RSS

გრავიტაციული ტალღები

Gravitational-Waves-Help-Astronomers-Understand-Black-Hole-Weight-Gain

„მე არასდროს ვფიქრობ მომავალზე, ის ისედაც სწრაფად მოვა.“ – ეს სიტყვები დაახლოებით ასი წლის წინ ითქვა. ხსენებული სიტყვების ავტორი ახლა აღარ ფიქრობს, ის ცოცხალი არ არის, მაგრამ მისი ნააზრევი დღემდე მილიონობით ადამიანს აფიქრებს.

ასი წლის წინ ალბერტ აინშტაინმა გრავიტაციული ტალღების არსებობა იწინასწარმეტყველა. მართლაც, მისივე სიტყვების არ იყოს, მომავალი ნამდვილად მალე მოვიდა, 2016 წლის 11 თებერვალს მისი წინასწარმეტყველება ოფიციალურად დადასტურდა. თეზისი ემპირიულობად გარდაისახა.

სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ აქსიომად ითვლებოდა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში სადაც დრო უნივერსალურია. 1915 წელს აინშტაინი ახერხებს ფარდობითობის სპეციალური თეორიის განზოგადებას, ეს არის გრავიტაციული და ინერციული მასების ტოლობა. აინშტაინი ამით მიდის ფარდობითობის ფუნდამენტურ, ზოგად პრინციპთან, სადაც გრავიტაცია სივრცე-დროის გეომეტრიული თვისებაა. კერძოდ, სივრცე-დროის სიმრუდე დაკავშირებულია ენერგიასა და იმპულსთან. თეორიის თანახმად, გრავიტაციული ველი შედეგი უნდა ყოფილიყო სივრცე-დროის კონტინუუმის გამრუდებისა, რაც მატერიალური სხეულებისგანაა გამოწვეული.

არავინ იცოდა, რომ ჩვენი სამყარო ფარდობითია და მატერია დროსთან პირდაპირ კავშირშია. მეტიც, აღმოჩნდა, რომ გრავიტაციას შესძლებია დროში გვამოგზაუროს ისევე, როგორც მფრინავმა ხალიჩამ, რომლის კონცეფციამაც სხვადასხვა ტექნოლოგიების ჩარევით შეისხა ხორცი.

ამით კაცობრიობის ისტორიაში ახალ ერას ჩაეყარა საფუძველი. დრო და სივრცე არ არის განცალკევებული, ისინი ერთ მთლიანობას წარმოადგენენ და ერთმანეთში არიან გადაჯაჭვული. რაც უფრო მასიურია სხეული, ის უფრო ამრუდებს სივრცეს, შესაბამისად დროსაც. მაგალითისთვის, წარმოვიდგინოთ მზის სისტემა, მზე საკმარისად მასიურია იმისთვის, რომ მოახერხოს სივრცე-დროის გამრუდება, ეს წარმოშობს მიზიდულობას, სწორედ ამიტომ მოძრაობენ პლანეტები მზის გარშემო.

აინშტეინის მიხედვით, გრავტაციას უნდა ჰქონოდა გამოსხივება. ისინი შორდებოდნენ წყაროს, ვრცელდებოდნენ სინათლის სიჩქარით, მაგრამ ჩვეულებრივ გარემოში, მისგან დაშორებულ რეალობაში მათი დაფიქსირება ძალაინ რთული უნდა ყოფილიყო. გამომდიანრე იქიდან, რომ ელექტრომაგნიტური ტალღებისგან განსხვავებით, გრავიტაცია ძალიან სუსტია.

აინშტაინის თეორიის პრაქტიკაში შემოწმებაზე მუშაობა ჯერ კიდევ სამოციან წლებში დაიწყეს. დაიწყო მუშაობა პროექტებზე, რომლის შედეგიც უნდა ყოფილიყო დანადგარი, დანადგარის მიზანი კი გრავიტაციული ტალღების დაფიქსირება იქნებოდა. წყალი აიმღვრა მას შედმეგ, რაც 1960 წელს ტეოდორ მეიმანმა შექმნა პირველი ლაზერი, იგივე სინათლის გაძლიერება იძულებული გამოსხივების მეშვეობით. მალევე, 1962 წელს, მას შემდეგ რაც ლაზერი იქნა აღმოჩენილი, გაჩნდა თეზისი რომ უნდა გამოეყენებინათ ორი მასა და მათგან გაკეთებულიყო ანტენა. ეს ყვლაფერი იმიტომ, რომ გრავიტაციული კონტაქტი ხდება სუსტად, შესაბამისად სუსტია გამოსხივება.  საჭირო იყო გიგანტური მასები, მაგალითისთვის ორმაგი ვარსკვლავური სისტემები. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კოსმოსური სხეულების მიერ გამოსხივებული ენერგია კოლოსალურია, ჩვენგან დაშორებული მანძილის გამო გამოსხივების მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს.

სწორედ ამისთვის შეიქმნა ლიგოს ობსერვატორია. (ლაზერული ინტერფერომეტრიის გრავიტაციულ-ტალღური ობსერვატორია). ეს არის გრავიტაციულ-ტალღური ობსერვატორია, რომელიც ორი, ერთმანეთისგან 3000 კილომეტრის მანძილზე დაშორებული, ზუსტად ერთნაირი დეტექტორებისგან შედგება.

რამდენიმე წლიანი შრომის შემდეგ, შედეგი კვლავ არ ჩანდა, ფინანსები კი რაც ობსერვატორიას სჭირდებოდა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. 2015 წლის 19 მაისს, 7 წლიანი მოდერნიზაციის შემდეგ ლიგომ მუშაობა განაახლა. პროექტში ა.შ.შ. და 14 სხვა სახელმწიფო იღებდა მონაწილეობას. პროექტი საერთო ჯამში 370 მილიონი დოლარი დაჯდა. პროგრამის ხელმძღვანელებმა დეტექტორებზე მომუშავე გუნდს გამოსაცდელად ყალბი სიგნალებიც კი გაუვრცელეს, რათა მათ კომპეტენტურობაში დარწმუნებულიყვნენ.

და აი, 2015 წლის, 14 სექტემბერს, ლიგომ ეს შეძლო! მეცნიერებმა გრავიტაციული ტალღების პირდაპირი დამზერა მოახერხეს. ინფორმაციას გადამოწმება სჭირდებოდა და მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ, 2016 წლის, 11 თებერვალს ინფორმაციის გასაჯაროება მოხერხედა.

რატომ ახლა და არა აქამდე?

პასუხი ისეთია, რომ ნებისმიერ სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალს შეშურდება. ტალღების წყარო, ორი შავი ხვრელის შერწყმა აღმოჩნდა, რომელიც შედეგად ერთ გიგანტურ შავ ხვრელად ჩამოყალიბდა. ისინი მილიონობით წლის განმავლობაში ერთმანეთის გარშემო ბრუნავდნენ, როგორც ამას მეცნიერები უწოდებენ „ცეკვავდნენ“. ისეთი მასიურები და სწრაფები იყვნენ, ნელ-ნელა კარგავდნენ გრავიტაციულ ენერგიას, ამიტომაც უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. როგორც ეს ჩვენი მზის სიტემის შემთხვევაშია, რაც უფრო ახლოსაა პლანეტა მზესთან, მით უფრო სწრაფია მისი ბრუნვა, ასევე ხდებოდა შავი ხვრელების შემთხვევაშიც. რაც უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, მით უფრო სწრაფად ბრუნავდნენ. ბოლოს შავი ხვრელები ერთმანეთთან ისე ახლოს აღმოჩნდნენ, რომ თითქმის სინათლის სიჩქარით ტრაილებდნენ. მეცნიერებმა დაითვალეს და გამოვიდა, რომ საბოლოო შერწყმამდე, მხოლოდ ერთ წამში მათ გამოჰყვეს იმხელა ენერგია, რასაც მზე მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ვერ გამოიმუშავებს.

ამ ორი გრავიტაციული მონსტრის შეჯახებამ, რომელიც თავისმხრივ 1,3 მილიარდი წლის წინ მოხდა, სივრცე-დროის გამრუდება ისეთი მასშტაბებით შეძლო, რომ მათგან წამოსულმა გრავიტაციულმა ტალღებმა ჩვენამდეც მოაღწია. იმისთის, რომ წარმოვიდგინოთ შეჯახების მასშტაბები, ლიგოს მეცნიერების თქმით, ერთი შავი ხვრელის მასა 28 მზის მასას აჭარბებდა, ხოლო მეორესი 35 ისას და ისინი თითქმის სინათლის სიჩქარით ბრუნავდნენ. შეჯახების შედეგად მივიღეთ 62 მზის მასის მქონე შავი ხვრელი.

წარმოიდგინეთ, მილიარდ სამასი ათასი წელი, სწორედ ამდენი ხანი მოდიოდა ხსენებული გრავიტაციული ტალღები დედამიწამდე. ლოგიკურია, გზად ის სულ უფრო და უფრო კარგავდა ენერგიას, მაგრამ მიუხედავად ამისა ის ბევრად ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ყოველი ტალღა, რომელსაც ჩვენს პლანეტაზე მატერია წარმოქმნის. თუმცა, რომ არა ლიგოს დეტექტორების ზესენსიტიურობა, ვერც მათი დაფიქსირება მოხერხდებოდა.

„ორი დეტექტორი, ათასი მეცნიერი, 16 ქვეყანა, 25 წელი და დღეს.. ჩვენ ეს შევძელით!“ ასე დაიწყო კონფერენცია, რომელმაც კაცობრიობას ოფიციალურად ამცნო გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის შესახებ.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ გრავიტაციული ტალღები, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა თუ რა გველის შედმეგ. 400 წლის წინ გალილეო გალილეიმ თავისი ტელესკოპით გაიხედა კოსმოსში და ამით დაიწყო თანამედროვე ასტრონომია. ვფიქრობ, რომ დღეს იწყება არანაკლებ მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი, ჩვენ გავხსენით სრულიად ახალი ფანჯარა.“ განაცხადა პრესკონფერენციაზე ფრანც კორდობამ, ნაციონალური სამეცნიერო ფონდის დირექტორმა.

რა არის უმნიშვნელოვანესი?

ერთხელ და სამუდამოდ ემპირიულად დადასტურდა დრო-სივრცის გრავიტაციული რხევა. პირველად მოხერხდა გრავიტაციული ტალღების პირდაპირი დამზერა. ფარდობითობის ბოლო წინასწარმეტყველება გამართლდა. კიდევ ერთხელ დადასტურდა შავი ხვრელების არსებობა. გაჩნდა კოსმოსზე გრავიტაციული დამზერის საშუალება. როდესაც ისეთი ექსტრემალური ობიექტები, როგორიც შავი ხვრელებია, ერთმანეთში ერწყმებიან, ამ მომენტში ხდება ჩვენთვის სრულიად აუხსნელი მოვლენები, კონკრეტულ მომენტში ჩვენ ვერც ფარდობითობის თეორია გვეხმარება და ვერც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია კვანტურ სამყაროზე. გრავიტაციული ტალღები კი პირდაპირი შთამომავლები არიან მსგავსი მოვლენების, მათ უნდა გააჩნდეთ ინფორმაცია, ისინი უნდა იყვნენ მატარებელი იმ ინფორმაციის რაც შეიძლება ჩვენთვის სრულაიდ ახალი ფანჯარა აღმოჩნდეს.

„ამ მომენტამდე ჩვენ ვიყურებოდით ცაში, მაგრამ არ გვესმოდა მუსიკა“, -განუცხადა ჟურნალისტებს აღმოჩენის გუნდის წევრმა, ასტროფიზიკოსმა საბოლჩ მარკამ.

რას მოიტანს აღმოჩენა?

სამომავლოდ, გრავიტაციული-ტალღური ანტენებით შესაძლებელი იქნება სამყაროს აჩქარებული გაფართოების ზუსტი გაზმოვა, ნეიტრონული ვარკსვლავების სფერული ფორმიდან გადახრის დადგენა, ასევე კოსმოსური სიმების (თუ ის მართლა არსებობს) აღმოჩენა.

მაინც, რაში დაიხარჯა ამხელა რესურსები, როგორც ფიზიკური, მენტალური, ასევე ფინანსური, რაც თეორიულად ისედაც დამტკიცებული იყო?

ამაზე შეიძლება შემდეგი მაგალითი მოვიყვანოთ, მაგალითი, რომელიც ისტორიის მიერ არის დადასტურებული: მაშინ როდესაც 1897 წელს ჯ.ჯ. ტომსონმა პირველად მოახდინა ელექტრონის დამზერა, ჯერ კიდევ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ტექნოლოგია რაზეც ჩვენი დღევანდელი ყოველდღიური ცხოვრებაა დამოკიდებული მეტწილად სწორედ ამ აღმოჩენაზე იქნებოდა დაშენებული.

უკვე დღეს შენდება ახალი გრავიტაციული ტელესკოპები. ოც წელიწადში კოსმოსში გაფრინდება ახალი გრავიტაციული ლაზერული აპარატი. ის ათასჯერ უფრო ზუსტი და მგრძნობიარე იქნება ვიდრე დღევანდელი ტექნოლოგიები. ამიტომაც, შეკითხვაზე თუ რისთვის ხდება ეს ყველაფერი, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ისევე როგორც ოდესღაც ზღაპრული მფრინავი ხალიჩა – დღეს მართლა გაფრინდა, გინდაც თვითმფრინავის სახით, ოდესღაც ჩვენც შევძლებთ სივრცე-დროის იმ სახით გამრუდებას როგორც ამას შავი ხვრელები ახდენენ და ერთხელაც ჩვენც დავიწყებთ დროში მოგზაურობას, ისე როგორც ამას სხვადასხვა მითების და სამეცნიერო ფანტასტიკის გმირები აკეთებენ.

 

 

 
დატოვე კომენტარი

Posted by on სექტემბერი 28, 2017 დუიმი Uncategorized

 

ტეგები:

არარა

18341979_1946109015624920_5849841114830895107_n „ყველა ჩვენთაგანს შეუძლია ისწავლოს, რომ ადამიანის უბედურებას არასდრს განაპირობებს მის გარეთ მყოფი საგნები.“

მეცნიერების მიერ შედგენილ სამედიცინო ტერმინოლოგიის ლექსიკონში მოცემულია 400 000 სახეობის ფობია. ეს დღევანდელი ცნობებით, მაგრამ თუ ნილ გეიმანს და მის ღმერთებს დავესესხებით, ყოველ წამს რაღაცა იცვლება, შესაბამისად იბადება ახალი შიში – განათლებულებისთვის ფობია. მე ყოველ მათგანს ვერ შევეხები და ამ პატარა ტექსტით მოვიცავ ორ შიშს, რომლებიც როგორც ქვემოთ ნახავთ ოთახში არიან…

არსებობს ოთახი, სადაც ორი შიშია გამომწყვდეული. ოთახში გაუთავებლად ისმის კარზე კაკუნის ხმა. შიშები მორიგეობით მიდიან კართან და იხედებიან ჭუჭრუტანაში. პირველი შიში კარების მეორე მხარეს ხედავს საფრთხეს, ხოლო მეორე ხსნას. ისინი გაუთავებლად კამათობენ, ეს ყველაფერი კი კარზე მონოტონური კაკუნის პარალელურად, ან გინდაც სიმფონიურად. შიშები ვერ თანხმდებიან, უნდა გააღონ კარები თუ არა. პირველის არგუმენტი საფრთხის შიშია, მეორე ცდილობს გადაარწმუნოს. გადარწმუნებისთანავე ახლა მას ეშინია. ეშინია იმედგაცრუების. ხომ შეიძლება ცდებოდეს და არასწორად ხედავდეს…

დილემა?

დილემა არაფერშია, არაფერი კი ყველაფერია! თუ ჭკუის კოლოფებს დავესესხებით, დიდი აფეთქება – სამყარო, სწორედ ასე არაფრისგან, იგივე სინგულარობისგან წარმოიშვა. „ყველაფრისგან და ამავდროულად არაფრისგან!“

ჭკუის კოლოფები იმასაც იქადნიან, რომ დიდმა აფეთქებამ გამოსტყორცნა ენერგია. ენერგია კი, როგორც თმაგაბურძგნული გენიოსისგან ვიცით, ატარებს პოტენციალს გარდაიქმნას მატერიად, ისევე როგორც მატერიას შეუძლია მეტამორფოზა ენერგიად. ჰო, პირველად არ იყო სიტყვა. თავიდან იყო ენერგია და მერე გაჩნდა მატერია. აი შემდეგ კი, მატერიამ თქვა სიტყვა…

ჭკუის კოლოფების თქმით, ერთ დროს სამყაროს საშუალო ტემპერატურა იმდენად მაღალი გახლდათ, რომ შეუძლებელი იყო სტაბილური ატომების არსებობა. აფეთქება კი, ფართოვდებოდა და ფართოვდებოდა. ასე გაცივდა სამყარო და ჩვენ ვიღებთ წყალბადის ატომს. სულ მალე სამყაროს ჰელიუმიც მოევლინა, მერე დეიტერიუმი და წავიდა… გაციებამ საბოლოოდ ადამიანი მოიტანა.

შემდეგ იყო 400 000 წელი და აენთო პირველი ვარსკვლავები. ახალბედები არ იყვნენ სტაბილურები, მალევე კოლაფსირდებოდნენ და მათ შორის ყველაზე მასიურები წარმოქმნიდნენ შავ ხვრელებს. გავიდა მილიარდი წელი – ამ სივრცის გამრღვევებმა და სულ-სულ ბნელებმა გალაქტიკების წარმოება დაიწყეს. გავიდა კიდევ მილიარდი წელი და მილიარდობით გალაქტიკიდან ერთ-ერთში მილიარდიდან ერთ-ერთი ვარსკვლავი აფეთქდა. ამან დატოვა გაზი, გაზი გრავიტაციამ დაამუშავა და ახალი ვარსკვლავი დაიბადა. ვარსკვლავს კვლავ გრავიტაცია წაეშველა და ტრილიონობით პლანეტას კიდევ ერთი შეემატა. რამდენიმე მილიარდი წელიც გაილია და ამ პლანეტაზე გაჩნდნენ არსებები, რომლებმაც თავს ჰუმანოიდები უწოდეს, ხოლო პლანეტას დედამიწა. ისინი მარტოსულები იყვნენ. ჯვარდებოდნენ და მრავლდებოდნენ, მაგრამ მაინც მარტოსულებად რჩებოდნენ. დაბადებიდან მარტოსულ არსებებს გაჩენისთანავე დემონი ჩაუსახლდათ. დემონმა ისინი აიძულა შეექმნათ ღმერთი. ვერ მოისვენა დემონმა და სამყაროს ეშმაკიც მოავლინა. ყველაზე ბნელი და საშიში არსება…

დემონი საშიშია?

დემონი შიშია…

საშიშია?

წარმოუდგენლად საშიშია! წარმოუდგენლად წარმოუდგენელია! ერთია იცოდე, მაგრამ მეორეა გაიაზრო. რამდენიმე წამით მაინც რომ შევძლოთ და დემონის გარეშე გადავიაზროთ თუ რა არის სინგულარობა, ან გინდაც მთელს ამ უსასრულო დროსა და სივრცეში ჩვენი არსებობა, როგორც მინიმუმ წარმოუდგენლები ვიქნებით…

შევეშვათ წარმოუდგენელს და სინგულარობას, დავუბრუნდეთ ჩვენს ორ პატარა შეშინებულ შიშს! დიდი აფეთქების შემდეგ თოთხმეტი მილიარდი წელია გასული… ჰო, ისინი ოთახში არიან გამოკეტილები და კარების გაღებასაც ვერ ბედავენ.

და მერე?

მერე ის, რომ შიში საშიშია, მაგრამ ეს მხოლოდ მისთვის, ვინც იცის, რომ შიში შიშია!

რამ შექმნა შიში?

სამყაროს და სიცოცხლის ევოლუციამ.

მაგრამ რამ შექმნა ზემოთ ხსენებული შიში, რომელმაც იცის, რომ შიში შიშია?

ეს უკვე ადამიანმა შექმნა.

რამ შექმნა ადამიანი?

„ადამიანი შრომამ შექმნა“ ო გეტყვით ვინმე მემარცხენე, მემარჯვენეც დაეთანხმება, მაგრამ დაურთავს, რომ ახლა უხილავი ხელის შრომის დროა.

რამ შექმნა ეს უხილავი ხელი?

საზოგადოებამ!

რამ შექმნა საზოგადოება, რომელიც ხან მარცხნივ მიდის, ხანაც მარჯვნივ? რამ შექმნა ეს მემარცხენე და მემარჯვენე?

შიშმა შექმნა ორივე…

რის შიშმა?

იმის შიშმა, რომ ადამიანი ბუნებით სოციალური ცხოველია, მაგრამ ამის პარალელურად ინდივიდია. ინდივიდი ინდივიდუალიზმის ილუზიით.

ოქსიმორონია?

განათლებულებისთვის!

რა გამოდის?

გამოდის, ადამიანი სოციუმის გარეშე პრიმიტივია, მაგრამ სოციუმი, რომელიც ინდივიდუალიზმისგან სრულებით იცლება, უბრალოდ პრიმიტიული ბრბოა.

მაგრამ ბრბო ხომ მაინც რაღაცაა?

ისევე როგორც პრიმიტივი.

მაგრამ ბრბო…

კი, რაღაცაა და ეს რაღაცა საშიშია.

საშიშია ვისთვის?

ინდივიდისთვის.

რა გამოდის?

სოციუმი საშიშია ინდივიდისთვის!

მაგრამ ხომ არსებობს ინდივიდი, რომელიც საშიშია სოციუმისთვის?

კი, ეგეც საშიშია!

რა გამოდის?

გამოდის ადამიანს საკუთარი ბუნების ეშინია. დემონის, რომელიც…

აი ისევ დაგვეკარგა ზემოთ ხსენებული ორი შიში შიშში, არადა ისინი კვლავ ოთახში არიან გამოკეტილნი… ისინი მე ვარ, ისინი შენ ხარ, მე ვარ შენ. ეს ორივე არსებაა, ხოლო არსებობა განათლებულებისთვის ეგზისტენცია. პირველი შიში ცნობიერია, რომელიც ხედავს საფრთხეს და ცდილობს თავი აარიდოს, ხოლო მეორე ქვეცნობიერია, რომელიც ცდილობს რაიმეს მოეჭიდოს, რაღაცას გამოეკიდოს, ეკიდება, მაგრამ სწორედ მას აქვს გააზრებული და არა ცნობიერს, რომ კარის მეორე მხარეს არაფერია. არაფერი, უბრალოდ არარა. აღებ კარებს, გადიხარ და სრულდება ოთახი, სრულდება ოთახი და მასთან ერთად სივრცე და დროც, რომელიც ამ ჯადოსნურ კოლოფშია მოქცეული… „ნების ოპტიმიზმი, გონის პესიმიზმი.“

ეგ როგორ?

ჰო, ეგრე!

და რა გამოდის?

გამოდის არაფერი!

არაფერი კი როგორც უკვე ზემოთ შევთანხმდით, ყველაფერია! ანუ, ადამიანი ყველაფერია და ამავდროულად არაფერია?

ჭკუის კოლოფებს ვკითხოთ…

და თუ ყველაფერი ასეა, მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?

ჰო, არაფერი და ყველაფერი! შიში – არარასი არარაში

არსებობა უარს ამბობს არსებობაზე?

დემონი არ უშვებს. შიში წინ უსწრებს არსებას. არსებობაზე უარს მხოლოდ ღმერთები ამბობენ… ღმერთობა კი არარაშია.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on აგვისტო 15, 2017 დუიმი Uncategorized

 

კვანტური ფობია

1154133535
პირველად იყო სიზმარი და შემდეგ პროცესი. რაღაცით კაფკას პროცესი, ოღონდ არა უსასრულო სასამართლო პროცესიით. მთელი ჩვენი ცხოვრება სასამართლო პროცესებია, შეიძლება ბიუროკრატიის გარეშე, მაგრამ განსჯა ყველგან არის, დაბადებიდან დაწყებული, როდესაც ჯერ კიდევ არ იცი როგორი ხარ, შემეცნებაც კი არ ჩაოგყალიბებია, შენზე უკვე ხმები დადის. ერთი მახინჯს გეძახის, მეორე კი შენი სილამაზით არის აღფრთოვანებული, ეს რა ლამაზი ჩვილიაო, უკანასკნელს ძირითადად მშობლები ითავებენ ხოლმე. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on აგვისტო 15, 2015 დუიმი Uncategorized

 

ტეგები: , , , , , , ,

ტომას მორის უტოპია

78a5a390f14c

“იქ სადაც ბატონობს კერძო საკუთრება, სადაც ყველაფერი ფულით იზომება, თითქმის შეუძლებელია სახელმწიფო საქმეთა წარმატებით მართვა. ასეთ საზოგადოებაში გამართლებული იქნება, რომ ყველაფერი საუკეთესო ყველაზე უფრო უღირსთ ხვდებათ და ეს ყველაფერი ხალხის ძალიან მცირე ნაწილს აქვს განაწილებული. სახსრების განაწილება თანაბარი და სამართლიანი წესით შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრების მოსპობის პირობებში, ხოლო სანამ ის იქნება კაცობრიობის საუკეთესო და უდიდეს ნაწილს ვერასდროს ექნება უღირსთა და მცონარათ ხელში არსებული ფუფუნება.”

ამ სიტყვების ავტორი, 537 წლის წინ წინ, 1478 წელს, ტომას მორი სამყაროს მოევლინა. მორის მამა იმ დროისთვის შეძლებული ლონდონელი იურისტი იყო. მორმა დაწყებითი განათლება წმ. ანტონიუსის გრამატიკულ სკოლაში მიიღო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო დაწესებულებითი სკოლა იყო ინგლისში. 1497 წელს მან ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩააბარა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ოქსფორდის უნივერსიტეტი ინგლისის ჰუმანიზმის ცენტრს წარმოადგენდა. ორ წელიწადში მამის თხონით, მან დატოვა ოქსფორდი და ლონდონში დაბრუნებულმა იურისპრუდენციის შესწავალა დაიწყო.

27 წლის მორი უკვე ინგლისის პარლამენტის თემთა პალატის წევრი იყო. სულ მალე მეფესთან კონფლიქტის გამო მას ინგლისის დატოვება მოუწია, მაგრამ ჰენრი მეშვიდის გარდაცვალებისთანავე, 1509 წელს, ის ინგლისში დაბრუნდა. მან მალევე განაახლა საზოგადოებრივი მოღვაწეობა და ერთ წელიწადში ინგლისს პარლამენტის დეპუტატად მოევლინა.

დაძაბული და როგორც თავად ამბობდა, დამღლელი მოღვაწეობის მიუხედავად, ის ლიტერატურულ მოღვაწეობასაც განაგრძობდა. მას უამრავ ნაშრომთან ერთად ეკუთვნის ძველი ბერძენ პოეტთა თარგმანები, მაგრამ მის მთავარ შემოქმედებად მაინც „უტოპია“ ითვლება. „უტოპიის“ წერა მორმა 1515 წელს დაიწყო. წიგნი ორი ნაწილისგან შედგება, პირველ ნაწილს შესავალი შეიძლება ეწოდოს, სადაც ინგლისის სახელმწიფო სტრუქტურის კრიტიკაა, ხოლო მეორე ნაწილში მორი გამოგონილი პერსონაჟის სახელით  იწყებს „უტოპიის“, ასევე გამოგონილი კუნძულ-სახელმწიფოს, წყობილების დეტალურ აღწერას. მიუხადავად ამისა, ვარაუდობენ, რომ მორმა თავიდან მეორე ნაწილი დაწერა, ხოლო შემდეგ დაურთო მას პირველი.

მორმა მოახერხა და შეეხო მაშინდელ თითქმის ყველა სოციალ-ეკონომიურ თუ პოლიტიკურ განვითარების პრობლემას. ის არა მარტო ნათელს ხდის არსებულ ეკონომიკურ განვითარებას და როგორც კომენტატორი მატჩს ისე გადმოსცემს, არამედ დროსაც უსწრებს და კაპიტალის დაგროვებისგან გამოწვეულ პროლემებსაც წინასწარ ეხება. მორი არა მარტო ხრწვნის პროცესში მყოფ ფეოდალურ წყობილებას აკრიტიკებს, ის მზარდი კაპიტალისტური განწყობასაც წვდება და ცდილობს მის უარყოფით შედეგებზეც გაგვაფრთხილოს.

უტოპიაში აშკარად იგრძნობა მორის სიმპატიები მშორმელთა მიმართ და აქ ის აშკარად ცდება საკუთარი ეპოქის, ჰუმანისტი ფილოსოფოსის შემოსაზღვრულ ფარგლებს. მისთვის ეს ყველაფერი არც მეტი, არც ნაკლებია და ამ ერთ წინადადებაში იდეალურად ჯდება „ერთი მუჭა გაზულუქებული მდიდრების შეთქმულება უმრავლესობის წინააღმდეგ“.

მორის უტოპიაში მკითხველი ბევრ, იმ დროისთვის, მართლაც გასაოცარ პროგრესულ იდეას გადააწყდება. მაგალითისთვის საკმარისია ქალთა ემანსიპაცია, დღეში ექვს საათიანი შრომა, სიკვდილით დასჯის საზოგადოებისთვის სასარგებლო სადამსჯელო შრომით ჩანაცვლება და ბევრი სხვა. მისი მოსაზრებები სამართლის შესახებ შემდეგია; „იმ სამართალზე მეტი უსამართლობა არაფერია, რომელიც ამართლებს ადამიანის სიკვდილით დასჯას, მხოლოდ იმიტომ, რომ მან ვიღაცას ქონება წაართვა. მითუმეტეს მაშინ, როცა ქურდი იძულებულია მოიპაროს, რადგანაც ის სისტემისგან არის ჩაგრული. გამოდის სისტემა ადამიანს ართმევს უფლებას და ამ უფლების მოპარვის შემთხვევაში თავადვე ასამართლებს.“

მორი რელიგიურ თავისუფლებაზეც საუბრობს და, იმ დროისთვის რამდენადაც რთული წარმოსადენი არ უნდა იყოს, ათეისტების არსებობასაც უშვებს, შეიძლება ითქვას ამ უკანასკნელთა დასჯასაც ემიჯნება, თუმცა მათ მაინც უღირს ადამიანებად მოიხსენიებს. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი უამრავი ნოვატორული იდეისა, მორის იდეალურ სამყაროში კვლავაც, მართლაია ბევრად ჰუმანური კონცეპტით, არსებობენ მონები.  ასევე შეზღუდულია ბევრი სამოქალაქო უფლება, რაც დღევანდელ ადამიანს ბუნებრივ უფლებად და განუყრელად ეჩვენება, მაგრამ სრული აფსურდია და წარმოუდგენელია იმ დროში მცხოვრებ ადამიანს ამაზე პასუხი მოსთხოვო. ეს იგივეა აკრიტიკო ნიუტონი მის კლასიკურ მექანიკაში კვანტური მექანიკის გაუთვალისწინებლობის გამო.

მორს ბევრი სოციალიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად მოიხსენიებს. მას დიდ პატივსცემდნენ და მის გავლენას აღიარებდნენ ისეთი ფიგურები როგორიც იყვნენ ფრიდირიხ ენგელსი, მარქსი, ლენინი და ბევრი სხვა.

მორი ცდილობს თავის უტოპისტურ სახელმწიფოში, რომელსაც აშკარად ეტყობა პლატონის „სახელმწიფოს“ გავლენა, თავისი ფანტაზიის გამოყენებით ყველაფრის დეტალებში აღწერას.  მის ფანტაზიას ეკუთვნის გამოგონილი ქალაქების, თანამდებობის პირების, ხელობების, ურთერთდამოკიდებულობების, მოგზაურობების, მონების, სამხედროების და რელიგიების დეტალური დახასიათება.

მორის „უტოპიაში“, რომელიც თავისმხრივ ბერძნულიდან მოდის,  უარყოფითბობის ნაწილაკის და ადგილის აღმნიშვნელი სიტყვის შეერთებით, რისი დეფინიციაც დაახლოებით ასე ჟღერს „არარსებული ადგილი“, თქვენ იხილავთ არა მარტო არსებული სისტემის კრიტიკას და მის სრულყოფილების მცდელობას, არამედ თავად ავტორის, ბუნებით ნამდვილი უტოპისტის შინაგანი სამყაროს ჭეშმარიტ უტოპიურობას, რომელმაც თავისი ჰუმანიზმით დროს გაასწრო.

მორი საკუთარმა ხასიათმა, იდეოლოგიამ და უტოპიამ საბოლოოდ თავის გარეშე დატოვა. ამით მან თავისი საყვარელი ფილოსოფოსის, პლატონის მასწავლებლის სოკრატეს ბედი გაიზიარა. თუმცა შეიძლება ამ ყველაფერს ხვდებოდა კიდევაც და ბევრ სოციალურ-ეკონომიურ მოვლენასთან ერთად საკუთარ ბედსაც წინასწარმეტყველებდა, როდესაც თავისი ნაშრომი, ისევე როგორც სიცოცხლე, შედმეგი სიტყვებით, ჭეშმარიტად უტოპისტურად დაასრულა „ამ სურვილების აღსრულების არავითარი იმედი არ მაქვს.“

მორის უტოპიურ „იდეალურ“ სამყაროში არ არსებობდა კერძო საკუთრება, აღარ იყო ფული, ხოლო ოქროს დანიშნულება მონების კისერზე ჯაჭვის ფუნქციას ვერ ცდებოდა, რაც შეეხება  დარჩენილს, დარჩენილით საპირფარეშო ქოთნებს ამზადებნენ.

ალბათ ამასვე გულისხმობდა ლენინი, როდესაც ამბოდა „მოვა დრო და ოქორსგან ტუალეტებს დავამზადებთ.“

მას შემდეგ რაც „უტოპია“ სამყაროს მოევლინა ხუთასი წელი გავიდა, მაგრამ მასში წარმოდგენილი ავტორის მოსაზრებები დღესაც აქტუალურია და რამდენადაც პარადოქსალურად არ უნდა ჟღერდეს, მიუხედავად დროში ამხელა ნახტომისა, ის დღეს კიდევ უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე.

 

 
დატოვე კომენტარი

Posted by on აპრილი 26, 2015 დუიმი წერილი

 

ტეგები:

პომპეი – რომაული ქალაქი

Mariam Meritamen's Blog

პომპეი ერთ-ერთი ულამაზესი და უმდიდრესი ქალაქი იყო რომის იმპერიაში. ქალაქი თითქოს დროში გაქვავდა და დღევანდელ დამთვალიერებელს სრულ სურათს სთავაზობს, თუ როგორი იყო ანტიკური რომაული ქალაქი.

პომპეი ძვ.წ IV საუკუნეში დაარსდა. ქალაქში განვითარებული იყო ვაჭრობა, ხდებოდა ღვინისა და ზეთის გატანა. პომპეი შიეცავს ყველა იმ ელემენტს, რომელიც დამახასიათებელი იყო რომაული ქალაქისათვის; ტაძრები, თეატრი, აბანოები… ქალაქი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, სანამ ძვ.წ 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევა მოხდა.

pompeii1

თავდაპირველად ძალიან ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება ფერფლისა და კვამლის ნაკადს.  თუმცა სულ მალე სიტუაცია შეიცვალა. შავმა ღრუბლებმა ცა დაფარა, სახლის სახურავებზე, ხეებზე, ქუჩებში ფერფლი ილექებოდა, გამუდმებული მიწისქვეშა ბიძგები ქალაქის მცხოვრებლებს მოახლოებული კატასტროფის შესახებ ამცნობდნენ. ვუკლანი ერთბაშად არ ამოფრქვეულა, თითქოს ბუნება მოსახლეობას აფრთიხლებად, რომ გასცლოდნენ იქაურობას. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მართლაც დატოვა ქალაქი. არქეოლოგიური გათხრების დროს აქ დაახლ. 2000 ადამიანის სხეული აღმოაჩინეს, მთლიანობაში კი ქალაქში დაახლ. 20 000 ადამიანს უნდა ეცხოვრა. აღსანიშნავია, რომ გათხრებისას რამდენიმე შემთხვევა აღმოჩნდა, როდესაც არქეოოგებმა ადამიანების ნეშტი სარდაფებში აღმოაჩინეს, მათ გვრედით კი…

View original post 332 more words

 
დატოვე კომენტარი

Posted by on აპრილი 25, 2015 დუიმი Uncategorized

 

არტურ კლარკი – ქალაქი და ვარსკვლავები

arthur-c-clarke-the_city_and_the_stars_hardcover

მეცნიერების მკვლევარი, მომავლის არქეოლოგი ასე უწოდებენ არტურ კლარკს, მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეოცნებე ადამიანს. კლარკი სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთათვის სწორედ მომავალთან ასოცირდება, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო, იგივე მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში მას და მის თანამოაზრეებს მთვარეულებს ეძახდნენ, ისიც იმიტომ, რომ არტური და მისი მეგობრები ჯერ კიდევ მაშინ გეგმავდნენ მთვარეზე გამგზავრებას. კლარკს და მის მეგობრებს მაქსიმალურად ზუსტად ქონდათ გათვლილი საფრენი აპარატის სიცოცხლისუნარიანობა, რომელიც შეძლებდა და ადამიანს მთვარეზე დასვამდა, მაშინ ეს ბევრისთვის სასაცილო იყო. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on თებერვალი 9, 2015 დუიმი Uncategorized

 

ტეგები: , , , , , , , , , ,

სტივენ ჰოუკინგი – დროის მოკლე ისტორია

brief-history-of-time

წარმოიდგინეთ ხართ 21 წლის, სწავლობთ კემბრიჯში, ხართ ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული სტუდენტი, თქვენი საქმით გატაცებული გრძნობთ, რომ ეს უკანასკნელი ძალიან კარგადაც გამოგდით, მოგწონთ გოგო და თავისმხრივ ის ამავეთი გპასუხობთ. დამეთანხმებით, ალბათ შესაძლებლობა რომ გქონოდათ, მსგავს ცხოვრებას ბევრი თქვენგანი წინასწარაც შეუკვეთდა.

ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, 21 წლის ახალგაზრდა მიზნად ისახავს ფიზიკის უნიფიკაციას, ის გადაწყვეტს იპოვნოს ერთი კანონი, რომელიც ყველაფერს გააერთიანებს და საბოლოოდ მივიღებთ თეორიას ყველაფერზე. არც ისე ცუდი ჩანაფიქრია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბიჭი მეცნიერობას აპირებს და არა იურისტობას.

ერთი სიტყვით, ყველაფერი ისე იწყება, როგორც ჰოლივუდური ბანალური ფილმები სრულდება ხოლმე. დაწყება დასასრული იქით იყოს და მოდი განვაგრძოთ წარმოდგენა, თქვენ ისევ 21 წლის წარმატებული ახალგაზრდა ხართ, ჰოლივუდური ღიმილით თუ არა, ჰოლივუდური ბედნიერებით ნამდვილად. სწორედ ამ დროს თქვენთან მოდიან და გეუბნებიან, რომ ავად ხართ, დაავადებას ქვია ინფანტილური სკლეროზი, ნელ ნელა საკუთარ სხეულს ვეღარ გააკონმტროლებთ და მაქსიმუმ ორი წელი იცოცხლოთ. და აი აქ ჩვენ კარდინალურად გვეცვლება ცხოვრება, მიზნები, მომავალი და საერთოდ სამყაროს აღქმა.

ჩვენი 21 წლის ახალგაზრდა კი, რომელის ბედსაც, ალბათის გარეშე შემიძლია ვთქვა, ნებაყოფილობით არავინ გაიზიარებდა, აგრძელებს ცხვორებას. იცავს სადოქტორო ნაშრომს, მოჰყავს ცოლი, უჩნდება სამი შვილი და რამდენიმე დღის წინ 73 წლის იუბილესაც აღნიშნავს.

ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, მინდა სტივენ ჰოუკინგის “დროის მოკლე ისტორიას” რამდენიმე წინადადებით შევეხო. 1988 წელს, როდესაც ჰოუკინგმა დროის მოკლე ისტორია გამოსცა, მას უკვე მეტყველების უნარიც დაკარგული ჰქონდა. ის გარეშე პირებთან ურთიერთობას საგანგებოდ მისთვის შექმნილი კომპიუტერის საშუალებით ახდენდა.

წიგნის მთავარი დადებითი, ალბათ მაინც ავტორის მიერ სპეციფიური სამეცნიერო ენის მაქსიმალურად გამარტივებაა, მაგალითად, როდესაც ჰოუკინგი ცდილობს ძალიან მარტვი ყოველდღიურუი მაგალითებით აუხსნას მკითხველს იგივე განუზღვრელობის პრინციპი.

ჰოუკინგი თავიდანვე ცდილობს მიახვედროს მკითხველი, რომ მისგან რაიმე მეხუთე განზომილებას აღმოჩენას არ უნდა ელოდნენ. ის ხაზს უსვამს, რომ ადამიანებმა შეიძლება ვნახეთ, რომ დედამიწა კუზე არ დგას, მაგრამ არ უნდა გვეგონოს, რომ ბევრად მეტი ვიცით. მხოლოდ დროს და ადამიანის უკვდავ გენს, რომელიც შთამომავლიდან შთამომავალზე გადადის, შეუძლია უპასუხოს გაუცემელ შეკითხვებს, ან სულაც, უკვე გაცემული პასუხები აქციოს იმად, რაც დღეს კუზე წამოსკუპებული ბრტყელი დედამიწის თეორიაა.

წიგნი გაძლევთ საშუალებას ავტორთან ერთად იმოგზაუროთ პტოლემესა და მისი წინამორბედების გეოცენტრულ კოსმოლოგიიდან კოპერნიკისა და გალილეოს ჰელიოცენტრული კოსმოლოგიის გავლით თანამედროვე სურათამდე, რომელშიც დედამიწა საშუალო ზომის პლანეტაა და ბრუნავს საშუალო ზომის ვარსკვლავის გარშემო, რომელიც მოთავსებულია დაკვირვებადი სამყაროს ჩვეულებრივი სპირალური გალაქტიკის გარე არეში.

ასევე შეგიძლიათ დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდეც გაისეირნოთ, დაიკარგოთ დროსა და სივრცეში, სამყაროს შემქნელს დაუპირისპიროთ განუზღვრელობის პრინციპი, გაიცნოთ დროის ისარი და მისი როგორც მინიმუმ სამი ვარიაცია. ავტორი არც დროში მოგზაურობაზე გეტყვით უარს, ამისთვის კი ჭიის ხვრელების გაცნობა მოგიწევთ. მოგზაურობის დასასრულს კი შეგიძლიათ დაისვენოთ და ავტორთან ერთად ფიზიკის უნიფიკაციაზე დაფიქრდეთ. ამისთვის კი ფარდობითობის თეორია და კვანტური მექანიკა დაგჭირდებათ. სწორედ ამ ორის გაერთიანება მიაჩნია ჰოუკინგს საშუალებად, რომელმაც შესაძლოა ერთხლ და სამუდამოდ მოახერხოს ფიზიკის უნიფიკაცია. სრული გაერთიანების თეორია, ეს იქნებოდა ჰოუკინგისთვის ყველაზე დიდი წარმატება.

“თუ აღმოჩენილი იქნება სრული გაერთიანების თეორია, მოხდება ფიზიკის უნიფიკაცია, საჭირო იქნება გარკვეული დრო, ვიდრე ის წესრიგში იქნება მოყვანილი და გამარტივდება ისე, რომ სკოლებში ზედაპირულად მაინც ისწავლებოდეს. მაშინ ყველას გვექნება საშუალება გავიგოთ კანონები, რომლებიც მართავენ სამყაროს და პასუხიმგებელნი არიან ჩვენს არსებობაზე. ფილოსოსფოსებს, მეცნიერებს და ჩვეულებირვ ადამიანებსაც შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში საკითხებზე: რატომ მოხდა ისე, რომ ჩვენ და სამუყარო ვარსებობთ, თუ ამაზე პასუხს ვიპოვით ეს იქნება ადმაიანის გონების საბოლოო ტრიუმფი – რადგან ჩვენ გვეცოდინება ღმერთის განზრახვა.”

პ.ს. იქიდან გამომდიანრე, რომ წიგნი 1988 წელს გამოვიდა, მას შემდეგ კი 27 წელი გავიდა, შეხვდებით საკითხებს რაშიც არსებული გადმოსახედიდან არის ინფორმაციის ნაკლებობა, ეს ძირითადად მაინც სამყაროს გაფართოებას და ბნელ ენერგიას ეხება, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ დროს ჰოუკინგმა ბნელ ენერგიაზე ჯერ არაფერი იცოდა, მაგრამ საერთო ჯამში, წიგნი ძალიან მარტივად და კარგად იკითხება. ის საინტერესო უნდა იყოს, როგორც თანამედროვე მეცნიერებაში კარგად ჩახედული, ისე არაინფორმირებული ადამიანისთვის. წიგნი ზემოთ ხსენებულ კატეგორიებს, თითქოს ორივეს, თავის ენაზე ესაუბრება და სწორედ ეს არის მისი მთავარი დადებითი.

 
6 Comments

Posted by on იანვარი 23, 2015 დუიმი წერილი

 

ამა ქვეყნისანი

მილიონობით საუკუნის წინ, კიდევ უფრო მრავალი გალაქტიკით შორს, ან შეიძლება უახლოეს გალაქტიკაში და სულაც გუშინ, ერთ-ერთ პლანეტაზე, ბატონობდნენ ღორები, ღორები რომლთა ცხოვრებაზეც, მე ოდესღაც ყურში მიამბეს და რომლების არსებობაზეც, ახლა აღარავინ არაფერი იცის.

images

წამოიზარდა რა მამალი ღორი და მიხვდა, თავის პატარა ტალახში ვეღარ იცხოვრებდა, მიატოვა და ახალ საცხოვრებელ ადგილს უწყო ძებნა. ძიებაში გზად შემოხვდა ჩასუქებული დედალი ღორი. მამრმა გადაწყვიტა, რომ მარტო ცხოვრება მოსაწყენი იყო და დედალს დაადგა თვალი. თავის მხრივ, არც ამ უკანასკნელის თვალს გამოჰპარვია ჩასუქებული და მოზრდილი ტანის მამრი. მარტოობამ, ღორებში გამრავლების ინსტინქტი გაამძაფრა, დააჩქარა და ორი, მამალი და დედალი, ერთმანეთთან დააკავშირა.

არც დედალი ღორის ტალახი იყო საკმარისი ერთად ცხოვრებისთვის. ამჯერად ორივემ ერთად განაგრძო, ახალი, ბევრად უფრო მოზრდილი ტალახის ძიება. რვა დღიანი უშედეგო ხეტიალის შემდეგ, წააწყდნენ ვებერთელა ტალახს. მამალი და დედალი ღორების ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, ეს ტალახი თავისი მოცულობით, არა მარტო მათ, არამედ ათობით ღორსაც დაიტევდა. გაბედნიერებულმა წყვილმა ახლად შეძენილი საცხოვრებელი ეკალ–ბარდებით შემოღობა, შეტოპა ტალახში და იწყო შიგ ცხოვრება. ახლა უკვე გამრავლებაც შეიძლებოდა, მალე გოჭებიც ეყოლათ, მამალი და დედალი ღორები, მამა და დედა ღორებად იქცნენ, ასე იცხოვრეს წლები ბედნიერად და ღორულად.

წლებმა რვა გოჭი მოიტანა: ადალა, დადალა, ამალა, მიდალა, იალა, ანალა, ნიდალა და იამა. გოჭები ტალახში დაიბადნენ და ტალახშივე იზრდებოდნენ, მშობლები ტალახის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა გოჭებს დიდად არც უჩნდებოდათ ამ უკანასკნელის მიტოვების სურვილი. სიბეჯითით უფროსი გოჭი გამოირჩევოდა, ის ყოველთვის მზად იყო დედ–მამის სიტყვის შესასრულებლად და ამ ყველაფერს ყველაზე კარგადაც ახერხებდა. უმცროსი, ყველაზე უიღბლო და უდღეური გამოდგა. მას არაფერი გამოსდიოდა იქიდან, რაც მის ძმებს და მშობლებს შეეძლოთ. ძმები გაუთავებლად დასცინოდნენ, განსაკუთრებით უფროსი ძმა. მას ზედმეტი სახელიც შეარქვეს ,,იუარა’’. იუარას დიდად არც დედ-მამა სწყალობდა. თავიდან, მამა ღორი ცდილობდა, უმცროსი გოჭისთვის რამე ესწავლებინა, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო, ბოლოს მანაც ჩლიქი ჩაიქნია.

,,როგორ შეიძლება არ გიყვარდეს და არ აღმერთებდე იმ ტალახს, რაშიც დაიბადე და გაიზარდე?”~ ეჩხუბებოდა მამა იუარას. იუარა ცდილობდა ესიამოვნებინა მშობლებისათვის, მაგრამ ვერაფერი გამოსდიოდა. მისი უფროსი ძმა კი, ტალახში თავს ისე გრძნოდა, როგორც მამა ღორი ქონში. მას შეეძლო თავი ტალახში ჩაეყო და ასე გაჩერებულიყო უსასრულოდ. ხშირად მიდიოდა იმ ადგილას, სადაც ტალახი ყველაზე ღრმა იყო და შიგ ყვინთავდა, და ასე ყვინთვა ყვინთვაში, თვალთახედვიდან ტალახის სიღრმეებში უჩინარდებოდა. ერთ დღესაც დედ-მამის და ძმების დაცინვით წაქეზებულმა იუარამ გადაწყვიტა უფროს ძმას შეჯიბრებოდა და ყველაზე დიდ სიღრმეში ჩაეყვინთა. მიუახლოვდნენ რა სიღრმეს, ადალამ ისკუპა და ტალახში გაუჩინარდა. იუარამაც მიბაძა. ყვინთავდა და ყვინთავდა იუარა, ხვდებოდა თუ როგორ ეკვროდა სუნთქვა და როგორ ეყლაპებოდა ტალახი. რაც უფრო ღრმად ჩადიოდა, მით უფრო უჭირდა სუნთქვა, ბუნებრივია რამდენიმე წამში, ტალახიდან ამოყვინთა, ადალა კი კვლავ არ ჩანდა. იუარას საქციელმა გოჭებს სიცილი მოჰგვარა, დედა ღორი კი აცრემლებული ადევნებდა თვალს თავისი გოჭის კრახს, ხოლო მამა ღორმა, საბოლოოდ ჩაიქნია უმცროს გოჭზე ჩლიქი და განრისხებულმა ზურგი შეაქცია. ცოტა ხანში ადალამაც ამოყო თავი ტალახიდან და უმცროს ძმას საშინელი დაცინვა უწყო. იუარას ასეთი სასტიკი დამცირება ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა მამა ღორის უეცარი შეძახილი. . .

—მოდის, მოდის!

—მოდის, მოდის! – მისცა ბანი დედა ღორმაც. — ჩქარა წავიდეთ, დღეს როგორც ჩანს ცოტა ადრე მოვიდა.

მამა ღორი გაუძღვა წინ ოჯახს და ყველა ერთად ტალახის მეორე ბოლოსკენ გაეშურა, მალევე თავ-თავისი ადგილები დაიკავეს და მოემზადნენ დიდი სანახაობისთვის.

ყოველი თვის ბოლოს, იმ მხრიდან, საიდანაც მრგვალი ბურთი აშუქებდა, მოდიოდა კოჭლი ქათამი. ღორებს მიაჩნდათ, რომ მრგვალი ბურთი, მათი მფარველი იყო და ყოველი თვის ბოლოს მათ გასართობად კოჭლ ქათამს უშვებდა. ეს იყო ოჯახის წმინდათა წმინდა დღესასწაული და დიდი ბურთის უდიდესი მადლი. კოჭლი ქათამი კოჭლობით ჩაუვლიდა ხოლმე ტალახს და თან გზადაგზა ყველაფერს კორტნიდა. მისი უცნაური სიარულის მანერა კი ღორებს სიცილს ჰგვირდა, ასე იცინოდნენ და ერთობოდნენ. განსაკუთრებულ სიამოვნებას დღესასწაული მამა ღორსა და ადალას ჰგვრიდა. იუარასაც მოსწონდა, ეს იყო დღე, როდესაც მთელ ოჯახს შეეძლო თავი ერთად მოეყარა და კარგადაც ემხიარულა.

— ნახე, ნახე. . .

— კოჭლობს, კოჭლობს, ნახე როგორ კორტნის, მგონი ახლა წაიქცევა, არა. არა კიდევ ფეხზე დგას. . .

ისმოდა შეძახილები. ბოლოს როგორც იქნა ქათამი გასცდა ტალახს და თვალს მიეფარა.

— ოჰ, მადლობა დიდ ბურთს, დღეს მართლაც დიდებული იყო კოჭლი ქათამი.

დაიღრუტუნა მამა ღორმა, იჯერა რა გული სანახაობით.

— მადლობა დიდ ბურთს, მადლობა!

დაიღრუტუნეს გოჭებმაც ერთხმად. დღესასწაული დასრულებული იყო, შემდეგ ჭიაყლები და მატლები მიირთვეს და დასაძინებლად გაემართნენ.

მეორე დილით, იუარამ ადრე გაიღვიძა, გადაწყვეტილი ჰქონდა ტალახში ყვინთვაში ევარჯიშა, რათა ძმების და მშობლების გული მოეგო. ჩაყო რა თავი ტალახში, სუნთქვა შეეკრა და მალევე უკან ამოყვინთა.

,,ალბათ მათში არის რაღაცა, რაღაც ისეთი, რაც ჩემში არაა“. ამ ფიქრებში იყო, როდესაც თავს უფროსი ძმა წაადგა.

— რას შვრები იუარა, ცდილობ ტალახში ძრომიალი ისწავლო? ხომ იცი, მაგას შენ ვერასდროს ისწავლი. ტალახი შენთვის არაა, შენ ბუნების შეცდომა ხარ!

დაამთავრა რა ძმის დაცინვა ადალამ, ერთი ამაყად დაიღრუტუნა და ტალახში ისკუპა, თავისი უპირატესობის გამოსამზიურებრად.

იმედ გაცრუებული იუარა მამასთან გაეშურა :

— მამა, რა მოხდება, ერთხელაც დიდ ბურთს რომ დაეზაროს და ჩვენთვის ზემოთ აღარ ავიდეს?

შეკითხვამ, მამა ღორის აღშფოთება გამოიწვია. მას მიაჩნდა, რომ დიდი ბურთი ოჯახის მფარველი იყო. ის ყოველ დღე მაღლა ადიოდა, რათა ღორებისთვის შუქი მიეცა, დაკვირვებოდა და ყოველი გასაჭირისგან დაეფარა. ხოლო საღამოს, როდესაც კვლავ ქვემოთ ეშვბოდა დასასვენებლად, თავის თანაშემწე დიდ ნამგალს ტოვებდა. ასე მორიგეობდნენ, დიდი ბურთი და დიდი ნამგალი ღორებისთვის. ეს ყველაფერი მამა ღორს დოგმად მიაჩნდა და კითხვა, რომელიც ახლა იუარამ დაუსვა, დიდი ბურთის შეურაცხყოფად მიიღო.

— რას ბოდავ, შე სულელო. – შეუტია მან. — რადგან ადის, ესეიგი ადის!

— უბრალოდ დამაინტერესდა. – წაისლუკუნა გოჭმა.

— გაჩუმდი მე–თქი. – დაიღრიალა მამამ. — დიდ ბურთს ვუყვარვართ, ის გვაძლევს ყველაფერს, რაც ჩვენ ხელთ გვაბადია. ნუთუ საკმარისი არაა, რასაც გვაძლევს? ეს კოჭლი ქათამი, ტალახი… ტალახი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და მატლები, რითაც ვიკვებებით. ჩვენ მისი მადლიერები უნდა ვიყოთ და პატივი მივაგოთ მის ყოველ ნაბოძებს.

— გასაგებია. – წაილუღლუღა იუარამ. — მაგრამ რა აუცილებელია მიყვარდეს ტალახი, რაშიც ვცხოვრობ, ან ის მატლები, რისი ჭამაც მიწევს არსებობისთვის, ნუთუ საკმარისი არაა მიყვარდეს დიდი ბურთი და პატივს ვცემდე მას?

ეს უკვე მეტისმეტი იყო, მამა ღორს მეტის ატანა აღარ შეეძლო. სუნთქვას მოუხშირა და ავის მომასწავლებელი ღრუტუნი აღმოხდა.

— რას ბოდავ შე სულელო, – დაუღრიალა გოჭს. — ვინ ხარ შენ რომ დიდ ბურთზე ილაპარაკო და გამოიტანო საკუთარი დასკვნა. ან გააკეთე ის, რასაც ყოველი შენი ოჯახის წევრი აკეთებს, ან მომშორდი და თვალით აღარ დამენახო!

მამა ღორს სრულებით დაჰკარგვოდა თავისი ღორული სიდინჯე და ტახივით ღრუტუნებდა, დედა ღორმა დიდის გაჭირვებით შეძლო მისი დამშვიდება. იუარამ თავი დახარა და იმ ტალახს დააჩერდა, რაშიც იდგა.

ასე განვლო ერთმა თვემ, ძმები იუარას კვლავ დასცინოდნენ, მშობლები კი დიდ იმედგაცრუებას განიცდიდნენ, თავიანთი უმცროსი გოჭის უმეცრობის გამო. და აი ასე, სულ მალე, კვლავ მოვიდა დღე, დღე, როდესაც ოჯახი თავის დიდებულ დღესასწაულს აღნიშნავდა. დიდებულ ბურთს, ღორებისთვის კოჭლი ქათამი უნდა გამოეგზავნა. მთელმა ოჯახმა თავი მოიყარა იმ ადგილას, საიდანაც ყველაზე კარგად ჩანდა კოჭლობით მომავალი ქათამი. მამა ღორი, როგორც ყოველთვის, ახლაც საპატიო ადგილას მოკალათებულიყო, პირველად სწორედ ის შესძახებდა ხოლმე:

,, მადლობა დიდ ბურთს, მადლობა, აგერ კოჭლი ქათამიც მოდის!” მაგრამ ამჯერად დუმდა და საცოდავად მოკუნტული მისჩერებოდა ტალახის ბოლოს. ღორობიდან ტახობამდე მისი მეტამორფოზა, ახლა გოჭისას უფრო წააგავდა. კოჭლი ქათამი არადაარ ჩანდა. მთელი დღე ასე ქათმის ლოდინში გაატარეს, მაგრამ კოჭლი ქათამი კვლავაც არ გამოჩნდა. ბოლოს მრგვალი ბურთი დასასვენებლად ძირს დაეშვა. დიდებული ბურთის მაგივრად კი, მისი თანაშემწე, დიდი ნამგალი მოვიდა.

ოჯახი შიშმა აიტანა.

— დიდი ბურთი გაგვინრისხდა!

დაიღრიალა აკანკალებული ხმით მამა ღორმა. . .

— კი მაგრამ რითი დავიმსახურეთ, მისი ასეთი განრისხება?

შეაწყვეტინა დაფეთებულმა დედა ღორმა.

— არ ვიცი, არ ვიცი, თითქოსდა არაფერი ჩაგვიდენია მის ასე გასანრისხებლად. ყოველდღე მადლობას ვწირავდით დიდ ბურთს, იმ ტალახისთვის, რომელსაც გვაძლევს.

— მე ვიცი, მე ვიცი რატომაც გაგვინრისხდა დიდი ბურთი!

ჩაერია მშობლების მსჯელობაში უფროსი გოჭი.

— რატომ?

გაისმა მამა ღორის ხმა და ამ უკანასკნელს განწირული ღრუტუნიც ამოაყოლა

— რის გამო და იუარას გამო! – დაიღრიალა ადალამ და ჩლიქი იუარასკენ გაიშვირა. — ის ყველაფერს უარყოფს, ის არ სცემს პატივს დიდ ბურთს. ის უარყოფს იმ ტალახს, რომელშიც გაიზარდა. – აქ დრუნჩი იუარასკენ აბრუნა – შენ უარყოფ იმ მატლებს, რომლებითაც იკვებები. ამ ყველფრით კი უარყოფ დიდ ბურთს და აი დიდი ბურთიც გაგვინრისხდა. გიმეორებ, შენ ბუნების შეცდომა ხარ იუარა და ახლა ამის გამო მთელი ოჯახი ვისჯებით.

იუარა თავჩაქინდრული უსმენდა ძმას. მას ვერ გაეგო, თუ რატომ უნდა ყოფილიყო დიდი ბურთი ასეთი სასტიკი. ღორებს კი, კვლავ ადალას სიტყვები უტრიალებდათ თავებში. ,,შენ უარყოფ იმ ტალახს, რომელშიც გაიზარდე, შენ უარყოფ იმ მატლებს, რომლებითაც იკვებები. ამ ყველფრით კი უარყოფ დიდ ბურთს და აი დიდი ბურთიც გაგვინრისხდა.

— იუარა ბუნების შეცდომაა!

შესძახეს გოჭებმა აქეთ-იქიდან. მამა ღორი კი ერთი ხანობა ჩუმად იყო და რაღაცაზე ფიქრობდა, მისი დრუნჩის ნელი და სინქრონული მოძრაობა სიბრძნეს მოასწავებდა.

— მე მამა ვარ შენი, მე გითმენდი, ვითმენდი შენს უმადურობას, ყოველდღე საკუთარი თვალით ვხედავდი შენს უდღეურობას, მაგრამ ეს ბოლო წვეთია, ჩემ მოთმინებასაც აქვს საზღვარი და ამის ნიშანი დღეს დიდმა ბურთმა მომცა. შენ ან ჩვეულებრივი ღორივით მოიქცევი და იცხოვრებ ისე, როგორც შეგეფერება, ან და…

მამა ღორი გაჩუმდა. ვიწრო და ჩაღრმავებული თვალები კიდევ რამდენიმე წამი გამომწვევად მიჩერებოდნენ ერთმანეთს, ბოლოს იუარამ თავი დახარა.

— მე, მე შევიცვლები. – დაისლუკუნა. — მე მიყვარს და პატივს ვცემ დიდ ბურთს, ვაღიარებ, რომ მის სიძლიერეში ერთხელ ეჭვი შემეპარა. მე,…მე…ახლაც არ მესმის, როგორ ადის ყოველ დილით ზეცაში და ყოველ ღამე როგორ ეშვება კვლავ ძირს, მაგრამ დღეიდან გამოვსწორდები…

ეს ბოლო სიტყვები ისე ჩუმად ჩაიბურტყუნა იუარამ რომ ღორებმა ძლივს გაიგონეს.

— შენ ბუნების შეცდომა ხარ იუარა, ბუნების!

მორთო ღრუტუნი კვლავ ადალამ.

— გეყოფა. – გააჩუმა მამამ უფროსი გოჭი. — ის თუ გულით ნანობს, დარწმუნებული ვარ დიდი ბურთი შეუნდობს და კვლავ გამოგვიგზავნის კოჭლ ქათამს. არავის აქვს უფლება დიდი ბურთის გულისხმიერებაში ეჭვის შეტანის.

მამა ღორის ამ სიტყვებმა ყველა დააშოშმინა და დააწყნარა, ასე რომ თავისუფლად შეეძლოთ დასაძინებლად წასულიყვნენ, ხოლო საყარაულოდ, ვაითუ უეცრად ქათამი გამოჩნდესო, ერთ-ერთი გოჭი დატოვეს.

გავიდა ერთი თვე, ქათამი კი კვლავა არ ჩანდა. თავის მხრივ, იუარაც ცდილობდა თავისი დანაშაული გამოესყიდა. ნელ-ნელა შეეჩვია ტალახში ყვინთვას, მაგრამ შიგ სუნთქვა ჯერ კიდევ ეძნელებოდა. აღარც დიდი ბურთის შესახებ გამოუთქვამს საკუთარი აზრი. იუარა იცვლებოდა და დღითიდღე საკუთარ თავში იკეტებოდა.

სულ მალე კვლავ მოვიდა დრო, როდესაც ღორებს კოჭლი ქათამი უნდა ეხილათ. ღორებმა თავ-თავისი ადგილები დაიკავეს და სულგანაბულები მიაჩერდნენ იმ ადგილს, იმ წმინდა ადგილს, სადიანაც, როგორც წესი ამ დროს გამოჩნდებოდა ხოლმე, კოჭლობით მომავალი ქათამი, მაგრამ ის კვლავ არ ჩანდა. რამდენიმე საათი ასე ენა ჩაგდებულები ისხდნენ ტალახში ღორები, ისინი უფრო გაქვავებულ ქანდაკებებს წააგავდნენ, ვიდრე რაიმე ცოცხალი არსების მაგვარს. სულ მალე მოსაღამოვდა და დიდი ბურთი კვლავ დედამიწაზე დაეშვა, დასასვენებლად.

— სად არის?! სად?!

შესძახა საზარელი ხმით დადალამ, რომელიც თავისი სულსწრაფობით და მოუთმენლობით ყველასგან გამოირჩეოდა.

— არ ვიცი, არა

წაილუღლუღა თავისთვის სასოებწართმეულმა მამა ღორმა.

— შენი ბრალია, შენი!

ეცა ადალა უმცროს ძმას. ის ვერ იტანდა იუარას. იუარაში იყო რაღაც ისეთი, რაც ადალაში ზიზღს იწვევდა, მაგრამ რა, ამაზე ფიქრში ეს უკანასკნელი დროს არ კარგავდა.

— მე რაში მადანაშაულებ? მე რა შუაში ვარ? ჩემგან რა გინდა? – ღრიალებდა გაცოფებული გოჭი. — ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ თქვენ და დიდ ბურთს თავი მოგაწონოთ, შენ კი, შენ კი, რითი მიხდი სამაგიეროს, კვლავ მე მადანაშაულებ, თქვენ ყველანი უსუსურები ხართ, წარმოდგენა არ გაქვთ არაფერზე, თვითონაც არ იცით, რატომ აღარ გვიგზავნის დიდი ბურთი კოჭლ ქათამს, დაფეთებულ და აკანკალებულ ჩლიქებს კი ჩემსკენ იშვერთ. ვიმეორებ, თუ დიდი ბურთი ასეთი მოწყალეა, რატომ არ მაპატია?! მე ხომ მთელი გულით მოვინანიე ჩემი შეცდომები. იქნებ და მე სრულებით არაფერ შუაში ვარ, იქნებ ეს თქვენ ხართ? თქვენ, თქვენ ხართ დამნაშავენი. შენ კი, შენ არ გაქვს უფლება რამეში ბრალი დამდო. ვინ ხარ შენ? ვინ მოგცა მაგის უფლება, შენ არ ხარ, სულ რომ გაიძახი,`არვის განსჯის უფლება ჩვენ არ გვაქვს, განსჯის უფლება მხოლოდ დიდ ბურთს აქვსო, ჰოდა თუ ჭეშმარიტად გჯერა, რასაც ამბობ, მაშინ გაჩუმდი და ნურვის ნუ განსჯი, ნუ ჩაერევი დიდი ბურთის სამსჯავროში და ნურასდროს ნუ შეიტან მის სიტყვებში ეჭვს.

აქ იუარა გაჩუმდა, პირიდან დუჟი გადმოსდიოდა, ჰაერს მძიმედ ყლაპავდა და გაცოფებული ადალას მიჩერებოდა, გეგონებოდათ ეს ესაა ეცემა და ცოცხლად გაფატრავსო….

ადალა გასუსული უსმენდა ძმას, ეს პირვლად ხდებოდა, როდესაც იუარას სიტყვებს ასე სულგანაბული უგდებდა ყურს მთელი ოჯახი. ღორები არ ელოდნენ იუარას ასეთ მწვავე რეაქციას. ირგვლივ სიჩუმე გამეფებულიყო, მხოლოდ და მხოლოდ ტალახში მძრომიალე მატლები თუ არღვევდნენ სამარისებულ დუმილს. ამ ღირშესანიშნავ სანახაობას კი ზემოდან დიდი ნამგალი დასცქეროდა.

ბოლოს სიჩუმე ერთ-ერთმა გოჭმა დაარღვია.

— ნახეთ, ნახეთ, იქიდან რაღაც მოჩანს, რაღაცა გვაიხლოვდება.

ყველამ იქით იწყო ცქერა საითაც მიდალა ანიშნებდა. მხრიდან, საიდანაც დიდი ნამგალი ანათებდა, ტალახს ნელ-ნელა უცნაური ქმნილება უახლოვდებოდა. ეს ხტუნვა ხტუნვით მომავალი არსება იყო კალია. მის მიხრა-მოხრაში იყო რაღაც ირაციონალური, რომელსაც მხოლოდ ღორები ამჩნევდნენ. რა მიუახლოვდა და თვალით ადვილი დასანახი გახდა, ოჯახმა ერთხმად შესძახა.

— ნახეთ, ნახეთ რა ლამაზია!

––– გრაციოზულია!

— როგორ გამოსდის ასე ლამაზად და ხტუნვა ხტუნვით სიარული?!

— ნახეთ, ნახეთ ბალახიდან ბალახზე როგორ ხტება.

— სანაძლეოს ჩამოვალ ვერ მიწვდება.

— ვა მიწვდა, მიწვდა. – იჯერეს რა გული ღორებმა შეძახილებით, კალიაც თვალს მიეფარა.

— რა დიდებული იყო, როგორი გრაციული, ასე დიდი ხანია არ მიმხიარულია. – ღრუტუნებდა მამა ღორი და აღფრთოვენებას ვეღარ მალავდა.

— ჰო, ჰო, ასე კოჭლ ქათამსაც არ გავუმხიარულებივართ.

შესძახა ადალამ

— ჰო, ჰო.

დაიღრუტუნეს ერთხმად გოჭებმაც.

—კალია დიდმა ნამგალმა გამოგვიგზავნა. – ჩაილაპარაკა დამაჯერებელი ხმით მამა ღორმა, რამდენიმე წამის სიჩუმის შემდეგ.

— ჰო, ჰო, კალია იმ მხრიდან გამოჩნდა, საიდანაც დიდი ნამგალი ანათებს. – შესძახეს ერთხმად გოჭებმა.

— თურმე ჩვენ ტყუილად არ ვაფასებდით დიდ ნამგალს.

ჩაიბურტყუნა დანაღვლიანებული ხმით დედა ღორმა.

— მაგრამ ახლა ვიცით თუ რა შესძლებია. გაუმარჯოს დიდ ნამგალს! დიდ ნამგალს გაუმარჯოს!

— ჰო, ჰო, მართალი ხარ ასე დიდი ხანია არ გვიმხიარულია. – ჩაიღრუტუნა მრავლისმეტყველი სახით მამა ღორმა. — კოჭლ ქათამს ასე არასდროს მოუტანია ჩვენთვის მხიარულება, როგორც ეს კალიამ შესძლო. თურმე რა დიდებული ყოფილა დიდი ნამგალი..

აქ ხმა ჩაუწყდა, შემდეგ ამოისუნთქა და კვლავ განაგრძო

— ტყუილა კი არ დასდევს თან დიდ ნამგალს ზეცაში ამდენი წერტილი, დიდი ბურთი კი სულ მარტოა. გაუმარჯოს დიდ ნამგალს! დიდი ნამგალი ყოფილა პირველი, დიდი ბურთი კი მეორე!

ეს იყო და ეს, იმ დღიდან ღორებმა დიდ ნამგალს უწყეს ხოტბის შესხმა, იშვიათად თუ მოიხსენიებდნენ ოდესღაც დიდებულ და ყოვლისშემძლე დიდ ბურთს. აღარც იუარა ახსოვდათ და მისი წარსული ცოდვები, დიდი ბურთის მიმართ. ახლა ღორების მთავარი საფიქრალი იყო დიდი ნამგალის სიამოვნება. ამ უკანასკნელისთვის კი არაფერს იშურებდნენ. ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ და პატივს მიაგებებდნენ, სანაცვლოდ ყოველ ტალახთან, მწერთან და მატლთან ერთად იღებდნენ კალიას. არსებას, რომელიც აღტაცებას იწვევდა და რომელიც ყოველი თვის ბოლოს გამოჩენისთანავე, იწყებდა ბალახიდან ბალახზე ხტუნვას, რითაც ექსტაზამდე მიყავდა ტალახში კომფორტულად მოკალათებული ოჯახი.

იუარა ხედავდა, თუ როგორ ირთობდნენ თავს მისი ოჯახის წევრები მხტუნავი კალიით, მას კი კვლავ კოჭლი ქათამი ენატრებოდა. ყოველი თვის ბოლოს კვლავ იმ ადგილას იდგა საიდანაც ოდესღაც კოჭლი ქათამი მოდიოდა, მაგრამ დიდი ბურთის ძღვენი არა და არ ჩანდა. იუარა თავს იდანაშაულებდა მომხდარში, ნელ-ნელა კი ეჭვი გაუჩნდა.

-კი მაგრამ რატომ? რატომ აღარ მოდის კოჭლი ქათამი?! მე ხომ მთელი გულით მოვინანიე. -ერთხელ გაბედა და საკუთარი გულის ნადები ოჯახის წევრებს გაუზიარა.

— გაჩუმდი, ხმა ჩაიკმიდე. – შეაწყვეტინა მამამ. — შენ იმდენს იზამ დიდ ნამგალსაც განარისხებ.

— კი მაგრამ. . .

— არაფერი მაგრამ, ხმა ჩაიწყვიტე მეთქი!

დაუღრიალა მამა ღორმა. იუარა გაჩუმდა, ადალამ კი ძმას კვლავ მწარე დაცინვა უწყო.

— ბუნების შეცდომა, ბუნების!

ხარხარებდა ბედნიერი გოჭი, შეშლილივით.

— შენ თუ ბუნებრივი ხარ, მაშინ მე მართლაც რომ შეცდომა ვყოფილვარ.

შეაწყვეტინა იუარამ გამხიარებულ ძმას.

— მაინც რა დავაშავე ასეთი დიდო ნამგალო?! – აღმოხდა, და აღშფოთებულმა მამა ღორმა ჩლიქები ჰაერში შეათამაშა. ერთი მომენტი გოჭებს მოეჩვენათ თითქოს მამა ღორმა ორ ჩლიქზე გაიარა, ხოლო მეორე ორი ჰაერში გაუშეშდა. — რატომ გამიჩნდა ასეთი სულელი და ურჯულო შვილი, ყოვლის მგმობელი და ყოვლის წამბილწველი. ხმა აღარ ამოიღო შე უგვანო! წაეთრიე აქედან, წაეთრიე, ჩვენ გვერდზე აღარ დაგინახო, შენს გამო დიდი ნამგალიც განგვინრისხდება.

— წავალ, წავალ, მაგრამ თქვენგან განსხვავებით მე დიდი ბურთი მართლა მიყვარს და დიდ პატივსაც ვცემ. ის თქვენ უარყავით, თქვენ განუდექით, იმიტომ, რომ დიდმა ნამგალმა კალია გამოგიგზავნათ. საინტერესოა, დიდმა ნამგალმა ერთ დღესაც კალია, რომ არ გამოგიგზავნოთ, კიდევ ისევ ისე გეყვარებათ? მერე სადღა წახვალთ, აღარც კალია და აღარც ქათამი რომ აღარ იქნება?!

იუარას სიტყვებით აღშფოთებული ადალა ეცა ძმას და შიგ დინგში უთავაზა ჩლიქი. არც იუარამ დაუთმო და ძმები ერთმანეთს ეძგერნენ. ღორებმა კი თავისმხრივ, აჯაგრული ძმები წრეში მოაქციეს და ყურის წამღები ჟყვიტინი მორთეს. ადალა და იუარა კი ერთმანეთს არ ინდობდნენ და შიგ სახეში უშენდნენ ჩლიქებს. ბრძოლა გადამწყვეტ ფაზას უახლოვდებოდა. ყველა გაისუსა, მხოლოდ ადალა და იუარას ყურის წამღები ღრუტუნი არღვევდა ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს. ერთი მომენტი, თავად დიდი ნამგალიც გასუსული დასცქეროდა ღორების ამ ორთაბრძოლას, ყველა ხვდებოდა, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. ბოლოს იუარას ფეხი აუსხლტა და ტალახში მოადინა დღვაფანი. გაცოფებული ადალა ზედ მოაჯდა და ჩლიქები დააყარა. იუარამ ერთი ისღა მოახერხა, გაცოფებულ ძმას ხელიდან გაუსხლტომოდა, შემდეგ კი გაქცევით უშველა თავს. ადალამ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა და დაედევნა, მაგრამ მოიხედა რა უკან, დაინახა აღფრთოვენებული ღორები, დიდი გამარჯვების აღსანიშნავად უკან დაბრუნება არჩია. გამარჯვება, დიდმა ნამგალმა მოიპოვა. ეს დღე იყო და ეს, ტალახი თვალით უხილავმა ზოლმა ორ ნაწილად გააპო. ერთ მხარეს იყვნენ: მამა ღორი, დედა ღორი და მათი გოჭები, თავის მფარველ დიდ ნამგალთან ერთად, ხოლო მეორე მხარეს დარჩა დიდი ბურთის ერთგული იუარა.

გადიოდა დრო, ყოველი თვის ბოლოს კი, იმ მხრიდან საიდანაც დიდი ნამგალი ანათებდა, მოდიოდა კალია და თან მოჰქონდა მხიარულება ღორებისთვის. ხოლო ტალახის მეორე მხარეს, იუარა კვლავ ელოდა კოჭლ ქათამს. ახლა მას ქათამი ორმაგად ესაჭიროებოდა. ესაჭიროებოდა ნიშანი, ნიშანი იმისა, რომ სწორ გზაზე იდგა და ტყუილად არ იუარა დიდი ნამგლის დიდება. იყო მომენტები, როდესაც ეჭვი უჩნდებოდა, ვაი თუ მისი ოჯახი მართალი იყო და დიდი ბურთი, მართლაც და უსუსური იყო დიდ ნამგალთან შედარებით, ხოლო თავად იუარა, ბუნების შეცდომა იყო.

იუარა ყოველი თვის ბოლოს, იმ დღეს, როდესაც წესით და რიგით კოჭლი ქათამი უნდა გამოჩენილიყო, თითო ნაბიჯით უახლოვდებოდა ადგილს, სადაც ტალახი მთავრდებოდა და დიდი ბურთი უფრო კარგად მოჩანდა.

ერთხელაც, როდესაც იუარა, კვლავ კოჭლ ქათამს ელოდა, შენიშნა, რომ ტალახის ნაპირთან იდგა. უფრო ზუსტად, ცალი ჩლიქი ტალახს გასცდენოდა და მყარ მიწზე იდგა.

იუარამ იგრძნო საშინელი ტკივილი, რომელიც საიდანღაც მოდიოდა და ასევე სადღაც უჩინარდებოდა. დიდხანს იფიქრა იუარამ, მაგრამ მიუხედავად საკუთარი ღორული გამჭრიახობისა, ვერაფერს მიხვდა. ბოლოს ყველა ტკივილი გაქრა და გადადგა რა მეორე ჩლიქიც წინ, ფეხქვეშ სიმკვრივე იგრძნო. სიმკვრივე, რომელიც აქამდე ასე უცხო იყო მისთვის. პირველად ხდებოდა იუარას ცხოვრებაში, როდესაც იდგა და ამავდროულად ტალახში არ ეფლოდა. ახლა მის ფეხთ ქვეშ ტალახი გამქრალიყო და ის რაღაც მაგარს შეეცვალა. ახლა, ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი იუარას სიამოვნებას ჰგვრიდა. მას აღარ მოჰქონდა ის ტკივილი, როგორიც ტალახში გადადგმულ ყოველ წინა ნაბიჯს. იუარა გრძნობდა თუ როგორ ცვიოდა ძირს ტალახი, ( რომელიც ჯერ კიდევ ტალახიდან გამოყოლილი შემორჩენოდა ) ყოველი ახალი ნაბიჯის გადადგმისთანავე. სადღაც შორიდან კი ღორების ღრუტუნი ისმოდა, დროთა განმავლობაში ტალახთან ერთად ხმაც გაქრა.

იუარა მყარად დგას, აღარც ტალახი და აღარც ღორების ტვინის წამღები ღრუტუნი. ის უცნურ სუნს გრძნობს, ეს სუნი მიწას აქვს, მიწას რომელიც ტალახით და მატლებით დამბალი არაა. წინ ამოუცნობი და ახალი სმაყაროა, სამყარო რომელიც ბევრად უფრო იდუმალი და მისტიურია.

ერთი კვირის თავზე, როგორც მამა-დედა ღორმა, იუარაც ახალ ტალახს გადაეყარა. ის თითქოს დაფიქრდა, მარამ მალვე ახლად აღმოჩენილ ტალახში შეტოპა. ტალახი უფრო დიდი იყო და ღრმა, ვიდრე მას ოდესმე წარმოედგინა, შასაბამისად ტალახში კიდევ უფრო მეტი ღორი დახვდა, ვიდრე ეს მის ოჯახში იყო. აღმოჩნდა, ახლად გაცნობილი ღორებიც დიდ ბურთს ეთაყვანებოდნენ, მაგრამ მრავალფეროვან და ყოვლისშემძლე დიდ ბურთს ამ ოჯახისთვის საჩუქრის სახით კვირაში ერთხელ კოჭლ ქათამზე უფრო დიდი და კალიაზე კიდევ უფრო მოქნილი არსება გამოეგზავნა, რომლის სახელიც ჯერ იუარამ არ იცოდა. სწორედ აქ დააფასა იუარამ დიდი ბურთის ნამდვილი ძალა და გადაწყვიტა ახლად დამეგობრებულ ღორებთან ერთად თავის ტალახში დაბრუნებულიყო, რათა იქ რადაც არ უნდა დაჯდომოდა დიდი ბურთის ძალაუფლება აღედგინა. ამ ფიქრებში იყო იუარა, როდესაც თავში ახალმა აზრმა, აქმადე არცერთი ღორის გონებამდე მიღწეულმა, გაურბინა.

„სამყაროზე ალბათ რამდენი ტალახია, შიგ კი რამდენი ღორი, და კიდევ უფრო მეტი ტალახის გარეთ, რომელიც არასწორ გზას ადგას, რა კარგი იქნებოდა, თუ ყველა ამ ოჯახს აღმოვაჩენდით, გავაერთიანებდით და ყველა ღორი ერთ დიდ ტალახში, ერთი დიდი ბურთის მფარველობის ქვეშ ვიცხოვრებდით“.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on იანვარი 5, 2015 დუიმი ლიტერატურა

 

ტეგები:

სიახლე სამსუნგისგან

10386831_831566123548340_6464915028199344920_n
8 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ვაკეში, ჭავჭავაძის 48 ნომერში “SAMSUNG BRAND SHOP” ში სამსუნგმა საკმაოდ საინტერესო საღამო გამართა. „Note ნიშნავს“- ამ სლოგანით შემოვიდა ბაზარზე კომპანიის უახლესი ტელეფონი Galaxy Note 4 და მულტიფუნქციური Galaxy Alfa. პრეზენტაციაზე სამსუნგმა, ჩვენც, ბლოგერებიც მიგვიწვია და სასიამოვნო, ჩემთვის განსაკუთრებით, წითელი და თეთრი ღვინითაც გაგვიმასპინძლდა. საღამოს დასასრულს, ღვინოს საინტერესო საჩუქრებიც მოჰყვა, თუმცა მთავარი ალბათ მაინც სხვა იყო.

მთავარი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თავად პროდუქტია, რომელსაც Samsung მომხმარებელს სთავაზობს. დავიწყებ “Galaxy Alfa” თი. საქართველოს ბაზარზე პირველ ეტაპზე შემოვა ოქროსფერი Galaxy Alpha შეზღუდული რაოდენობით – 1000 ცალი კონკრეტულ სავაჭრო წერილებში. ყოველ ხელსაწყოს, განსაკუთრებული ფერის გარდა, ექნება წარწერა Limited Edition და რიგითი ნომერი კორპუსზე. მოგვიანებით კი, სტანდარტული კომპლექციის Galaxy Alpha შავ და თეთრ ვარიანტებში იქნება გაყიდვაში.

ერთი შეხედვით, თხელი და მსუბუქი დიზაინის მიუხედავად, Galaxy Alpha მომხმარებელს ბევრ ძალიან საინტერესო ფუნქციას სთავაზობს, ხელსაწყოს აქვს 4,7 დიუიმის HD Super AMOLED ეკრანი, რვაბირთვიანი პროცესორი, კამერა 12 მეგაპიქსელი (უკანა) + 2.1მეგაპიქსელი (წინა), ასევე რეალურ დროში HDR რეჟიმი, უმაღლესი ხარისხის ფოტოს და ვიდეოს მისაღებად. Galaxy Alpha ს მონაცემების გაცნობისას, ასევე გადავაწყდი ბევრ საინტერსოს, როგორიცაა ენერგიის ეკონომიის გაძლიერებული რეჟიმი, ჯანმრთელობის კონტროლის რეჟიმი, თითის ანაბეჭდების სკანერი, პრივატული რეჟიმი, ასევე პროდუქტი თავსებადია Samsung-ის ახალ პროდუქტებთან: Gear Fit, Gear Live и Gear 2.

Galaxy Alpha-ს გაყიდვები დაიწება ოქტომბრის ბოლოს. სმარტფონის ბაზარზე შემოსვლის პერიოდში ტელეფონი იქნება შავ, თეთრ, ოქროს, ვერცხლის და ლურჯ ფერებში.

რაც შეეხება “Galaxy Note 4” ს მან გააგრძელა Galaxy მოწყობილობების უნიკალური სამომხმარებლო გამოცდილება. სპეციალური 5,7 დიუმიანი Quad HD (2560×1440) Super AMOLED ეკრანი უფრო მკვეთრ და ზუსტ კონტენტს გვთავაზობს. ღრმა კონტრასტით, გაუმჯობესებული ხილვადობის კუთხეებით და წამის მემილიონედი რეაგირების დროით ის უზრუნველყოფს მაყურებელს დაუვიწყარ შთაბეჭდილებით. მოწყობილობას გააჩნია 16 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა Smart Optical Image Stabilizer-ის ფუნქციით. ეს უკანასკნელი გამოსახულების სტაბილურობას უზრუნველყოფს ხელის რხევისას და ავტომატურად ზრდის ექსპოზიციის დროს არასათანადო განათების პირობებში. გარდა ამისა 3,7 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა f/1.9 დიაფრაგმით გვთავაზობს სტანდარტულ გადაღებას 90 გრადუსიანი ხედვის კუთხით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გადაღების კუთხე შესაძლებელია გაიზარდოს 120 გრადუსამდე, რათა მომხმარებლებმა გადაიღონ ჯგუფური ფოტო მეგობრებთან ერთად. “Galaxy Note 4” ის ფუნქციებმა წინა მოდელებთან შედარებით მკვეთრად იმატა, სწრაფი დატენვისა და ენერგო ეკონომიის მაქსიმალური რეჟიმის მეშვეობასთან ერთად, ჩვენ გვხვდება, პირველად მსოფლიოში ულტრაიისფერი სხივების სენსორი მობილურ მოწყობილობაში.

ერთი სიტყვით, კარგი ღვინის სმის ფონზე, ბევრი ახალიც გავიგე თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ჩემი მეგობრის თქმის არ იყოს, “ეს არ არის უბრალოდ ნივთი, რომელსაც დასარეკად გამოიყენებ, ან უბრალოდ ინტერნეტთან დასაკავშირებლად, ეს უფრო პროგრესია, რომლის ტარებაც ჯიბით შეგიძლია”.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ოქტომბერი 16, 2014 დუიმი Uncategorized

 

ტეგები:

რწმენის ღმერთი

Hand-of-God-Genetics

ოდითგანვე ადამიანებს ეჯერათ და ჯერათ, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი რწმენა ტრანსფორმირებდა, ძველს ახალი ანაცვლებდა და ასე მოვედით დღემდე, დღმდე, სადაც ადამიანებს უკვე ნაკლებად სწამთ და ჯერათ მთავარის,  რმწენის ფუნდამეტურის, ღმერთის.

ადამიანებმა გაბედეს და რწმენას ეჭვი დაუპირისპირეს, სწორედ ეს ჯადოსნური სიტყვა “ურწმუნოება” იყო ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ადამიანი გამოქვაბულიდან გამოიყვანა, აქამდე მოიყვანა და ის დედამიწის მბრძანებლად აქცია. თუმცა, როგორც ნებისმიერი ოკუპანტი, არც ადმიანი შეჩერებულა მიღებულით, მან თავი ზემოთ აწია და ახლა კოსმოსით და მისი ოკუპაციით დაინტერესდა. სწორედ ამ ოკუოპაციის და ეჭვის პროცესს შეეწირა ბევრი ინდივიდი. მაგალითისთვის საინტერესოა ჯორდანო ბრუნო, რომელიც საკუთარმა ურწმუნოებამ და დოგმების უარყოფამ ჩააგდო გავეშებული რწმენის ხელში და ამ უკნასკნელმაც ის გაიმეტა, ფერფლადაქცია, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

მაგრამ მოდი შევეშვათ წარსულს და ცოტა ხნით კვლავ აწმყოში დავბრუნდეთ, რა არის ღმერთი, არსებობს ის თუ არა და თუ არსეობს, სად შეიძლება იმალებოდეს?   ეს არის შეკითხვა, რომელზეც ზუსტი პასუხი დღემდე არ გვაქვს.

ადამიანმა კითხვის ნიშნების და უნდობლობის ათასობით წლიან პროცესში ბევრი გაიარა, მან აღმოაჩინა ფიზიკის კანონები, რითაც სამყარო იმართება, გაიგო რომ შედგება ატომებისგან, მაგრამ დღემდე არაა აღმოჩენილი ღმერთის არსებობის რაიმე დამადასტურებელი საბუთი, ამ ძიების პროცესში ბევრმა გადაწყვიტა, რომ ღმერთი არ არსებობს და ის ადამიანმა გამოიგონა, სწორედ ამ დასკვნას მივყავართ ჩვენს გონებაში, დღეს ძალიან ბევრი მეცნიერი “ღმერთს” სწორედაც ჩვენს გონებაში ეძებს.

თანამედროვე ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ჩვენი გონება ყოველთვის ცდილობს ყველაფერი ახსნას. რწმენა გონებაში ავტომატურად ჩნდება, ის მომხიბვლელია იმით, რომ ჩვენს გარშემო მოვლენებს აზრს აძლევს, ის ქაოსს ებრძვის და ცდილობს აუხსნელი მოვლენები ერთმანეთთან დააკავშიროს და მას რაიმე სახის აზრი მისცეს.

რა არის რეალობა? ჩვენ ვთლით რეალობად იმას რასაც ვიღებთ, ვხედავთ, გვესმის, გემოს ვუსინჯავთ, რეალურად ეს ყველა გრძნობა ტვინში ელექტრონულ სიგნალებად ყალიბდება, ასე რომ მთელი რეალობა სწორედაც რომ ამ სიგნალების ცენტრში გროვედება, ანუ ტვინში. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, ხდის თუ არა ღმერთს რეალურად მისი არსებობის შეგრძნება,

ნეობიოლოგი ენდი ბრიუგერი ნეოთეოლგიის დამფუძნებელია, ის იკვლევს თუ როგორ მოქმედებს რწმენა ადამიანის გონებაზე. ენდი ცდილობს ჩვენს გონებაში შემოძვრეს და ის ამას საკმაოდ წარმტებითაც ახერხებს. ის ატარებს კვლევებს, რომლის მიხედვითაც, ადამიანების გონებაში ძვრება, ერთ ფატონიანი კომპიუტერული ტომოგრაფიით.

 

ენდი ტომოგრაფიის მეშვეობით უკვე ასობით ადამიანს დაააკვირდა. მან აღმოაჩინა, რომ მორწმუნე ადმიანის ტვინში, როდესაც ის ლოცულობს, ხდება საგრძნობი ცვლილებები, აქტიურობა მომატებულია ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც საუბარს უზრუნველყოფენ, ხოლო ადამიანს რომელსაც არ სწამს, ლოცვის კითხვისას გონებაში ცვლილება არ შეენიშნება. ენდიმ დაამტკიცა, რომ ადამიანი რომელსაც ღმერთის წამს, ლოცვისას მას პირადპირ ესაუბრება, მისი ტვინი ასეთ დროს ვერ არჩევს მატერიალურს და აბსტრაქტულს, ასეთ დროს მორწმუნის ტვინი ადამინთან და ღმერთთან საუბარს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, ლოცვის დროს ადამიანის ტვინი ღმერთს ჩვეულებრივ მატერიალურ არსებად აღიქვამს, რომელიც ჩვეულებრივ ატომებისგან შედგება და ბუნებრივად შედის კონტაქტში მორწმუნესთან.

ენდის თქმით, სწორედ ტვინში გადის ყველა რეალობა, ის გვეუბნება რა აღვიქვათ და როგორ, სწორედ ტვინში გადის რეალობის აღქმა, ნეობიოლოგიური შეხედულებით კი გამოდის, რომ ღმერთი არსებობს, იმიტომ რომ მორწმუნე ლოცვისას მას არა მარტო წარმოიდგენს, არამედ გრძნობს კიდევაც.

ეს ყველაფერი კი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ყველაფერი აღქმადია, მორწმუნე ადამიანს გონებაში ჰყავს დამწყვდეული ღმერთი და მის გამოშვებას არაფრის დიდებით აპირებს. ღმერთი ტყვეა ადამიანის გონების და როდის განთავისუფლდება ის, ალბათ ისევ ადამიანებმა ვიცით. სავარაუდოდ სულ მალე ღმერთი ადამიანისგან განთავისუფლდება და ის დატოვებს ადმიანს, მაგრამ რმწენა და არ აქვს მნიშვნელობა რა სახის, ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება ადამიანთან და განაგრძობს ევოლუციას მასთან ერთად, ისე როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ინსტინქტი არსებობისთვის.

 

 

 
1 კომენტარი

Posted by on ივნისი 18, 2014 დუიმი წერილი

 

ტეგები: