RSS

დაბადების ტრამვა

01 Feb

s20angelus20salvidor20dalicm7

1924 წელს ფროიდის უსაყვარლესმა მოსწავლემ ოტო რანკმა გამოაქვეყნა თავისი ყველაზე ცნობილი წიგნი – „დაბადების ტრავმა და მისი მნიშვნელობა ფსიქოანალიზისათვის“, რომლის გამოც ის თავისი კოლეგების მიერ ერეტიკოსად იქნა შერაცხული, ხოლო ფსიქოანალიტიკოსებს კი კატეგორიულად აეკრძალათ რანკის იდეების არა თუ გაზიარება, არამედ მათი ციტირებაც კი.
რანკის მტკიცებით, არაცნობიერი ფსიქიკის განმსაზღვრელია არა ადრეული ასაკის ბავშვის ამბივალენტური დამოკიდებულება მამის ფიგურასთან, რომელსაც ფსიქოანალიზი ოიდიპოსისა და კასტრაციის კომპლექსებით გამოსახავდა, არამედ დაბადების ტრავმა. ადამიანის მთელი მომავალი ცხოვრება დედის საშოდან იძულებითი გამოძევებისას მიღებული შთაბეჭდილებით იმართება. დაბადება პირველი და ყველაზე შემზარავი ძალადობაა, რომელიც ადამიანზე ხორციელდება და ამ შოკიდან ის ბოლომდე ვერასდროს ვერ ახერხებს გათავისუფლებას. დაბადება შიშის პირველი გამოცდილებაა, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანს ემბრიონალური ნეტარება ერღვევა და უცნობი და შემაშინებელი ცხოვრებისაკენ მიმავალ გვირაბში აღმოჩნდება. ყველა სხვა შიში, საბოლოო ჯამში, დაბადების შიშის ნაირსახეობებია.
გამოდის, რომ ადამიანს დაბადება სასჯელად ეძლევა: ის ისე ისჯება ცხოვრებით, როგორც სამოთხიდან განდევნილი კაცობრიობის მშობლები და მათ მსგავსად ისიც ამ სასჯელს საკუთარი ცოდვილობით ხსნის ან უხსნიან. დანაშაულის გრძნობა, რომელიც ადამიანის სულიერი ტკივილებისა და სნეულებები სათავეა, დაბადებით დასჯის შედეგად ჩნდება და სიკვდილის შემდეგაც განკითხვის ჟამის გარდაუალობას აჯერებს. ჯოჯოხეთში ყველა დაბადებულია ნამყოფი და სიკვდილის შიშიც მას დაბადების გზის ხელახლა გავლად წარმოუდგება.
ადამიანის მთელი ცხოვრება, ყველა მისი ლტოლვა და ქმედება, სიზმარი და წარმოსახვა – უკან დაბრუნების მცდელობაა, მხოლოდ ისე, რომ (კვლავ)დაბადება აღარ განმეორდეს და დედის საშოდან ის აღარავინ გამოაძეოს. ჯვარცმის შემდეგ მკვდრეთით აღდგომა – რელიგიური ფანტაზიის ეს უმაღლესი ნაყოფი – დაბადებაა extra vaginam – დედის საშოს გვერდის ავლით. სიკვდილის მომენტში შვების განცდა კი დაბადებამდელ ნეტარებასთან დაბრუნებაო. ანუ, „სიკვდილის გზა არ-რა არის ვარდისფერ გზის გარდა.“
„Ну, вот я плачу, плачу, нет пути.
Вернуться суждено мне в эти камни.
Нельзя придти туда мне во плоти.
Лишь мертвой суждено взлететь туда мне.“
(„აი, მეც ვტირი, ვტირი, სხვა გზა არ არის.
დაბრუნება მაქვს მე ამ ქვებში მისჯილი ბედად.
რადგანაც მისვლა ხორციელად მე იქ არ ძალმიძს,
მხოლოდღა სული სიკვდილის შემდეგ იქ შეფრინდება.“) იოსიფ ბროდსკი

Pudenda origo – „ქალური სარცხვინელიდან წარმომავლობა“
გზა, რომელიც ადამიანს სამყაროსთან აკავშირებს, ფეკალიების გზაა და ისიც ფეკალური მასასავით გამოიყოფა დედის მუცლიდან. ამიტომაც, დაბადებაში Pudenda origo-ს – „სასირცხვილო წარმომავლობის“ შინაარსიცაა ჩადებული. თუმცა ადრეული ასაკის ბავშვს საკუთარი ფეკალიების გამოყოფა მშობლების დასაჩუქრებად მიაჩნია და სიამაყეს განაცდევინებს. ის ისეთივე ამაყია, როგორც დედა, რომელსაც თავის ახალშობილ ბავშვს დაანახებენ და მასაც უხარია საკუთარი ორგანიზმის ტკივილით გამონაყოფის ხილვა.
ფეკალიების გამომყოფ ორგანოთა მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია: მათში ერთდოულად ვნებაცაა ჩაბუდებული და ზიზღიც, მიზიდულობაც და დამაფრთხობლობაც. ისინი საიდუმლო ლოჟასავით არიან ჩამალული ადამიანის სხეულში და ასე ტანსაცმელქვეშეთიდან ახერხებენ მათი მესაკუთრის მართვასა და მანიპულაციას. ადამიანებმა ეს ყოველთვის იცოდნენ და ამიტომაც გამომყოფ ორგანოებსა და მათ ფუნქციებს არც რელიგიათა ყურადღება მოკლებია: მათ ადიდებდნენ, როგორც ღმერთებს და გმობდნენ, როგორც ეშმაკეულთ.
ამგვარ გმობა-დიდებაში კი ამ ორგანოთა ბიოლოგიური სპეციფიკაც აისახებოდა. მითრას მისტერიებზე ფალოსის გამომზეურებისას ქურუმი მათრახის ტყლაშუნით შესძახებდა: „მითრას სძულს ქალები!“ ფალოსის აღმატებულება რომ დაემტკიცებინათ, მისი მფლობელები ვაგინას საფრთხობელად გამოსახავდნენ: ქალღმერთ ათენას ტანისამოსსა და ფარზე მედუზა გორგონას თავი იყო ამოქარგულ-ამოტვიფრული, რომელიც ვაგინას მითოსურ ხატებად მიიჩნეოდა. გორგონას შემზარავი კბილები, ფსიქოანალიტიკოსთა მტკიცებით, კასტრაციით ემუქრებოდა ყველა მამრს, ვისაც მარად ქალწული ღმერთისკენ ვნებიანი თვალი გაექცეოდა. კასტრაციის შიშიც მთლიანად ვაგინას ბრალდება: მის ბიოლოგიურ მესაკუთრეებს უპენისობის გამო თავი ნაკლოვანი ჰგონიათ და პენისის შური ამოძრავებთ მამაკაცებზე შურის საძიებლადო.
სამაგიეროდ, ისიცაა ცნობილი, რომ ზოგ ქალს პენისის სანაცვლოდ კუდი ეზრდება და ცოცხზე ამხედრებული დაფრინავს ხოლმე. X საუკუნეში შედგენილი სამღვდელო პირთათვის განკუთვნილი სახელმძღვანელო Canon Episcopi ღვთის მსახურებს მიუთითებდა, „ყურადღებიდან არ უნდა გამოგვეპაროს, რომ ქალები მიდრეკილნი არიან დანაშაულებრივი ქმედებებისაკენ. თუ დემონმა აცდუნა, ქალები სატანის მიმდევრები ხდებიან და წარმართთა ქალღმერთ დიანას ბრძანებით ღამ-ღამობით ცხოველებზე ამხედრებულნი დაჰქრიან.“ ეკლესიასაც არ გამოპარვია დედათა ბუნების იწროობა და რამოდენიმე საუკუნის მანძილზე წარმატებით ნადირობდა კუდიან ქალებზე, რამაც ევროპა ლამის დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიიყვანა. მაგრამ ქალებს ხსნად განმანათლებლობის ეპოქამ მოუსწრო და მას აქეთ ვიცით, რომ ვაგინაში კბილები არ იზრდება და მამრობით სქესსაც კასტრაციის საფრთხე ქალთაგან აღარ უნდა ემუქრებოდეს.
თუმცა არა მხოლოდ ვაგინა, არამედ საშვილოსნოც საუკუნეთა მანძილზე კბენასთან ასოცირდებოდა: ბერძნული სიტყვა „ჰისტერა“, რომლისგანაც ტერმინი „ისტერია“ შეიქმნა, საშვილოსნოს ნიშნავს. ისტერია პირველი ნერვული დაავადებაა, რომელიც მედიცინის ისტორიაში დაფიქსირებულა და ის ფროიდამდე მხოლოდ მდედრობით სქესს მიეწერებოდა. XVII საუკუნემდე მიღებული მოსაზრების თანახმად, ისტერიის გამომწვევი მიზეზი საშვილოსნო იყო, რომელიც თუ სპერმით არ გამოიკვება, ორგანიზმში ეძებს საკვებს და ბოლოს თავის ქალაშიც აღმოჩნდება, სადაც ის ტვინის კბენას იწყებს. საშვილოსნოსგან დაკბენილი ტვინი კი ადამიანს ისტერიული ქმედებებისაკენ უბიძგებს.

მშობელი შობილს არას მეტყოდა
მეფე მიდასს, რომელსაც ხელის ერთი შეხებით ყველაფრის ოქროდ გადაქცევა შეეძლო და მაინც ვერ გრძნობდა თავს ბედნიერად, ერთი კითხვა მოსვენებას არ აძლევდა: რა არის ადამიანისათვის ყველაზე კარგი და ღირებული? პასუხის საპოვნელად მან ბრძენ სილენს – დიონისეს გამზრდელ სატირს დაუწყო დევნა და იმდენ ხანს არ მოეშვა, სანამ სილენმა არ უპასუხა: „ყველაზე უკეთესი ისაა, რაც შენთვის მიუღწეველია: არ იყო დაბადებული, არ იყო, არარა იყო! ყველაზე მეტი, რაც შენ ხელგეწიფება, არის ის, რომ რაც შეიძლება მალე მოკვდე!“
თუ არდაბადება და არყოფნა დაბადებასა და ყოფნაზე უკეთესია, მაშინ ის არც ღმერთებისთვის ყოფილა შესაძლებელი: ყველა ღმერთი დაბადებულია, თუნდაც უჩვეულო გზით იყოს მოვლენილი, როგორც ათენა, რომელიც ზევსის თავიდან ამოძვრა ან აფროდიტე, რომელიც ზღვის ქაფიდან დაიბადა, როდესაც კრონოსმა საკუთარ მამას – ურანოსს ნამგლით პენისი მოჰკვეთა და ზღვაში გადაისროლა, სადაც ურანოსის მოკვეთილი პენისიდან გადმოღვრილი სპერმა და სისხლი ერთმანეთში აირია და აქაფებული წყლიდან აფროდიტე იშვა.
ყველა ღმერთი დაბადებულია და მათ უმეტესობას დედაც ჰყავს და მამაც. თვით ძველი აღთქმის უხილავი ღმერთიც კი, რომლის დაბადების არანაირ მოწმობას ჩვენამდე არ მოუღწევია, ახალ აღთქმაში ხორცად იქცა, რომელსაც დღემდე მისი მიმდევრები შეექცევიან და მისი სისხლით იოკებენ ღმერთთან ზიარების წყურვილს. ასე შეიქმნა პირველი და ერთადერთი თეოფაგიური (ღმერთისმჭამელი) რელიგია. „თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში“ (იოანე 6, 53) – ამ სიტყვების გამო არაერთხელ მოუწიათ ეკლესიის მამებად წოდებულ პირველ ქრისტიან ღვთისმეტყველებს უხერხულ თემებზე საუბარი და თავის მართლება, რომ ისინი არც ყრმა ბიჭების სისხლ-ხორცს არ ეტანებიან და არც ინცესტუალური კავშირი აქვთ საკუთარ დედებთან.
ქრისტიანები ქრისტეს ძედ ღვთისად მოიხსენიებენ. იოანეს სახარების განმარტებით, ღვთის შვილები ისინი არიან, რომლებიც „არა ხორცის ნდომისგან, არა მამაკაცის ნდომისგან, არამედ უშუალოდ ღმერთისგან იშვნენ.“
მათეს სახერებაში, სიკვდილის წინ ჯვარზე გაკრულმა ქრისტემ მთელი ხმით მამას შესძახა: „ელი, ელი! ლამა საბაქთანი?“ – „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?“ მამამისს პასუხი არ გაუცია, მხოლოდ ცამ დაიჭექა და წვიმა წამოვიდა…

უცნობი მამა
135-ე წელი გასულიყო მას შემდეგ, რაც იერუსალიმის მახლობლად, დაბა ბეთლემში, ნაზარეთელი დურგლის იოსების ოჯახში ვაჟიშვილი – იესო დაიბადა. შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე დაბადებულ-გაზრდილი ერთი წარმატებული ფინანსისტი, სახელად მარკიონი, რომიდან მშობლიური სინოპისკენ მიემართებოდა და თან რომში ნაშოვნი დიდძალი ფული – 200 ათასი სესტერცია მიჰქონდა. მარკიონი მონათლული იყო, ანუ იმ რელიგიის მიმდევარი, რომელსაც იმ დროს რომში დაცინვით „ქრისტიანებს“ ეძახდნენ. ერთ დღეს, რომელიც სულაც არაა აუცილებელი, რომ მშვენიერი ყოფილიყო, მარკიონი დაფიქრდა იმაზე თუ რანაირად შეიძლება ქრისტეს, რომელიც სიყვარულსა და სათნოებას ქადაგებდა, ისეთი მრისხანე და სასტიკი მამა ჰყოლოდა, როგორიც ებრაელთა წმინდა წიგნებიდან ცნობილი იეჰოვა? მარკიონი მიხვდა, რომ ამ ფიქრს ვეღარასდროს თავს ვერ დააღწევდა და თავი მოწოდებულად იგრძნო, რომ ქრისტეს ჩასახვის საიდუმლო ეპოვა და სხვებისათვის ემცნო. მან უარი თქვა კაპიტალის დაბანდებაზე და საკუთარი ჯაფით ნაშოვნი ავლა-დიდება სინოპის საკათედრო ტაძარს შესწირა, თავად კი ქრისტეს მამის ძებნის გზას დაადგა.
ცხრა წელი თავდაუზოგავი შრომისა და კვლევა-ძიების შემდეგ მარკიონმა მიაგნო ჭეშმარიტებას და ამოხსნა ქრისტეს მამის ვინაობის საიდუმლო: ქრისტეს მამა არა ებრაელთა მრისხანე ღმერთი იეჰოვაა, რომელმაც მოძალადეობასა და ჩაგვრაზე აგებული ჩვენი სამყარო შექმნა, არამედ კეთილი და მოწყალე უცნობი ღმერთი, რომელიც ადამიანებს მხოლოდ ერთხელ გამოეცხადა საკუთარ ძედ განსხეულებული, რომ სამყაროს შემოქმედი ტირანი-ღმერთის საპირისპიროდ, სიყვარულის ძალა ემცნო. კანონებისა და სასამართლოების, დასჯისა და განკითხვის, ომისა და ძალადობის, სიბნელისა და უმეცრების ღმერთი, მარკიონის რწმენით, სამყაროს შემოქმედი დემიურგია, ხოლო ქრისტეს უცნობი მამა – სიკეთისა და სიყვარულის ღმერთი და ამ ორ ღმერთს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს. ქრისტე სამყაროს კანონდამრღვევად მოევლინა და ამისათვის დაისაჯა, ხოლო თავისი სიცოცხლის ფასად, მან დემიურგი ღმერთის ტირანიისგან ადამიანების გამოსყიდვა ინება, რათა ისინი თავის სამეფოში, რომელიც ამა სოფლისა არ იყო, გადაესახლებინა, სანამ მათ ღვარძლიანი დემიურგი წარღვნებითა და ღვარცოფებით ან ერთმანეთის სიძულვილითა და მტრობით გაანადგურებდა. ადამიანებს, თუკი მათ მათი შემქმნელი ტირანი მამა-ღმერთის ტყვეობიდან თავის დახსნა სურდათ, ვალდებული იყვნენ, დაეტოვებინათ უკეთური სამშობლო და მისი სალი კლდეები სხვა – უცხო ქვეყნის სამოთხეზე გაეცვალათ.
მარკიონმა ამ უცხო ქვეყნის, ქრისტეს უცნობი მამის სამყაროსაკენ მიმავალ გზასაც მიაგნო, რომელიც დემიურგ-იეჰოვასადმი საყოველთაო დაუმორჩილებლობით იწყებოდა. ადამიანებს ბოიკოტი უნდა გამოეცხადებინათ სამყაროს შემოქმედი ღმერთისათვის, უარი ეთქვათ მის მიერ დაწესებულ ვალდებულებებსა და ნორმებზე, ყოფილიყვნენ კანონგარეშე, როგორც მაცხოვარი იესო ქრისტე და, რაც მთავარია, აღარ გამრავლებულიყვნენ, რადგანაც ყოველი ახალი ადამიანის დაბადებით მხოლოდ ბოროტება მრავლდებოდა.
აღშფოთებულმა ეკლესიამ მარკიონი არა მხოლოდ განკვეთა და შეაჩვენა, არამედ მის საგმობად და საძაგებლად საგანგებო ტერმინი – „ჰაირესისი“, ანუ „მწვალებლობა“ გამოიგონა. „ჰაირესისი“ სიტყვა-სიტყვით „არჩევას“, „ამორჩევას“ ნიშნავს, ანუ მისი ჩამდენი თავისუფალია თავის არჩევანში და იმას ირჩევს, რაც მას სურს და არა რაც საყოველთაოდ მიღებული და ამიტომაც სწორია. რაც სწორი არაა, ის გადახრილ-გამრუდებულად ითვლება. აქედან გამომდინარე, არჩევა, საკუთარი აზრის ქონა, გზასაცდენილობის აღმნიშვნელია და ყველა, ვინც ჭეშმარიტების გზას აცდება, მყისვე ჰაირესისს სჩადის, ანუ ერეტიკოსი ხდება. ვინაიდან გზასაცდენილებს გზასაუცდენლები – მათი სახელი კი ლეგიონ(ერ)ია – ოდითგანვე არ ეტრფოდნენ, ეს არტრფობაც წამებულის გვირგვინით მოსავდა ერეტიკოსთა სიცოცხლეს კოცონსა თუ ეშაფოტზე ბნელ და ავადასახსენებელ შუა საუკუნეებში. ხოლო ვისაც გაუმართლა და დემოკრატიის ჰიბრიდებს მაინც მოესწრო, მისი ზარალი მხოლოდ დაცინვითა და ქილიკით შემოიფარგლება.
„ნეტარ ხართ თქვენ, როცა გლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირ ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო“ – ქადაგებდა გორაზე შემომდგარი ქრისტე.
იმანუილ კანტმა, რომელიც სადაც დაიბადა იქვე მოკვდა, ბრძანა, ადამიანი ბუნებით ბოროტიაო.

აბუ ალი იბნ სინას ერთი უსათაურო და სევდიანი ლექსი:
„ვირებში თუ ხარ, შენაც უნდა ტლინკები ჰყარო,
ვირებს ჰგონიათ, ჩვენიაო მთელი სამყარო!
ვირებში თუმცა მუდამ ვირად მომქონდა თავი,
მაინც გამიგეს, არაბული ტაიჭი ხარო!“

The Stalin Code
ნაწილი I: Ceci n’est pas une pipe
ბელგიელი მხატვარი რენე მაგრიტი სიურეალისტი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის რეალობაზე მაღლა იდგა და ვეებერთელა ჩიბუხებს ხატავდ, თანაც ქვეშ აწერდა: Ceci n’est pas une pipe – „ეს არ არის ჩიბუხი“. როდესაც მაგრიტს ეკითხებოდნენ, აბა რა არისო, ისიც პასუხობდა, თუ ეს ჩიბუხია, მაშინ მიდით და შიგ თამბაქო ჩატენეთო. მიუხედავად ამისა ან შეიძლება სწორედ ასეთი პასუხის გამო, ზოგ-ზოგიერთებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ მაგრიტს მათი შეცდომაში შეყვანა სურდა, რათა ნახატებში ჩამალული საიდუმლო არ გამომჟღავნებულიყო. ბოლოს და ბოლოს, მაგრიტი სიურეალისტი იყო და ის რეალობაზე მაღლა იდგა.
ფრანგმა ფილოსოფოსმა მიშელ ფუკომ, რომელიც ექიმის ოჯახში დაიბადა და შიდსით გარდაიცვალა, წიგნიც კი მიუძღვნა მაგრიტის ჩიბუხების საიდუმლოს და დაასკვნა, რომ ამ ნახატებში ჩიბუხის გარდა კიდევ სხვა რამ იმალება, ანუ ჩიბუხი უხილავი მთელის ხილული ნაწილია.
ნაწილი II: მისალოცი ბარათი
1. 1. 1923
„ჩემო საყვარელო დედა!
სალამი!
კიდევ ათი ათასი წელი გეცოცხლოს.
გკოცნი.
შენი სოსო“
ნაწილი III: უხილავი მთელი
ოფიციალური ვერსიის თანახმად სტალინი 1879 წლის 21 დეკემბერს დაიბადა, არაოფიციალურის მიხედვით კი – 1878 წლის 18 დეკემბერს. ასეთი უცნაურობის მიზეზი ისაა, რომ სტალინი ორჯერ დაიბადა: პირველად – ადამიანად, მეორედ – ჩიბუხად. ამიტომაც ის ორჯერ დაკრძალეს, თანაც მეორედ გასაიდუმლოებულად. ამ საიდუმლოს კი მხოლოდ ის ჩაწვდა, ვინც რეალობაზე მაღლა იდგა და ჩიბუხებს ხატავდა.

შხამიანი ზაზუნა
1991 წელს, ტელევიზიის წინ შეკრებილ ოპოზიციონერთა რიგებში შემზარავი ინფორმაცია გავრცელდა: ზვიად გამსახურდიამ ზოოპარკიდან შხამიანი ზაზუნა გამოაშვებინა და ვის კანქვეშა ჯირყვალსაც ზაზუნას შხამი მისწვდება, მისი სხეულის სუნს ვერანაირი სუნამო ვეღარ გადაფარავსო. არადა დაპირისპირება პრეზიდენტსა და მის ოპოზიციას შორის სუნამოების ნიადაგზე დაიწყო. იმასაც კი ამბობენ, რომ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობა საქართველოს ტერიტორიაზე მოსხურებადი ყველა სუნამოს დასასაკუთრებლად უნდოდაო, რომ ერთადერთი სუნამოიანი ის ყოფილიყო და რომ ხალხს, რომელმაც აღარ უწყოდა სუნამოს სურნელი, პრეზიდენტის ძალა და დიდება ცხვირით ეგრძნოო. ამიტომაც, იგი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სუნამოების კონფისკაციას შეუდგა. „გიყვარდეთ სუნნი თქვენი!“ – უთხრა მომიტინგე ხალხს პრეზიდენტმა და ხალხმაც ირწმუნა, რომ უმჯობესი იყო სუნი ეფრქვია ხორცს და სული აღვსილიყო სურნელით, ვიდრე სუნამონაპკურები გვამი მათი შთავარდნილიყო გეენიას. ხოლო ვინც გაუძლებდა და არანაირი სუნამოთი, არც საპნითა თუ ნელსაცხებლით არ წარიწყმეტდა საკუთარ სულს, მისი ხორციდან, როგორც სასწაულმოქმედი ხატებიდან, მირონი წარმოდინდებოდა. ხალხის 87%-მა ირწმუნა და საკუთარი ნებით თქვა უარი სუნამოზე და ახალი, დამოუკიდებელი და საკუთარსუნიანი საქართველოს შესაქმნელად მხარში ამოუდგა პრეზიდენტს, რომელსაც სუნთა მბრძანებელსაც უწოდებდნენ.
დარჩენილი 13% კი ვერ შეელია სუნამოს კონსუმენტობას და კანონიერ პრეზიდენტს კრიჭაში ჩაუდგა, როგორც თავის დროზე წმინდა ნინოს დაუწყო კბილების კრეჭა ჟინვალჰესთან შეკრებილმა დუშეთის რაიონის მოსახლეობამ, რომელსაც არ სურდა კერპების თაყვანისცემის მავნე ტრადიციაზე უარის თქმა. მაშინ წმინდა ნინოს თანმხლებმა ერისთავმა მცირედი მახვილი აღმართა და ურჩმა მთიულებმაც იგრძნეს ვაზის ჯვრის ძალა და მევენახეობას მიჰყვეს ხელი. ეს ამბავი გაახსენდათ სუნამოიანებს, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებდნენ, სინამდვილეში კი მზად იყვნენ, რომ სამშობლო ერთ ფრანგულ სუნამოზე გაეცვალათ, და გადაწყვიტეს, სიცოცხლის ფასად არ დაეთმოთ სუნამოიანი კეთილსურნელება და საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის შენობის წინ შეკრეს პირობა, რომ არ გაცვლიდნენ სუნამოს კეთილსურნელებას საკუთარი სხეულის სუნზე. ხოლო როდესაც ზვიად გამსახურდიამ მათ გასანადგურებლად შხამიანი ზაზუნა დაგეშა, ოპოზიციამაც არ დააყოვნა და ტელევიზიის დასაცავად აღმართული ზარბაზნიდან პირველი ყუმბარა გავარდა, რომელმაც გმირთა მოედანს გადაუფრინა და მიტოვებული აბრეშუმის ფაბრიკის მიდამოებში შხამიანი ზაზუნას მონათესავე არაერთი მღრღნელი ცხოველი სიცოცხლეს გამოასალმა. ვინც ზარბაზანს გადაურჩა, მასაც არ აცდენია სუნამოიანთა სისატიკე: დაღუპულ-დასახიჩრებული ვირთხების, თაგვების, ზღვის გოჭებისა და მაჩვების სისხლით მოირწყა თბილისის მიწა, მაგრამ ზაზუნას გვამი არავის უნახავს და ვინ იცის, ის იქნებ დღესას ცოცხალია და მღრღნელთა კოსმიურ ლაშქარს მოუძღვება სუნამოთი სუნწარწყმეტილ ადამიანებზე შურის საძიებლად, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ადამის და მღრღნელ ცხოველთა საერთო პირველმამის მოდგმებს შორის მრავალათასწლიანი ომი გამარჯვებულს ვერასდროს ვერ გამოავლენს.
თბილისის სუნამოიანი მოსახლეობის კეთილმყნოსველობა ვერ შეეგუა დედაქალაქში სუნიანების პარპაშს და იძულებული აღმოჩნდა ქრისტესშობის მძიმე მარხვის ჟამს კანონიერი ხელისუფლება დაემხო და მის სუნიან მხარდამჭერთა განსაწმენდელად ცეცხლი და წყლის ჭავლი გამოეყენებინა.
11 წელი საქართველოში სუნამოიანთა ტერორი მძვინვარებდა, სანამ საზღვარგარეთ ნამყოფმა ახალგაზრდა სუნამოანებმა არ ამხილეს შევარდნაძის მუხანათობა, რომელსაც მთელი ამ ხნის მანძილზე თურმე გაყალბებული სუნამოები ჩამოჰქონდა დუბაიდან. ქართველმა ერმაც თავი დამცირებულად და სუნში ჩაფურთხებულად იგრძნო და ვარდის სურნელის ფრქვევით პარლამენტის კელაპტრიანი დარბაზის კარი შელეწა.
საქართველოში სუნიანთა დევნა-შევიწროებაც მხოლოდ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლით დასრულდა, როდესაც სუნამოიანები და სუნიანები მთელი ქვეყნისა შეერთდნენ და სუნამოიანებმა სუნიანებს Dუტყ Fრეე-ში ნაყიდი სუნამოები აჩუქეს და სუნიანებმაც იპკურეს სუნამოები და სუნამოიანებთან ერთად შეუდგნენ იმ ქვეყნის შენებას, რომელშიც არავინ იქნება არც სუნიანი და არც სუნამოიანი, არც მემარცხენე და არც მემარჯვენე, არც ქალი და არც მამაკაცი, არამედ ვარდსა და ნეხვსა მზე სწორად მოეფინება.
მისამღერი:
მიშა მღერის, მღერის ერი:
მიშა იშვა და აიშვა
და
Aïcha, Aïcha écoute-moi,
Aïcha, Aïcha t’en vas pas,
Aïcha, Aïcha regarde moi,
Aïcha, Aïcha reponds-moi

( „აიშა, აიშა, ყური დამიგდე,
აიშა, აიშა, შორს არ წახვიდე,
აიშა, აიშა, მესროლე მზერა,
აიშა, აიშა, პასუხი ჩქარა!“)

qui es in Cialis®P
აბბა, წარმოგიდგენიათ, რაოდენ რთულია ყოვლისმჭვრეტელი, ყოვლისმცოდნე და ყოვლისმომცველი არსებისთვის ერექციის ხანგრძლივად შენარჩუნება?
ბუნებრივია, წუთისოფლის მართვა წამგებიანი წამოწყება სულაც არ არის – შეგიძლიათ ისარგებლოთ უამრავი საკრედიტო ბარათით, უდარდელად მიირთვათ უზომოდ ბევრი ნაყინი, იფიქროთ მორგან ფრიმენის ხმით, ატაროთ მზის სათვალეები დაბინდების შემდეგაც, რადგან თქვენთვის ღამეც მუდამ მზიანია, და ურჩთ დაუმალოთ ცალი წინდა სავარძლის უკან. სამაგიეროდ, ყოველივე სულიერის მეუღლის მნიშვნელოვანი მოვალეობების შესრულება შეიძლება ოდნავ გაჭირდეს, როდესაც ტანჯულთა განუწყვეტელი ვაება არ გაძლევთ ყოვლისმფარველი ქუთუთოს უყურადღებოდ დატოვების საშუალებას. თუ როგორღაც სულის მოთქმა მოახერხეთ, ყოველი ამოსუნთქვისას ჭარმაგი ფილტვები კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში დაგემოვნებული ყოველი ნაფაზის კვამლითა და უკლებრივ ყველა ვულკანის სიღრმიდან აღმოცენებული ფერფლით გევსებათ.
არ გემორჩილებათ ხელები, რომლებიც ერთდროულად თევზის ჯიუტი ქონით შერყვნილ თეფშებს რეცხავენ ხისტ წყალში და ზეთის თავზეხელაღებული წვეთით უწყალოდ დანესტრილნი წინსაფრის უბეში ეძიებენ თავშესაფარს. მისტირით ნეკრესის ქარიშხლებისგან უწყალოდ აწიოკებულ აღარც თუ ისე ახალ ორლეანსა და აგრეთვე მხოლოდ ოდნავ ახალი იორკის უღრუბლო ცაში მიმოფანტულ თავნება მუსლიმი პილოტების ნამცეცებს; თქვენ თვალწინ ერთად ცოცხლდება კიბერსივრცეში ატვირთული ყველა საყვარელი ფისოს ვიდეო და ცხოველური სიცხადით წარმოგიდგებათ ყოველი მოხუცი ადამიანი, რომლებიც განვლილი ცხოვრების ცოდვათაგან გათავისუფლების მიზნით გულდაგულ ფარავენ საკუთარ უძლურ სხეულებს საპნის ძლივს შესამჩნევი ფენით. თქვენს ყოვლისმსმენელ სასმენელთ არ გამოეპარება ხმაკეთილი ელვისის ნაკლებად კეთილხმოვანი კუჭის უკანასკნელი გაბრძოლება და დეტექტივ ჯონ მაკლეინის მიერ, როგორც სიტყვით, აგრეთვე ტყვიით, სასიკვდილოდ დაკოდილი ვერაგი ჰანს გრუბერის ნაკატომი პლაზას მახლობლად მიწასთან გასწორების სანატრელი ხმა. ღვთაებრივი მზერით აღიქვამთ დედამიწის მეტად დამსახურებული სახალხო არტისტის ბუბა კიკაბიძის მიერ მწყობრი კბილების გამოხეხვის ყოველ საბედისწერო შემთხვევას და მთელი გალაქტიკის უშობელ ჩანასახებთან ერთად იხრწნებით ახლად გარემონტებული ან სავალალო პირობებში მყოფი საავადმყოფოების ნაგავსაყრელებზე. თანაბარი სიმძაფრით განიცდით ყოველი მეორეადგილოსანის ენით აღუწერელ იმედგაცრუებას და გიპყრობთ თქვენი ნამოღვაწარის გასწვრივ თქვენივე სხივცისკროვანი სახელის არ აღმოჩენით გამოწვეული ზომიერი კაეშანი. ყოველ საუზმეს ჰოლოკოსტს გადარჩენილ რჩეულებთან ინაწილებთ, ხოლო ვახშმად სპარტელ ცხედარმთავარ ლეონიდასს ეწვევით სტიქსის შავბნელ ტალღებზე ტივით სასეირნოდ და ორფევსის ბაიათების მოსასმენად.
თერთმეტი სიტყვით რომ ვთქვათ, სულაც არ არის ადვილი იყო ღმერთი და გქონდეს წყნარი სექსუალური ცხოვრება. ალბათ სწორედ ამიტომ მოახერხა შემოქმედმა ზემოქმედებითი ენერგიების დაძაბვით საწადელის მიღწევა მხოლოდ ორჯერ, თუ ნოტიო ტალახისგან სახელდახელოდ მოზელილ გუნდაში სულის შთაბერვას არ ჩავთვლით. აგრეთვე გასათვალისწინებელია პატივცემულის კუთვნილებაში მყოფი რძიანი გზის შემაძრწუნებელი მასშტაბები, რომლის დასაფარად ჟანგბადის უხვი მარაგით აღჭურვილი ჯანიანი ირმის არაერთი ნახტომია საჭირო და რომელიც ორად ორი სულიერის უძირო წიაღმა შეიფარა ჯეროვნად (მოდით, შევთანხმდეთ, რომ ნოტიო ტალახისგან სახელდახელოდ მოზელილი გუნდა სულიერი ქმნილება არ არის). ალბათ სულაც არ არის საამო, როდესაც კაცთა მოდგმის ყამირი მომავლის განაყოფიერების ყოველ გმირულ მცდელობას მთავარანგელოზი გაბრიელი და დინჯი მტრედი გაფაციცებით ადევნებენ თვალყურს. დამატებით, ალბათ უზენაესისთვის თინეიჯერებთან სქესობრივი კავშირები მაინცდამაინც მიზანშეწონილი არ არის – მადლობა ღმერთს, რომ ბანოვანი მხოლოდ თორმეტი წლისაა.
სავარაუდოდ, ამ ყველაფერმა აიძულა იაჰვე, მარტის ერთ არაფრით გამორჩეულ საღამოს აურაცხელი ძალით დაუფლებოდა უტყვი დურგლის უმანკო მეუღლეს, რომლის ფრჩხილებსაც მანიკურიც არასდროს გაკარებია. ცვალებადი ბუნების გამო, ელოჰიმი ამტანობით არასოდეს გამოირჩეოდა, თუმცა მასთან ერთ ხორც გატარებული ორიოდ აკადემიურგი წუთიც საკმარისი აღმოჩნდა ქალწულის მსოფლმხედველობის ამოსაპირქვავებლად. უცოდველობის ალში დანთქმის შემდეგ იგი კვლავ დიდხანს ესიყვარულებოდა მორდეხაის ბეღელის კედელზე ბატიფეხურად გამოსახულ “ადონაი + მადონაის” და იგონებდა გარდასულ მწუხრთა დიდებას.
აბრაამის ღმერთიც ხშირად იხსენებდა იმ საღამოს, როდესაც აკრძალული ხილის რამდენიმე წლის მოსავალი იგემა, და ხანდახან ეჭვობდა, რომ სულაც არ ღირდა ახალი რელიგიის გამოგონება არასრულწლოვანთან წამიერი ვნების გადასაფარად. ზენაარი იყო ბოლოსდაბოლოს, თუ პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკული ფეხბურთის გუნდის მთავარი მწვრთნელის მოადგილე?! თუმცა ამგვარად მან დასაბამი ჩაუყარა კიდევ ერთ ლამაზ დღესასწაულს, და ჩვენი შრომით მონაგარ ფულთან გაყრის დიდებული შესაძლებლობა გვიბოძა. შობა ყოველთვის გვახსენებს იმ ენით აღუწერელ გასაჭირს, რასაც უფალმა გაუძლო, რათა კაცობრიობისთვის იმედი ჩაესახა. პირველად ქალწულის მკლავებში განუტევა სულის ნაწილი იეჰოვამ და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ბევრი შევჭამოთ ელაჰის ყრუ ტკივილის დასაამებლად.
სხვათა შორის, მეორედ ელოჰიმი კონგოს განსაცვიფრებლად დემოკრატიული რესპუბლიკის უსიერ ტყეებში მცხოვრებ ულამაზეს შიმპანზე ზირასთან დაეცა. შედეგად ქვეყნიერებას შიდსი მოევლინა. სჯულის კანონის ექსპერტთა ნაწილის ღრმა რწმენით, შიდსი ადამიანთა ყოველდღიური ტანჯვისგან ხსნის მეტად ხარჯეფექტური საშუალებაა და შიდსით გარდაცვლილი ყოველი კრავი უფლის საძოვრებზე დაიდებს ბინას. საბედნიეროდ, შიდსი ღრმა რწმენით არ გადადის.

დანართი:
ფემინისტები მამა-ღმერთს დედა_ღმერთს უწოდებენ, ხოლო ღვთისმშობლის ნაცვლად წმინდა იოსებს სცემენ თაყვანს, როგორც მარად ვაჟწულს და საბუთად იოანეს სახარება მოაქვთ, რომ ქრისტე „არა მამაკაცის ნდომისგან“ იშვა.
როდესაც გერმანელთა ტყვეობაში მყოფ სტალინის ვაჟს – იაკობ ჯუღაშვილს უთხრეს, რომ მამაშენს შენზე უთქვამს, ფელდ-მარშალ პაულუსზე არ გავცვლიო, იაკობს სევდისაგან გერმანულად აღმოხდენია:Vater, Vater, warum hast du mich verlassen ?! („მამაჩემო, მამაჩემო, რად მიმატოვე?!“)
„[…] არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს.“
ლონდონის წმინდა პავლეს კათედრალის რესტავრაცია პლასტიკური ქირურგიის კლინიკამ იკისრა იმ პირობით, რომ წმინდა პავლეს ფრესკებს თმების გადანერგვის რეკლამაში გამოაყენებინებდნენ.
ინგლისელი მწერალი რედიარდ კიპლინგი „ვეფხისტყაოსანს“ შთაუგონებია მაუგლის ხატის შესაქმნელად.
მამა ყოველთვის ღმერთი როდია, ხოლო დედა კი ენა.
ძალა ღმერთობაშია!

გამოქვეყნდა “ცხელ შოკოლადში” 25.12.11

გიორგი ავალიანი / გიორგი მაისურაძე

 

ტეგები:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: