RSS

Monthly Archives: მაისი 2011

სექსუალური განათლება VS ერის გაუნათლებლობა

არ შემეძლო ამ თემას ერთხელ მაინც არ შევხებოდი. მე ამ უკანასკნელის არც დაპათოსებული მომხრე ვარ და მითუმეტეს არც მოწინააღმდეგე. უბრალოდ გამიჩნდა სურვილი ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი სუბიექტური აზრი დამეფიქსირებინა. პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ყოველ დღე ერთმანეთს, იქნება ეს ცხოვრებაში თუ სოციალურ ქსელში, შეურაცხყოფას აყენებენ, ზოგჯერ ფიზიკური ანგარიშსწორებითაც ემუქრებიან, და შეუსვენებლივ კამათობენ უნდა იქნას შემოღებული სექსუალური განათლება ქართულ სკოლებში თუ არა. პირველნი ამტკიცებენ, რომ ასეთი განათლება აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობისათვის, ხოლო მეორენი (ეს უკანასკნელნი მართლაც რომ მაოცებენ) რადიკალურად უდგებიან ასეთ განათლებას და თავიანთ გადაწყვეტილებას ჩემთვის სრულიად აუხსნელი მიზეზებით ამართლებენ. .
აი რამდენიმე მათი „სიბრძნიდან“ რომელებსაც ინტერნეტში და ცხოვრებაშიც წავაწყდი: –ღმერთი მაღალია, ის ამის უფლებას არ მოგცემთ!
–გეშინოდეთ უფლის!
–ქართველი ერი ჯერ იმ დონემდე არ დაშვებულა, რომ ასეთ საზარლობას შეეგუოს!
–ვერ ეღირსებით ქართველი ერის გარყვნას!
–საქართველო ამას არ გაპატიებთ!
–სანამ ქართველი კაცი მართლმადიდებელი იქნება, ის ამას არ დაუშვებს!
–თუ ასეთ განათლებას შემოიღებენ მე ჩემ შვილს საერთოდაც სკოლიდან გამოვიყვან!
–ღმერთო სადამდე დაეცა ქართველი ერი, ეს გვინდა ჩვენ?!
და აი ბოლო წინადადება, რომელსაც სრულიად შემთხვევით ფეისბუქზე წავაწყდი და არ შემეძლო ყველა ზემოთ ხსენებულისგან არ გამომეყო. . .ოცდაერთი წლის ნინო წერს: „მე არ მესმის რა საჭიროა მსგავსი განათლება, რა საჭიროა მსგავსი უღმერთობა, ჩვენ წინაპრებს არანაირი მსგავსი განათლება არ ქონიათ და მშვენივრად მოვიდნენ აქამდე!“
ამ ადამიანს როგორც ჩანს მართლაც, რომ ძალიან ბევრი რამ არ ესმის, არ ესმის კი არა და საერთოდ სად არის ისევ ღმერთმა იცის. რას ნიშნავს ჩვენ წინაპრებს მსგავსი განათლება არ მიუღიათ?! ჩვენ წინაპრებს არც ოცდამეერთე საუკუნეში უცხოვრიათ, მათ ჩვენამდე მოღწევა ყველანაირი ტექნიკის გარეშეც შეძლეს, მათ არც დღევანდელობაში აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთები ქონდათ, მათ არც პერსონალური კომპიუტერები გააჩნდათ და არც ინტერნეტის არსებობა იცოდნენ . ასე რომ , „ქალბატონო“ ნინო როდესაც ამ პოსტს წერდით ალბათ არც დაფიქრებულხართ, რომ თქვენ წინაპრებს არც კომპიუტერები გააჩნდათ და აქამდე ასედაც მშვენივრად მოაღწიეს! აქედან გამომდინარე ქალბატონო ნინო შეგიძლიათ ახლავე თქვენი კომპიუტერი და ყოველი საყოფაცხოვრებო ნივთი ფანჯრიდან მოისროლოთ, ამით ალბათ ჩვენც დავისვენებთ და თქვენც. .
ახლა კი მათ საყურადღებოდ ვინც სექსუალურ განათლებაში უღმერთობას და ერის გარყვნას ხედავს და ასევე მათ საყურადღებოდ ვინც აღშფოთებული გაიძახის „ეს სადამდე დაეშვა ჩვენი ერიო“. მეგობრებო ჩვენი ერი უკვე დიდი ხანია იქამდე დაეშვა საიდანაც ამოსვლა ჰოი როგორ გაგვიჭირდება, თქვენ ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ლამის ყოველ დღე ახალშობილ ბავშვს სანაგვეში პოულობენ (იმის გამო, რომ მის მშობელს ან ოჯახის საარსებო თანხა არ გააჩნია, ან უბრალოდ თავისივე უცოდინრობით მოუვიდა შეცდომა და ახლა ამ შეცდომის გამოსწორებას ნაგვის ურნის მოშველიებით ცდილობს). ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანში სადაც უამრავი ქალი თავისივე დაუფიქრებლობით არის გათხოვილი და ახლა უკან იმიტომ ვერ ბრუნდება, რომ მას მშობლები განათხოვარს უკან აღარ მიიღებენ (მართლაც და რას იფიქრებენ მეზობლები) და სხვა ასეთი. . ჩამოთვლას უბრალოდ ვერ აუვალ. .ერთს დავსძენ , ჩვენს ერს სერიოზული მენტალური პრობლემა აქვს. და აი მიუხედავად ყოველი ზემოთ ხსენებულისა ქართველი ერი დღეს უბედურების გამომწვევ მიზეზებად და ღმერთის გმობად სექსუალური განათლების შემოღებას მიიჩნევს.
ადამიანებო, სად ხედავთ აქ ღმერთის გმობას? ან გინდაც ერის გარყვნას და ღალატს? ნუთუ ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ამის მეტი სადარდებელი არ გაგვაჩნია? ნუთუ ღმერთმა გითხრათ სექსუალური განათლება არ შეიძლება ამის გამო ყველა სამუდამოდ კუპრში დაიწვებითო?! როგორც ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, დიახაც დღეს ოცდამეერთე საუკუნეა და ამას მხოლოდ ადამიანების მიერ გამოგონილი დროის ათვლის საშუალების გამო არ ვამბობ, ბოლო–ბოლო ეს საუკუნეებიც აბსტრაქტულია, არამედ იმიტომ, რომ ახლა სულ სხვა დროა, გვაწყობს ეს ჩვენ თუ არა კაცობრიობა ახლა სხვა რეალობაში ცხოვრობს. დღეს დღეობით მოზარდის ინფორმირება აუცილებელია, მან უნდა იცოდეს, თუ რა ხდება მის ორგანიზმში, მან უნდა იცოდეს თუ რა ცვლილებებს განიცდის გარდატეხის ასაკში, თუ არადა ის ამას მაინც გაიგებს და ამ ყველაფერს დამახინჯებით მიღებულს, არავინ იცის როგორ გადაამუშავებს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ მოზარდს სრულიად თავისუფლად დღისით მზისით შეუძლია ტელევიზორიდან, ჟურნალიდან, გაზეთიდან, კომპიუტერიდან და ბოლოსდაბოლოს ქუჩიდანაც თვალი მოჰკრას ამა თუ იმ, მისთვის აუხსნელ მოქმედებას და ამით დაინტერესებული, გასარკვევად თქვენ წარმოიდგინეთ არც მშობელთან მივა და არც მასწავლებელთან, არამედ თავის თანატოლთან, რომელმაც თავადაც არ იცის არაფერი, ბოლოს კი პასუხს ისევ ქუჩაში იპოვნის, თავისზე რამდენიმე წლით უფროსი ბავშვისგან.
რეალურად ამ საკითხში მასწავლებლად გვევლინება თოთხმეტი–თხუთმეტი წლის ბავშვი, რომელიც თავადაც არაა გათვითცნობიერებული თუ რას ქადაგებს. შედეგი კი უამრავი დაავადებაა, რომელიც ასე ხშირია მოზარდებში, ეს ყველაფერი კი ხდება ახალგაზრდობის და პირველ რიგში მოზარდების უინფორმაციობისა და გაუნათლებლობის გამო, შეიძლება ითქვას არა მარტო ამ უკანასკნელის გამო არამედ ერის გაუნათლებლობის გამო რომელიც ასე ჯიუტად ეწინააღმდეგება სექსუალურ განათლებას.
ახლა კი მათ საყურადღებოდ ვინც სექსუალურ განათლებას მიიჩნევს ახალგაზრდების მიმართ მოწოდებას ნაადრევი სექსუალური ურთიერთობებისკენ . . სქესობრივი განათლება ეხება შემდეგ თემებს: ხილული და უხილავი ცვლილებები რაც მოზარდის ორგანიზმში ხდება გარდატეხის ასაკში, არასასურველი ორსულობისგან თავდაცვა, ვენერიული დაავადებების თავიდან აცილება, სექსთან დაკავშირებული სხვადასხვა ფსიქოლოგიური ასპექტები… და სხვა მსგავსი მნიშვნელოვანი საკითხები. . .
ასე რომ სექსუალური განათლება ნიშნავს მოზარდის დაცვას და არა მის გარყვნას!
ერთმა ჩემმა მეგობარმა ისიც მითხრა, სკოლებში სექსუალური განათლების შემოღებას ჯობია, ამ უკანასკნელზე ლექციები ბავშვების მშობლებს ჩაუტარონო. და მართლაც ერთი შეხედვით უწყინარი ხუმრობა თავში დამიჯდა და ასეთი იდეა მომივიდა, იქნებ და მართლაც ჯობია მშობლებს ჩაუტარონ ლექციები. .გინდაც ეს იყოს ერთჯერადი. . ჩემი აზრით ერთი ლექცია საკმარისი იქნება: დაე აუხსნან თუ როგორ უნდა მიუდგნენ საკუთარ შვილებს, როგორ უნდა მიაწოდონ გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვს ინფორმაცია და ბოლოს რაც ყველაზე მთავარია ერთხელ და სამუდამოდ აუხსნან, რომ სექსუალური განათლება მათ შვილებს არც მეძავებად აქცევთ და არც დონ ჟუანებად. .
ერთი სიტყვით, მე ვემხრობი სექსუალური განათლების შემოღებას, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ეს სრულებითაც არ მიმაჩნია დღეს დღეობით აქტუალურ პრობლემად. სექსუალური განათლება არის ის, რაც ყოველ ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყანაში უნდა იქნეს შემოღებული. . . მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, ვართ ჩვენ ცივილიზებული ქვეყანა? არის დღეს დღეობით ქართული საზოგადოება მზად ამ სიახლისთვის? მე ვგულისხმობ მშობლებს, რომლებსაც კვლავაც ჯიუტად სურთ, რომ მათ შვილებს ეჯეროთ კომბოსტოს თეორემის.
იმ დღეს ჩემი მეგობარი გამომიტყდა თორმეტ წლამდე მეჯერა კომბოსტოში ნაპოვნი ვიყავიო. დღეს კვლავ ძალიან ბევრია ასეთი მშობელი და რა ვუყოთ მათ?! დღეს მიუხედავად არსებული რეალობისა მშობლები კვლავ ცდილობენ კომბოსტო და წერო მოახვიონ საკუთარ შვილებს.
ასე რომ ჩემო მეგობრებო, ვინც სექსუალური განათლების შემოსაღებად ასე გულმოდგინედ იბრძვით, კიდევ ერთხელ გეთანხმებით, საჭიროა, მაგრამ გავმეორდები და ვიტყვი, რომ სექსუალური განათლება საჭირო ქვეყანაში სადაც საზოგადოებაა განვითარებული!
და ახლა დაგისვამთ კითხვას. . საზოგადოება უკვე განვავითარეთ, ახლა სექსუალურ განათლებაზე რომ ვჩივით?!
გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ განვითარებული საზოგადოება ზემოთ, ჩემს მიერ მოყვანილი წინადადებებით არ ისაუბრებდა. . დღევანდელი რეალობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს ერთი ხელის მოსმით ჩანს, დღეს ერის განათლებაა საჭირო, აი შემდეგ კი სექსუალურ განათლებასაც შემოვიღებთ!
აქ არ შემიძლია მიშელ ფუკოს სიტყვები არ გავიხსენო, შეიძლება ვინმეს კონტექსტიდან ამოვარდნილი ეჩვენოს, მაგრამ მაინც:
“ჩვენ ვისჯებით იმიტომ, რომ სექსი ვიღაცამ ოდესღაც ცოდვად გამოაცხადა” და ახლა კვლავ კითხვას დაგისვამთ და დაე საკუთარ თავს გაეცით ამ უკანასკნელზე პასუხი. . ნუთუ მართლა ამიტომ ვისჯებით???

 
15 Comments

Posted by on მაისი 27, 2011 დუიმი წერილი

 

ნიჭიერი საბრალონი. . .”ნიჭიერში”

ქართულ ტელევიზიას და იქ გასულ გადაცემებს ერთხელ უკვე შევეხე, მაგრამ არ შემიძლია რამდენიმე სიტყვა არ ვთქვა სულ ცოტა ხნის წინ ნიჭიერში მომხდარ ფაქტზე. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ჩამაფიქრა და კიდევ ერთხელ მიმახვედრა, რომ ჩვენ ერს სერიოზული პრობლემები აქვს. სულ რაღაც სამი დღის წინ ნიჭიერის ნახევარ ფინალიდან ფინალში ხმების უმრავლესობით(რომელსაც მოსახლეობა აძლევს) გადავიდნენ მოხუცები კათარზისიდან.
მოხუცებმა ხალხს ასეთი სიტყვებით მიმართეს: „თუ ფინალში გადავალთ ამით არა მარტო ჩვენ არამედ ყველა მოხუცებულს გაუხანგრძლივდება სიცოცხლე და ყველა მივხვდებით, რომ ჯერ კიდევ საჭირონი ვართ!’’.
მშვენიერი სიტყვებია, ვერაფერს იტყვით და ამავდროულად გულის ამაჩუყებელიც ჰო?! მაგრამ ამ სიტყვების პატრონებს დაავიწყდათ, რომ ისინი იმყოფებოდნენ პროექტში სადაც ადამიანები თავისი ნიჭიერებით უნდა გამოირჩეოდნენ და შესაბამისად ამის დამსახურებით იმარჯვებდნენ, და არა მოწოდებით ან გინდაც თხოვნით, რომ თუ შემდეგ ეტაპზე გადამიყვანთ სიცოცხლე გამიხანგრძლივდებაო!
ზემოთ ხსენებული მოწოდება მშვენივრად შეისმინა შებრალების მანიით დაავადებულმა ერმა და იმწამსვე მობილურები მოიმარჯვა. თავის მხრივ არც ჟიურიმ დაინდო მოხუცები სიბრალულისგან და ერთ ერთმა მათგანმა ცხარე ცრემლითაც იტირა. ჩვენმა ერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ახლა მთელი ერი საბრალოა და საკუთარი საბრალოების გადასაჩქმალად ეძებს ინდივიდებს ვისაც თავად შეიბრალებს და ამ სიბრალულისთვის საკუთარ ქვეცნობიერს კეთილის აბსტრაქციით გამოკვებავს.
არ მინდა გამომივიდეს თითქოს მოხუცების მიმართ რამენაირად უარყოფითად ვიყო განწყობილი. პირიქით დასაფასებელია მათი ენერგია და სიცოცხლის უნარიანობა! მაგრამ მეგობრებო მინდა შეგახსენოთ რომ ამ ერთჯერადი აქციით მოხუცებს ვერ ვუშველით. . . და იმით, რომ ორი მოხუცი ახლა ნიჭიერის ფინალშია სხვა მოხუცებს საკვები და საარსებო პირობები ზეციდან არ დაურიგდებათ. ხვალიდან ცხოვრება ჩვეულებრივ გაგრძელდება და ჩვენ ყოველდღე უსახლკარო მოხუცებს რომლებიც პურის ფულის სამათხოვროდ ქუჩაში არიან გამოფენილნი შეუმჩნევლად ჩავუვლით.
სავარძლებში მოკალათებას და იქიდან მესიჯების წერას მემგონი ჯობია დავფიქრდეთ, თუ როგორ შევქმნათ ცივილიზებული გარემო სადაც არა მარტო მოხუცები, არამედ თავად მთელი ერი აღარ იქნება შესაბრალი.
გადაცემა ნიჭიერში არამარტო მოხუცების მიმართ არამედ სხვა უამრავი მონაწილის მიმართაც აშკარად შეინიშნება სიბრალულის პრეცენდენტები. ჩემი თხოვნა იქნებოდა, ნუ გადავაქცევთ პროექტ ნიჭიერს, პროექტ საბრალონად და თუ მაინც არ ვიშლით, მაშინ შევქმნათ ახალი შოუ და ვუწოდოთ მას „ ნიჭიერი საბრალონი „

 
დატოვე კომენტარი

Posted by on მაისი 18, 2011 დუიმი წერილი

 

ერი რომელიც ეძებდა სიყვარულს და ის ტუალეტში აღმოაჩინა. . .


 

,,,,სიყვარულო ძალსა შენსა ვინ არს რომ არ გმონობდეს!!!’’

 და მართლაც ვინ არის ის ვინც სიყვარულს არ ემონება?! ალბათ ისევ ის, ვისაც ამის საშუალება არ გააჩნია, ვინც სინამდვილეშიც მონაა და სიყვარულისთვის არ სცხელა.

 ალბათ ახლა ზოგს უკვირს, რა მონობა, რის მონობა, ან რას ნიშნავს ვინც სინამდვილეშიც მონაა?! ჩვენ ხომ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც პიროვნების თავისუფლება არ იზღუდება, სადაც ადამიანებს საკუთარი სუბიექტური აზრის გამო არ სდევნიან და ბოლოს და ბოლოს რაღა დროს მონობაა, ეგ ყველაფერი ხომ წარსულს ჩაბარდა, ბატონ-ყმობა ხომ დიდი ხნის წინ გადავარდა, აღარც გლადიატორები არსებობენ, რომლებიც თავისუფლების მოსაპოვებლად უზარმაზარ არენაზე ერთმანეთს დაუნდობლად ხოცავდნენ და სანაცვლოდ დაექსტაზებულ ბრბოს მხურვალე ოვაციებს იღებდნენ. ვინც ასე მიიჩნევს, ალბათ იმასაც ფიქრობს, რომ ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ ისეთ თემებზე რაც დღევანდელ რეალობაში აქტუალურია, ჩვენ ხომ ოცდამეერთე საუკუნის შვილები ვართ. ვისაუბროთ აფხაზეთზე, ოსეთზე, ამ წმინდა მიწების დაბრუნების საშუალებაზე, ვისაუბროთ ეკლესიებზე, მათ შენებაზე, ვიმსჯელოთ თუ რამდენი უნდა გადავრიცხოთ ამა თუ იმ ეკლესიის ასაშენებლად, ვისაუბროთ ქალიშვილობის ინსტიტუტის შენარჩუნების აუცილებლობაზე, ვისაუბროთ პატრიოტიზმზე, დიდგორის ბრძოლის ორას გმირზე, ვადიდოთ დავით აღმაშენებელი და ვაგინოთ ვარსქენ პიტიახშს, ვაქოთ და ვადიდოთ ჩვენი პატრიარქი. ის ხომ ჩვენი მხსნელია მან უნდა გადაგვარჩინოს. ჩვენ “ფეისბუქზე” გვერდიც გვაქვს, თან საკმაოდ პოპულარულიც ,,პატრიარქი გადაარჩენს საქართველოს’’.

 აჰა ეს ყველაფერი გასაგებია ჩვენ ვართ ერი რომელსაც არ შეუძლია ამა თუ იმ პიროვნების განდიდების გარეშე არსებობა, ის ეძებს მხსნელს რომელსაც ღმერთს გაუტოლებს და შემდეგ უსაზღვროდ შეიყვარებს. ჩვენ მოვიყვანეთ ზვიად გამსახურდია, ჩვენ ვადიდებდით და სანთლით ხელში მისთვის ვლოცულობდით. ისიც მოჰყვა და დაიწყო ყვირილი ,,საქართველო ქართველებისთვის!’’. კარგად ჟღერს არა?! ჰოდა ჩვენც დავუჩოქეთ, და მთელმა ერმა ამ ერთ პიროვნებაში ჩადო მთელი თავისი გადაგვარებული ოცნებები. სულ მალე წამოვიწყეთ სამოქალაქო ომი და ახლა ახალი მოვიყვანეთ, არც ამ უკანასკნელისთვის დავიშურეთ დაჩოქება და ძალიან ბევრმა ედვარდ შევარდნაძესაც დაუჩოქა. ტრიბუნიდან გამოსულმა გმირმა, რომელსაც გვერდს ილია მეორე უმშვენებდა, ერს მადლობა გადაუხადა და ასეთი სიტყვებით მიმართა ,,ხმა ღვთისა და ხმა ერისა’’ და მართლაც ამ დროს ერიც იქ იყო, ხოლო ღმერთს ილია მეორე წარმოადგენდა, (ალბათ სხვა დროს არც არასდროს ყოფილა ერსა და ღმერთს შორის ასეთი ურთიერთგაგება). ამას მოჰყვა ვარდების რევოლუცია და ახლა შევარდნაძეზე დაბოღმილმა ერმა ახალი კულტი გამოაცხო. ,,გადადექი. . .გადადექი. . .’’ ამ სიტყვებით შევარდა დღევანდელი პრეზდენტი პარლამენტის შენობაში და მაშინდელი პრეზიდენტიც გადადგა. წინა განდიდების პათოსებს თუ ვერ მოვესწარი ჩემი ასაკის გამო, ვარდების რევოლუცია შეიძლება ითქვას საკუთარი თვალით ვნახე და მაშინდელი ბრმა სიხარული ახლაც კარგად მახსოვს. რა მიხაროდა?! ალბათ ის რაც ყველას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვივაჟკაცეთ და ბებერი გმირი ახალგაზრდით ჩავანაცვლეთ. გავიდა დრო და როგორც ჩანს ეს ახალგაზრდაც დაგვიბერდა, საჭირო გახდა ამ უკანასკნელის თავიდან მოშორება და პატრიოტიზმის პათოსით აჟიტირებულმა საზოგადოებამ აქაც გამოყო თავი. ,,მიშა უნდა წავიდეს, მიშა დაგენძრა, მიშა მოვდივართ’’ გაჰყვიროდნენ ერის გულისტკივილით აღგზნებული პატრიოტები, გადაკეტეს რუსთაველი და გამართეს დიდი ღრეობა. თუმცა ამჯერად ჩვენ პრეზიდენტს ზურგი აღმოუჩნდა და ჩვენ პატრიოტებს ჩანაფიქრის განხორციელება გაუჭირდათ. ვერც ახალმა გმირმა ,,გრეჩიხამ’’ გაამართლა და ამჯერად ყველა ერთად ერის სულიერ მამას მიადგა. ამ უკანასკნელმაც ის უთხრა რასაც მის თანამდებობაზე მყოფი ყოველი ადამიანი იტყოდა. ,,წადით და ილოცეთ’’ და მას შემდეგ ვდგავართ და ვლოცულობთ, გვჯერა რომ ივერია გაბრწყინდება, გაბრწყინდება და მასთან ერთად ყოველი ჩვენგანიც გაიბრწყინებს.

 ახლა მოდით დავუბრუნდეთ კვლავ წინადადებას, რომელიც ყოველ თქვენგანს გაუგია და თითქმის ყოველ თქვენგანს პირზე აკერია  ,,სიყვარულო ძალსა შენსა ვინ არს კაცი რომ არ გმონობდეს’’. რას ნიშნავს ჩვენთვის სიყვარული?! რას ემონება დღეს ქართველი ერი?! დიახაც დღეს ქართველი ერი იქცა მონად, (და მთელი სიყვარული მონობას გაუიგივა) ისეთ მონად როგორიც ალბათ არც არასდროს ყოფილა, არც მაშინ როდესაც მონღოლებმა დაგვიპყრეს და არც მაშინ როდესაც ერეკლე მეორის დროს რაოდენობრივი სიმცირის გამო გადაგვარების პირას ვიდექით. ადრე თუ ვიბრძოდით ახლა თავად გვსურს ვიყოთ მონები, თავად ვითხოვთ ბორკილებს და საკანს რომელშიც უცხო აზრს და სიახლეს შესვლა სასტიკად ეკრძალება. დღეს ყველაფერს სტერეოტიპები განაგებენ, მათ ხელშია ჩვენი აზროვნება, ჩვენი განვითარება და რაც ყველაზე გულდასაწყვეტია ხელოვნებაც. გმირებზე იმედგაცრუებულმა ერმა შვება აბსტრაქტულ ზმანებებში ნახა და საკუთარ ნაჭუჭში საბოლოოდ ჩაიკეტა. ერთმა ჩემმა ნაცნობმა ესეც მითხრა ,,მე არა ქალიშვილს ცოლად არასდროს მოვიყვან’’.

–რომ შეგიყვარდეს? –ვკითხე და გამომწვევად ჩავიცინე.

 ,,არა მაინც არ მოვიყვან, ნამდვილი ქართველი კაცი –ესეთს– ცოლად არასდროს მოიყვანს, მე ქართველი ვარ! ხალხი კი გაირყვნა და ქართველობას საბოლოოდ ივიწყებენ!’’  –ადვილი მისახვედრია ამ პიროვნებასთან დისკუსიაში აღარ შევედი და თავიდან დავეხსენი, შევატყვე ჩემთან საუბარმა ისე აღაგზნო მალე ხელსაც დამარტყამდა.

 გასაგებია ყველას აქვს უფლება საკუთარი სუბიექტური აზრი გააჩნდეს, მაგრამ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, როგორ უნდა გავიგოთ დღევანდელი ქართველობა?! მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე, ქართველობა აპკი ყოფილა, და უაპკობას თურმე ქართველი ვერასდროს ვერ აიტანს. სამწუხაროდ ამ პიროვნების აზროვნება ქართველი ახალგაზრდობის უმრავლესობას ხიბლავს თორე მერწმუნეთ ამაზე დიდხანს არ გავჩერდებოდი.

 იმ დღეს ერთ ჩემ ძველ მეგობარს შევხვდი, რამდენიმე ბანალური სიტყვის გაცვლის შემდეგ დამიწყო გამოკითხვა თუ რას ვსაქმიანობდი, დავიწყე მუშაობა თუ არა, მოვიყვანე ცოლი თუ არა. . . იმედ გაცრუებული იმით, რომ ცოლი ჯერ არ მყავდა, ახლა შეყვარებული თუ გყავსო დაინტერესდა. –არა არ მყავს ვუპასუხე, მეგობარი გოგო მყავს. –აქ აღშფოთება შევატყვე.

 ,,რა იყო გაევროპელდი?’’ მკითხა და გამომწვევად მომაჩერდა. ამაზე ვუპასუხე რომ ერთი გოგო მომწონს მასაც მოვწონვარ ერთმანეთთან ურთიერთობა გვსიამოვნებს და ერთად ვართ, მაგრამ ამას ჯერ სიყვარულს ვერ დავარქმევთ.

 კიდევ რამდენიმე წამი ალმაცერად მათვალიერა და ახლა საუბარი არსებულ რეალობაზე ჩამოვარდა. უცბად შემაწყვეტინა ფეხზე წამოიჭრა და ასე გამწარებული მეუბნება.

 ,,შენ სულ გაგიბერია ძმაო! რა იყო ევროპელობა მოგინდა? წინაპრები და რამე სულ ფეხზე გკიდია?’’

 მე გავუღიმე და წყნარად ავუხსენი (ვცადე ამეხსნა)რომ მე არც ევროპელი ვარ, არც აზიელი, არც აფრიკელი და საერთოდაც არც რაიმე კონტინენტის შვილი, მე უბრალოდ ადამიანი ვარ, რომელიც გაჩნდა დედამიწაზე, რომელსაც საკუთარი აზრი გააჩნია და ცხოვრებას ვუყურებ როგორც ინდივიდი და არა როგორც ამა თუ იმ მიწის ნაგლეჯის წარმომადგენელი. და საერთოდაც ვინ გაყო ეს დედამიწა?! ისევ და ისევ ვიღაც პაპუასებმა, ველურმა, ასკეტურმა ტომებმა, რომლებმაც თავის დროზე ძალადობით მიითვისეს ესა თუ ის ტერიტორია, შემდეგ კი დიდი ზარ ზეიმით ხელოვნურად შემოღობეს. კაცობრიობის ამ უდიდეს შეცდომას მომავალში მოჰყვა უამრავი ომი და მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სისხლის ღვრა. და ახლა თუ ჩემი აზრი ამა თუ იმ საკითხში ემთხვევა ვიღაცა ევროპელის, ან გინდაც აზიელის აზრს, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მე და ის ყველაფერს ერთნაირად ვუყურებთ და ერთი მიწის ნაგლეჯის შვილები ვართ. რამდენიმე წამი ხმის ამოუღებლად მომჩერებოდა ალბათ ფიქრობდა დაერტყა ხელი თუ არა, ბოლოს ალბათ ვერც ეს გაბედა წამოხტა და გამოუმშვიდობებლად გავარდა.

 არ მესმის მე თუ შემიძლია ავიტანო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების კამპანია და ჩემ გარშემო თითქმის ყველა ასეთია, რატომ მათ არ შეუძლიათ ეს?! ვისი რა საქმეა ვის მოვიყვან ცოლად? და როგორი იქნება ეს უკანასკნელი? მე ხომ ის ჩემ ოჯახში შემყავს და არა მათში.
პატრიოტიზმით დაპათოსებულნი ალბათ მეტყვიან, რომ საქართველო ერთი დიდი ოჯახია და აქედან გამომდინარე მათაც აქვთ უფლება ცხვირი ჩაყონ ჩემს პირად ცხოვრებაში, მე კი ვეტყვი, რომ პატრიოტიზმი არის ის რისთვისაც თავის შეფარება ყოველ ნაბიჭვარს ძალუძს და დაე ამას საკუთარ თავზე ნუ მიიღებენ, ისინი ხომ ყოველდღე საკუთარი თვალით ხედავენ პატრიოტიზმის აბსტრაქტულ ნიღაბს ამოფარებულ სხვადასხვა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, და მაინც თუ საქართველო ერთი დიდი ოჯახია და ყველას აქვს უფლება ჭკუა დამარიგოს, მაშინ მეც ვიტყვი, და აქ მარქსის სიტყვებს მოვიშველიებ, ,,რელიგია არის ოპიუმი ფართო მასებისთვის’’ და აქ ამ ადამიანს ნამდვილად ვეთანხმები! ვიტყვი იმასაც, რომ მე ვცხოვრობ ქვეყანაში სადაც ყოველი გოგო ცდილობს გაიპრანჭოს, ჩაიზმანოს, ცდილობს სექსულურად გამოიყურებოდეს, მაგრამ საკმარისია მიაღწიონ ჩანაფიქრს და უთხრა რომ სექსუალურად გამოიყურება იმწამსვე დაიმორცხვებს, შეურაცხყოფად მიიღებს და შეიძლება სილაც გაგაწნას, შემდეგ სახლში წავა და ამაზე ძმასთან დაიჩივლებს. 

 
არ ვიცი რანი ვართ ქართველები, მაგრამ თუ ერთი დიდი ოჯახი ვართ მაშინ ვიტყვი, რომ ეს ოჯახი უკვე დიდი ხანია ყარს, ყარს და დღითი დღე უფრო და უფრო ლპება. ის ფასეულობები რაც დღეს დღეობით ქართველთათვის ლამის რელიგიურ მაშტაბებს იღებს, კაცობრიობამ დიდი ხნის წინ ტუალეტის უნიტაზში ჩარეცხა და ჩვენ ახლა ამ ყველაფრის უნიტაზიდან ამოკრეფას ვცდილობთ და ამ აქოთებული ფასეულობებით ცივილიზებულ სამყაროში შესვლას ვლამობთ. იქ კი ასე აქოთებულებს არავინ მიგვიღებს.

 არ მესმის რატომ აიგივებენ ქალიშვილობას და რელიგიას ქართველობასთან. გადახედეთ მსოფლიო ისტორიას და ნახავთ, რომ ქალიშვილობა ჩვენი მოგონილი არ არის, არც ქრისტიანობაა ქართველთა საკუთრება. შუა საუკუნეების ევროპაში ეს იდეოლოგია არანაკლებ იყო გავრცელებული ვიდრე ჩვენთან, ისინი არც რელიგიური ფანატიზმით ჩამოგვრჩებოდნენ და ამ უცნაურ მარათონში გვასწრებდნენ კიდევაც. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, ეს იყო საუკუნეების წინ, მსოფლიო გამანათლებლებმა, მოაზროვნეებმა და თავის მხრივ ტექნიკამაც თავისი გაიტანა და მივიღეთ სულ სხვა სამყარო. დღეს კი საქართველოში რას ვხედავთ?! ჩვენ ვხედავთ მენტალიტეტს რომელიც იჩემებს ევროპასთან დაახლოებას და ამავდროულად გონებრივად შუა საუკუნეებისკენ მიისწრაფის. ჯერ მარტო რად ღირს ,,მართმადიდებელ მშობელთა კავშირი’’ მიეცით ამ ორგანიზაციას (არ ვიცი ზუსტად რა ვუწოდო) ხელში ძალაუფლება და მერწმუნეთ თქვენ საკუთარი თვალით იხილავთ შუა საუკუნეების ინკვიზიციებს.

 ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ წარსულს ჩაბარდა  დრო როდესაც ცხენზე ამხედრებული ორ მეტრიანი ახმახი წინ მიუძღვოდა მტრის სისხლს მოწყურებულ ერს, წარსულს ჩაბარდა დრო როდესაც ვიღაცა ვიღაცის გამო ეწამებოდა და ამით წმინდანის იარლიყს ირტყამდა, წარსულს ჩაბარდა დრო როდესაც რელიგიის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს ცეცხლში სწვავდნენ და მათ ეშმაკთან თანამშრომლობას აწებებდნენ. დღეს ხსნა მხოლოდ ინდივიდშია და სანამ ყოველი ჩვენგანი ვერ მიხვდება, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, სანამ ყოველი ჩვენგანი არ მიხვდება რომ პრეზიდენტები და მთავრობები ვერაფერს შეცვლიან, იმიტომ რომ ეს უკანასკნელნიც ამ საზოგადოებიდან არიან აღმოცენებულნი, ხოლო საზოგადოება რომელიც ყარს და ლპება, ვერც ვერასდროს ვერ აღმოაცენებს ხელისუფლებას, რომელიც რაიმე ღირებულს შეცვლის და რომც გამოჩნდნენ ასეთები, ისინი ამას მაინც ვერ შესძლებენ, იმიტომ რომ საზოგადოება ამის უფლებას თავად არ მისცემს, არაფერი შეიცვლება, ჩვენ კვლავ დავრჩებით ერად, რომელიც გაბრწყინებას ელის და ამ მოლოდინში უკვე სუნი აუვიდა. დღეს საზოგადოება იქცა დამსჯელ აპარატად, აი როგორიც იყო კომუნიზმი და ეს ჩამორჩენილი აზროვნება არაფერს ახალს განვითარების უფლებას არ აძლევს. იმასაც ვიტყვი, რომ ეს აზროვნება (ჩვენი მშობლების თაობა) დაიბადა და გაიზარდა ბრმა სოციალიზმში, ისინი იზიარებდნენ მის ფასეულობებს და როდესაც ჩვენ ასაკში იყვნენ წითელი ბანტებით წითელ ხალიჩაზე ,,ძენ პაბედის’’ მღეროდნენ. მაშინ მათ არც ეკლესია ახსოვდათ, არც რელიგია, არც პატრიოტიზმი და არც თავისუფალი აზრი. ესენი იყვნენ გაზრდილნი, რათა ეცხოვრათ კომუნიზმში, რომელშიც ყველაფერი თავისით უნდა მოსულიყო, ოღონდ არავის არაფერი განსხვავებული არ უნდა ეთქვა და კითხვა არ უნდა გასჩენოდა. დაინგრა კომუნიზმი, უტოპია აღმოჩნდა მათი სოციალიზმი და ახლა ასე გამოკიდებულნი დარჩნენ, მათ არ იციან თუ როგორ უნდა იცხოვრონ დამოუკიდებლად, მათ არ იციან რა არის თავისუფლების სურვილი, თორე თავად თავისუფლება არის აბსტრაქცია რომლისკენაც კაცობრიობა აწ უკვე მრავალი წელია ,,ვითომ’’ მიისწრაფის. და აი ახლა როდესაც ჩვენ გვეძლევა შანსი შევქმნათ რაღაც ახალი, ბევრად უფრო ღირებული, ამას განგებ არ ვაკეთებთ. ვიმეორებ ჩვენ ჩვენი მშობლების თაობისგან განსხვავებით გვაქვს საშულება არჩევნის. საჭიროა თაობებს შორის განხეთქილება, იმიტომ, რომ იცოდეთ წინა თაობა არის კომუნიზმი და თქვენ თუ არ გსურთ ეს მაშინ იყავით სხვანი. სიტყვა ,,სხვა’’ კი თავად ასოცირდება განსხვავებულობასთან, ნუ იქნებით ბრბო იყავით ინდივიდი და დაე თქვენ ინდივიდუალიზმში ეძებეთ ხსნა. . . 

 გაიხსენეთ რას გიყვებოდნენ თქვენი მშობლები როდესაც პატარები იყავით. ,,წერომ მოგიყვანა’’ გეცნოთ?! და თუ გეცნოთ იცოდეთ, რომ ჩვენი წინა თაობა მართლაც რომ წეროებმა მოიყვანეს და როგორც მოიყვანეს დაე ასევე გავატანოთ!

 ერთს დავსძენ სულ ცოტა ხნის წინ ფსევდო პატრიოტებმა წამოიწყეს ახალი აქციები. .მათ კვლავაც სურდათ ის რაც აქამდე ყოველთვის: არსებული მთავრობის ჩამოგდება და ახლის მოყვანა. . რა შეიცვლება ამით?! ამაზე პასუხი თავადაც არ გააჩნიათ! აქ არ შემიძლია ბერნარდ შოს სიტყვები არ მოვიყვანო (მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს გამონათქვამებით საუბარი) და იქნებ ამ უკანასკნელმა მაინც ჩაგაფიქროთ: „ ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია „ ბევრი ალბათ შეეკამათებით და დაგმობთ ამ გამონათქვამს. . და თუ ასე იზამთ, მაშინ ეს ყველაფერი საქმით დაამტკიცეთ.
ჯერ თავად შევიცვალოთ და შემდეგ ვიფიქროთ სხვის შეცვლაზე. . ნუ გავიმეორებთ ისტორიულ შეცდომებს, რომელიც ჩვენ ერს სულ რამდენიმე წელიწადში, ვითომ თავისუფლბის პერიოდში, უკვე უამრავი დაუგროვდა. .

 
17 Comments

Posted by on მაისი 9, 2011 დუიმი წერილი