყებ. ეს უბრალოდ სიტყვის მასალად, თორემ განა არსებობს რაიმე, წმინდას თავი დავანებოთ, სუფთა მაინც, რომელსაც გარშემო აყროლებული შარდიანი და მძღნერიანი ნივთები არ ეხვიოს?! ჰო არ არსებობს. ჰოდა ერთი ხუია ყველაფერი. ერთი დიდი თესლის ბიდონი. ეს ბიდონი ივსება, ივსება ერთხელაც იქნება ვერ გაუძლებს და გასკდება. მერე ნახეთ, მერე იქნება სანახავი თუ იქნება. თეთრი სპერმით მოთხვრილი სახეები. ალბათ სწორედ ესაა აპოკალიფსი, მეორედ მოსვლაც და მესამედ მოსვლაც. ოჰ ეს ანანისტები ვინ მოითვლის დღეში რამდენ სიცოცხლეს კლავენ….. თუმცა რას კლავენ. სწორედ, რომ ეგენი არიან ერთადერთი ანგელოზები ამ დამპალ დედამიწაზე, სპერმის ანგელოზები. საერთოდ სამყაროს შემქმნელზე ჰუმანისტებიც კი არიან. ღმერთმა თუ არ დაინდო კაცობრიობა და შექმნა იმისთვის, რომ ადამიანმა აწ და მარადის უკუნისამდე ადიდოს, სალოცავები უგოს, ეს ანანისტები ღმერთსაც კი უპირისპირდებიან და ცდილობენ არ დაუშვან ის რომ დედამიწაზე ადამიანები გაჩნდნენ, ანუ პოტენციური მონები. .ეჰ ნეტა მართლა იცოდნენ ანანისტებმა რამხელა საქმეს სჩადიან.
ეს მონები კიდე რას აკეთებენ, რისთვის არსებობენ? რათა აშენონ ეკლესიები?! აშენებენ კიდევაც. ააშენებენ, მერე სიმბოლოებს გამოხატავენ, შიგ კაცუნების სურათებს შეიტანენ და იტყვიან ,,ეს არის უფლის სახლი!’’ ისე რა საინტერესოა ნუთუ ღმერთს არ ყოფნის მთელი ის სამყარო რაც დედამიწის გარდაა? ის უამრავი პლანეტები და გალაქტიკები. .რაღა მაინც და მიანც დედამიწაზე უნდა სახლი? რაღა მაინცდამაინც აგურებით ნაშენები ქოხები უნდა? არ ვიცი. . ისე ალბათ ზოგჯერ გულუბრყვილო და ცნობის მოყვარე ტურისტივით ინტერესდება დედამიწის ამბებით და ძირს ეშვება. წარმომიდგენია ჩვენი სიმყრალე ალბათ როგორ არ სიამოვნებს. თუმცა ვინ იცის მან გაგვაჩინა და შეიძლება სიამოვნებს კიდევაც. ჰოდა რას ვამბობდი. უფლის სახლი მეთქი. ჰო, რომ ჩამოვა სახლი ხომ უნდა. აბა მდგმურივით ხომ არ დაიწყებს აქეთ იქით ხეტიალს ,,ბინა მომაქირავეთო’’. ალბათ ამიტომაც ვუშენებთ ბინას. ,,უფლის სახლს’’. მერე სტუმარს მასპინძელი ხომ უნდა და ჩვენც ამისთვის წვეროსნები გვყავს. ეს არსებები, რომლებიც არც წვერების და არც თმების სიხშირე არ აწუხებთ მასპინძლობას უწევენ სამყაროს შემქმნელს. მერე ყველა ერთად თავს იყრის. სიმყრალეს სიმყრალეს ამატებენ. წმინდა სახლს საღორეს ამსგავსებენ და შიგ გაწვრთნილი პირუტყვებივით ქედს იხრიან. გარეთ გამოდიან და ისევ იმ პირუტყვობას ეძალებიან. ბევრს სახლში მიეჩქარება და ანანიზმით კავდება. ზოგიც იქვე ვიღაც პრიშიკებიან მუტელს ეზასავება და შარვალ დასველებული ნახევარ ქალაქს სიამაყით მოივლის, მაგარი ნაშა დავკერეო. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ სიბინძურის წაღება იქაც უნდათ. ზეცაში. ერთი სული აქვთ ახლა იქ ავიდნენ და იქ მიეცნენ ………. მიეცნენ იმას რასაც აქ ვერ ეძლევიან. სამუდამო ნეტარებას, სამუდამო ნაგავს, მარადიულ ტვინის ტყვნას. თავს იტყუებენ ვითომდა იქ გამოსწორდებიან და ამ სიბინძურეს და სიმყრალეს, რომელიც გამუდმებით დაღრეჯილი მათხოვარივით ხელ გამოშვერილი დასდევთ ამ ქვეყანაში დატოვებენ იქ კი წმინდათა წმინდა ზრახვებით შეუერთდებიან მამა ზეციერს.
მორჩა აღარ შემიძლია ამ სირობაზე მეტი ფიქრი. ოდესღაც მეც ვაპირებდი ამ განავლის აქ დატოვებას იქ კი ყველაფერი სუფთა მიმქონდა, მაგრამ ეს ჩალაგებული ჩანთა მალევე ამოვალაგე და შევეგუე იმ აზრს, რომ სადაც არ უნდა წავიდე სიმყრალე ყველგან გამომყვება, თუმცა მე ვიპოვე ამ ყველაფრის სარეცხი საშუალება, ეს არის სიკვდილი, სიკვდილი რწმენით რომ იმ ქვეყნად არაფერი აღარ არსებობს. მოვკვდები და ყველაფერი დასრულდება, ოჰ მარადისობა, აი ამის მეშინია ყველაზე მეტად.
აი მხსნელი, მდინარე მტკვარი. ღამის წყვდიადში ბრძენივით ჩაფიქრებული და ამავდროულად არაფრის მთქმელი. მოაჯირზე ვფორთხდები, ჰოი როგორ მიჭირს, ძლივსღა ვსუნთქავ. ამ დაბოლილზე კიდე კარგად ვირბინე, ყოჩაღ მე.
ეს სირები რამდენიმე მეტრის დაშორებით დგანან და იარაღს მიშვერენ.
–––არ გაინძრე თორემ გესვრით!!!
აი მართლა გიჟები, რას ვაკეთებ და რითი მემუქრებიან. . აი მართლა გიჟები! ახლა ვრწმუნდები რომ ეს აქამდეც უნდა გამეკეთებინა, რა სულელი ვიყავი. სასაცილოა და ისევ აკრძალულმა ხილმა მომიყვანა აქამდე. .მოსაწევმა გონება ერთხელ და სამუდამოდ გამიხსნა და გამინათა!
ერთი რაზეც გული მწყდება ეს არის სალი. .თუმცა ვიცი ისიც ამათნაირი აღმოჩნდება, შეიძლება ცოტა უკეთესია და თავიდან არც ეტყობოდეს რამე, მაგრამ საბოლოოდ ყველა ერთია, მათ შორის მეც. ადამიანი ყველაზე საზარელი ცხოველია მთელს მსოფლიოში და შეიძლება მთელს სამყაროზეც. .
აბა თქვენ იცით, სულ კარგად მეყოლეთ. .იმედია აღარასდროს გიხილავთ. .და აი ვეშვები, რა სასიამოვნო ყოფილა ფრენა, ბედნიერი ფრინველები!
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ღმერთი. . ბოლოს მაინც ვერ გაუძლო ცდუნებას და შექმნა აკრძალული ხილი. . .

 
3 Comments

Posted by on August 4, 2011 in ლიტერატურა

 

3 responses to “აკრძალული ხილი

  1. კახი

    August 20, 2011 at 8:12 pm

    რამხელა პოსტია, ძლივს ჩავედი ბოლოში ^^ მაგრამ საინტერესო იყო🙂 Like

     
  2. გიგა

    December 19, 2011 at 1:01 pm

    სხვებიც აზროვნებენ ჩემსავით🙂 საინტერესოა🙂

     
  3. avto

    April 16, 2013 at 1:07 am

    genacvale kai iyo kai ki ara didebuli

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: