RSS

Category Archives: ლიტერატურა

ჯოჯოხეთი?!

შუა ზაფხული იდგა, ივლისის დასაწყისი იქნებოდა, სადღაც დღის ოთხი საათი. სახლში ვიყავი, კონდენციონერი მქონდა ჩართული და წიგნს ვკითხულობდი. წიგნს ისე გავეტაცე, დროის შეგრძნების უნარი სრულებით დაკარგული მქონდა. გვერდით საფერფლე მედო, შიგ უამრავი სიგარეტის ნამწვავი ტივტივებდა. ერთი ღერი სულ მთლად ფერფლად იყო ქცეული და საფერფლის კედელს მთვრალი კაცივით ეგლისებოდა. ,,ეცადა ბეჩავს ადგომა, მაგრამ ვეღარა დგებოდა’’. ამის შემყურეს ეს სიტყვები ზედ გამოჭრილად მეჩვენა. კონდენციონერიც თავის მხრივ თავის საქმეს აკეთებდა, მზრუნველი მშობელივით გადამფარებოდა და აუტანელ სიცხეს არ მაკარებდა, მაგრამ როგორც ეს ხშირად ხდება და შვილის სიყვარულით დაპათოსებულ მშობელს ემართება, კონდენციონერსაც ზედმეტი მოუვიდა და ამ პაპანაქება სიცხეში სულ ცოტაც და გავიყინებოდი, ნუ თუ არ გავიყინებოდი გავცივდებოდი მაინც. (გარეთ კი ორმოცი გრადუსი სიცხე იქნებოდა) სიცივეს ალბათ ვერც ვიგრძნობდი, რომ არა ტელეფონი და მისი ყურის წამღები ხმა. სწორედ მაშინ ვიგრძენი, მციოდა. მაისური მალევე ჩავიცვი და ყურმილი ავიღე.
–––რას შვები ბექ? როგორ ხარ?
მომესმა მეგობრის ხმა. ვიგრძენი თუ როგორ არ მესიამოვნა. ამ ბოლო დროს ასე ხშირად მემართება. ვერ გეტყვით რატომ, საქმე კონკრეტულად ჩემ მეგობარში არაა. მსოფლიოში არ მეგულება ადამიანი, ვისი ხმის გაგონებაც ასეთ დროს მესიამოვნებოდა. ტელეფონმა თითქოს სილა გამაწნა, წამართვა რაღაცა, ის რაღაცა რასაც ჩვენ ფანტაზიას ვუწოდებთ და ხელში შემომაჩეჩა ის, რასაც რეალობას ვეძახით. რეალობა, რომელიც დღითი დღე უფრო და უფრო ჭკნება და მალე აყროლდება კიდევაც.
–––რას შვები? როგორ ხარ?
გაიმეორა ხმამ, ამჯერად უფრო უკმაყოფილოდ, როდესაც პირველად დასმულ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.
–––არა მიშავს, შენ როგორ ხარ?
ვუპასხე და უეცრად გამკრა აზრმა, რომ აგერ უკვე ბოლო ერთი წელია ამ კითხვას ერთი და იმავე პასუხს ვაყოლებ. ,,არა მიშავს, შენ როგორ ხარ’’. თუმცა, რომც მეცადა სიტყვებით მაინც ვერ გადმოვცემდი თუ როგორ ვიყავი სანამ მის ზარს გავიგონებდი. აბა რა მეთქვა?! ხომ ვერ ვეტყოდი, სულ ცოტა ხნის წინ მე და ფრიდრიხ ნიცშე სამყაროს ამაოებაზე ვმსჯელობდით და ასე აბსურდის სამყაროში ხელი–ხელ ჩაკიდულები ვსეირნობდით მეთქი. თან ბოლობოლო ასეთი კითხვები უბრალოდ ფორმალობაა და მეტი არაფერი. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, ზრდილობის გამოხატვის ერთ ერთი ადვილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალება.
–––მეც არა მიშავს. ისე დღეს ჩემი დაბადების დღეა, შეგეძლო მოგელოცა, თუმცა დარწმუნებული ვარ კიდევ დაგავიწყდა.
ისეთი უკმაყოფილო ხმა ჰქონდა ალბათ ელოდა, ვეტყოდი ,,არა, არა, არ დამვიწყნია, აი ახლა ვაპირებდი დარეკვას და შენ დამასწარი მეთქი’’. თუმცა არ მიყვარს ტყუილი, სასტიკად არ მიყვარს. მართალი გითხრათ არც დაბადების დღეები მეხატება დიდიად გულზე. ასეთი დღესასწაულების აზრს ვერც ვხვდები, ხოლო რაც არ მიყვარს, იმას ვცდილობ დიდი ყურადღება არც მივაქციო, ამიტომ ხშირად მავიწყდება კიდევაც.
–––ხო კიდევ დამავიწყდა! ოჯახის წევრები, რომ არა, ალბათ ჩემი დაბადების დღეც დამავიწყდებოდა. . .
–––შენ როგორც ყოველთვის უცნაური ხარ და რაღაცეების მოჩმახვა გევასება. ჩაიცვი და ჩემთან გამოეთრიე, ბიჭებმა ცოტა ხნის წინ დამირეკეს. მალე აქ იქნებიან, უნდა აღვნიშნოთ, სრულწლოვანი ყოველდღე კი ვერ გახდები!
ბოლო წინადადება ისეთი სიამაყით წარმოთქვა, ეტყობა მართლაც ძალიან უხაროდა თვრამეტი წლის რომ ხდებოდა. ეს ხომ საზოგადოების სრულყოფილ წევრობას ნიშნავდა. ზემოთ ნახსენები კი მისთვის ნიშნავს: ხმის მიცემის უფლებას, მანქანის მართვის უფლებას, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ფუნდამენტალურია ესაა აზარტული თამაშები. ახლა ხომ პოკერებსაც და ტოტალიზატორსაც უფრო ხშირად ითამაშებს, თუმცა უფრო ხშირად როგორღა შეძლებს ისედაც სულ იქ გდია, მის ასაკს კი დიდ ყურადღებას არც არავინ აქცევს. ასეა თუ ისე, როდესაც მეგობარი თავის დაბადების დღეზე გპატიჟებს, თანაც ისეთი როგორიც ჩემთვის გიორგია, უარს არავინ ამბობს და მეც შევპირდი, ერთ საათში მანდ ვიქნები მეთქი. გიორგიმ მითხრა, იჩქარეო და ყურმილი დაკიდა. ჩემი მეგობარი ქალაქის მეორე ბოლოში ცხოვრობს ასე, რომ მართლა უნდა მეჩქარა.
სულ რაღაც ათ წუთში წყალი გადავივლე, სწრაფად ჩავიცვი და გასასვლელად გავემზადე. მზე სადისტივით აცხუნებდა, ირგვლივ ცხელი ჰაერი ტრიალებდა და სუნთქვას არ მაცლიდა. ვიფიქრე უკან ავბრუნებულიყავი, მაგრამ გიორგის განაწყენება არ მსურდა. ქუჩის მეორე მხარეს საჩუქრების მაღაზია მეგულებოდა, მეც შევედი და თვალის ცეცება ვიწყე. ისე გრილოდა ვიფიქრე აქ დავრჩები მეთქი.
გამყიდველი გოგო მომიახლოვდა და მკითხა.
–––რითი შემიძლია გემსახუროთ?
–––მეგობრისთვის საჩუქრის ყიდვა მინდა.
მივუგე და თვალი მალევე მოვაცილე. წითელ ლოყება სახე ისე საზარლად დაემანჭა, რომ ყურებას გაუსაძლისს ხდიდა, ხელოვნური ღიმილი, როგორც მათხოვარს აქოთებული სუნი ისე აკიდებოდა. ადვილი წარმოსადგენია ალბათ ყოველ დღე სარკის წინ რამდენი საათი ვარჯიშობს ასეთი გამომეტყველების დასაჭერად. უაზრო მაკიაჟი და გამომწვევი ჩაცმულობა, უშნო, უხერხულ მოძრაობაში გაერია და ამ ყველაფერმა საზარელი სალათა მომაგონა, ის საზარელი სალათა, რომელშიც ალბათ რაც კი შეიძლებოდა ყველაფერი ერია და რომელსაც ბავშვობაში ბებიაჩემი პირში ძალით მტენიდა.
–––შენი მეგობარი ბიჭია?
მკითხა ანაზდად შუა ხნის მამაკაცმა, რომელიც მაღაზიაში ჩემსავით რაღაცის შესაძენად იყო შემოსული. ეს კაცი ისეთი მსუქანი იყო ისეთ, რომ შეხედავდი, გეგონებოდა ახლა ჩემს შესანსვლას აპირებსო. დოინჯ შემოყრილი გვერდით მედგა და ღორივით ვიწრო თვალებს ხარბად აცეცებდა. სახე საზამთროსავით დამრგვალებოდა, ლოყები ფუნთუშებივით დაბერვოდა. ქვედა ტუჩი ძირს გადმოვარდნოდა და პირის დაკეტვას ვერ ახერხებდა. წინა კბილები უკლებლივ შემოცვეთოდა, როგორც ჩანს ამდენ ღეჭვას ვეღარ გაუძლეს. იმ დღეს ერთ სულელურ ჟურნალში ამოვიკითხე ,,ბევრი ჭამა კბილებს აფუჭებსო’’ ხოდა ეს შეთხვევა ამ კაცზე ზედგამოჭრილად მეჩვენა. ისე არ მეგონა თუ იმ ჟურნალში რაიმე სიმართლე ეწერებოდა, როგორც ჩანს მათაც გაეპარათ ერთხელ. . . სიმართლე თუ არა მაგდაგვარი მაინც. გავიფიქრე რა ეს უცბად სიცილი დავიწყე.
კაცმა როგორც ჩანს იწყინა. დამძიმებული მკლავი, ნელი მოძრაობით მაღლა ასწია და თავი მოიფხანა. შემდეგ კვლავ მე შემომხედა, თვალი თვალში გამიყარა და კითხვა გამიმეორა.
–––შენი მეგობარი ბიჭია?
მივხვდი მანამ პასუხს არ გავცემდი, არ დამეხსნებოდა. გადაწყვეტილი ჰქონდა საჩუქრის ყიდვაში დამხმარებოდა.
–––კი ბიჭია, მაგრამ გმადლობთ, ჩემით შევურჩევ რამეს.
ვუპასუხე და ვიტრინისკენ შევბრუნდი.
–––როგორც გენებოს ყმაწვილო, მაგრამ ერთი ამ ყანწს შეხედე.
ხელის ნელი მოძრაობით ჰაერი გააპო და იქვე კუთხეში ჩამოკიდებული ყანწისკენ გაიშვირა. თან ამ უკანასკნელს ისეთი ხარბი მზერა ესროლა, ვიფიქრე, აი ახლა ეცემა, ხელს სტაცებს და გაიქცევა მეთქი.
–––თუ შენი მეგობარი მოქეიფე კაცია. . . ამ ყანწით ძალიან გაახარებ.
დაიხროტინა კაცმა და გოდორივით გამოზნექილ მუცელზე ხელი ზარმაცად დაიტყაპუნა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს კაცი საშინლად შემზიზღდა. თუმცა, რაც გინდა ძნელი საღიარებელი ყოფილიყო, ეს გაქონილი არსება, რომელიც ღორს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანს და რომელსაც მუცლის მაგივრად ქვევრი ედგა, მართლაც კარგ რჩევას მაძლევდა. გიორგის დალევა საშინლად უყვარს და ეს ყანწიც აუცილებლად მოეწონებოდა. თან არც ისეთი ძვირი ღირდა. ყანწში ოცი ლარი გადავიხადე და ორი ლარიც ლამაზად შეფუთვაში.
არ გეგონოთ, რომ საჩუქრის შეფუთვა მინდოდა, უბრალოდ ვიცოდი, გიორგის გაეხარდებოდა, როდესაც შეფუთულ საჩუქარს დაინახავდა. გამოგიტყდებით და არ მესმის, არ მესმის შეფუთული საჩუქრის აზრი. . . ასეა თუ ისე, ჩემს მრჩეველს მადლობა გადავუხადე და ავტობუსის გაჩერებისკენ წავედი.
თვალწინ სულ ჩემი მსუქანი მრჩეველი მედგა. აშკარაა დალევა და ჭამა ძალიან უნდა ჰყვარებოდა. წარმოვიდგინე რამდენს ჭამს ყოველ დღე და ამავდროულად რამდენი გაჭირვებული ადამიანი იღუპება ყოველ დღე შიმშილით. ამ გასიებული კაცის დღიური საკვები შიმშილით მომაკვდავ ბავშვებს, რომ დაურიგო, ალბათ დღეში ას ბავშვს მაინც გადაარჩენ. ეს კაცი ნელ–ნელა უფრო და უფრო შემზიზღდა. შემდეგ ჩემი მეგობარი გიორგი გამახსენდა. გამახსენდა თუ როგორ უყვარს ქეიფი დ უეცრად ისიც, ორმოცი წლის ასაკში, ამ კაცივით გასიებული დამიდგა თვალწინ. სულ დავიბენი, დავიბენი კი არა და უაზრო ხასიათზე დავდექი. გადავწყვიტე სხვა რამეზე მეფიქრა, ჩემს მიერ ახლად შეძენილი, ვითომდა ლამაზად შეფუთულ ყანწს დავხედე, ზიზღისგან რამის ხელიდან გამივარდა. ამის შეფუთვაში სულ რაღაც ორი ლარი მივეცი. ჩემთვის ეს ორი ლარი დიდს არც არაფერს ნიშნავდა, მაგრამ ამავ დროულად დედამიწაზე ალბათ რამდენი ადამიანი კვდება შიმშილით იმის გამო, რომ ფული საერთოდაც არ გააჩნია. მე კი ეს ორი ლარი ამ სისულელის შეფუთვაში გადავიხადე. შეიძლება ითქვას, ადამიანის სიცოცხლე უფრო იაფი ღირს, ვიდრე ამ სულელობის შეფუთვა. თან რისთვის, რომ შემდეგ ვიღაცამ ეს დაფხრიწოს და დაგლეჯილ ქაღალდს ნაგავში უკრას თავი. საქმე მარტო ყანწის შეფუთვაში არ არის. ირგვლივ ყველაფერი შეფუთულია და ამ უაზრო შეფუთვაში მილიონები იხარჯება. თითქოსდა მთელი ეს სამყარო ერთი დიდი ყანწია, ჩვენ კი გაუთავებლად ვფუთავთ და ვფუთავთ. მოგვბეზრდება თუ არა ერთი მოდელი, სასწრაფოდ ნაკუწებად ვაქცევთ და ახლა მეორეს ვიგონებთ. მოვა დრო და მასაც დავგლეჯთ. თითქოსდა ყველაფერი ეს, ერთი უთავბოლო სერიალი იყოს. ამ ფიქრში ჩემი თავიც შემზიზღდა, შემზიზღდა ყველა ის, რომელიც ამ უცნაურ სამყაროში ცხოვრობს (ყოველ დღე პირწმინდად ასრულებს მფუთავის მოვალეობას და თავს თავისუფალ ადამიანს უწოდებს, შემდეგ ეკლესიაში შედის და ღმერთს შენდობას სთხოვს, ეგრეთ წოდებული, ცოდვების გამო).
გაჩერებასთან გავჩერდი, საშინლად მცხელოდა, ავტობუსი არ ჩანდა, მივხვდი კაი ხანს კიდევ არ მოვიდოდა. მზე კი გავარვარებულ სხივებს სეტყვასავით დაუნდობლად მიშენდა. იქვე ხეს შევაფარე თავი, ვიფიქრე, ჩრდილი მიშველიდა. ხე გაგუდულ ჰაერში დასჯილი ბავშვივით იდგა, ზედ კი გაქვავებული ფოთლები მოესხა. ამაზდად გვერდით ორი მოხუცი ქალი ამომიდგა. როგორც ჩანს ისინიც დასჯილ ხეს, მზის სეტყვისგან აფარებდნენ თავს. ერთი ეუბნებოდა მეორეს, ეს რა თაობა მოდისო, მეორეც სინანულით თავს უქნევდა.
უეცრად მომინდა ამ ქალებს მივარდნოდი, სახე მათ ბალნით გამოტენილ ყურებთან მიმეტანა და მთელი ხმით შიგ ჩამეძახა. . . ,,ნეტა თქვენ მეტი საქმე არ გაქვთ? თქვენ თქვენ თავებს მიხედეთ, ეს თაობა სწორედ თქვენიდან აღმოცენდა!’’, მაგრამ თავი შევიკავე. მივხვდი, რომ ამ გამოხტომით ცეცხლზე ნავთს დავასხამდი, ხომ ვიცი მათაც ეგ უნდოდათ, თავიანთ ფილოსოფიაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდნენ. მეორე დღეს კი ნახევარ ქალაქს ეცოდინებოდა, თუ როგორ უეცრად დაესხა თავს, გაჩერებაზე მდგომ ორ პენსიონერს, ერთი გაუზრდელი და თავზე ხელ აღებული ბიჭი. ამ ყველაფერს კვლავ მოჰყვებოდა ცნობილი გამონათქვამი. ,,დედა დედა ეს რა თაობა მოდის’’.
ისე სულ მიკვირს არ ბეზრდება ამ ხალხს ასეთი სულელობების ლაპარაკი?! ამ ქალების ბებიები თავის დროზე იძახდნენ ეს რა თაობა მოდისო, მანამდე კიდევ მათი ბებიები, უფრო ადრე ამ უკანასკნელების ბებიები და ასე შემდეგ. ბოლოს ჩემი თაობაც დაბერდება და დარწმუნებული ვარ ჩვენც იმავეს ძახილს მოვრთავთ. სადმე საჩივრის შეტანა, რომ შეიძლებოდეს ალბათ აქამდე თაობებზე საჩივრებით გამოტენიდნენ იქაურობას. მერე გენახათ თქვენ ციხის სავსე საკნები. თუმცა რა მიკვირს, ჩემმა თაობამაც იწყო მომავალ თაობაზე ჩივილი. ,,ეს რა ბავშვები მოდიანო, ჩვენ სად ვიყავით ასეთებიო’’. საინტერესოა ნეტა რა ბავშვები მოდიან, ანდა ნეტა ჩვენ რა ვიყავით?!
ალბათ ყველას უნდა, რომ ყველა თაობის ადამიანი ერთნაირად აზროვნებდეს, ჰო გასაგებია, ეს ხომ ნამდვილი ედემი იქნებოდა. ედემში ხომ ასეა, ყველა ერთნაირია, ყველაფერი უზრუნველყოფილია, არ არსებობს დარდი, საფიქრალი და რაც მთავარია არაა არანაირი განსხვავებული აზრი. როგორც ჩანს ადამიანებს ოდითგანვე სურდათ ედემში ცხოვრება. სადღაც ამოვიკითხე ჯერ კიდევ ძველი ბერძნები და სპარტელები ჩიოდნენ მომავალ თაობებზე.
ამ ფიქრებში გართულმა თავი ამოვყავი, ერთ გაუბედურებულ ავტობუსში. ბილეთის აღებისთანავე დავიწყე თავისუფალი ადგილის ძებნა, სადაც ჩემთვის წყნარად დაჯდომას შევძლებდი. როგორც წესი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლისთანავე ნაუშნიკებს ვიკეთებ და მუსიკას მაღალ ხმაზე ვუსმენ. სწორედ მაშინ, როდესაც ნაუშნიკებს ვიკეთებდი, ჩემდა საბედნიეროდ გაჩერებაზე ახალგზარდა ბიჭი ჩავიდა და ერთი ადგილი, მძღოლის გვერდით განთავისუფლდა. ცოტა წინ წავიწიე და მძღოლის გვერდით ამოვყავი თავი. სკამი დანით იყო ნაწვალები და ზედ რაღაც უცნაური ინიციალები იყო გამოსახული. უფრო სწორად ამოტიფრული. ეს ჩვევა როგორც ჩანს ჩვენი ძველის ძველი წინაპრებიდან გადმოგვყვა. იმ წინაპრების, რომლებიც ჯერ კიდევ გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ. ეს არც გამკვირვებია, ჩვენ ხომ ტრადიციების და წინაპრების თაყვანის მცემელი ერი ვართ, მაგრამ აბა ერთი წუთით წარმოიდგინეთ თუ როგორ წვალობდნენ ზემოთ ხსენებული წინაპრები, საწყლებს არც დანები და არც სხვა რაიმე ლითონის ბასრი ნივთი არ გააჩნდათ. ასე წვალებ–წვალებით ჩიჩქნიდნენ უხეშ გამოქვაბულებს ქვებით. ჩვენი ახალგაზრდობაც შეძლების და გვარად პატივს მიაგებს მათ ღვაწლს და რაც მთავარია არ ივიწყებს და ბაძავს კიდევაც.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ავტობუსი, ჩვეულებრივი მძღოლი, ჩვეულებრივი მგზავრები. არაფერი ისეთი, უცნაურის მომასწავლებელი. ალბათ არც იქნებოდა, რომ არა ის საშინელი ცხელი ჰაერი, რომელიც ავტობუსში ტრიალებდა და სუნთქვას გაუსაძლისს ხდიდა, და რომ არა ის საცობი, რომელშიც უეცრად თავი ამოვყავით. უეცრად ავტობუსი გაჩერდა და ასე ხუთი წუთი ქვასავით გაშეშდა. ცალი ყურსასმენი გამოვიძრე და უკან გავიხედე. იქ კი ისეთი მდგომარეობა დამხვდა, რომელსაც ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ალბათ უკანასკნელ კოშმარშიც კი. ავტობუსი გატენილი იყო ხალხით, ხალხი ერთმანეთში სალათასავით იყო ათქვეფილი. ზოგი ყურძნის მტევნებივით ეკიდა სახელურზე, ზოგი ფანჯარაზე იყო გაკრული, როგორც მე მაქვს სახლში ჩემი საყვარელი ფეხბურთელის პლაკატი გაკრული, ზოგი კი ერთმანეთს შეყვარებული წყვილივით ჩაკვროდა. პლუს სიცხე, რაც გაუსაძლისს ხდიდა იქ გაჩერებას. ერთი სიტყვით მთელი ეს ავტობუსი ერთ ქვაბში იხარშებოდა და ოფლის სუნში ზასაობდა. ის ვინც რაიმენაირად მოახერხა და ახლა სკამზე იჯდა, თავზე მოხუცები წამოსდგომოდნენ და ზემოდან მძიმედ ასუნთქებდნენ. სუნთქვაში კი ასეთ სიტყვებს გამოსცრავდნენ ,,დამსვი შე უსინდისო, არა გრცხვენია?!’’ ადგომას კი არავინ ყაბულობდა, არავის ეთმობოდა დიდი ბრძოლით მოპოვებული სავარძელი.
მძღოლმა შენიშნა თუ არა, რომ ცალი ყურსასმენი გამოძრობილი მქონდა, იწყო ჩემთან საუბარი ( ამას თუ საუბარი ჰქვია ):
–––მეგობარო, ერთი ეს ნახე, ვიღაც სულელმა წინ ჩახერგა ეს ჯართი და დაძვრას აღარ აპირებს. ეი, შენ, დაძარი ეგ შენი დედა მოტყნული ჯართი. . .
შესძახა უეცრად საშინელი ხმით. იქიდანაც რაღაც მსგავსი ხმა მოვიდა, უფრო სწორად იმ ხმის ნარჩენი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ეს ხმა მანქანების უკმაყოფილო ბღავილის და მძღოლის გინებით იყო შეზავებული.
–––ნუ ყვირიხარ, ასეთი საშინელი ხმით!
დაიკივლა უეცრად ერთერთმა მგზავრმა, ავტობუსის მეორე ბოლოდან. ეს ქალი ჩემს ადგილას, რომ მჯდარიყო, ალბათ მძღოლს საერთოდ ადგილზე გაათავებდა. ქალის დაყვირებამ, რაღაც პროტესტს ჩაუყარა საფუძველი და აქამდე თუ რამდენიმე დედაკაცი თავისთვის წუწუნებდა, ახლა უკვე ყველამ ერთად ხმას უმატა. ყველა ცდილობდა შეძლებისდაგვარად პროტესტი გამოეთქვა მძღოლის მიმართ. ქალებს კაცები აყვნენ. ,,იყვიროს მან და მეც დავიყვირებო’’. აი სწორედ ეს მოხდა. ყველა ერთ ხმად ალაპარაკდა. ზოგმა მთავრობაც გაიხსენა. ისმოდა ყველასთვის ცნობილი შეძახილები ,,რას გვიშვება ეს მთავრობა’’. მძღოლი ოდნავ ახალგაზრდა, რომ ყოფილიყო, ერთს ალბათ თაობაზეც დაიჩივლებდნენ. ის წყნარი საზოგადოება, რომელიც აქამდე ხმის ამოუღებლად და მშვიდად მგზავრობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ახლა უკვე ბრბოდ გადაქცეულიყო და თითქოს ლიდერს ელოდა, ლიდერს, რომელიც ყველაზე მეტს იაქტიურებდა.
–––კი, მაგრამ ასე როდემდე უნდა ვიდგეთ?
–––ეს ვის ხელში ვართ?!
–––წადი, წადი, დავიხოცეთ!
ისმოდა შეძახილები
ერთმა შავებში გახვეულმა ქალბატონმა იმაზეც გამოთქვა პროტესტი, რომ მძღოლები სპეციალურ სასწავლებელს არ ამთავრებენ, სანამ მუშაობას დაიწყებენ. ,,ასე ხომ ყველა ვიმუშავებდით’’.
ბოლოს ლიდერიც გამოჩნდა. უკმაყოფილო ბრბოდან შუა ტანის მამაკაცი გამოძვრა, და მძღოლს ჭკუის სწავლება დაუწყო. ლიდერი მძღოლს უხსნიდა თუ როგორ უნდა დაეღწია საცობისთვის თავი. ლიდერმა მოახლოვებასთან ერთად პირიდან ისეთი სიმყრალე გადმოანთხია, ალბათ გველეშაპებსაც შეშურდებოდათ მისი. ბუზღუნა მძღოლი, სხვა დროს ალბათ შეუბღვერდა პირ –აქოთებულ მგზავრს და ეტყოდა ,,თავიდან მომწყდიო’’. ამჯერად კი იძულებული იყო მოეთმინა სულელი მგზავრის გამოხტომები. ბოლოს დაუჯერა ბრბოში გამომცხვარ ლიდერს, რომელიც უმტკიცებდა, ორ მანქანას შუა გამძვრალიყო და კინაღამ ყველა საიქიოში გაგვისტუმრა.
ლიდერს არ გაუმართლა, მიხვდა ჯობდა ისევ ბრბოში შერეულიყო და თვალის დახამხამებაში გაქრა.
–––რა არის, უნდა დაგვხოცო?
–––სად მიძვრები, რომ მიძვრები?
–––ვერ ხედავ, რომ ვერ გაეტევი?!
კვლავ მოისმა აღშფოთებული შეძახილები, ამჯერად უფრო მრისხანე. ბრბოს კვლავ გამოეყო ერთი შუა ხნის მამაკაცი. ყოჩაღად გადავარცხნილ თმებზე ჭაღარა შეპარვოდა, სახე ოფლით ჰქონდა დაფარული და წარამარა ცხვირსახოცს იგლესდა ცხელ ოფლში დამბალ სახეზე. ამ ორ კაცს შორის არჩევანი, რომ ყოფილიყო, ლიდერად მე ისევ ამ უკანასკნელს ავირჩევდი. ამ კაცს პირში გველეშაპის სიმყრალე მაინც არ ჰქონდა.
–––თუ ტარება არ იცი მე დამსვი!
შესძახა ახლად გამომცხვარმა ლიდერმა.
–––შენ როგორ დაგსვა ძმაო? მაგის უფლება მე ვინ მომცა. . . ვინმემ, რომ დამინახოს, იმწამსვე სამუშაოს დავკარგავ. გაიხსნება გზა და წავალთ.
ლიდერი წელში გაშლილი ედგა მძღოლს თავზე. შევატყვე რაღაცის თქმას აპირებდა და იტყოდა კიდევაც, რომ არა უეცრად ბრბოში ამტყდარი ქაოსი. ლიდერმა მძღოლს თავი ანება და საქმის გასარჩევად კვლავ ბრბოში შევარდა. ერთი შუახნის ქალი დაფეთებული გაჰკიოდა.
–––ჩემი საფულე. . . ჩემი საფულე. . . ვიღაცამ ამომაცალა. . . მაგან არ გაიხაროს . . . ჩემი უკანასკნელი ფული იყო, ერთი კვირის დასაფლავებული მყავს მამა და ახლა მის საფლავზე მივდიოდი. საფლავიც კი ვერ გავუკეთე წესიერად. ეს ფული კი მაგისთვის მჭირდებოდა. ღმერთო მიშველე, ხალხო, თქვენ მაინც მიშველეთ.
ქალს გარშემო უამრავი უცხო და აღშფოთებული სახე ეხვია, მათგან ერთი კი ქურდი უნდა ყოფილიყო. მგზავრები უკმაყოფილების ნიშნად თავს აქანქარებდნენ. ანაზდად ყველამ ჯიბისკენ წაიღო ხელი და შიგ ფათური იწყო, მეც ხომ არ ამომაცალეს რამეო. მძღოლი სუყველას დაავიწყდა, ახლა ყველა ქურდზე ფიქრობდა. მძღოლმაც თავის მხრივ დრო იხელთა და მე გადმომილაპარაკა.
–––მეგობარო ნახე, ახლა ერთმანეთს დახოცავენ. . . მეტის ღირსებიც არიან!
ადვილი შესამჩნევი იყო, ეს ყველაფერი ხალისს ჰგვრიდა, თითქოს ამით ყრილობდა ჯავრს გაჯიუტებულ მგზავრებზე, მძღოლმა განაგრძო. . .
–––მე თუ მკითხავ მაქედან ყველა ერთი და იგივეა. ნახე ყველა როგორ აღშფოთებული დგას, დიახაც ყველა წუხს, მაგრამ წუხან იმიტომ, რომ ნანობენ თავის დროზე თვითონ რომ არ ამოაცალეს ეგ წყეული საფულე. . . იმ საბრალო დედაკაცს. ის ქურდი ჩემში პატივისცემას იმსახურებს, მან გაბედა და გააკეთა ის რაც უნდოდა. გამბედაობა ეყო და იქურდა. ესენი კი, ნახევარზე მეტმა რომ იცოდეს შემრჩებაო და პასუხს არავინ მომთხოვსო, დაუფიქრებლად წავლენ ყველაფერზე, მაგრამ ეშინიათ. მათგან ძალიან ცოტას თუ აქვს შეგნებული რომ საწყალი ქალი არ უნდა გაქურდონ, დანარჩენებს უბრალოდ ეშინიათ. ხოდა მათ ისევ ეს ქურდი მირჩევნია.
უეცრად მძღოლი გაჩუმდა და შეშინებული თვალები მომაპყრო. მიხვდა, რომ უცხო ადამიანთან გულახდილად საუბარი არ ღირდა, ბოლოსდაბოლოს მეც ხომ ერთი ჩვეულებრივი მგზავრი ვიყავი, მათი ნაწილი. . . ასე თუ ისე მძღოლისთვის მე ბრბოს ერთი ნაგლჯი ვიყავი, მეც როგორც ყოველი მგზავრი ავტობუსში მისთვის სრულიად უცხო სტუმარი ვიყავი. რამდენიმე წამი ასე შეშინებული მიყურებდა, მე გავუღიმე, მინდოდა მეგრძნობინებინა, რომ საკუთარი სუბიექტური აზრის გამო არ გავკიცხავდი. ამ დროს მანქანების კოლონა ოდნავ დაიძრა და ჩვენც რამდენიმე მეტრით წინ წავიწიეთ, ბრბო კი უფრო და უფრო ახმაურდა.
შუა ხნის მამაკაცმა, რომელსაც სულ რაღაც ორი წუთის წინ მძღოლობა ჰქონდა განზრახული, ახლა გამომძიებლობა დაეწყო.
–––თქვენ ახლოს ვინც დგას, იქიდან იქნება ვინმე! გთხოვთ არ ავირიოთ. –ეუბნებოდა მგზავრებს. –––ახლა პოლიციაში დავრეკავ და ისინიც მალევე აქ გაჩნდებიან. რამდენიმე ადამიანს გაჩხრეკენ და ყველაფერი ამით მოგვარდება.
ამ წინადადებას სხვადასხვა გამოხმაურება მოჰყვა. ის ვინც ქალისგან შორს იდგა კმაყოფილი იყო, ხოლო ვინც ახლოს, უკმაყოფილებას არ მალავდა.
–––ასეც არ შეიძლება. –შესძახა ერთმა გამხდარმა ბიჭმა, და დაზარალებულს მიუბრუნდა. –––თქვენ ახლა შენიშნეთ, რომ საფულე აღარ გაქვთ? იქნებ ნამდვილი ქურდი მანდ აღარ დგას და უკვე ხალხშია შერეული?
–––იქნებ და საერთოდ უკვე ავტობუსიდანაც ჩავიდა?
ჩაერია მეორე, შავებში ჩაცმული ბიჭი, რომელსაც ეტყობოდა ეჩქარებოდა და აქ გაჩერება, პატრულის მოსვლამდე სრულებით არ ეპიტნავებოდა.
–––არა თხუთმეტი წუთის წინ საფულე ჯერ კიდევ ჯიბეში მედო. –წაისლუკუნა ქალმა. –––და აგერ უკვე ოც წუთზე მეტია, არა ვინ ჩასულა ავტობუსიდან.
–––ეს იმას ნიშნავს, რომ ქურდი კვლავ ავტობუსშია!
შესძახა ვიღაც გამოთაყვანებულმა ბერიკაცმა და ქალს თვითკმაყოფილი სახით მიაჩერდა, თითქოსდა ეუბნებოდა ,,აბა მეტი რითი შემიძლია გემსახუროთო’’.
–––ჰოდა, აი ახლა პოლიციაში ვრეკავ!
დაიწყო კვლავ ლიდერმა, რომელიც ახლა გამომძიებლის როლში იყო შეჭრილი და ქურდის ხელში ჩაგდება თავის მოვალეობად მიაჩნდა.
–––მე ვერ გავჩერდები, ძმაო, უნდა ჩავიდე, მეჩქარება, ასე რომ არ მეჩქარებოდეს მერწმუნეთ გავჩერდებოდი.
თქვა ავტობუსის მეორე ბოლოში ფანჯარაზე აკრულმა ბიჭმა. ხელ–ფეხი დაპატიმრებულივით მიეკრა ფანჯარისთვის და მხოლოდ სახით იყო შემობრუნებული. ეს ის შავებში ჩაცმული ბიჭი იყო, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ ვარაუდი გამოთქვა ,,იქნებ და ქურდი ავტობუსში საერთოდაც აღარც არისო’’.
–––გასაგებია. . . გასაგებია, რომ გეჩქარება, მაგრამ ეგრე ყველა ჩავა, ყველას ეჩქარება, თან გინდ მარტო შენ ჩახვიდე ჩვენ რა ვიცით ვინ არის ნამდვილი ქურდი?!
თქვა ,.გამომძიებელმა’’ და ბიჭს ეჭვის თვალით უწყო თვალიერება.
–––მოიცა, შენ რა გინდა მითხრა, რომ მე ვარ ქურდი? –შესძახა შეურაცხყოფილი ხმით ბიჭმა. –––გითხარი მეჩქარება მეთქი. აი ახლა ავდგები და ჩავალ!
კაცი გამომძიებლის როლში ბოლომდე შეჭრილიყო და დამნაშავის გამოვლენა ახლა უკვე თავის მოვალეობად მიაჩნდა. ალბათ იფიქრა თუ ამ ბიჭს გავუშვებ, მერე ყველა ჩასვლას მოინდომებსო და ხალხის ნდობასაც დავკარგავო. შემდეგ საერთოდაც შეიძლება უკვე მასზეც მიეტანათ ეჭვი. ალბათ ამიტომაც შეტევაზე გადასვლა არჩია. ნათქვამია, ყველაზე კარგი თავდაცვა თავდასხმააო.
–––ვერსადაც ვერ ჩახვალ, ასეა საჭირო და იმიტომ. ასე, რომ იდექი შენს ადგილას და პოლიციის მოსვლას დაელოდე!
ბრბო ახმაურდა. მგზავრებმა ერთმანეთში იწყეს ჩურჩული.
–––იდექი, დაეტიე!
მოისმა რამდენიმე ყრუ შეძახილი, რომელიც აშკარად შავებში ჩაცმული ბიჭის მიმართ იყო განკუთვნილი.
თითქოს დრო გაჩერდა. მზე საშინლად აცხუნებდა, სხივები ავტობუსის მინებს აპობდნენ და მგზავრებს გაოფლილ სახეზე ეკალივით ეალერსებოდნენ. ავტობუსში სიმყრალე მატულობდა, ხალხი ქოთდა. ნელ–ნელა ჩემამდეც მოაღწია სიცხეში ათქვეფილმა ოფლის სუნმა. გველეშაპის პირიანი კაცის სურნელი ახლა სანატრელი იყო. საცობს კი ბოლო არ უჩანდა. მძღოლს შევხედე, ის ერთადერთი იყო, რომელსაც სახეზე ვერაფერს შეატყობდით.
,,ალბათ შეჩვეულია, მაინც სადამდე მიდის ადამიანი, როგორ ყველაფერს ეგუება’’. გავიფიქრე უეცრად. თავს ისე საშინლად ვგრძნობდი, რომ ალბათ კიდევ ნახევარი საათიც ასე და გავგიჟდებოდი კიდევაც, ის კი ჩემს გვერდით მოკალათებულიყო მძღოლის სავარძელში და რულს უდარდელად ატრიალებდა. ერთადერთი ალბათ რისი შიშიც ჰქონდა ეს იყო, სამუშაოს დაკარგვა. ანუ ადგილის იმ ჯოჯოხეთში, რომელშიაც უწევდა მუშაობა. დარწმუნებული ვარ, მგზავრებს ყველას სათითაოდ გადაუვლიდა თავისი საზარელი ავტობუსით ოღონდაც სამუშაო არ დაეკარგა.
ნელ–ნელა ფიქრს შევყევი, ამ ბოლო დროს ჩვევად მექცა. ფიქრებში ისე ვერთობი, როგორც ნარკომანი აბსტრაქციით. ამ ფიქრმა კი ძრწოლა დამაწყებინა. ,,ვინ მიიყვანა ეს ადამიანი იმ დონემდე, რომ მასზე აღარაფერი მოქმედებს?! ყველაფერს შეგუებულია და მხოლოდ თავისი ადგილის შენარჩუნებაზე ფიქრობს. მერე და სად, ჯოჯოხეთში?! ვინ და იმ საზოგადოებამ, რომელიც ახლა უკან უზის და ასე გამწარებული რძებს ქურდ’’. მომინდა ფეხზე წამოვარდნილიყავი და მთელი ხმით მეყვირა ,,თქვენ. . . თქვენ . . . თქვენ ხართ ამ ყველაფერში დამნაშავენი, თქვენვე გამოგაქვთ თქვენი თავისთვის განაჩენი, ასეთი სასტიკი და საზარელი. . . თქვენივე უგუნურებით, შემდეგ კი ამავე განაჩენს აპროტესტებთ და დამნაშავეს ვიღაც ჯიბის ქურდში ეძებთ’’ მაგრამ თავი შევიკავე ან რა აზრი ჰქონდა?! ახლა ყველა ჩემზე გადმოიტანდა თავის ბოღმას და გველეშაპის ცეცხლივით მე მომანთხევდნენ. ვინ იცის აქედან რამდენს აქვს ამ მძღოლზე ჯოჯოხეთური სამუშაო და აი ახლა ყველა საკუთარი ფეხით მიბრძანდება იქ. ეს ავტობუსი ნავად მეჩვენა, ნავად, რომელსაც სულები ჯოჯოხეთში გადაჰყავს და ასე სათითაოდ თითო თითოდ გაჩერებაზე არიგებს. დარმწმუნებული ვარ, ამ მგზავრებიდან არავის ულხინდა ყველას ჯოჯოხეთში თავ–თავისი საპატიო ადგილი ეკავა. ხოლო იმ ეშმაკებს, რომლებსაც ესენი ყოველდღე ასე თავ ჩაქინდრული, ხმის ამოუღებლად ემსახურებიან, ასეთ გაუბედურებულ ავტობუსში ვერ შეხვდებით!
საზარელმა ხმამ გამომაფხიზლა, თითქოს ცივი წყალი გადამასხა და კვლავ აქოთებულ ავტობუსში დამაბრუნა.
–––თქვენ მე ვერ გამაჩერებთ, ჩავადივარ, გააღეთ ეს დედა მოტყნული კარები, ჩავდივარ!
ყვიროდა შავებში ჩაცმული ბიჭი, ის უკვე ფანჯარაზე აღარ იყო გაკრული, ახლა ავტობუსიდან ჩასვლას ცდილობდა და ბოღმით დაპათოსებულ საზოგადოებას აქეთ–იქით წევდა.
––––დაიჭირეთ, არ გაუშვათ, გააჩხრიკეთ, ესაა ქურდი!
შესძახა ვიღაცამ. შეძახილი ბრბომ მალევე აიტაცა, თითქოს მთელი ეს ორმოცდაათი ადამიანი ერთ ადამიანად გადაიქცა, ხოლო ეს უკანასკნელი საზარელი ხმით ღრიალებდა.
–––დაიჭირეთ. . . დაიჭირეთ. . . არ გაუშვათ. . .
ბოლოს ბრბოს გამოეყო რამდენიმე ახმახი და ბიჭს ქეჩოში სწვდნენ. ბიჭს, როგორც ჩანს ნერვებმა უმტყუნა და ერთ–ერთ მოზვერივით კაცს, რომელიც ჯიქურად ეჯაჯგურებოდა და მარცხენა ხელზე ძლიერად ჩასჭიდებოდა, ხოლო მეორე ხელის ჯიბეში ჩაყოფას უპირებდა, შიგ სახეში სდრუზა მუშტი. კაცი რომელის თავი ცხენის თავს უფრო წააგავდა, ვიდრე ადამიანისას, ერთი შეტორტმანდა და ხალხში პოპ ვარსკვლავივით გადაეშვა. ბრბომ ხელი შეაშველა და სახე დასისხლიანებული პოპ ვარსკვლავი ჰაერში გაშეშდა. ხალხმა ღრიალს უმატა, ახლა ყველა ერთხმად გაჰყვიროდა.
–––ნახეთ, ნახეთ, რა ქნა, ჩქარა დაიჭირეთ, ქურდია, ქურდი!
რამდენიმე წამი არ იყო გასული და ბიჭს ათიოდე ცხენის თავიანი ახმახი ეხვია და კატლეტივით ბეგვავდნენ.
შეშინებული ბავშვები, გაშმაგებული დედაკაცები, გაცოფებული მამაკაცები. ყველა ერთმანეთში ირეოდა და ერთხმად საზარლად გაჰკიოდა. ამ ბრბოშივე იყო ათიოდე ცხენის თავიანი კაცი, რომელიც ბიჭს კვლავ დაუნდობლად სცემდა. ბიჭი ერთი შეტორტმანდა და იმ მხარეს გადავარდა საითაც ბრბო იყო შეკუჭული. ბრბომ ცხენის თავიანი კაცისგან განსხვავებით, წაბარბაცებული ბიჭი აღარ მიიღო და მანაც იქვე ხალხის ფეხებთან მოადინა დგაფანი. გამარჯვებულ ბრბოს, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ლიდერი საზეიმო ვითარებაში გამოეყო და როგორც წითელ ხალიჩაზე მიმავალი, ჰოლივუდის ვარსკვლავი, თვით კმაყოფილი სახით ბიჭისკენ გაემართა, შემდეგ დაიხარა რათა მისი ჯიბეები საგულდაგულოდ გაეჩხრიკა.
უეცრად ყველა გაჩერდა და რამდენიმე წამი სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. თითქოსდა მზეც გაითოშა, ხოლო მგზავრები ხეებს უფრო წააგავდნენ, ვიდრე ადამიანებს. ავტობუსში ეგდო შუა ხნის მამაკაცი და მუცლიდან სისხლი სდიოდა. ყველა ამ კაცს დაჰყურებდა, ხმის ამოღებას კი არავინ ჩქარობდა, ჯერ კიდევ ვერ მოსულიყვნენ აზრზე, თუ რა მოხდა. ბიჭმა დრო იხელთა ეცა ფანჯარას, რა ძალი და ღონეც ჰქონდა სისხლით განბანილი დანის ტარი ჩაარტყა მინას და ნამსხვრევებთან ერთად ავტობუსიდან ისკუპა.
–––სასწრაფო. . . პოლიცია. . . ექიმი. . . ექიმი არავინ არის აქ?
გაჰკიოდა ბრბო, კაცი კი სულს ღაფავდა. ხოლო ბიჭი აღარსად ჩანდა. ახლა უკვე მძღოლსაც დაეტყო სახეზე შიში. არ ვიცი რისი უფრო ეშინოდა, სამუშაოს დაკარგვის, თუ იმის, რომ მის გვერდზე კაცი სიკვდილის ღმერთს ებრძოდა.
კარები გააღეს, სისხლში მოთხვრილი სხეული ჩაიტანეს, რამდენიმე წუთში პოლიციელებიც გამოჩნდნენ, სასწრაფო მანქანა კი კვლავ არ ჩანდა. ასეთ საცობში ასე ადვილად ვერ შემოაღწევდა. ბოლოს როგორც იქნა, გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც რაღაცა გაეგებოდათ ექიმობაში, სცადეს მამაკაცის გადარჩენა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, მომხდარის შემდგ სული რამდენიმე წუთში დალია.
უეცრად სიცილი დავიწყე. დღემდე არ ვიცი რატომ. რამდენიმე წამი ასე უაზროდ ვხარხარებდი. დრო დამჭირდა მისახვედრად, რომ ჩემს გვერდით აწ უკვე გაცივებული სხეული, წითელ სითხეში ტივტივებდა, ხოლო მომხდარით აღშფოთებული სახეები, უფრო დიდი აღშფოთებით მე მიყურებდნენ. მივხვდი დანთებულ ცეცხლზე ნავთის როლს ვასრულებდი. გავისუსე, ჯიბეში ხელები ჩავიყავი და უხერხულად ვიწყე აქეთ იქით ყურება. ჩემი მეგობარი გამახსენდა, გამახსენდა, რომ როდესაც ამ უცნაურ ავტობუსში ვჯდებოდი წარმოდგენა არ მქონდა თუ რა მელოდა წინ. მე ხომ მეგობრის დაბადების დღეზე მივდიოდი. წვეულებაზე სადაც გიორგის სრულ წლოვნობა უნდა აღგვენიშნა. . . აღგვენიშნა არა, ისინი უჩემოდაც მშვენივრად აღნიშნავდნენ. მე უფრო ხელის შემშლელი ვიქნებოდი, ვიდრე შემწყობი.
თვალწინ დამიდგა თუ როგორ სხედან ახლა ჩემი მეგობრები, უკლებლივ ყველა ნასვამი. გოგოები და ბიჭები ალკოჰოლს ეტანებიან. განსაკუთრებით გიორგი, ერთი გოგო მოსწონდა და ალბათ სიყვარულშიც დღეს გამოუტყდებოდა. შემდეგ ყველა დათვრება. შეიქმნება ერთი დიდი ღრეობა, კამათი, ჩოჩქოლი. მერე ალბათ გაწევ გამოწევაც. სიტყვიერს ფიზიკური მოჰყვება. სიტყვას ხელი აეკიდება. ვინ იცის იქნებ იქაც რაღაც მსგავსი მელოდა?! ერთი სიტყვით ჩემი მეგობრები ახლა გიორგის სრულწლოვნობას აღნიშნავდნენ, საზოგადოების სრულ ყოფილ წევრად ჩამოყალიბებას. დიახ საზოგადოების! იმ საზოგადოების, რომელთანაც ერთად სულ რამდენიმე წუთის წინ ვიმგზავრე ავტობუსით. საზოგადობა, რომელიც ეძებდა ქურდს და ბოლოს მკვლელი იპოვნა!
ანაზდად პატარა გოგო შევნიშნე, ასე შვიდი რვა წლის. დედას ხელ ჩაკიდებული გვერდში ერთგული თანამოაზრესავით ამოსდგომოდა. ქალმა მეორე ხელი ბავშვის სახესთან მიიტანა და თვალებზე ააფარა. ბავშვი კი ცნობის მოყვარე ცისფრ თვალებს ერთ ადგილას ვერ ასვენებდა და ქურდივით, შეფარულად წარამარა მიცვალებულისაკენ აპარებდა. მე კვლავ გამეცინა, მაგრამ ეს სიცილი აღარ იყო, აღარც დაბნეულობის და აღარც გაურკვევლობის. მე ვიცოდი რაზედაც ვიცინოდი. ეს იყო კმაყოფილების, კმაყოფილების და ბედნიერების, გინდაც დროებითი. მე მიხაროდ, მიხაროდა ის, რომ ჯერ კიდევ არა სრულწლოვანი მერქვა და არც ამ საზოგადოების სრულ ყოფილ წევრად ვითვლებოდი. მე ხომ წინ ჯერ კიდევ ორი წელი მქონდა. ორი წელი კი დროა,გინდაც მცირე, ის მაინც დროა!
ამ ყველაფერმა ჯოჯოხეთი მომაგონა. . . ის ქვესკნელი რასაც ჯოჯოხეთს ვეძახით. რა არის ჯოჯოხეთი? როგორია? არის ის მდუმარე და პირქუში? თუ გავარვარებულ ქვაბს მოგვაგონებს, რომელსაც დაპათოსებული სახიანი არსება გამუდმებით თავს ადგას და ბეჯითი კულინარივით ურევს? ურევს, არა ისე როგორც ზოგ ზოგიერთები, არამედ ნასიამოვნები, თვითკმაყოფილი სახით. იქნებ და არც ერთია და არც მეორე? იქნებ და გარშემო ყველაფერი მოღუშული და მწუხრის ჩრდილივით გადაბინდულია? იქნებ ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ და ამას ვერც კი ვხვდებით და ის სადისტი კულინარი ახალს ვეღარაფერს შემოგვთავაზებს?!

ბიჭი იმავე დღეს, თავად გამოცხადდა პოლიციაში. მძღოლმა სამუშაო მაინც დაკარგა, როგორც ჩანს უფროსობამ ავტობუსში მომხდარი სკანდალი ვერ აპატია. რაც შეეხება გაძარცვული ქალის ბედს, მას საფულე უკან, უვნებლად დაუბრუნეს. საფულე პატრულის თანამშრომელმა ავტობუსში აღმოაჩინა, იმ სკამის ქვეშ, სადაც მისი პატრონი იჯდა. ქურდს შეაწუხა სინდისმა და ჩასვლისას ძირს დააგო, თუ ქალს შემთხვევით ამოუვარდა ჩანთიდან, ამაზე პოლიციას პასუხი არ გააჩნია.
სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და ოცდაერთი წლის ბიჭს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რას იზამდნენ ბრბოს ხომ ვერ დაიჭერდნენ?!
ძნელია დაადანაშაულო ის ვინც ყოველ დღე ატალახებულ გზაზე დადის და მის გასუფთავებაზე არც კი ფიქრობს, მაგრამ უფრო ძნელია პასუხი მოსთხოვო მას, ვინც ყოველ დღე, ტალახს წყალს ასხამს. . .

 
 
 
გამოწერა

Get every new post delivered to your Inbox.

Join 63 other followers