RSS

Monthly Archives: აგვისტო 2017

არარა

18341979_1946109015624920_5849841114830895107_n „ყველა ჩვენთაგანს შეუძლია ისწავლოს, რომ ადამიანის უბედურებას არასდრს განაპირობებს მის გარეთ მყოფი საგნები.“

მეცნიერების მიერ შედგენილ სამედიცინო ტერმინოლოგიის ლექსიკონში მოცემულია 400 000 სახეობის ფობია. ეს დღევანდელი ცნობებით, მაგრამ თუ ნილ გეიმანს და მის ღმერთებს დავესესხებით, ყოველ წამს რაღაცა იცვლება, შესაბამისად იბადება ახალი შიში – განათლებულებისთვის ფობია. მე ყოველ მათგანს ვერ შევეხები და ამ პატარა ტექსტით მოვიცავ ორ შიშს, რომლებიც როგორც ქვემოთ ნახავთ ოთახში არიან…

არსებობს ოთახი, სადაც ორი შიშია გამომწყვდეული. ოთახში გაუთავებლად ისმის კარზე კაკუნის ხმა. შიშები მორიგეობით მიდიან კართან და იხედებიან ჭუჭრუტანაში. პირველი შიში კარების მეორე მხარეს ხედავს საფრთხეს, ხოლო მეორე ხსნას. ისინი გაუთავებლად კამათობენ, ეს ყველაფერი კი კარზე მონოტონური კაკუნის პარალელურად, ან გინდაც სიმფონიურად. შიშები ვერ თანხმდებიან, უნდა გააღონ კარები თუ არა. პირველის არგუმენტი საფრთხის შიშია, მეორე ცდილობს გადაარწმუნოს. გადარწმუნებისთანავე ახლა მას ეშინია. ეშინია იმედგაცრუების. ხომ შეიძლება ცდებოდეს და არასწორად ხედავდეს…

დილემა?

დილემა არაფერშია, არაფერი კი ყველაფერია! თუ ჭკუის კოლოფებს დავესესხებით, დიდი აფეთქება – სამყარო, სწორედ ასე არაფრისგან, იგივე სინგულარობისგან წარმოიშვა. „ყველაფრისგან და ამავდროულად არაფრისგან!“

ჭკუის კოლოფები იმასაც იქადნიან, რომ დიდმა აფეთქებამ გამოსტყორცნა ენერგია. ენერგია კი, როგორც თმაგაბურძგნული გენიოსისგან ვიცით, ატარებს პოტენციალს გარდაიქმნას მატერიად, ისევე როგორც მატერიას შეუძლია მეტამორფოზა ენერგიად. ჰო, პირველად არ იყო სიტყვა. თავიდან იყო ენერგია და მერე გაჩნდა მატერია. აი შემდეგ კი, მატერიამ თქვა სიტყვა…

ჭკუის კოლოფების თქმით, ერთ დროს სამყაროს საშუალო ტემპერატურა იმდენად მაღალი გახლდათ, რომ შეუძლებელი იყო სტაბილური ატომების არსებობა. აფეთქება კი, ფართოვდებოდა და ფართოვდებოდა. ასე გაცივდა სამყარო და ჩვენ ვიღებთ წყალბადის ატომს. სულ მალე სამყაროს ჰელიუმიც მოევლინა, მერე დეიტერიუმი და წავიდა… გაციებამ საბოლოოდ ადამიანი მოიტანა.

შემდეგ იყო 400 000 წელი და აენთო პირველი ვარსკვლავები. ახალბედები არ იყვნენ სტაბილურები, მალევე კოლაფსირდებოდნენ და მათ შორის ყველაზე მასიურები წარმოქმნიდნენ შავ ხვრელებს. გავიდა მილიარდი წელი – ამ სივრცის გამრღვევებმა და სულ-სულ ბნელებმა გალაქტიკების წარმოება დაიწყეს. გავიდა კიდევ მილიარდი წელი და მილიარდობით გალაქტიკიდან ერთ-ერთში მილიარდიდან ერთ-ერთი ვარსკვლავი აფეთქდა. ამან დატოვა გაზი, გაზი გრავიტაციამ დაამუშავა და ახალი ვარსკვლავი დაიბადა. ვარსკვლავს კვლავ გრავიტაცია წაეშველა და ტრილიონობით პლანეტას კიდევ ერთი შეემატა. რამდენიმე მილიარდი წელიც გაილია და ამ პლანეტაზე გაჩნდნენ არსებები, რომლებმაც თავს ჰუმანოიდები უწოდეს, ხოლო პლანეტას დედამიწა. ისინი მარტოსულები იყვნენ. ჯვარდებოდნენ და მრავლდებოდნენ, მაგრამ მაინც მარტოსულებად რჩებოდნენ. დაბადებიდან მარტოსულ არსებებს გაჩენისთანავე დემონი ჩაუსახლდათ. დემონმა ისინი აიძულა შეექმნათ ღმერთი. ვერ მოისვენა დემონმა და სამყაროს ეშმაკიც მოავლინა. ყველაზე ბნელი და საშიში არსება…

დემონი საშიშია?

დემონი შიშია…

საშიშია?

წარმოუდგენლად საშიშია! წარმოუდგენლად წარმოუდგენელია! ერთია იცოდე, მაგრამ მეორეა გაიაზრო. რამდენიმე წამით მაინც რომ შევძლოთ და დემონის გარეშე გადავიაზროთ თუ რა არის სინგულარობა, ან გინდაც მთელს ამ უსასრულო დროსა და სივრცეში ჩვენი არსებობა, როგორც მინიმუმ წარმოუდგენლები ვიქნებით…

შევეშვათ წარმოუდგენელს და სინგულარობას, დავუბრუნდეთ ჩვენს ორ პატარა შეშინებულ შიშს! დიდი აფეთქების შემდეგ თოთხმეტი მილიარდი წელია გასული… ჰო, ისინი ოთახში არიან გამოკეტილები და კარების გაღებასაც ვერ ბედავენ.

და მერე?

მერე ის, რომ შიში საშიშია, მაგრამ ეს მხოლოდ მისთვის, ვინც იცის, რომ შიში შიშია!

რამ შექმნა შიში?

სამყაროს და სიცოცხლის ევოლუციამ.

მაგრამ რამ შექმნა ზემოთ ხსენებული შიში, რომელმაც იცის, რომ შიში შიშია?

ეს უკვე ადამიანმა შექმნა.

რამ შექმნა ადამიანი?

„ადამიანი შრომამ შექმნა“ ო გეტყვით ვინმე მემარცხენე, მემარჯვენეც დაეთანხმება, მაგრამ დაურთავს, რომ ახლა უხილავი ხელის შრომის დროა.

რამ შექმნა ეს უხილავი ხელი?

საზოგადოებამ!

რამ შექმნა საზოგადოება, რომელიც ხან მარცხნივ მიდის, ხანაც მარჯვნივ? რამ შექმნა ეს მემარცხენე და მემარჯვენე?

შიშმა შექმნა ორივე…

რის შიშმა?

იმის შიშმა, რომ ადამიანი ბუნებით სოციალური ცხოველია, მაგრამ ამის პარალელურად ინდივიდია. ინდივიდი ინდივიდუალიზმის ილუზიით.

ოქსიმორონია?

განათლებულებისთვის!

რა გამოდის?

გამოდის, ადამიანი სოციუმის გარეშე პრიმიტივია, მაგრამ სოციუმი, რომელიც ინდივიდუალიზმისგან სრულებით იცლება, უბრალოდ პრიმიტიული ბრბოა.

მაგრამ ბრბო ხომ მაინც რაღაცაა?

ისევე როგორც პრიმიტივი.

მაგრამ ბრბო…

კი, რაღაცაა და ეს რაღაცა საშიშია.

საშიშია ვისთვის?

ინდივიდისთვის.

რა გამოდის?

სოციუმი საშიშია ინდივიდისთვის!

მაგრამ ხომ არსებობს ინდივიდი, რომელიც საშიშია სოციუმისთვის?

კი, ეგეც საშიშია!

რა გამოდის?

გამოდის ადამიანს საკუთარი ბუნების ეშინია. დემონის, რომელიც…

აი ისევ დაგვეკარგა ზემოთ ხსენებული ორი შიში შიშში, არადა ისინი კვლავ ოთახში არიან გამოკეტილნი… ისინი მე ვარ, ისინი შენ ხარ, მე ვარ შენ. ეს ორივე არსებაა, ხოლო არსებობა განათლებულებისთვის ეგზისტენცია. პირველი შიში ცნობიერია, რომელიც ხედავს საფრთხეს და ცდილობს თავი აარიდოს, ხოლო მეორე ქვეცნობიერია, რომელიც ცდილობს რაიმეს მოეჭიდოს, რაღაცას გამოეკიდოს, ეკიდება, მაგრამ სწორედ მას აქვს გააზრებული და არა ცნობიერს, რომ კარის მეორე მხარეს არაფერია. არაფერი, უბრალოდ არარა. აღებ კარებს, გადიხარ და სრულდება ოთახი, სრულდება ოთახი და მასთან ერთად სივრცე და დროც, რომელიც ამ ჯადოსნურ კოლოფშია მოქცეული… „ნების ოპტიმიზმი, გონის პესიმიზმი.“

ეგ როგორ?

ჰო, ეგრე!

და რა გამოდის?

გამოდის არაფერი!

არაფერი კი როგორც უკვე ზემოთ შევთანხმდით, ყველაფერია! ანუ, ადამიანი ყველაფერია და ამავდროულად არაფერია?

ჭკუის კოლოფებს ვკითხოთ…

და თუ ყველაფერი ასეა, მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?

ჰო, არაფერი და ყველაფერი! შიში – არარასი არარაში

არსებობა უარს ამბობს არსებობაზე?

დემონი არ უშვებს. შიში წინ უსწრებს არსებას. არსებობაზე უარს მხოლოდ ღმერთები ამბობენ… ღმერთობა კი არარაშია.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on აგვისტო 15, 2017 დუიმი Uncategorized