RSS

Tag Archives: ეკლესია

ქრისტე მოკვდა

Image

17 მაისს პირველად ვინანე.. ვინანე ის, რომ ღმერთი მკვდარია. ის არც ნიცშემ და არც ადამიანებმა მოკლეს, ის როგორც სამყარო, უსასრულოა და ასევე უსასრულოდაა მკვდარი. ზუსტად 17 წლის ვიყავი, როდესაც საუთარ ნათლობის ჯვარს დავხედე და გავიფიქრე, „ღმერთო, მკვდარი ხარ?“. მაშინ პასუხმა არ დააყოვნა, პასუხი იყო „კი“ და სწორედ ამ პასუხის ავტორი გახდა იმ დღიდან ჩემი ღმერთი. გამოგიტყდებით და არც პასუხს, არც ახალ და საკუთარ „ღმერთს“ ჩემთვის დისკომფორტი არ შეუქმნია, მაგრამ 17 მაისს პირველად ვინანე. ვინანე უღმერთობა, ვინანე ის რომ ის არსადაა.. ის უსასრულობაა და ადამიანის უმეცრებაც უსასრულოდ გაგრძელდება.

 

შევეშვები ღმერთს და ქრისტეზე ვისაუბრებ. ეს უკანასკნელი ჩემთვის 17 მაისამდე ცოცხალი იყო. ის არ ყოფილა ღმერთი, ის იყო კარგი ადამიანი. ადამიანი, რომელიც ბოროტმა ბრბომ, აწამა და მოკლა. ყოველთვის მაინტერესებდა და მსურდა იმ ბრობს ხილვა, მსურდა თვალებში ჩამეხედა.

 

17 მაისს მე ეს ბრბო ვიხილე. ვიხილე ბრბო, რომელმაც ქრისტე საუკუნეების წინ მოკლა და ის მას დღემდე კლავს! კლავდა ქვით, ჯოხით, შუბით, ხმლით, დანით….თუმცა მთავარი აქ ისაა, რომ ეს ბრბო ახლაც ქრისტეს კლავს. სისხლიანი ბრბო ქრისტეს ფიზიკური ლიკვიდაციით ვერ კმაყოფილდება, ის მას მენტალურად ებრძვის, საუკუნეების შემდეგ მის სახელს ამოეფარა, ატყუებს, ეძახის, სთხოვს დაბრუნდეს რათა კვლავ ბოლო მოუღოს. ამჯერად ელექტრო სკამზე დასვას. ქრისტე კი მკვდარია. ის ერთხელ მოვიდა და ერთხელვე წავიდა. ბრბო კი ელოდება, ელოდება სისხლიანი ხელებით.

 

ცოტა ხნით შევეშვები ბრობს, ქრისტეს და ჩემს თავზე ვილაპარაკებ. 17 ში მე გავიარე რუსთაველზე სადაც დავიბადე და გავიაზრდე, მაგრამ იქ ყველაფერი უცხო იყო. უცხო იყო ადამიანები, ლოზუნგები, სახეები, შეძახილები, გამოხედვები… იქ მე ვიყავი უცხო. იქ ჩემს მეგობარ გოგოს აგინეს წითელი შარვლისთვის, იქ წითელი შარვალი სიშიშვლე იყო. იქ მე მრევლზე და მოძღვარზე გამომკითხეს. იქ მე თმების გასწორება მომთხოვეს და ამის გამო ურჯულო მიწოდეს. იქ მე ჩემი ქრისტიანი ძმები საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს შუა თითით მესალმებოდნენ. იქ მე სისხლიან ჯვარზე მაკოცნინეს, რამდენიმე წუთში კი ამავე ჯვრით ადამიანს მოსაკლავად გაეკიდნენ. იქ ჟურნალისტის საბუთი შემიმოწმეს, გადაცმულობაში „ამომიცნეს“ და პირადობა მომთხოვეს. იქ მე მოძღვარმა „სატანობაში“ ამომიცნო, კამერით გამომეკიდა და ქოშინით წაიქცა.

 

მეორე დღეს კი, როდესაც წინა დღის ვანდალიზმი მოსახლეობას უნდა დაეგმო 300 ადამიანი მოვიდა. ეს იყო არა მარტო ერის, არამედ ჭეშმარიტად ქრისტიანობის მარცხი. ეს იყო დღე სადაც ოფიცლიალურად დამტკიცდა, არ ვიცით რა ხდება მსოფლიოში, მაგრამ საქართველოში ქრისტე მართლა მკვდარია და ის მეორედ აქ აღარასდროს მოვა!

 

 
23 Comments

Posted by on მაისი 19, 2013 in Uncategorized

 

ტეგები: , , , ,