RSS

Author Archives: Internalself

გრავიტაციული ტალღები

Gravitational-Waves-Help-Astronomers-Understand-Black-Hole-Weight-Gain

„მე არასდროს ვფიქრობ მომავალზე, ის ისედაც სწრაფად მოვა.“ – ეს სიტყვები დაახლოებით ასი წლის წინ ითქვა. ხსენებული სიტყვების ავტორი ახლა აღარ ფიქრობს, ის ცოცხალი არ არის, მაგრამ მისი ნააზრევი დღემდე მილიონობით ადამიანს აფიქრებს.

ასი წლის წინ ალბერტ აინშტაინმა გრავიტაციული ტალღების არსებობა იწინასწარმეტყველა. მართლაც, მისივე სიტყვების არ იყოს, მომავალი ნამდვილად მალე მოვიდა, 2016 წლის 11 თებერვალს მისი წინასწარმეტყველება ოფიციალურად დადასტურდა. თეზისი ემპირიულობად გარდაისახა.

სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ აქსიომად ითვლებოდა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში სადაც დრო უნივერსალურია. 1915 წელს აინშტაინი ახერხებს ფარდობითობის სპეციალური თეორიის განზოგადებას, ეს არის გრავიტაციული და ინერციული მასების ტოლობა. აინშტაინი ამით მიდის ფარდობითობის ფუნდამენტურ, ზოგად პრინციპთან, სადაც გრავიტაცია სივრცე-დროის გეომეტრიული თვისებაა. კერძოდ, სივრცე-დროის სიმრუდე დაკავშირებულია ენერგიასა და იმპულსთან. თეორიის თანახმად, გრავიტაციული ველი შედეგი უნდა ყოფილიყო სივრცე-დროის კონტინუუმის გამრუდებისა, რაც მატერიალური სხეულებისგანაა გამოწვეული.

არავინ იცოდა, რომ ჩვენი სამყარო ფარდობითია და მატერია დროსთან პირდაპირ კავშირშია. მეტიც, აღმოჩნდა, რომ გრავიტაციას შესძლებია დროში გვამოგზაუროს ისევე, როგორც მფრინავმა ხალიჩამ, რომლის კონცეფციამაც სხვადასხვა ტექნოლოგიების ჩარევით შეისხა ხორცი.

ამით კაცობრიობის ისტორიაში ახალ ერას ჩაეყარა საფუძველი. დრო და სივრცე არ არის განცალკევებული, ისინი ერთ მთლიანობას წარმოადგენენ და ერთმანეთში არიან გადაჯაჭვული. რაც უფრო მასიურია სხეული, ის უფრო ამრუდებს სივრცეს, შესაბამისად დროსაც. მაგალითისთვის, წარმოვიდგინოთ მზის სისტემა, მზე საკმარისად მასიურია იმისთვის, რომ მოახერხოს სივრცე-დროის გამრუდება, ეს წარმოშობს მიზიდულობას, სწორედ ამიტომ მოძრაობენ პლანეტები მზის გარშემო.

აინშტეინის მიხედვით, გრავტაციას უნდა ჰქონოდა გამოსხივება. ისინი შორდებოდნენ წყაროს, ვრცელდებოდნენ სინათლის სიჩქარით, მაგრამ ჩვეულებრივ გარემოში, მისგან დაშორებულ რეალობაში მათი დაფიქსირება ძალაინ რთული უნდა ყოფილიყო. გამომდიანრე იქიდან, რომ ელექტრომაგნიტური ტალღებისგან განსხვავებით, გრავიტაცია ძალიან სუსტია.

აინშტაინის თეორიის პრაქტიკაში შემოწმებაზე მუშაობა ჯერ კიდევ სამოციან წლებში დაიწყეს. დაიწყო მუშაობა პროექტებზე, რომლის შედეგიც უნდა ყოფილიყო დანადგარი, დანადგარის მიზანი კი გრავიტაციული ტალღების დაფიქსირება იქნებოდა. წყალი აიმღვრა მას შედმეგ, რაც 1960 წელს ტეოდორ მეიმანმა შექმნა პირველი ლაზერი, იგივე სინათლის გაძლიერება იძულებული გამოსხივების მეშვეობით. მალევე, 1962 წელს, მას შემდეგ რაც ლაზერი იქნა აღმოჩენილი, გაჩნდა თეზისი რომ უნდა გამოეყენებინათ ორი მასა და მათგან გაკეთებულიყო ანტენა. ეს ყვლაფერი იმიტომ, რომ გრავიტაციული კონტაქტი ხდება სუსტად, შესაბამისად სუსტია გამოსხივება.  საჭირო იყო გიგანტური მასები, მაგალითისთვის ორმაგი ვარსკვლავური სისტემები. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კოსმოსური სხეულების მიერ გამოსხივებული ენერგია კოლოსალურია, ჩვენგან დაშორებული მანძილის გამო გამოსხივების მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს.

სწორედ ამისთვის შეიქმნა ლიგოს ობსერვატორია. (ლაზერული ინტერფერომეტრიის გრავიტაციულ-ტალღური ობსერვატორია). ეს არის გრავიტაციულ-ტალღური ობსერვატორია, რომელიც ორი, ერთმანეთისგან 3000 კილომეტრის მანძილზე დაშორებული, ზუსტად ერთნაირი დეტექტორებისგან შედგება.

რამდენიმე წლიანი შრომის შემდეგ, შედეგი კვლავ არ ჩანდა, ფინანსები კი რაც ობსერვატორიას სჭირდებოდა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. 2015 წლის 19 მაისს, 7 წლიანი მოდერნიზაციის შემდეგ ლიგომ მუშაობა განაახლა. პროექტში ა.შ.შ. და 14 სხვა სახელმწიფო იღებდა მონაწილეობას. პროექტი საერთო ჯამში 370 მილიონი დოლარი დაჯდა. პროგრამის ხელმძღვანელებმა დეტექტორებზე მომუშავე გუნდს გამოსაცდელად ყალბი სიგნალებიც კი გაუვრცელეს, რათა მათ კომპეტენტურობაში დარწმუნებულიყვნენ.

და აი, 2015 წლის, 14 სექტემბერს, ლიგომ ეს შეძლო! მეცნიერებმა გრავიტაციული ტალღების პირდაპირი დამზერა მოახერხეს. ინფორმაციას გადამოწმება სჭირდებოდა და მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ, 2016 წლის, 11 თებერვალს ინფორმაციის გასაჯაროება მოხერხედა.

რატომ ახლა და არა აქამდე?

პასუხი ისეთია, რომ ნებისმიერ სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალს შეშურდება. ტალღების წყარო, ორი შავი ხვრელის შერწყმა აღმოჩნდა, რომელიც შედეგად ერთ გიგანტურ შავ ხვრელად ჩამოყალიბდა. ისინი მილიონობით წლის განმავლობაში ერთმანეთის გარშემო ბრუნავდნენ, როგორც ამას მეცნიერები უწოდებენ „ცეკვავდნენ“. ისეთი მასიურები და სწრაფები იყვნენ, ნელ-ნელა კარგავდნენ გრავიტაციულ ენერგიას, ამიტომაც უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. როგორც ეს ჩვენი მზის სიტემის შემთხვევაშია, რაც უფრო ახლოსაა პლანეტა მზესთან, მით უფრო სწრაფია მისი ბრუნვა, ასევე ხდებოდა შავი ხვრელების შემთხვევაშიც. რაც უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, მით უფრო სწრაფად ბრუნავდნენ. ბოლოს შავი ხვრელები ერთმანეთთან ისე ახლოს აღმოჩნდნენ, რომ თითქმის სინათლის სიჩქარით ტრაილებდნენ. მეცნიერებმა დაითვალეს და გამოვიდა, რომ საბოლოო შერწყმამდე, მხოლოდ ერთ წამში მათ გამოჰყვეს იმხელა ენერგია, რასაც მზე მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ვერ გამოიმუშავებს.

ამ ორი გრავიტაციული მონსტრის შეჯახებამ, რომელიც თავისმხრივ 1,3 მილიარდი წლის წინ მოხდა, სივრცე-დროის გამრუდება ისეთი მასშტაბებით შეძლო, რომ მათგან წამოსულმა გრავიტაციულმა ტალღებმა ჩვენამდეც მოაღწია. იმისთის, რომ წარმოვიდგინოთ შეჯახების მასშტაბები, ლიგოს მეცნიერების თქმით, ერთი შავი ხვრელის მასა 28 მზის მასას აჭარბებდა, ხოლო მეორესი 35 ისას და ისინი თითქმის სინათლის სიჩქარით ბრუნავდნენ. შეჯახების შედეგად მივიღეთ 62 მზის მასის მქონე შავი ხვრელი.

წარმოიდგინეთ, მილიარდ სამასი ათასი წელი, სწორედ ამდენი ხანი მოდიოდა ხსენებული გრავიტაციული ტალღები დედამიწამდე. ლოგიკურია, გზად ის სულ უფრო და უფრო კარგავდა ენერგიას, მაგრამ მიუხედავად ამისა ის ბევრად ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ყოველი ტალღა, რომელსაც ჩვენს პლანეტაზე მატერია წარმოქმნის. თუმცა, რომ არა ლიგოს დეტექტორების ზესენსიტიურობა, ვერც მათი დაფიქსირება მოხერხდებოდა.

„ორი დეტექტორი, ათასი მეცნიერი, 16 ქვეყანა, 25 წელი და დღეს.. ჩვენ ეს შევძელით!“ ასე დაიწყო კონფერენცია, რომელმაც კაცობრიობას ოფიციალურად ამცნო გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის შესახებ.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ გრავიტაციული ტალღები, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა თუ რა გველის შედმეგ. 400 წლის წინ გალილეო გალილეიმ თავისი ტელესკოპით გაიხედა კოსმოსში და ამით დაიწყო თანამედროვე ასტრონომია. ვფიქრობ, რომ დღეს იწყება არანაკლებ მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი, ჩვენ გავხსენით სრულიად ახალი ფანჯარა.“ განაცხადა პრესკონფერენციაზე ფრანც კორდობამ, ნაციონალური სამეცნიერო ფონდის დირექტორმა.

რა არის უმნიშვნელოვანესი?

ერთხელ და სამუდამოდ ემპირიულად დადასტურდა დრო-სივრცის გრავიტაციული რხევა. პირველად მოხერხდა გრავიტაციული ტალღების პირდაპირი დამზერა. ფარდობითობის ბოლო წინასწარმეტყველება გამართლდა. კიდევ ერთხელ დადასტურდა შავი ხვრელების არსებობა. გაჩნდა კოსმოსზე გრავიტაციული დამზერის საშუალება. როდესაც ისეთი ექსტრემალური ობიექტები, როგორიც შავი ხვრელებია, ერთმანეთში ერწყმებიან, ამ მომენტში ხდება ჩვენთვის სრულიად აუხსნელი მოვლენები, კონკრეტულ მომენტში ჩვენ ვერც ფარდობითობის თეორია გვეხმარება და ვერც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია კვანტურ სამყაროზე. გრავიტაციული ტალღები კი პირდაპირი შთამომავლები არიან მსგავსი მოვლენების, მათ უნდა გააჩნდეთ ინფორმაცია, ისინი უნდა იყვნენ მატარებელი იმ ინფორმაციის რაც შეიძლება ჩვენთვის სრულაიდ ახალი ფანჯარა აღმოჩნდეს.

„ამ მომენტამდე ჩვენ ვიყურებოდით ცაში, მაგრამ არ გვესმოდა მუსიკა“, -განუცხადა ჟურნალისტებს აღმოჩენის გუნდის წევრმა, ასტროფიზიკოსმა საბოლჩ მარკამ.

რას მოიტანს აღმოჩენა?

სამომავლოდ, გრავიტაციული-ტალღური ანტენებით შესაძლებელი იქნება სამყაროს აჩქარებული გაფართოების ზუსტი გაზმოვა, ნეიტრონული ვარკსვლავების სფერული ფორმიდან გადახრის დადგენა, ასევე კოსმოსური სიმების (თუ ის მართლა არსებობს) აღმოჩენა.

მაინც, რაში დაიხარჯა ამხელა რესურსები, როგორც ფიზიკური, მენტალური, ასევე ფინანსური, რაც თეორიულად ისედაც დამტკიცებული იყო?

ამაზე შეიძლება შემდეგი მაგალითი მოვიყვანოთ, მაგალითი, რომელიც ისტორიის მიერ არის დადასტურებული: მაშინ როდესაც 1897 წელს ჯ.ჯ. ტომსონმა პირველად მოახდინა ელექტრონის დამზერა, ჯერ კიდევ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ტექნოლოგია რაზეც ჩვენი დღევანდელი ყოველდღიური ცხოვრებაა დამოკიდებული მეტწილად სწორედ ამ აღმოჩენაზე იქნებოდა დაშენებული.

უკვე დღეს შენდება ახალი გრავიტაციული ტელესკოპები. ოც წელიწადში კოსმოსში გაფრინდება ახალი გრავიტაციული ლაზერული აპარატი. ის ათასჯერ უფრო ზუსტი და მგრძნობიარე იქნება ვიდრე დღევანდელი ტექნოლოგიები. ამიტომაც, შეკითხვაზე თუ რისთვის ხდება ეს ყველაფერი, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ისევე როგორც ოდესღაც ზღაპრული მფრინავი ხალიჩა – დღეს მართლა გაფრინდა, გინდაც თვითმფრინავის სახით, ოდესღაც ჩვენც შევძლებთ სივრცე-დროის იმ სახით გამრუდებას როგორც ამას შავი ხვრელები ახდენენ და ერთხელაც ჩვენც დავიწყებთ დროში მოგზაურობას, ისე როგორც ამას სხვადასხვა მითების და სამეცნიერო ფანტასტიკის გმირები აკეთებენ.

 

 

Advertisements
 
დატოვე კომენტარი

Posted by on სექტემბერი 28, 2017 in Uncategorized

 

ტეგები:

არარა

18341979_1946109015624920_5849841114830895107_n „ყველა ჩვენთაგანს შეუძლია ისწავლოს, რომ ადამიანის უბედურებას არასდრს განაპირობებს მის გარეთ მყოფი საგნები.“

მეცნიერების მიერ შედგენილ სამედიცინო ტერმინოლოგიის ლექსიკონში მოცემულია 400 000 სახეობის ფობია. ეს დღევანდელი ცნობებით, მაგრამ თუ ნილ გეიმანს და მის ღმერთებს დავესესხებით, ყოველ წამს რაღაცა იცვლება, შესაბამისად იბადება ახალი შიში – განათლებულებისთვის ფობია. მე ყოველ მათგანს ვერ შევეხები და ამ პატარა ტექსტით მოვიცავ ორ შიშს, რომლებიც როგორც ქვემოთ ნახავთ ოთახში არიან…

არსებობს ოთახი, სადაც ორი შიშია გამომწყვდეული. ოთახში გაუთავებლად ისმის კარზე კაკუნის ხმა. შიშები მორიგეობით მიდიან კართან და იხედებიან ჭუჭრუტანაში. პირველი შიში კარების მეორე მხარეს ხედავს საფრთხეს, ხოლო მეორე ხსნას. ისინი გაუთავებლად კამათობენ, ეს ყველაფერი კი კარზე მონოტონური კაკუნის პარალელურად, ან გინდაც სიმფონიურად. შიშები ვერ თანხმდებიან, უნდა გააღონ კარები თუ არა. პირველის არგუმენტი საფრთხის შიშია, მეორე ცდილობს გადაარწმუნოს. გადარწმუნებისთანავე ახლა მას ეშინია. ეშინია იმედგაცრუების. ხომ შეიძლება ცდებოდეს და არასწორად ხედავდეს…

დილემა?

დილემა არაფერშია, არაფერი კი ყველაფერია! თუ ჭკუის კოლოფებს დავესესხებით, დიდი აფეთქება – სამყარო, სწორედ ასე არაფრისგან, იგივე სინგულარობისგან წარმოიშვა. „ყველაფრისგან და ამავდროულად არაფრისგან!“

ჭკუის კოლოფები იმასაც იქადნიან, რომ დიდმა აფეთქებამ გამოსტყორცნა ენერგია. ენერგია კი, როგორც თმაგაბურძგნული გენიოსისგან ვიცით, ატარებს პოტენციალს გარდაიქმნას მატერიად, ისევე როგორც მატერიას შეუძლია მეტამორფოზა ენერგიად. ჰო, პირველად არ იყო სიტყვა. თავიდან იყო ენერგია და მერე გაჩნდა მატერია. აი შემდეგ კი, მატერიამ თქვა სიტყვა…

ჭკუის კოლოფების თქმით, ერთ დროს სამყაროს საშუალო ტემპერატურა იმდენად მაღალი გახლდათ, რომ შეუძლებელი იყო სტაბილური ატომების არსებობა. აფეთქება კი, ფართოვდებოდა და ფართოვდებოდა. ასე გაცივდა სამყარო და ჩვენ ვიღებთ წყალბადის ატომს. სულ მალე სამყაროს ჰელიუმიც მოევლინა, მერე დეიტერიუმი და წავიდა… გაციებამ საბოლოოდ ადამიანი მოიტანა.

შემდეგ იყო 400 000 წელი და აენთო პირველი ვარსკვლავები. ახალბედები არ იყვნენ სტაბილურები, მალევე კოლაფსირდებოდნენ და მათ შორის ყველაზე მასიურები წარმოქმნიდნენ შავ ხვრელებს. გავიდა მილიარდი წელი – ამ სივრცის გამრღვევებმა და სულ-სულ ბნელებმა გალაქტიკების წარმოება დაიწყეს. გავიდა კიდევ მილიარდი წელი და მილიარდობით გალაქტიკიდან ერთ-ერთში მილიარდიდან ერთ-ერთი ვარსკვლავი აფეთქდა. ამან დატოვა გაზი, გაზი გრავიტაციამ დაამუშავა და ახალი ვარსკვლავი დაიბადა. ვარსკვლავს კვლავ გრავიტაცია წაეშველა და ტრილიონობით პლანეტას კიდევ ერთი შეემატა. რამდენიმე მილიარდი წელიც გაილია და ამ პლანეტაზე გაჩნდნენ არსებები, რომლებმაც თავს ჰუმანოიდები უწოდეს, ხოლო პლანეტას დედამიწა. ისინი მარტოსულები იყვნენ. ჯვარდებოდნენ და მრავლდებოდნენ, მაგრამ მაინც მარტოსულებად რჩებოდნენ. დაბადებიდან მარტოსულ არსებებს გაჩენისთანავე დემონი ჩაუსახლდათ. დემონმა ისინი აიძულა შეექმნათ ღმერთი. ვერ მოისვენა დემონმა და სამყაროს ეშმაკიც მოავლინა. ყველაზე ბნელი და საშიში არსება…

დემონი საშიშია?

დემონი შიშია…

საშიშია?

წარმოუდგენლად საშიშია! წარმოუდგენლად წარმოუდგენელია! ერთია იცოდე, მაგრამ მეორეა გაიაზრო. რამდენიმე წამით მაინც რომ შევძლოთ და დემონის გარეშე გადავიაზროთ თუ რა არის სინგულარობა, ან გინდაც მთელს ამ უსასრულო დროსა და სივრცეში ჩვენი არსებობა, როგორც მინიმუმ წარმოუდგენლები ვიქნებით…

შევეშვათ წარმოუდგენელს და სინგულარობას, დავუბრუნდეთ ჩვენს ორ პატარა შეშინებულ შიშს! დიდი აფეთქების შემდეგ თოთხმეტი მილიარდი წელია გასული… ჰო, ისინი ოთახში არიან გამოკეტილები და კარების გაღებასაც ვერ ბედავენ.

და მერე?

მერე ის, რომ შიში საშიშია, მაგრამ ეს მხოლოდ მისთვის, ვინც იცის, რომ შიში შიშია!

რამ შექმნა შიში?

სამყაროს და სიცოცხლის ევოლუციამ.

მაგრამ რამ შექმნა ზემოთ ხსენებული შიში, რომელმაც იცის, რომ შიში შიშია?

ეს უკვე ადამიანმა შექმნა.

რამ შექმნა ადამიანი?

„ადამიანი შრომამ შექმნა“ ო გეტყვით ვინმე მემარცხენე, მემარჯვენეც დაეთანხმება, მაგრამ დაურთავს, რომ ახლა უხილავი ხელის შრომის დროა.

რამ შექმნა ეს უხილავი ხელი?

საზოგადოებამ!

რამ შექმნა საზოგადოება, რომელიც ხან მარცხნივ მიდის, ხანაც მარჯვნივ? რამ შექმნა ეს მემარცხენე და მემარჯვენე?

შიშმა შექმნა ორივე…

რის შიშმა?

იმის შიშმა, რომ ადამიანი ბუნებით სოციალური ცხოველია, მაგრამ ამის პარალელურად ინდივიდია. ინდივიდი ინდივიდუალიზმის ილუზიით.

ოქსიმორონია?

განათლებულებისთვის!

რა გამოდის?

გამოდის, ადამიანი სოციუმის გარეშე პრიმიტივია, მაგრამ სოციუმი, რომელიც ინდივიდუალიზმისგან სრულებით იცლება, უბრალოდ პრიმიტიული ბრბოა.

მაგრამ ბრბო ხომ მაინც რაღაცაა?

ისევე როგორც პრიმიტივი.

მაგრამ ბრბო…

კი, რაღაცაა და ეს რაღაცა საშიშია.

საშიშია ვისთვის?

ინდივიდისთვის.

რა გამოდის?

სოციუმი საშიშია ინდივიდისთვის!

მაგრამ ხომ არსებობს ინდივიდი, რომელიც საშიშია სოციუმისთვის?

კი, ეგეც საშიშია!

რა გამოდის?

გამოდის ადამიანს საკუთარი ბუნების ეშინია. დემონის, რომელიც…

აი ისევ დაგვეკარგა ზემოთ ხსენებული ორი შიში შიშში, არადა ისინი კვლავ ოთახში არიან გამოკეტილნი… ისინი მე ვარ, ისინი შენ ხარ, მე ვარ შენ. ეს ორივე არსებაა, ხოლო არსებობა განათლებულებისთვის ეგზისტენცია. პირველი შიში ცნობიერია, რომელიც ხედავს საფრთხეს და ცდილობს თავი აარიდოს, ხოლო მეორე ქვეცნობიერია, რომელიც ცდილობს რაიმეს მოეჭიდოს, რაღაცას გამოეკიდოს, ეკიდება, მაგრამ სწორედ მას აქვს გააზრებული და არა ცნობიერს, რომ კარის მეორე მხარეს არაფერია. არაფერი, უბრალოდ არარა. აღებ კარებს, გადიხარ და სრულდება ოთახი, სრულდება ოთახი და მასთან ერთად სივრცე და დროც, რომელიც ამ ჯადოსნურ კოლოფშია მოქცეული… „ნების ოპტიმიზმი, გონის პესიმიზმი.“

ეგ როგორ?

ჰო, ეგრე!

და რა გამოდის?

გამოდის არაფერი!

არაფერი კი როგორც უკვე ზემოთ შევთანხმდით, ყველაფერია! ანუ, ადამიანი ყველაფერია და ამავდროულად არაფერია?

ჭკუის კოლოფებს ვკითხოთ…

და თუ ყველაფერი ასეა, მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?

ჰო, არაფერი და ყველაფერი! შიში – არარასი არარაში

არსებობა უარს ამბობს არსებობაზე?

დემონი არ უშვებს. შიში წინ უსწრებს არსებას. არსებობაზე უარს მხოლოდ ღმერთები ამბობენ… ღმერთობა კი არარაშია.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on აგვისტო 15, 2017 in Uncategorized

 

კვანტური ფობია

1154133535
პირველად იყო სიზმარი და შემდეგ პროცესი. რაღაცით კაფკას პროცესი, ოღონდ არა უსასრულო სასამართლო პროცესიით. მთელი ჩვენი ცხოვრება სასამართლო პროცესებია, შეიძლება ბიუროკრატიის გარეშე, მაგრამ განსჯა ყველგან არის, დაბადებიდან დაწყებული, როდესაც ჯერ კიდევ არ იცი როგორი ხარ, შემეცნებაც კი არ ჩაოგყალიბებია, შენზე უკვე ხმები დადის. ერთი მახინჯს გეძახის, მეორე კი შენი სილამაზით არის აღფრთოვანებული, ეს რა ლამაზი ჩვილიაო, უკანასკნელს ძირითადად მშობლები ითავებენ ხოლმე. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on აგვისტო 15, 2015 in Uncategorized

 

ტეგები: , , , , , , ,

ტომას მორის უტოპია

78a5a390f14c

“იქ სადაც ბატონობს კერძო საკუთრება, სადაც ყველაფერი ფულით იზომება, თითქმის შეუძლებელია სახელმწიფო საქმეთა წარმატებით მართვა. ასეთ საზოგადოებაში გამართლებული იქნება, რომ ყველაფერი საუკეთესო ყველაზე უფრო უღირსთ ხვდებათ და ეს ყველაფერი ხალხის ძალიან მცირე ნაწილს აქვს განაწილებული. სახსრების განაწილება თანაბარი და სამართლიანი წესით შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრების მოსპობის პირობებში, ხოლო სანამ ის იქნება კაცობრიობის საუკეთესო და უდიდეს ნაწილს ვერასდროს ექნება უღირსთა და მცონარათ ხელში არსებული ფუფუნება.”

ამ სიტყვების ავტორი, 537 წლის წინ წინ, 1478 წელს, ტომას მორი სამყაროს მოევლინა. მორის მამა იმ დროისთვის შეძლებული ლონდონელი იურისტი იყო. მორმა დაწყებითი განათლება წმ. ანტონიუსის გრამატიკულ სკოლაში მიიღო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო დაწესებულებითი სკოლა იყო ინგლისში. 1497 წელს მან ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩააბარა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ოქსფორდის უნივერსიტეტი ინგლისის ჰუმანიზმის ცენტრს წარმოადგენდა. ორ წელიწადში მამის თხონით, მან დატოვა ოქსფორდი და ლონდონში დაბრუნებულმა იურისპრუდენციის შესწავალა დაიწყო.

27 წლის მორი უკვე ინგლისის პარლამენტის თემთა პალატის წევრი იყო. სულ მალე მეფესთან კონფლიქტის გამო მას ინგლისის დატოვება მოუწია, მაგრამ ჰენრი მეშვიდის გარდაცვალებისთანავე, 1509 წელს, ის ინგლისში დაბრუნდა. მან მალევე განაახლა საზოგადოებრივი მოღვაწეობა და ერთ წელიწადში ინგლისს პარლამენტის დეპუტატად მოევლინა.

დაძაბული და როგორც თავად ამბობდა, დამღლელი მოღვაწეობის მიუხედავად, ის ლიტერატურულ მოღვაწეობასაც განაგრძობდა. მას უამრავ ნაშრომთან ერთად ეკუთვნის ძველი ბერძენ პოეტთა თარგმანები, მაგრამ მის მთავარ შემოქმედებად მაინც „უტოპია“ ითვლება. „უტოპიის“ წერა მორმა 1515 წელს დაიწყო. წიგნი ორი ნაწილისგან შედგება, პირველ ნაწილს შესავალი შეიძლება ეწოდოს, სადაც ინგლისის სახელმწიფო სტრუქტურის კრიტიკაა, ხოლო მეორე ნაწილში მორი გამოგონილი პერსონაჟის სახელით  იწყებს „უტოპიის“, ასევე გამოგონილი კუნძულ-სახელმწიფოს, წყობილების დეტალურ აღწერას. მიუხადავად ამისა, ვარაუდობენ, რომ მორმა თავიდან მეორე ნაწილი დაწერა, ხოლო შემდეგ დაურთო მას პირველი.

მორმა მოახერხა და შეეხო მაშინდელ თითქმის ყველა სოციალ-ეკონომიურ თუ პოლიტიკურ განვითარების პრობლემას. ის არა მარტო ნათელს ხდის არსებულ ეკონომიკურ განვითარებას და როგორც კომენტატორი მატჩს ისე გადმოსცემს, არამედ დროსაც უსწრებს და კაპიტალის დაგროვებისგან გამოწვეულ პროლემებსაც წინასწარ ეხება. მორი არა მარტო ხრწვნის პროცესში მყოფ ფეოდალურ წყობილებას აკრიტიკებს, ის მზარდი კაპიტალისტური განწყობასაც წვდება და ცდილობს მის უარყოფით შედეგებზეც გაგვაფრთხილოს.

უტოპიაში აშკარად იგრძნობა მორის სიმპატიები მშორმელთა მიმართ და აქ ის აშკარად ცდება საკუთარი ეპოქის, ჰუმანისტი ფილოსოფოსის შემოსაზღვრულ ფარგლებს. მისთვის ეს ყველაფერი არც მეტი, არც ნაკლებია და ამ ერთ წინადადებაში იდეალურად ჯდება „ერთი მუჭა გაზულუქებული მდიდრების შეთქმულება უმრავლესობის წინააღმდეგ“.

მორის უტოპიაში მკითხველი ბევრ, იმ დროისთვის, მართლაც გასაოცარ პროგრესულ იდეას გადააწყდება. მაგალითისთვის საკმარისია ქალთა ემანსიპაცია, დღეში ექვს საათიანი შრომა, სიკვდილით დასჯის საზოგადოებისთვის სასარგებლო სადამსჯელო შრომით ჩანაცვლება და ბევრი სხვა. მისი მოსაზრებები სამართლის შესახებ შემდეგია; „იმ სამართალზე მეტი უსამართლობა არაფერია, რომელიც ამართლებს ადამიანის სიკვდილით დასჯას, მხოლოდ იმიტომ, რომ მან ვიღაცას ქონება წაართვა. მითუმეტეს მაშინ, როცა ქურდი იძულებულია მოიპაროს, რადგანაც ის სისტემისგან არის ჩაგრული. გამოდის სისტემა ადამიანს ართმევს უფლებას და ამ უფლების მოპარვის შემთხვევაში თავადვე ასამართლებს.“

მორი რელიგიურ თავისუფლებაზეც საუბრობს და, იმ დროისთვის რამდენადაც რთული წარმოსადენი არ უნდა იყოს, ათეისტების არსებობასაც უშვებს, შეიძლება ითქვას ამ უკანასკნელთა დასჯასაც ემიჯნება, თუმცა მათ მაინც უღირს ადამიანებად მოიხსენიებს. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი უამრავი ნოვატორული იდეისა, მორის იდეალურ სამყაროში კვლავაც, მართლაია ბევრად ჰუმანური კონცეპტით, არსებობენ მონები.  ასევე შეზღუდულია ბევრი სამოქალაქო უფლება, რაც დღევანდელ ადამიანს ბუნებრივ უფლებად და განუყრელად ეჩვენება, მაგრამ სრული აფსურდია და წარმოუდგენელია იმ დროში მცხოვრებ ადამიანს ამაზე პასუხი მოსთხოვო. ეს იგივეა აკრიტიკო ნიუტონი მის კლასიკურ მექანიკაში კვანტური მექანიკის გაუთვალისწინებლობის გამო.

მორს ბევრი სოციალიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად მოიხსენიებს. მას დიდ პატივსცემდნენ და მის გავლენას აღიარებდნენ ისეთი ფიგურები როგორიც იყვნენ ფრიდირიხ ენგელსი, მარქსი, ლენინი და ბევრი სხვა.

მორი ცდილობს თავის უტოპისტურ სახელმწიფოში, რომელსაც აშკარად ეტყობა პლატონის „სახელმწიფოს“ გავლენა, თავისი ფანტაზიის გამოყენებით ყველაფრის დეტალებში აღწერას.  მის ფანტაზიას ეკუთვნის გამოგონილი ქალაქების, თანამდებობის პირების, ხელობების, ურთერთდამოკიდებულობების, მოგზაურობების, მონების, სამხედროების და რელიგიების დეტალური დახასიათება.

მორის „უტოპიაში“, რომელიც თავისმხრივ ბერძნულიდან მოდის,  უარყოფითბობის ნაწილაკის და ადგილის აღმნიშვნელი სიტყვის შეერთებით, რისი დეფინიციაც დაახლოებით ასე ჟღერს „არარსებული ადგილი“, თქვენ იხილავთ არა მარტო არსებული სისტემის კრიტიკას და მის სრულყოფილების მცდელობას, არამედ თავად ავტორის, ბუნებით ნამდვილი უტოპისტის შინაგანი სამყაროს ჭეშმარიტ უტოპიურობას, რომელმაც თავისი ჰუმანიზმით დროს გაასწრო.

მორი საკუთარმა ხასიათმა, იდეოლოგიამ და უტოპიამ საბოლოოდ თავის გარეშე დატოვა. ამით მან თავისი საყვარელი ფილოსოფოსის, პლატონის მასწავლებლის სოკრატეს ბედი გაიზიარა. თუმცა შეიძლება ამ ყველაფერს ხვდებოდა კიდევაც და ბევრ სოციალურ-ეკონომიურ მოვლენასთან ერთად საკუთარ ბედსაც წინასწარმეტყველებდა, როდესაც თავისი ნაშრომი, ისევე როგორც სიცოცხლე, შედმეგი სიტყვებით, ჭეშმარიტად უტოპისტურად დაასრულა „ამ სურვილების აღსრულების არავითარი იმედი არ მაქვს.“

მორის უტოპიურ „იდეალურ“ სამყაროში არ არსებობდა კერძო საკუთრება, აღარ იყო ფული, ხოლო ოქროს დანიშნულება მონების კისერზე ჯაჭვის ფუნქციას ვერ ცდებოდა, რაც შეეხება  დარჩენილს, დარჩენილით საპირფარეშო ქოთნებს ამზადებნენ.

ალბათ ამასვე გულისხმობდა ლენინი, როდესაც ამბოდა „მოვა დრო და ოქორსგან ტუალეტებს დავამზადებთ.“

მას შემდეგ რაც „უტოპია“ სამყაროს მოევლინა ხუთასი წელი გავიდა, მაგრამ მასში წარმოდგენილი ავტორის მოსაზრებები დღესაც აქტუალურია და რამდენადაც პარადოქსალურად არ უნდა ჟღერდეს, მიუხედავად დროში ამხელა ნახტომისა, ის დღეს კიდევ უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე.

 

 
 

ტეგები:

პომპეი – რომაული ქალაქი

Mariam Meritamen's Blog

პომპეი ერთ-ერთი ულამაზესი და უმდიდრესი ქალაქი იყო რომის იმპერიაში. ქალაქი თითქოს დროში გაქვავდა და დღევანდელ დამთვალიერებელს სრულ სურათს სთავაზობს, თუ როგორი იყო ანტიკური რომაული ქალაქი.

პომპეი ძვ.წ IV საუკუნეში დაარსდა. ქალაქში განვითარებული იყო ვაჭრობა, ხდებოდა ღვინისა და ზეთის გატანა. პომპეი შიეცავს ყველა იმ ელემენტს, რომელიც დამახასიათებელი იყო რომაული ქალაქისათვის; ტაძრები, თეატრი, აბანოები… ქალაქი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, სანამ ძვ.წ 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევა მოხდა.

pompeii1

თავდაპირველად ძალიან ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება ფერფლისა და კვამლის ნაკადს.  თუმცა სულ მალე სიტუაცია შეიცვალა. შავმა ღრუბლებმა ცა დაფარა, სახლის სახურავებზე, ხეებზე, ქუჩებში ფერფლი ილექებოდა, გამუდმებული მიწისქვეშა ბიძგები ქალაქის მცხოვრებლებს მოახლოებული კატასტროფის შესახებ ამცნობდნენ. ვუკლანი ერთბაშად არ ამოფრქვეულა, თითქოს ბუნება მოსახლეობას აფრთიხლებად, რომ გასცლოდნენ იქაურობას. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მართლაც დატოვა ქალაქი. არქეოლოგიური გათხრების დროს აქ დაახლ. 2000 ადამიანის სხეული აღმოაჩინეს, მთლიანობაში კი ქალაქში დაახლ. 20 000 ადამიანს უნდა ეცხოვრა. აღსანიშნავია, რომ გათხრებისას რამდენიმე შემთხვევა აღმოჩნდა, როდესაც არქეოოგებმა ადამიანების ნეშტი სარდაფებში აღმოაჩინეს, მათ გვრედით კი…

View original post 332 more words

 
დატოვე კომენტარი

Posted by on აპრილი 25, 2015 in Uncategorized

 

არტურ კლარკი – ქალაქი და ვარსკვლავები

arthur-c-clarke-the_city_and_the_stars_hardcover

მეცნიერების მკვლევარი, მომავლის არქეოლოგი ასე უწოდებენ არტურ კლარკს, მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეოცნებე ადამიანს. კლარკი სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთათვის სწორედ მომავალთან ასოცირდება, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო, იგივე მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში მას და მის თანამოაზრეებს მთვარეულებს ეძახდნენ, ისიც იმიტომ, რომ არტური და მისი მეგობრები ჯერ კიდევ მაშინ გეგმავდნენ მთვარეზე გამგზავრებას. კლარკს და მის მეგობრებს მაქსიმალურად ზუსტად ქონდათ გათვლილი საფრენი აპარატის სიცოცხლისუნარიანობა, რომელიც შეძლებდა და ადამიანს მთვარეზე დასვამდა, მაშინ ეს ბევრისთვის სასაცილო იყო. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on თებერვალი 9, 2015 in Uncategorized

 

ტეგები: , , , , , , , , , ,

სტივენ ჰოუკინგი – დროის მოკლე ისტორია

brief-history-of-time

წარმოიდგინეთ ხართ 21 წლის, სწავლობთ კემბრიჯში, ხართ ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული სტუდენტი, თქვენი საქმით გატაცებული გრძნობთ, რომ ეს უკანასკნელი ძალიან კარგადაც გამოგდით, მოგწონთ გოგო და თავისმხრივ ის ამავეთი გპასუხობთ. დამეთანხმებით, ალბათ შესაძლებლობა რომ გქონოდათ, მსგავს ცხოვრებას ბევრი თქვენგანი წინასწარაც შეუკვეთდა.

ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, 21 წლის ახალგაზრდა მიზნად ისახავს ფიზიკის უნიფიკაციას, ის გადაწყვეტს იპოვნოს ერთი კანონი, რომელიც ყველაფერს გააერთიანებს და საბოლოოდ მივიღებთ თეორიას ყველაფერზე. არც ისე ცუდი ჩანაფიქრია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბიჭი მეცნიერობას აპირებს და არა იურისტობას.

ერთი სიტყვით, ყველაფერი ისე იწყება, როგორც ჰოლივუდური ბანალური ფილმები სრულდება ხოლმე. დაწყება დასასრული იქით იყოს და მოდი განვაგრძოთ წარმოდგენა, თქვენ ისევ 21 წლის წარმატებული ახალგაზრდა ხართ, ჰოლივუდური ღიმილით თუ არა, ჰოლივუდური ბედნიერებით ნამდვილად. სწორედ ამ დროს თქვენთან მოდიან და გეუბნებიან, რომ ავად ხართ, დაავადებას ქვია ინფანტილური სკლეროზი, ნელ ნელა საკუთარ სხეულს ვეღარ გააკონმტროლებთ და მაქსიმუმ ორი წელი იცოცხლოთ. და აი აქ ჩვენ კარდინალურად გვეცვლება ცხოვრება, მიზნები, მომავალი და საერთოდ სამყაროს აღქმა.

ჩვენი 21 წლის ახალგაზრდა კი, რომელის ბედსაც, ალბათის გარეშე შემიძლია ვთქვა, ნებაყოფილობით არავინ გაიზიარებდა, აგრძელებს ცხვორებას. იცავს სადოქტორო ნაშრომს, მოჰყავს ცოლი, უჩნდება სამი შვილი და რამდენიმე დღის წინ 73 წლის იუბილესაც აღნიშნავს.

ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, მინდა სტივენ ჰოუკინგის “დროის მოკლე ისტორიას” რამდენიმე წინადადებით შევეხო. 1988 წელს, როდესაც ჰოუკინგმა დროის მოკლე ისტორია გამოსცა, მას უკვე მეტყველების უნარიც დაკარგული ჰქონდა. ის გარეშე პირებთან ურთიერთობას საგანგებოდ მისთვის შექმნილი კომპიუტერის საშუალებით ახდენდა.

წიგნის მთავარი დადებითი, ალბათ მაინც ავტორის მიერ სპეციფიური სამეცნიერო ენის მაქსიმალურად გამარტივებაა, მაგალითად, როდესაც ჰოუკინგი ცდილობს ძალიან მარტვი ყოველდღიურუი მაგალითებით აუხსნას მკითხველს იგივე განუზღვრელობის პრინციპი.

ჰოუკინგი თავიდანვე ცდილობს მიახვედროს მკითხველი, რომ მისგან რაიმე მეხუთე განზომილებას აღმოჩენას არ უნდა ელოდნენ. ის ხაზს უსვამს, რომ ადამიანებმა შეიძლება ვნახეთ, რომ დედამიწა კუზე არ დგას, მაგრამ არ უნდა გვეგონოს, რომ ბევრად მეტი ვიცით. მხოლოდ დროს და ადამიანის უკვდავ გენს, რომელიც შთამომავლიდან შთამომავალზე გადადის, შეუძლია უპასუხოს გაუცემელ შეკითხვებს, ან სულაც, უკვე გაცემული პასუხები აქციოს იმად, რაც დღეს კუზე წამოსკუპებული ბრტყელი დედამიწის თეორიაა.

წიგნი გაძლევთ საშუალებას ავტორთან ერთად იმოგზაუროთ პტოლემესა და მისი წინამორბედების გეოცენტრულ კოსმოლოგიიდან კოპერნიკისა და გალილეოს ჰელიოცენტრული კოსმოლოგიის გავლით თანამედროვე სურათამდე, რომელშიც დედამიწა საშუალო ზომის პლანეტაა და ბრუნავს საშუალო ზომის ვარსკვლავის გარშემო, რომელიც მოთავსებულია დაკვირვებადი სამყაროს ჩვეულებრივი სპირალური გალაქტიკის გარე არეში.

ასევე შეგიძლიათ დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდეც გაისეირნოთ, დაიკარგოთ დროსა და სივრცეში, სამყაროს შემქნელს დაუპირისპიროთ განუზღვრელობის პრინციპი, გაიცნოთ დროის ისარი და მისი როგორც მინიმუმ სამი ვარიაცია. ავტორი არც დროში მოგზაურობაზე გეტყვით უარს, ამისთვის კი ჭიის ხვრელების გაცნობა მოგიწევთ. მოგზაურობის დასასრულს კი შეგიძლიათ დაისვენოთ და ავტორთან ერთად ფიზიკის უნიფიკაციაზე დაფიქრდეთ. ამისთვის კი ფარდობითობის თეორია და კვანტური მექანიკა დაგჭირდებათ. სწორედ ამ ორის გაერთიანება მიაჩნია ჰოუკინგს საშუალებად, რომელმაც შესაძლოა ერთხლ და სამუდამოდ მოახერხოს ფიზიკის უნიფიკაცია. სრული გაერთიანების თეორია, ეს იქნებოდა ჰოუკინგისთვის ყველაზე დიდი წარმატება.

“თუ აღმოჩენილი იქნება სრული გაერთიანების თეორია, მოხდება ფიზიკის უნიფიკაცია, საჭირო იქნება გარკვეული დრო, ვიდრე ის წესრიგში იქნება მოყვანილი და გამარტივდება ისე, რომ სკოლებში ზედაპირულად მაინც ისწავლებოდეს. მაშინ ყველას გვექნება საშუალება გავიგოთ კანონები, რომლებიც მართავენ სამყაროს და პასუხიმგებელნი არიან ჩვენს არსებობაზე. ფილოსოსფოსებს, მეცნიერებს და ჩვეულებირვ ადამიანებსაც შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში საკითხებზე: რატომ მოხდა ისე, რომ ჩვენ და სამუყარო ვარსებობთ, თუ ამაზე პასუხს ვიპოვით ეს იქნება ადმაიანის გონების საბოლოო ტრიუმფი – რადგან ჩვენ გვეცოდინება ღმერთის განზრახვა.”

პ.ს. იქიდან გამომდიანრე, რომ წიგნი 1988 წელს გამოვიდა, მას შემდეგ კი 27 წელი გავიდა, შეხვდებით საკითხებს რაშიც არსებული გადმოსახედიდან არის ინფორმაციის ნაკლებობა, ეს ძირითადად მაინც სამყაროს გაფართოებას და ბნელ ენერგიას ეხება, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ დროს ჰოუკინგმა ბნელ ენერგიაზე ჯერ არაფერი იცოდა, მაგრამ საერთო ჯამში, წიგნი ძალიან მარტივად და კარგად იკითხება. ის საინტერესო უნდა იყოს, როგორც თანამედროვე მეცნიერებაში კარგად ჩახედული, ისე არაინფორმირებული ადამიანისთვის. წიგნი ზემოთ ხსენებულ კატეგორიებს, თითქოს ორივეს, თავის ენაზე ესაუბრება და სწორედ ეს არის მისი მთავარი დადებითი.

 
6 Comments

Posted by on იანვარი 23, 2015 in წერილი