“რამდენი წელია ვფიქრობ, საიდან მოდის ასეთი შიში და ზიზღიც კი თავისუფალი აზროვნების მიმართ და ვერ ამომიხსნია. როგორ არის შესაძლებელი, რომ სულ სიყალბეში ვცხოვრობდეთ, ამ სიყალბით ვიკვებებოდეთ და პროტესტის გრძნობა არ გვიჩნდებოდეს“ –გიორგი მაისურაძე.
ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე უკვე ათ წელზე მეტია ბერლინში ცხოვრობს. ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევით ცენტრში მუშაობს და ლექციებს ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში კითხულობს. ბერლინს შეეჩვია და თბილისში იშვიათად ჩამოდის, მაგრამ მაინც ქართულ ნაციონალიზმს, თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსს და ქართულ კულტურას იკვლევს.
„მე სოლოლაკსა და ორთაჭალაში გავიზარდე. 15 წლის ვიყავი როდესაც ჩემი ოჯახი საცხოვრებლად ნუცუბიძეზე გადავიდა. მთელი ბავშვობა ირგვლივ სულ კრიმინალს ვხედავდი და ეს ძალიან მთრგუნავდა. ვერ ვიტანდი კრიმინალურ სამყაროს და ძველ ბიჭებს. ტრადიციულმა თბილისურმა ძველმა ბიჭობამ გვერდით ჩამიარა. არც კონფლიქტები მქონია, ჩემმა ძველბიჭმა კლასელებმა იცოდნენ, რომ მათ სფეროში არ ვიჭრებოდი და არ მეხებოდნენ, არც დავუჩაგრივარ ვინმეს, რაღაც ავტონომია მქონდა და ამ ავტონომიას ყველა ცნობდა“, –იხსენებს გიორგი.
„ისე ბავშვობაში სულ ზღაპრებს ვკითხულობდი, პირველივე კლასიდან დავიწყე მეზღაპრეობა და მეზღაპრის სახელიც გამივარდა – გაკვეთილი თუ არ ვიცოდი, მასწავლებლები ზღაპრებს მაყოლებდნენ. პირველად, როდესაც ზღაპრებს შევეშვი და დიდ წიგნებზე გადავედი, ეგრევე კონსტანტინე გამსახურდიას „დავით აღმაშენებელს“ გადავაწყდი. მაშინ 13 წლის ვიქნებოდი. რომანმა ისე იმოქმედა, რომ საშინელი ნაციონალისტი გავხდი, ისეთიც კი რომ მშობლებმა ნერვიულობა დაიწყეს. თუმცა მალევე მომისწრო ჰიუგომ და საფრანგეთის რევოლუციამ, მერე თვითონ შემრცხვა ჩემი ნაციონალისტური წარსულისა. ახლა რომ ვიხსენებ, სკოლის პერიოდი მაინც ძალიან მძიმე და დამთრგუნველი იყო – პიონერული და კომკავშირული ორგანიზაციები, პროპაგანდა, მუდმივი კონტროლი, მორალი.
ისტორიკოსების ოჯახში გავიზარდე, სწორედ ამან შემიწყო ხელი თავი ლიტერატურისთვის შემეფარებინა. ლიტერატურაზე ხელი მიმიწვდებოდა და ისტორია კარგად ვიცოდი. ძირითადად, მაინც ისტორიული წიგნები მაინტერესებდა. 15 წლის ასაკში დავიწყე ძველი ბერძნულის სწავლა, შემდეგ ლურსმული დამწერლობა აღმოვაჩინე.
თავიდან, ისტორიკოსობას ვაპირებდი. 17 წლისა კი სულ სხვა გარემოში აღმოვჩნდი. გავიცანი ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტები დიმა მამულია, გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი კაკაბაძე, დავინტერესდი ფილოსოფიით. კაფკა და ფროიდი ჩემს მეგობრებთან ერთად ქსეროქსზე გადავიღეთ და ვკითხულობდით, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო თბილისში ბეჭდური გამოცემები. 1988 წელს გავხდი სტუდენტი და 19-20 სექტემბერს უკვე დაიწყო დიდი აქციები. პირველივე კურსიდან აღმოვჩნდი ამ მოძრაობაში და უნივერსიტეტში სწავლის ხუთი წელი მეც და ჩემმა მეგობრებმაც ქუჩაში გავატარეთ. მაშინ ყველანი ნაციონალისტები ვიყავით. ჩვენს “განაციონალისტებაში” დიდი როლი აკაკი ბაქრაძის ლექციებმა ითამაშა. მერე მოხდა 9 აპრილი, რამაც რადიკალურად შემიცვალა აზროვნება. 9 აპრილს, მახსოვს, დილით რომ გამოვედით სახლიდან, გარეთ საშინელი ისტერია, უძლურების განცდა იყო და ყველაფერი რელიგიურ საბურველში ეხვეოდა. ამან ძალიან უსიამო განცდა დამიტოვა. სწორედ მაშინ მივხვდი, ვერასდროს ვიქნებოდი მორწმუნე. მომეჩვენა, ძალიან ცუდი რამ იწყებოდა. მერე იყო გაუთავებელი მიტინგები და ისტერიული რელიგიური და ნაციონალისტური მოწოდებები. მივხვდი, რომ ვერ ვგრძნობდი იქ თავს კარგად, ეს ყველაფერი არ მინდოდა.
მერე იყო ზვიადი, ზვიადის წინააღმდეგაც ვიბრძოდი, გასაგები იყო, რომ გამსახურდია გაიმარჯვებდა, მაგრამ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ მთელი საქართველო არ ყოფილა ზვიადისტი. 87% საქართველოსი ზვიადისტი იყო, ისევე, როგორც მერე გახდა შევრდნაძისტი და მიშისტი. პარადიგმები დიდად არ შეცვლილა, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში არ მომხდარა ძალაუფლების კრიტიკა” –იხსენებს გიორგი მაისურაძე.
გიორგი ახალგაზრობაშივე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. 21 წლის ასაკში სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო, 23 წლის – მმართველი პარტიის „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო როგორც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს 24 წლის – უმუშევარი, რომელიც კერძო მასწავლებლობით თავს ირჩენდა.
„უეცრად ხელისუფლებაში აღმოვჩნდი. ფილოსოფიის ინსტიტუტში ვმუშაობდი და აი უცებ ზურაბ ჟვანიამ მითხრა, რომ იქმნებოდა მოქალაქეთა კავშირი და მეც შემომთავაზა თანამშრომლობა. ზურაბ ჟვანიას ჯერ კიდევ სტუდენტობიდან ვიცნობდი, ვმეგობრობდით. დავთანხმდი და ასე აღმოვჩნდი მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ, თავმჯდომარე შევარდნაძე იყო. ყველაფერი თითქოს სიზმარში ხდებოდა, აღმოვჩნდი იმ გარემოში, სადაც არასდროს ვყოფილვარ და ყოფნასაც ვერ წარმოვიდგენდი. ყოველთვის ქუჩაში, გარეთ, ოპოზიციაში ვიყავი და უცებ – ხელისუფლებაში აღმოვჩნდი. 1994 წლის მარტში ვაშინგტონში ვიყავით. პენტაგონში სამხედრო აღლუმი იყო შევარდნაძის საპატივცემულოდ და ჩამწკრივებულები ვიდექით ჩვენც. უცებ ისე ცუდად გავხდი, გამაცია მთელ სხეულში, დღესაც ვერ ამიხსნია – უცნაური ფსიქოსომატური მოვლენა მქონდა, ვიცლებოდი სითხისგან. ორი დღის განმავლობაში ათი კილო დავიკელი. მსოფლიო ხელისუფლების ცენტრში ყოფნამ ცუდად გამხადა, ღებინება დამაწყებინა. არადა, მოწამლული არ ვყოფილვარ. მივხვდი, რომ იქ არ იყო ჩემი ადგილი. ჩავედით თუ არა ნიუ-იორკში, გადამიარა. ნიუ-იორკის სასტუმროში მივიღე გადაწყვეტილება – ნელ-ნელა უნდა წამოვსულიყავი და ამაზე მუშაობა ისეთი დესტრუქციული ფორმით დავიწყე, რომ უკან დასახევი გზა არ დამრჩენოდა. მგონი, ცოტათი გიჟის შთაბეჭდილებასაც ვახდენდი. მალევე ორი განცხადება დავწერე, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლება და „მოქალაქეთა კავშირის“ სიიდან ამოშლა მოვითხოვე. ნამდვილად ვიცოდი, ჩემი ადგილი იქ არ იყო, არ მინდოდა იქ ყოფნა. ამის შემდეგ ერთი წელი სახლში ჩავიკეტე. რამდენიმე უახლოესი მეგობრის გარდა არავისთან მქონია ურთიერთობა. ბევრს ვკითხულობდი და ვწერდი, და კათარზისის მომენტი მქონდა, ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა ვთავისუფლდებოდი. რისგან ვთავისუფლდებოდი, გაცნობიერებული კარგად არ მქონია. ამ ერთმა წელმა მიშველა. ეს პირველი მძიმე დეპრესია იყო ჩემთვის. მთელი ჩემი ცხოვრების გაცნობიერება და გადაფასება მოხდა – სტუდენტობის, ეროვნული მოძრაობის, იმ შვიდი თვის“– იხსენებს ის.
გიორგი მაისურაძეს მიაჩნია, რომ ადამიანი იმდენ ხანს არის ცოცხალი, სანამ ტრანსფორმაციის უნარი აქვს. მისი აზრით, ადამიანი გაუთავბელად უნდა ტრანსფორმირებდეს. ხოლო როდესაც ეს უნარი გვიქვეითდება, მაშინ ვკვდებით და ცოცხლად ვიწყებთ გახრწნას. სწორედ ასეთ რადიკალურ ცვლილებებად მიიჩნევს გიორგი თავის ცხოვრებას. პირველი რადიკალური ცვლილება კი მაინც 24 წლის ასაკში მიაჩნია, როდესაც ყველაფერზე უარი თქვა და ახალი ცხოვრება დაიწყო. ამ ყველაფერს, ის თავის შეფარებადაც მოიხსენიებს და ამბობს, რომ რეალობა დომინოსავითაა, როდესაც ერთი ქვა ვარდება, მას ყველა მიჰყვება, ადრე თუ გვიან ყველაფერი განადგურდება და ამიტომ სასწრაფოდ ახლის შენება უნდა დაიწყო, სანამ ყველაფერი გამქრალა და ნანგრევებში მოყოლილხარ. მისთვის ტრანსფორმირებაა, როდესაც საკუთარ თავს წარსულში იხსენებ და ზუსტად იცი, რომ, ის სხვა ადამიანია და შენ სხვა. ანუ საკუთარ თავს როგორც უცნობს ისე უყურებ.
კითხვაზე, თუ როდის განიცადა ბოლო ტრანსფორიმრება, ამბობს რომ 37 წლის ასაკში, თუმცა კვალვაც ახლის მოლოდინშია.
პირველი ტრანსფორმირება კი მიანც პოლიტიკიდან წასვლას, ხოლო შემდეგი, ბერილში გამგზავრებას უკავშირდება.
„ბერლინში სტიპენდია მივიღე და ერთი წლით წავედი. სტიპენდია რომ დამიმთავრდა, გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი. აქ ასე ჩამოსული უცხოელი მარტივად ვერ იშოვის სასურველ სამუშაოს. არ ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა. თავი რომ მერჩინა, ფიზიკურად უნდა მემუშავა. რთული იყო ამის მიღება, მე ხომ ფიზიკური შრომის არანაირი გამოცდილება არ მქონია. ბრძოლა მიწევდა საკუთარ თავთან, საკუთარ სნობიზმთანაც, და ზოგადად, იმ სოციალურ სნობიზმთან, რომელიც ქართველებს დღესაც გვაქვს. ამას თან ახლდა ერთგვარი ტკბობაც, რამდენად შეიძლება დაუპირისპირდე საკუთარ წარსულს და საკუთარ ბიოგრაფიას. სოციალური ცნობიერება რეალურად ამ სამუშაო გამოცდილების შემდეგ გამიჩნდა. მახსოვს, 1998 წელს 6 მაისს 30 წელი შესრულდა 68 წლის ამბოხებიდან. თბილისში მოვაწყვეთ აქცია, გვინდოდა გვეთქვა, რომ არსებობს გარკვეული პოლიტიკური ალტერნატივა, რომ ჩვენთვის ღირებულია ის იდეალები, რომლებიც 68 წლის მოძრაობას და მემარცხენეებს ჰქონდათ. რეალურად რაზე იყო საუბარი, ბერლინში ვიგრძენი, როცა თავად ვიყავი მშრომელი კლასის წარმომადგენელი. 5 წელი “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტად ვმუშაობდი, მაგრამ ამ ფულით თავს ვერ ვირჩენდი, ამიტომ მიწევდა სხვადასხვა სამუშაოს შესრულება. ბერლინის ერთ-ერთ ლიტერატურულ კლუბში, ბარში დავიწყე ბარმენად მუშაობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. ჯერ ერთი, გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი. მეორეც, ფიზიკური შრომის გამოცდილება მივიღე. ძალიან ბევრი მაგალითი მამხნევებდა. ჯერ კიდევ თბილისში ვიცოდი, რომ ვიტგენშტაინს, უკვე მსოფლიოში ცნობილი ფილოსოფოსი როცა იყო, უნდოდა გამხდარიყო მუშა“–იხსენებს გიორგი.
გიორგი მაისურაძეზე საუბრობს მისი ერთ–ერთი უახლოესი მეგობარი, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, სალომე ასათიანი.
“გიორგი გავიცანი 1990-იანი წლების მეორე ნახევარში. ზუსტად წელი არ მახსოვს. რუსთავი 2-ის ძველ ოფისში, დელისზე. მაშინ გოგი გვახარიას “ფსიქოს” მომზადებაში ვიყავი ჩართული, თემატურ კლიპებს ვაკეთებდი ხოლმე რაიმე კონკრეტულ თემაზე კინოს ისტორიაში, ან რეჟისორზე. ჰოდა ცოტა ხნით ადრე პაზოლინიზე მოვამზადე ასეთი კლიპი. გიორგი მოვიდა და კომპლიმენტი გამიკეთა, კარგი კლიპი იყოო. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და თავი პაზოლინის დიდი ექსპერტი მეგონა. ახლაც ჩემი საყვარელი რეჟისორია ისე. ამიტომ ეს კომპლიმენტი განსაკუთრებით გამიხარდა. იმ დღესვე წავედით რაღაც პატარა კაფეში, სადღაც იქვე დელისზე. და რამდენიმე საათი გაუჩერებლად ვილაპარაკეთ. იმ დღის მერე ვართ მეგობრები.
მას მერე ძალიან ბევრი რამე გადაგვხდა თავს, სანამ ორივე თბილისში ვიყავით. თითქმის ყოველდღე ვნახულობდით ერთმანეთს. მერე გიორგიმ სტიპენდია მიიღო და ბერლინში წავიდა, ერთი წლის მერე მეც მოვიგე სტიპენდია და ინგლისში წავედი სასწავლებლად, სამაგისტრო პროგრამაზე. წლები გადის, თუმცა გიორგისთან მაშინ დამყარებული კავშირი და სიახლოვე არ ქრება არსად. თვითონაა ასეთი, გამორჩეულად ინტენსიური ემოციური სიახლოვე შეუძლია მეგობრებთან. შემაშინებლად მახვილი ინტუიცია აქვს და ძალიან ზუსტად და ღრმად შეუძლია გაუგოს სხვას. მასთან ურთიერთობამ ძალიან ბევრი რამე მომცა, მათ შორის საკუთარი თავის შესახებ გავიგე ბევრი რამ. არის საოცრად კეთილი, სასაცილო, სენტიმენტალური, იუმორიანი, თვითირონიული, ერთგული და ალბათ ყველაზე რომანტიკული ადამიანი, ვისაც საერთოდ ვიცნობ.
რამე სახალისო ამბავი თუ უნდა გავიხსენო, ერთ-ერთი ალბათ ეს იქნება – 90 იანების ბოლო იყო, გიორგი გაეროს პროექტში იყო ჩართული, რომელიც ითვალისწინებდა გენდერზე ტელეგადაცემების ციკლის მომზადებას. რუსთავი 2-ზე გადიოდა მერე გადაცემები. ერთ-ერთი გამოშვება ფემინიზმზე იყო და გიორგიმ მეც შემომთავაზა მონაწილეობის მიღება. თავიდან ძალიან სერიოზულად მივუდექით საქმეს – ჩავწერეთ რესპონდენტები, ფსიქოლოგი და ჟურნალისტი ქალები. მაგრამ მონტაჟის დროს რატომღაც ექსცენტრიულ განწყობაზე მოვედით და ჩართვებით გადაცემა სულ სხვაგან წავიყვანეთ. გროტესკული გავაკეთეთ – ჩავრთეთ ნაწყვეტები ალმოდოვარის ფილმებიდან, „იავნანამ რა ჰქმნადან“, გულები, ყვავილები. მოკლედ „ქალურობის“ სტერეოტიპს დავცინეთ. ახალგაზრდები ვიყავით, რადიკალები და გვეგონა რომ ფრიად ავანგარდულ და გმირულად ეპატაჟურ ნაბიჯს ვდგამდით. ახლა ძალიან მეცინება ამაზე. ჰოდა ამ ხულიგნობის განწყობაზე მოსულებს გაგვახსენდა კენ რასელის “ლისტომანიის” სცენა, სადაც გმირის ზმანებაა ნაჩვენები – როგორ მიაქანებენ მის ზარბაზნის ლულის ზომის ფალოსს გილიოტინაზე, კასტრირების მიზნით. ეს ფილმი – “ლისტომანია” – ხულიგანი-რეჟისორის იმიჯის მქონე რასელის ფილმებშიც კი განსაკუთრებით გაბედულად და უხამსად ითვლება, ძირითადად ამ სცენის გამო. ჩვენ კი ავიღეთ და ეს სცენა ტელეგადაცემაში ჩავრთეთ, როგორც ფალიკური წყობის წინააღმდეგ ქალების ამბოხის გამომხატველი. მოკლედ, მონტაჟი რომ დავამთავრეთ და გადაცემას ტელევიზიის ხელმძღვანელობამ შეხედა, გული შეუწუხდათ, ეს როგორ უნდა გავუშვათ ეთერშიო. გიორგიმ დიდი დისკუსია გააჩაღა – ეს არაა ფალოსი, ამხელა ფალოსი სად გინახავთ, ეს მხოლოდ სიმბოლაო. და იმდენი ქნა, რომ ბოლოს გადაცემა ეთერში გავიდა. ახლა ალბათ ასეთ გროტესკულ და უცნაურ გადაცემას ეთერში აღარავინ გაუშვებდა. მაშინ სხვა დრო იყო. ცოტა მეტი სივრცე იყო ახალგაზრდული და თუნდაც უხამსი ხულიგნობისთვის”;–ამბობს სალომე.
თავად გიორგი მეგობრებზე ბევრს არ საუბრობს, ამბობს რომ ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა ბევრთან დღესაც მეგობრობს, თუმცა უფრო მეტი სხვადასხვა მიზეზეზბის გამო დაკარგა.
გიორგი დღემდე დაუოჯახებელია, მას ოჯახის ინსტიტუტის მიმართ თავისი შეხედულელები აქვს.
„ოჯახის ინსტიტუტისადმი ისეთი შინაგანი აგრესია მაქვს, რომ მის გადალახვას ალბათ ვერასდროს ვერ შევძლებ. თითქოს ფობიასავითაა, მეშინია. გაგეცინებათ და ქორწილებზეც არ შემიძლია მისვლა, განსაკუთრებით ახლობლების. იცი, ძალიან დიდი ხანია, წლებია, ამაზე ვფიქრობ. აი როდესაც 90-იანების მეორე ნახევარში უცებ პოპულარული გავხდი, 1996 წელს დავწერე სტატია ქართლის დედაზე, რომელშიც ფაქტობრივად ოჯახის და მშობლების ინსტიტუციაზე, ურთიერთობებზე მქონდა. რაღაც მომენტში დავაფიქსირე, რომ ყველა საშინელების სათავე ოჯახია, ზუსტად არც ვიცი რის საფუძველზე მოხდა: ერთი რამე კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა. უფრო თანდათანობით, წლების განმავლობაში გროვდებოდა რაღაცეები. ალბათ იმდენად ღრმა და მტკივნეული განცდები იმალება, რომ არაცნობიერიდან ამოღება მიჭირს. ალბათ რაღაც მისტიური დამთხვევა უნდა მოხდეს ორ ადამიანს შორის, რომ ერთად იცხოვრონ, ერთმანეთი არ მობეზრდეთ და ჩვევის გამო არ იყვნენ ერთად. ხოდა შეჩვევა არ შემიძლია და რომ შევძლო, ძალიან ძლიერი და არშენელებადი მიზიდულობა უნდა მაკავშირებდეს. ასეთი დამთხვევა კი ჯერ არ მომხდარა ჩემთან“-ამბობს ის.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბერლინში თავის ცხოვრებას მოსაწყენად მიიჩნევს, საქართველოში დაბრუნებას მაინც არ ჩქარობს.
„ახლა ძალიან მოწყენილი ცხოვრება მაქვს და საკუთარი ცხოვრების შეზიზღების ფაზაში შევდივარ. ვმუშაობ ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრში. ვწერ სამეცნიერო ნაშრომებს, მაქვს სემინარები ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში, მაქვს აუტანელი სიცარიელის განცდა და ზოგჯერ გული მერევა ყველაფერზე, მათ შორის საკუთარ თავზე. ბოლოს თბილისში რომ ვიყავი სიტუაცია სხვანაირად იყო, მანდ უფრო ბოჰემურ ცხოვრებას ვეწევი ხოლმე. აქ ძირითადად ვმუშაობ. თბილისში ბოლო ვიზიტისას თითქმის მხოლოდ იმ ადამიანებს ვხვდებოდი, რომლებთან ურთიერთობაც ძალიან მსიამოვნებდა, სულ დადებით ემოციებსა და ენერგიაზე ვიყავი, იმდენად, რომ უკვე რაციონალურად დავიწყე დაბრუნებაზე ფიქრი, მაგრამ მერე ბერლინში რომ დავბრუნდი, თანდათანობით ეს ეიფორიაც გამიქრა, მაგრამ ყველაზე მეტად თბილისში იმისი მეშინია, რომ რაღაცა ძალამ არ ჩამითრიოს და ისე არ დავჩლუნგდე, რომ შემგუებელი გავხდე. თუმცა შეიძლება ეს ძალიან რაციონალიზაციაა და სინამდვილეში სხვა შიშები მაქვს, რომლებსაც ჯერ-ჯერობით ვერ ვაცნობიერებ“, –მიიჩნევს გიორგი მაისურაძე.
გიორგის დღეს თბილისში მშობლები ჰყავს, მშობელბთან ერთად უამრავი სხვა ნათესავიც, თუმცა საბოლოოდ საქართველოში გადმობარგებას ჯერ მაინც არ აპირებს. ის თბილისში დროებით, რამდენიმე კვირით ჩამოსვლას ზაფხულისთვის გეგმავს, საკუთარი წიგნის პრეზენტაციისთვის, რომელიც სავარუდოდ ივნისში გაიმართება, ხოლო რამდენად გადადგამს მისთვის უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს და გადაწყვეტს დარჩეს თუ არა საქართველოში, ამას დრო და განვითარებული მოვლენები აჩვენებს.
ირინა
თებერვალი 5, 2016 at 3:24 PM
საცოდავი,სამკურნალოა ეგ.! ვწუხვარ.. 😦