RSS

კვანტური ფობია

15 Aug

1154133535
პირველად იყო სიზმარი და შემდეგ პროცესი. რაღაცით კაფკას პროცესი, ოღონდ არა უსასრულო სასამართლო პროცესიით. მთელი ჩვენი ცხოვრება სასამართლო პროცესებია, შეიძლება ბიუროკრატიის გარეშე, მაგრამ განსჯა ყველგან არის, დაბადებიდან დაწყებული, როდესაც ჯერ კიდევ არ იცი როგორი ხარ, შემეცნებაც კი არ ჩაოგყალიბებია, შენზე უკვე ხმები დადის. ერთი მახინჯს გეძახის, მეორე კი შენი სილამაზით არის აღფრთოვანებული, ეს რა ლამაზი ჩვილიაო, უკანასკნელს ძირითადად მშობლები ითავებენ ხოლმე.

მოვყევბოდი, რომ ჩემი ფობია განსჯასთან არის დაკავშირებული, რომ საშინლად მეშინია ჩემივე სახეობის, მეშინია მათ თვალებში და გონებაში მოხვედრის, მაგრამ ეს ალბათ უფრო ეგზისტენციალურ თეზისს წამოწევს, რომელიც საერთო გონთან, ბებერ დეკარტთან და დილემასთან მიგვიყვანს – „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“. ეს უსასრულო ჯაჭვი, გონების ვირუსია, რომელიც მთელს უსასრულო სამყაროზეა გადაჭიმული. მე შენ გხედავ, მე კიდევ სხვა მხედავს, იმას კიდევ ვიღაცა და ასე განსჯის და ჭვრეტის დაუმთავრებელ ლაბირინთში ვართ გამომწყვდეული, სასამართლო პროცესებში, რომელიც აღქმის გაჩენის მომენტიდან ავტომატურად ირთვება.
ერთი სიტყვით, ზემოთ ხსენებულზე აქ ბევრს ვერ ვილაპარაკებ, ეს ზედემტად გლობალურია და დაე ამაზე ყველამ ერთად იმსჯელოს. მე ჩემი პროცესი მაქვს, პროცესი კი სიზმრით დაიწყო. რაც თავი მახსოვს ეს სიზმარი თან დამყვება. ვერ ვიხსნებ თუ რა ასაკის ვიყავი როდესაც ის პირველად ვნახე. სამგაიეროდ მახსოვს სამყარო, რომელსაც თითქმის არაფერი აქვს საერთო იმ რეალობასთან, რომელშიც აგერ უკვე რამდენი წელია ვცხოვრობ. რეალობაში არ ვგულსიხმობ, ადამიანებს, მათ საქციელებს, სოციალურ კონსტრუქტებს და სხვა უამრავ მარაზმს, რომელიც ლეშივით აქვს ისევ ადამიანს აკიდებული, საუბარი მაქვს ჩვეულებრივ მატერიალურ სამყაროზე, მარტივ ფიზიკაზე, კონკრეტულად კი კანონებზე, რომელსაც ჩვენი სამყარო ემორჩილება და ჩვენივე მეცნიერებას თუ დავუჯერებთ, აგერ უკვე 11 მილიარდი წელი უსრულდება.
სიზმარში, რომელიც არ მახსოვს როდის და რა ასაკში ვნახე, მე ვიყავი სამყაროში, სადაც ზედმეტად უცნაური არსებები ბოგინობდნენ. ეს იყო სიცოცხლის ფორმები, რომლის წარმოდგენა ჩვენ პლანეტაზე არსებული გრავიტაციით, მოცულობით და ბუნებით, სრულიად წარმოუდგენელია, თუმცა პლანეტას რომ თავი დავანებოთ, მთლად უცნაური ამ არსებების ქმედება იყო. ისინი ერთდროულად ყველგან იყვნენ. კონკრეტული არსების დაფიქსირება, მხოლოდ კონკრეტულ ადგილას, კონკრეტულ მომენტში შემეძლო, საკმარისი იყო სხვაგან გამეხედა, რომ არსება იქაც ფიქსირდებოდა და წარმოიდგინეთ, ასე უსასრულოდ.
მე ამ სამყაროს დამკვირვებელი ვიყავი, თავისებური შემეცნება, მაგრამ უკვე ნახსენები უსასრულო ჯაჭვისგან განსხვავებით, დაკვირვება მხოლოდ მე შემეძლო. ვიცოდი ამ არსებების არსებობა, მათი უსასრულო მდებარეობა, განლაგება, ისინი კი ჩემზე არანაირ ინფორმაციას ფლობდნენ. მაშინ რა იყო ჩემი ეგზისტენცია? ამაზე პასუხი ერთი იყო, ჩემს არსებობაზე რაღაც ზეარსებებმა იცოდნენ, სუბსტანციებმა, რომლებმაც თითქოს შეგნებულად ჩამიშვეს ამ უცნაურ სამყაროში.
ბავშვობაში მახოსვს ამაზე დიდად არ დავფიქრებულვარ, უბრალოდ სიზმართან ვაკავშირებდი. აბსტრაქტულ სიზმართან, რომლის არც ნახვის თარიღი მახსოვდა, არც გამოღვიძება და საერთოდ არაფერი, რაც მეტყოდა, რომ ეს ნამდვილად სიზმარი იყო, თუმცა ჩემმა გონებამ ის ოდითგანვე სიზმარს მიაკუთვნა. უცნაურ სიზმარს, რომელმაც დროთა განმავლბაში მეტამორფოზა განიცადა და კოშმარად მომევლინა.
წლების განმავლობაში სიზმრებში არსებებს ვხედავდი, რომელიც იმ უცნაურ სამყაროში ვიხილე, მაგრამ ამჯერად ისინი სულაც აღარ იყვნენ უწყინარნი. აქ მათ იცოდნენ ჩემი არსებობის შესახებ და არა მარტო უბრალოდ ზემოთ ხსენებული ჯაჭვი ირთვებოდა და მას მხოლდ განსჯა მოჰყვებოდა, არამედ ჩემი განადგურება, დასახიჩრება, შეშინება და სხვა მრავალი.
დრო გადიოდა, მე ვიზრდებოდი, მაგრამ საზარელი არსებები თავს არ მანებებდნენ. თითქოს ყოველ ღამე ბნელ კუთხეში მიკუჭულები, გასუსულები მელოდნენ თვალს როდის მოვხუჭავდი და ძილს როდის მივეცემოდი. აი ამის მერე კი ბნელი კუთხეებიდან მოფორთხავდნენ, თითქოს ჩემში ძვრებოდნენ და ასე სიზმრების სამყაროში მომყვებოდნენ, სადაც შემაშინებდნენ.
ძილი შემზიზღდა. დასაძინებლად აღარ ვწვებოდი. მზის ჩასვლა და ჩემი ჯღავილი მშობლებს გამოწერილი ჰქონდათ. ექიმთანაც წმაიყვანეს, არც ფსიქოლოგი მომაკლეს, მკითხავიც ზედ დააყოლეს და ბოლოს ჯადოქარიც მოაყოლეს. რითი არ სცადეს მონსტრების განდევნა, მათი დაშინება, ბოლოს ნახშირის ქვაც კი აღმოჩნდა ჩემი ბალიშის ქვეშ, რომელსაც ქვის პატრონის აზრით, ბოროტი სულებისგან უნდა დავეცვი, შედეგად სიზმარში ერთ-ერთი საზარელი არსება, სოწრედ ამ ქვით მიჩეჩქვავდა თავს, შედმეგ კი მოკლული მე, ამ ქვისგანვე დამზადებულ კუბოში ჩამასვენა.
ამასობაში წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ასე არაფერი შეიცვლებოდა. გაანძრიე ხელიო ღმერთი რომ ეუბნება ადამიანს, აი რაღაცა ასეთი დავიწყე მეც. ხელის განძრევა კი, სხვანაირად არ გამიგოთ, თინეიჯერობის ასაკში დავიწყე. ვკითხულობდი ნაშრომებს სიზმრებზე, ბაბუა ფროიდიდან, ბიძია იუნგზე გადავედი, მაგრამ საშველს ვერსად ვპოულობდი. შემდეგ გავეცანი ერთ-ერთი ნეიროფსიქლოგის ნაშრომს, რომელიც ამტკიცებდა, სიზმრების კონტროლი შესაძლებელიაო. დროთა განმავლობაში ნეიროფსიქოლოგიამ ძალიან გამიტაცა. ასე ნელ-ნელა დავიწყე სიზმრების კონტროლი. გამოჩნდებოდა თუ არა რომელიმე საზარელი არსება, ჩემთვის უკვე ასეთი ახლობელი და ოჯახის წევრივით ნაცნობი ჰაბიტუსის პატრონი, ვახერხებდი და საკუთარ თავს ვახვედრებდი, რომ ეს მხოლოდ სიზმარია, მე მძინავს, ახლა უნდა გავიღვიძო და ჩემი სტუმარიც ქრებოდა. ხერხი ამართლებდა, უფრო და უფრო ბასრი ხდებოდა და მალე გაჭრაც დაიწყო. რაც დრო გადიოდა სტუმრების რაოდეობა ნელ-ნელა ცოტავდებოდა, ზოგჯერ კი სულაც აღარ მოდიოდნენ.
მიზანტროპი მე, რომელიც თანატოლებში ასოციალურობით გამოვირჩეოდი, გარშემომყოფებში ერთპიროვნულადაც კი ვლიდერობდი, მოულოდნელად სოციალური ცხოველი გავხდი. ზედემტად სოციალურიც კი. მალევე გამოჩნდნენ მეგობრები. სწორედ ერთ-ერთ ასეთ თავყრილობაზე ვიყავი, როდესაც მეგობრები მეცნიერებაზე და ახალ აღმოჩნებზე საუბრობდნენ. საუბარი კვანტურ მექანიკაზე ჩამოვარდა. ეს არის სამყარო, რომელშიც მიკრო ნაწილაკები, ეგრედ წოდებული ელემენტარული ნაწილაკები საზრდოობენ. ეს არის სამყარო ატომის შიგნით, იმ ატომის შიგნით, რომლისგანაც მთელი ჩვენი მატერიალური სამყარო შედგება.
საუბრისას ყური მოვკარი, რომ კვანტურ სამყაროში, იგივე მიკრო რეალობაში, ფიზიკის სრულიად უცხო და უცნაურ კანონებს ვხვდებით. გავიგე, რომ კვანტური კანონები ეხება ყველა მატერიას და ნაწილაკს ყველანაირ მატერიაში. და აი აქ არის ძაღლის თავი დამარხული და არც დამარხული; კვანტურ მექანიკაში ნაწილაკების კონკრეტული ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლებელია. პირობითად, თუ წარმოვიდგენთ, რომ ორი ადამიანი იმოქმედებდა ატომებში მყოფ ნაწილაკების მსგავსად, მათ ერთმანეთის ადგილმდებარეობის დადგენა გაუჭირდებოდათ. ისინი იქნებოდნენ თითქმის ყველგან, მაგრამ ძებნის დაწყების შემთხვევაში ერთმანეთის წინ გაჩნდებოდნენ. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ყველგან არის, მაგრამ თუ რომელიმე კონკრეტულ სუბიექტს დააკვირდები, მას კონკრეტულ ადგილას დააფიქსირებს, თუმცა ეს არ იქნება მისი ერთადერთი ადგილმდებარეობა, ასეთ დროს, შენ უბრალოდ, ერთ-ერთ სავარაუდო ვარიანტს აფიქსირებ, ზუსტად ისე როგორც ჩემს სიზმარში! ჩემი მონსტრებიც ზუსტად ასე იქცეოდნენ, ისინი იყვნენ ერთგან, მაგრამ ამავდროულად ყველგან.
სახლში დაბრუნებისთანავე ინტერნეტს მივაშურე და ბოლო საუკუნის ღმერთს, გუგლს მივმართე. უამრავ თეორიას გავეცანი, მათი უმრავლესობა საბოლოოდ პარალელურ სამყაროებზე მიდიოდა. აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი მეცნიერი, მათ შორის ფილოსფოსიც, მიიჩნევს, რომ კვანტური მექანიკის თანახმად უნდა არსებობდეს პარალელური სამყაროები. კვანტურ სამყაროში არსებული უამრავი სხვადასხვა ვარიანტის მიუხედავად, ჩვენთვის დიდი ზომის ობიექტებში, ყველა შესაძლო ვარიანტი ქრება და იძლევა კონკრეტულ ერთ შედეგს. ეს შესაძლებელია იყოს გამოწვეული ჩვენ მიერ დაფიქსირებული ერთი კონკრეტული მოვლენის გამო, იმიტომ რომ ადამიანს არ გააჩნია უნარი, არსებობდეს და აღიქვამდეს სხვადასხვა შედეგებს ერთდროულად. მაგალითად, როდესაც აგორებ კამათელს, შედეგი უნდა იყოს ერთი, უნდა დაჯდეს რომელიმე კონკრეტული ციფრი. აქედან იბადება თეზისი, რომ შესაძლებელია ობიექტები მაკროსამყაროშიც არ ქრებიან, რეალურად ყველა შესაძლო ვარიანტი ხორციელდება, მაგრამ მათ ადგილი აქვთ პარალელურ სამყაროებში. კონკრეტული ვარიანტი კვანტურ მექანიკას ეფუძნება და ასკვნის, რომ ყველა შესაძლო კვანტური მოვლენა ხორციელდება დამოუკიდებელ რეალობაში. ეს ყველაფერი ხის ტოტებს მოგვაგონებს, სადაც ყოველი შესაძლო ვარიანტი, ალტერნატიული პარალელური ისტორიაა.
მახსოვს ერთ-ერთი ასეთი თეორიის კითხვისას ჩამეძინა, სიზმარში ჩემი წარსულის მეგობრები კვლავ მესტუმრნენ. იქ ყველაფერი კვლავაც ისე იყო, როგორც ოდესღაც, ბავშვობაში. ყველაფერი ყველგან და ამავდროულად ერთ ადგილას, მათ შორის მეც. წარსულის აჩრდილებმა არც ამჯერად დამინდეს. გაღვიძებისთანავე ვიგრძენი თუ როგორ ვტივტივებდი საკუთარ ოფლში. ფურცელს და ფანქარს ვეცი და ხატვა ვიწყე. სულ მალე ჩემი წარსულის მეგობრები ფურცლებზე იყვნენ გადმოტანილი, ოღონდ ამჯერად ზედვე მიჯაჭვული და ვერაფერს მიშავებდნენ. მალევე ისინი ციფრულ ვერსიებად ვაქციე, გადავიტანე კომპიუტერში და მათ მსგავს არსებებს ინტერნეტში ვუწყე ძებნა.
აღარ მეგონა, თუ კიდევ რაიმე შეძლებდა ჩემს ასეთ გაოცებას, მონსტრები, რომლებიც ბავშვობიდან, წლების განმავლობაში მდევნიდნენ, თურმე რეალურ სამყაროშიც არსებულან, ორონდ სუფთა ჰიპოთეტურად, ასეთ არსებებად წარმოედგინათ მეცნიერებს ცოცხალი ორგანიზმები, თუ რა თქმა უნდა, ისინი სხვა პლანეტებზე, ან ალტერნატიულ რეალობებში წარმოიშობოდნენ, სხვადასხვა, ასვე ჰიპოთეტურ ბუნებრივ კლიმატურ პირობებეში.
სწორედ ამ დროს დამემართა ეს პირველად. უეცრად თითქოს სივრცე გამოცვალესო, მე კვლავ ჩემს ოთახში ვიმყოფებოდი, მაგრამ ამჯერად ერთ ადგილას აღარ ვიყავი, თითქოს მთელს ოთახს ერთდროულად ყოველი წერტილიდან შევიგრძნობდი. ყველაფერი იყო ყველგან და ამავრდოულად ერთგან და ამჯერად ეს ხდებოდა ჩემს სამყაროში, ჩემი ფიზიკის კანონების სამყაროში, მე არ მეძინა!
გონება დავკარგე, გამოფხიზლებით საავადმყოფოში გამოვფხიზლდი. ექიმებისთვის ახნა არც მიცდია, მათაც მხრები აიჩეჩეს და მალევე სახლში დამაბრუნეს. მას შემდეგ სიზმრებს აღარ ვნახულობ, უფრო სწორად, ვნახულობ, მაგრამ მიჭირს გარჩევა. ადამიანებთან კომუნიკაცია კვლავ გართულდა. გონების დაკარგვის მიზეზები ნელ-ნელა უფრო ბევრჯერ გამიმეორდა, საბოლოოდ კი ჩვეულ ცხოვრების წესად მექცა. ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი პირველი „სიზმარი“, სულაც არ იყო სიზმარი. შესაძლოა სწორედ მაშინ მოვხვდი პირველად ერთ-ერთ პარალელურ სამყაროში, თუმცა, რა თქმა უნდა, ამის ახსნას, არსებული ცოდნით ვერ ვახერხებ.
დღეს აღარ მეშინია მონსტრების. გავიაზრე, რომ შესაძლოა ისინი არც არასდროს ყოფილან მონტსრები, შესაძლოა, რომელიმე პარალალურ რელოაბში არსებული ცოცხალი არსებები იყვნენ, რომლებიც ჩემსავით მშვიდად ცხოვრობდნენ. ვინ იცის, იქნებ ისინიც ჩემსავით იტანჯებიან, სრულიად მოულოდნელად პარალელურ სამყაორების გადაკვეთაში ხვდებიან და მათაც ჩემსავით ეშინიათ, იქნებ სულაც ჩემიც ეშინიათ.
დღეს მე მათთან ერთად მშვიდ თანაცხოვრებას შევეჩვიე. აი შეტევებმა კი იმატეს, მოულოდნელად სივრცე იცვლება ხოლმე და რეალობა რადიკალურად განსხვავებული ხდება, ისეთი, როგორიც კვანტურ მექანიკაში წარმოუდგენიათ მეცნიერებს. წარმოიდგნეთ, მათ წარმოუდგენიათ, მთელი მსოფლიოს რჩეული გონები ამაზე თავს იმტვრევენ, მე კი ასეთ რეალობაში ვცოვრობ, თითქმის ყოველ დღე! ამას იმიტომ ვწერ, რომ მინდა მოგიყვეთ ჩემზე, ჩემი რეალობა გაგიზიაროთ…
ახლაც, ჩემს გვერდით ეს უცნაური, ძალიან დიდი, ბრტყელი არესბა გაჩნდა, ალბათ მის პლანეტაზე დედამიწასთან შედარებით დიდი გრავიტაციის გამო სიცოცხლემ განსხვავებული ევოლუცია გაიარა და სხვა ფორმები მიიღო. ვაკვირდები და ის ყველგან არის, ვიხედები მარცხნივ და სავარძელში ზის, ვტრიალდები მარჯვნივ და ჩემს საწერ მაგიდაში იქექება, ნეტა რას ეძებს? ვიყურები წინ და პირდაპირ ჩემკენ მოექანება, ხელში რა უჭირავს? რა უნდა?!
ალბათ ახლაც მძინავს. არაუშავს, იმედია ეს ტექსტი დამამახსოვრდება, გაღვიძებისთანავე თავიდან დავწერ, მინდა ჩემი თავგადასავალი, ჩემი ცხოვრება ყველამ იცოდეს…
აი ახლა ჩემი ერთ-ერთი ვარიანტი, ერთ-ერთი მე, ფანჯრიდან ხტება…

 

ტეგები: , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: